რომანი და დეტექტივი

საზღაური

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.11, 2022 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #42 (1138)

ჩაჩუების ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. რამაზის მკვლელობის საქმეს კი გენერალური პროკურატურა იძიებდა. საქმის ამ დონეზე მსვლელობას თავად გენპროკურორმა მისცა ვიზა. ის პირადად კურირებდა გამოძიებას. საქმე ის იყო, რომ რამაზის მამამ გენპროკურორის ერთადერთი შვილი სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა – გარისკა და გულის უნიკალური ოპერაცია გაუკეთა. მას ბევრი ცნობილი ქირურგი არ ჰკიდებდა ხელს. გენპროკურორი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მაღალჩინოსანი და ერთადერთი ვაჟი საბავშვო ბაღში დაჰყავდა. ამის მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა, ბიჭი დავაჟკაცდა, დაოჯახდა და ფრჩხილიც აღარ წამოსტკივებია. პროკურორი ქირურგის უსაზღვროდ მადლიერი იყო. დაუძმაკაცდა მას და ხშირად ეუბნებოდა, ოქრო კაცი ხარ, შენ შემოგევლე. შენთვის თავს გავწირავ. ღმერთმა ჩემი თავი არ დაგაჭირვოს, მაგრამ იცოდე, შენი ხმალი და ჩემი კისერიო. ხოლო, როდესაც ტრაგედია მოხდა, გენპროკურორმა ხელქვეითები შეკრიბა და უთხრა: ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად უნდა გავხსნათ და დამნაშავეები უმკაცრესად დავსაჯოთო. მიუხედავად ამისა, საქმე ადგილიდან არ იძვროდა. გამომძიებლები სწორ კვალზე ვერ გადიოდნენ. დრო კი მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ამასობაში, გენპროკურორი პენსიაზე გაუშვეს და საქმე თაროზე შემოიდო. დემო ხულიაშვილი და ენვერ შაკიკოვი კი იარაღიან გაქცეულს ინტენსიურად ეძებდნენ, თუმცა ვერც მათ გამოითვალეს გაიოზ ლაღიძე. ბეგო მილიციის სკოლაში მოაწყო ბიძამისმა და ვერც მისმა „ნაკოლებმა“ გამოიღო შედეგი. კარლო ბეგიაშვილმა, ჯალათ ბიძას რამაზის ყველა ძმაკაცზე მიუთითა, მაგრამ ყველას ალიბი ჰქონდა. თანაც, ჯალათები არაოფიციალურად მოქმედებდნენ და საქმეს ეს უფრო ართულებდა. არადა, ამ საქმეს რომ ოფიციალურად მიდგომოდნენ, მაშინ მათი დანაშაულიც გაცხადდებოდა და დახვრეტა არ აცდებოდათ. ბეგომ, ისევე როგორც რამაზის ძმაკაცებმა, არ იცოდნენ, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის მეორეკურსელი გაიოზ ლაღიძე და რამაზ ჩაჩუა ერთი სოხუმელი ცეხავიკის გაქურდვას აპირებდნენ. გაიოზი სოხუმელი იყო და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ის რამაზის ცოლის მეზობელი იყო – ანანო და გაიოზი ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. რამაზმა სოხუმში გაიცნო გაიოზი. შემდეგ თბილისში შეხვდა და დაუახლოვდა. თუმცა, ამის შესახებ არავინ იცოდა და ის სწორედ ამან გადაარჩინა. თუმცა, გაიოზი შოკში იყო და ხვდებოდა, რომ რამაზი მილიციელებმა მოკლეს და მტკვარში გადააგდეს. მაგრამ მან არც მილიციელების ვინაობა იცოდა და არც მკვლელობის დეტალები. პირველი ოთხი დღე გაიოზი იმალებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ რამაზს მის ვინაობას ათქმევინებდნენ. შემდეგ კი მიხვდა, რომ რამაზ ჩაჩუა სწორედ მას – გაიოზს შეეწირა და ადგილს ვერ პოულობდა. რაც მეტი დრო გადიოდა, გაიოზი რწმუნდებოდა, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და შიშიც თანდათან გაუქრა. იმავდროულად, კი სინდისი ქენჯნიდა და დამნაშავეების პოვნისა და მათი დასჯის დაუოკებელმა წყურვილმა შეიპყრო. დახედავდა ხოლმე რამაზის „ბრაუნინგს“ და კბილებში გამოსცრიდა: აი, ამით ჩაგაძაღლებთ, როცა გიპოვითო. გაიოზი საკმაოდ საზრიანი ბიჭი იყო და მიხვდა, რომ რამაზის მკვლელები მას ძებნას დაუწყებდნენ. შემდგომ იმაშიც დარწმუნდა, რომ მის კვალს ვერ მიაგნეს და უკვე თავად დაუწყო მათ ძებნა. ერთადერთი ხელჩასაჭიდი „მოსკვიჩი“ იყო, საიდანაც ჯალათი ხულიაშვილი გადმოვიდა, მაგრამ სერია და ნომერი არ იცოდა. თუმცა ფურგონი მაინც მნიშვნელოვანი დეტალი იყო. გაიოზი ლოგიკურად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მილიციელები ბეგომ დაახვედრა რამაზს და სწორედ მისი მეშვეობით აპირებდა მკვლელებზე გასვლას.

„ბეგო, ბეგო, ეს როგორ გამომრჩა, ცხონებული რამაზი ხომ მასთან მიდიოდა და მე იმიტომ წამიყვანა, რომ „პოდლობის“ შემთხვევაში დავეხმარებოდი, – ფიქრობდა გაიოზი და სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა, – ბეგო და ფურგონი. იმ ნაბოზარმა რომ ძაღლები დაგვახვედრა, ისინი სწორედ იმ ფურგონით მოვიდნენ. კი, ასე უნდა იყოს. ასეა, ასე და ამას ბეგო დამიდასტურებს“, – დაასკვნა საბოლოოდ გაიოზ ლაღიძემ და ბეგოს მოხელთებაზე დაიწყო ფიქრი. თუმცა, ეს არცთუ ისე იოლი საქმე აღმოჩნდა და გაიოზს ცხრა თვე დასჭირდა ამისთვის. ნოემბრის ერთ ცივ საღამოს, გაიოზ ლაღიძე ბეგოს სახლის კართან „უსადკავებდა“. ბინა ცარიელი იყო და გაიოზი მილიციის სკოლიდან ბეგოს დაბრუნებას ელოდა. ამ თვეების განმავლობაში გაიოზმა ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლა ბეგოს „დვიჟენიები“ და იმ დროს ჩაუსაფრდა, როდესაც მისი მშობლები სოფელში იყვნენ წასულები. შურისძიებით უზომოდ შეპყრობილ ბიჭს „ბრაუნინგის“ მჭიდი ტყვიებით ჰქონდა გაძეძგილი და დარწმუნებული იყო, რომ „ნაბოზარ ბეგოს“ ტვინს გაასხმევინებდა. მანამდე კი მისგან რამაზის მკვლელების ვინაობას შეიტყობდა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია, ოც წუთში ბეგოც მოვიდა, ბინის კარი გააღო და სამალავიდან გამოსულმა გაიოზმა მას კეფაზე პისტოლეტი მიადო და კბილებში გამოსცრა:

– ზედმეტი მოძრაობა და იცოდე, ტრუპი ხარ!

გაიოზი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ბეგოს შიშველი ხელებითაც გაუმკლავდებოდა. თუმცა, ისეთ საქმეზე იმყოფებოდა, რომ მოდუნების უფლება არ ჰქონდა. ბეგო გაჩხრიკა და საშიში რომ ვერაფერი უპოვა, სავარძელში ჩააგდო, პისტოლეტი მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– თქვი, შე ნაბოზარო, რამაზს შენ დაახვედრე ხომ, ძაღლები?

ბეგო ყველაფერს მიხვდა, მაგრამ თავი გაიშტერა და უთხრა:

– ვინ რამაზს, ძმაო. ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

წინადადება ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული, რომ ბეგოს კბილებში „ბრაუნინგის“ ტარი მოხვდა, სამი კბილი ჩაულეწა და გამწარებულ ბეგოს თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა. გაიოზმა კი უთხრა:

– ახლა გაიხსენე, ვინ რამაზი?

– კი, – აღმოხდა ბეგოს.

– შუსტრად – მკვლელების სახელები! – თქვა გაიოზმა.

– ბიძაჩემი და მისი პაძელნიკი შაკიკოვი, – უპასუხა ბეგომ.

– ბიძაშენს რა ჰქვია? – იკითხა გაიოზმა.

– დემო ხულიაშვილი. დედაჩემის ძმაა, – მიუგო ბეგომ.

– ძაღლები არიან, ხომ?

– კი.

– ფურგონიანი „მოსკვიჩით“ იყვნენ, ხომ, იმ ღამეს?

– კი. მაგრამ ბიძაჩემს ახლა „ნოლ აძინი“ ჰყავს და „მოსკვიჩი“ გაყიდა.

– სად და როგორ მოკლეს?

– მილიციაში. რამაზი ფეხში იყო დაჭრილი და სისხლისგან დაიცალა. დემო მას გაქცეული პაძელნიკის დასახელებას აძალებდა, მაგრამ ვერ ათქმევინა.

გაიოზმა ნათლად წარმოიდგინა, თუ როგორ დაიცალა მილიციაში სისხლისგან რამაზ ჩაჩუა მის გამო და სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა. პისტოლეტის ტარი კი შუბლში სთხლიშა ბეგოს და მითიშა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა. დაელოდა მის გონზე მოსვლას და თვალები რომ გაახილა, უთხრა:

– ეს ამბავი ამ რაიონის მილიციაში მოხდა?

– კი. პლეხანოვზე, – ამოილუღლუღა ბეგომ.

– მერე და იქ სხვები არ იყვნენ?

– იყვნენ, მაგრამ ბიძაჩემმა მაგათი გრეხები იცის და კრინტი არ დაუძრავთ.

– ისევ იქ მუშაობენ?

– კი. ისევ იქ.

– სულ მალე აღარ იმუშავებენ! – მტკიცედ თქვა გაიოზმა.

– მართალი ხარ, ძმაო, მართალი. დახვრეტის ღირსები არიან. ბიძაჩემმა მაიძულა რამაზის ჩაშვება.

კარზე ბრახუნის ხმა გაისმა და მამაკაცის ხმაც მოჰყვა:

– ბეგო, შე ჩათლახო, კარი გააღე!

– ვინაა? – იკითხა გაიოზმა, ბეგოს შუბლზე პისტოლეტი მიადო და კბილებში გამოსცრა, – სიმართლე თქვი, თორემ მოგკლავ.

– დემო და შაკიკოვი, – თქვა ბეგომ.

გაიოზმა უმალვე შეაფასა სიტუაცია და ბეგოს რომ არ ეყვირა, პისტოლეტის ტარის შუბლში დარტყმით ისევ გათიშა. შემდეგ ხმის დასახშობად პისტოლეტს ბეგოს პერანგი შემოახვია და კარისკენ გაემართა. გაიოზს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ორივე ჯალათს იქვე დახოცავდა და იქაურობას გაეცლებოდა. მაგრამ, როდესაც კარი გააღო, ზღურბლზე მხოლოდ ნასვამი შაკიკოვი იდგა. მას თავი ჰქონდა ჩაღუნული და თქვა:

– დემო ბარდელში წავიდა ბოზების მოსაყვანად და მალე მოვა.

გაიოზმა თავის აწევა არ აცალა შაკიკოვს და თავში პისტოლეტის ტარის ჩარტყმით გათიშა. შემდეგ ბინაში შეათრია. ბეგოს გვერდით დასვა. ტაბელური პისტოლეტი აართვა, ორივეს წყალი მიასხა, მოასულიერა და შაკიკოვს ჰკითხა:

– ხულიაშვილი მალე მოვა?

– წუთი წუთზე, ბოზებთან ერთად. შენ ვინ ხარ?

გაიოზი აღარ დაელოდა მთავარი ჯალათის გამოჩენას, რადგან უდანაშაულო მეძავების დახოცვა არ უნდოდა. ბეგოს და შაკიკოვს პისტოლეტი მიუშვირა და სანამ თითო ტყვიას დაახლიდა, კბილებში გამოცრა:

– თქვენი სიკვდილი ვარ და რამაზის სისხლს ვიღებ!

გაიოზმა ზიზღით დახედა დახოცილებს და პერანგ-გლუშიწელი იატაკზე დააგდო. შემდეგ კარისკენ გაემართა და იქაურობას გაეცალა.

ნახევარ საათში ხულიაშვილიც გამოჩნდა ვაგზლის ბოზებთან ერთად. სადაც მას ორი „დაკანტროლკებული“ გვამი დახვდა.

***

დისშვილის ბინაში ნანახმა სურათმა დემო ხულიაშვილი უკიდურესად შეაძრწუნა და შეაშინა. მას არც ბეგო ადარდებდა მაინცდამაინც, მით უმეტეს არც – შაკიკოვი. ის მიხვდა, რომ მათ კვალზე მონადირე ჭკვიანი, სასტიკი შურისმაძიებელი გავიდა და ეს სწორედ ის გაქცეული ბიჭი იყო, ვის გამოც რამაზ ჩიჩუა ასე სადისტურად მოკლეს. შიშმა და უკიდურესმა დაძაბულობამ ხულიაშვილს მწვავე ნევროზი აჰკიდა და შიზოფრენიის ზღვარზე მიიყვანა. ყველგან სასტიკი მონადირე ელანდებოდა. გადატენილი პისტოლეტი ქამარში ჰქონდა გარჭობილი და მის ტარს ხელს არ უშვებდა. მანქანის მართვის დრო მაქსიმალურად შეზღუდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ სახლიდან სამსახურში და უკან მოძრაობდა. არამი ფულით ნაყიდი უზარმაზარი ბინა კი ციხესიმაგრედ გადააქცია. ყველა ფანჯარას ფოლადის გისოსები დაუყენა, რკინის დარაბები ჩამოჰკიდა და შემოსასვლელი კარი ორმაგი ფოლადით გაამაგრებინა. ხოლო ოპერაციებზე რომ აღარ ევლო, მილიციის უფროსს დიდი „მაყუთი გაუმაზა“ და მისთვის კაბინეტი გამოაყოფინა. ცოლი სახლში დასვა, ყველასთან ურთიერთობა აუკრძალა. შეშლილობის ზღვარზე მიყვანილი ქალი მხოლოდ მას უღებდა კარს და ისიც პაროლის თქმის მერე, რომელსაც ყოველდღიურად ცვლიდა. ერთადერთი 19 წლის ვაჟი კი ინკოგნიტოდ მოსკოვში გაგზავნა სასწავლებლად და მის ადგილსამყოფელს არავის უმხელდა. ერთი წლის შემდეგ კი მისმა ვაჟმა ფეხმძიმე ცოლი ჩამოიყვანა მოსკოვიდან და სულ რაღაც ორ კვირაში ხულიაშვილს შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც ნათელა დაარქვეს. ხულიაშვილს თავისი ოჯაის წევრები უყვარდა და მათზე ზრუნავდა. განსაკუთრებულ სისუსტეს კი პატარა ნათელას მიმართ განიცდიდა და შვილიშვილს თავს ევლებოდა. ბავშვი იზრდებოდა და დღითიდღე მშვენიერდებოდა, ამასობაში კიდევ ერთი წელი გავიდა. მართალია, მონადირე არ ჩანდა, მაგრამ ხულიაშვილი წამითაც არ დუნდებოდა, თუმცა პანიკური შიში ნელ-ნელა იკლებდა და ამაში მას ნათელაზე ზრუნვა დაეხმარა.

რამაზ ჩაჩუას საზარელი მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა და ხულიაშვილი ნათელას ტირილმა გამოაღვიძა. დემოს არ ახსოვდა, რა დღე იყო და შვილიშვილს მიეფერა, დაამშვიდა და სამზარეულოში ცოლს გასძახა:

– ჩვენები როდის ჩამოდიან.

– დღეს. უკვე გამოსულები იქნებიან, – უპასუხა ცოლმა ხულიაშვილს.

დასასრული შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

საზღაური
საზღაური

22:00 06.02, 2021 წელი

საზღაური
საზღაური

20:00 20.02, 2021 წელი

საზღაური
საზღაური

20:00 29.10, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი