რომანი და დეტექტივი

უპირობო სიყვარული

№36

ავტორი: ნია დვალი 20:00

უპირობო სიყვარული
დაკოპირებულია

გიოს ტელეფონი მაგიდაზე იდო, ეკრანით ზემოთ და სწორედ იმ მომენტში, როდესაც სანოვაგით სავსე პარკებით ხელში ჩავუარე, ეკრანზე შეტყობინება გამოვიდა:

„გელოდები... ის წითელი ჩავიცვი“.

შეტყობინება თითქმის მაშინვე გაქრა, მაგრამ მისი წაკითხვა მაინც მოვასწარი. ცივმა ოფლმა დამასხა. შიგნით, გულთან, რაღაც ჩამწყდა და თითქოს ყინულივით ცივი სითხე ჩამეღვარა. პარკები ხელიდან გამიცურდა და ხილი იატაკზე მიმოიფანტა: ზოგი მაცივრის უკან შეგორდა, ზოგი – მაგიდის ქვეშ. ვიდექი და ამ წყეულ ტელეფონს ვუყურებდი.

ფანჯრის მიღმა ქარი ხეებს არხევდა და მტვერი ჰაერში აჰქონდა – ეს ხედი მხატვრის ფუნჯის დაუდევარ მონახაზს ჰგავდა. ზაფხული ცხელი იყო, ოღონდ ძალიან წვიმიანი, შუბლით მინას მივეყრდენი. ვხედავდი, ადამიანები სახლებში მიიჩქაროდნენ. ყველას თავისი ცხოვრება და საზრუნავი მიჰქონდა თან, ჩემთან კი სხვისი შეტყობინება მოიტანა ჩემი ქმრის ტელეფონზე.

განვლილი დღეები კინოკადრებივით ამომიტივტივდა გონებაში: შვიდი ხანგრძლივი წელი ძალას არ ვიშურებდი ამ ოჯახისთვის. ორ სამსახურში ვმუშაობდი, სანამ გიო საკუთარ თავს ეძებდა. მისი სწავლის საფასურსაც მე ვიხდიდი, იმიტომ რომ მიჩიჩინებდნენ, ცხოვრება ერთად უნდა შეიქმნათო. გიომ თავდაპირველად, მარკეტინგის დაუფლება გადაწყვიტა, შემდეგ რაღაც პიროვნული ზრდის კურსები გაიარა. მე მჯეროდა მისი. მჯეროდა, რომ ვუყვარდი, მისი თბილი სიტყვები გულს მეფონებოდა და მაფრთიანებდა. კიდევ უფრო მეტად მიჩნდებოდა მისი დახმარების სურვილი, მეამაყებოდა, რომ მისი საყრდენი ვიყავი და არასდროს დავფიქრებულვარ, რომ, წესით, თავად უნდა ყოფილიყო ჩემი საყრდენი.

გიოს ტელეფონმა კვლავ დაიწკრიალა. ამჯერად ხელში ავიღე და ახალი შეტყობინება წავიკითხე:

– ხომ გახსოვს, სადავ ვხვდებით? მაგიდა ხომ დაჯავშნე?

თითები მიკანკალებდა. მინდოდა, ტელეფონი კედლისთვის მიმენარცხებინა და მეყურებინა, როგორ დაქუცმაცდებოდა. მაგრამ ამის ნაცვლად ფრთხილად დავაბრუნე თავის ადგილას და იატაკიდან ხილის აკრეფა დავიწყე, სათითაოდ, მექანიკურად.

გიო ერთი საათის შემდეგ მოვიდა. ისმოდა, როგორ იხდიდა ფეხსაცმელს და ბუზღუნებდა. ისე იქცეოდა, როგორც ყოველთვის. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საღამო იყო ჩვეულებრივ ოჯახში.

– მირანდა, სახლში ხარ? – დამიძახა შემოსასვლელიდან და მე, რატომღაც, მოულოდნელობისგან შევკრთი.

რბილი და თბილი ხმა ჰქონდა. ოდესღაც სწორედ ამ ხმამ გამაბა თავის ბადეში უნივერსიტეტის პირველ კურსზე – გიო მაშინ ლექსებს კითხულობდა სტუდენტურ საღამოზე და დარწმუნებული ვიყავი, ასეთი ხმა მხოლოდ კეთილ ადამიანს შეიძლება, ჰქონოდა.

– აქ ვარ, სამზარეულოში, – გავძახე მშვიდად და ჩემმა სიმშვიდემ მევე გამაკვირვა.

ჩემი ქმარი ოთახში უხმოდ შემოვიდა, მაგიდიდან ტელეფონი აიღო და ჩვეული მოძრაობით შარვლის ჯიბეში ჩაიდო...

„ის ხომ ყოველთვის ასე იქცეოდა და მე უბრალოდ ვერ ვამჩნევდი?!“ – გავიფიქრე ჩემთვის.

– რა გვაქვს დღეს გემრიელი? – მკითხა და სახეზე მსუბუქი ღიმილი აუთამაშდა.

გული შემეკუმშა: „ისევ ის მზერა, თბილი, ალერსიანი, მოსიყვარულე, რომელიც ნიღაბი ყოფილა“.

ქურასთან ვიდექი, კატლეტებს ვწვავდი და სათითაოდ ვატრიალებდი, გონებაში კი მოქმედების გეგმას ვადგენდი:

„არანაირი ისტერიკა... ჯერ ყველაფერი ბოლომდე უნდა გავარკვიო!“ – გადავწყვიტე გულში, ხმამაღლა კი ვუპასუხე:

– თითქმის მზად არის... მანამდე ხელები დაიბანე.

თავი დამიქნია და აბაზანისკენ უსიტყვოდ გაემართა. მე ცივი გონებით ვცდილობდი, შემეხედა ჩემი მდგომარეობისთვის და მაინც მიკვირდა:

„ასე მარტივია?! ღალატი რუტინის ნაწილია?! და ამის შემდეგ სახლში მოდიხარ, ცოლთან, სავახშმოდ?“

ჩუმად ვჭამდით. გიო ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. დროდადრო ჩუმად ჩაიცინებდა ხოლმე...

– ალბათ, ის სწერს, ნეტავ, რამდენი წლისაა?! როგორია გარეგნობით? – საიდანღაც ამომიტივტივდა ფიქრები.

– გიო, – დავუძახე ხმადაბლა. მან ეკრანიდან თვალები ასწია.

– რა ხდება? – მკითხა გაკვირვებულმა.

– ბოლო დროს შენს თავს არ ჰგავხარ...

გიომ მხრები აიჩეჩა:

– სამსახური მღლის... კლიენტებმა დამტანჯეს, სულ რაღაცას ასწორებენ, პრეტენზიულები არიან. ყველაფრის ათჯერ გადაკეთება მიწევს...

სამსახური... ჩემი ქმარი საიტებს ამზადებდა, ამიტომ მისი შემოსავალი რეგულარული არ იყო: საქმე ხან კარგად მიდიოდა, ხან კი, უბრალოდ, უძრავად იდგა. ამიტომ ძირითადი შემოსავალი ჩემი იყო: სტაბილური ხელფასი მქონდა, რასაც ემატებოდა ბონუსები და, საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდურ თანხას აღწევდა. სწორედ ამის წყალობით ახალაშენებულ კორპუსში დიდ სამოთახიან ბინას ვქირაობდით, ზაფხულობით დასასვენებლად დავდიოდით, მანქანაც შევიძინეთ... და ახლა, აი, ამ ჩემი ფულით, თურმე, თავისი საყვარლისთვის წითელ კაბებს ან საცვლებს ყიდულობდა... გული ისევ შემეკუმშა ამის გააზრებისას, მაგრამ თავი დავიმორჩილე და ვთხოვე:

– იქნებ სადმე წავსულიყავით დასასვენებლად?

გიოს საჭმელი გადასცდა და ხველება აუტყდა:

– ახლა?! ეს ხომ ძვირი დაჯდება! მოდი, ზამთარში წავიდეთ.

– ფული გვაქვს, – მშვიდად შევედავე მე, – კარგი პრემია მომცეს...

ამჯერად მტკიცედ გააქნია თავი:

– ვიცი, მაგრამ ჯობია, ჯერ არ დავხარჯოთ? რა იცი, რა დაგვჭირდება...

ჩემდა უნებურად წამოვწითლდი: „რაღაც დასჭირდება ბიჭს?! ახალი საჩუქარი უნდა უყიდოს საყვარელს?!“ – მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. მაგიდიდან უხმოდ ავდექი და ჭურჭლის ალაგება დავიწყე. გიო კვლავ ტელეფონში ჩაიძირა: მისი თითები ეკრანზე სწრაფად დახტოდნენ, ბაგიდან კი ღიმილი არ შორდებოდა.

– გიო, ვინ არის? – ვკითხე მშვიდად.

– ვინ? – მიპასუხა მექანიკურად, ისე, რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის.

– ვისაც შეტყობინებას უგზავნი.

მაშინვე შემომხედა, მის მზერაში სიფრთხილე და მსუბუქი გაღიზიანება გამოკრთა:

– კლიენტს. ხდება რამე?!

– არაფერი, უბრალოდ, დამაინტერესა, – ავიჩეჩე მხრები, – უცნაურად გეღიმება, ეტყობა, ოხუნჯი კლიენტია.

– მირანდა, ამას სერიოზულად ამბობ? – გიო დივანზე გადაწვა, მე ვმუშაობ. დამკვეთებთან ნორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებ. ეს ჩემი საქმის ნაწილია.

„აჰა, ესე იგი, მე ვარ რაღაცნაირი არასწორი, რადგან ვეკითხები“, – გავღიზიანდი უცებ, მაგრამ ხმამაღლა მშვიდად ვუპასუხე:

– მაპატიე, ალბათ, უბრალოდ, დავიღალე და რაღაცები მეჩვენება.

გიომ თავი დააქნია და კვლავ ტელეფონის ეკრანს მიაშტერდა. მე კი მას ვუყურებდი და ვფიქრობდი:

„ეს როდის მოხდა? რომელ მომენტში შევწყვიტე მისთვის არსებობა? როდის დაიწყო ჩემი ღალატი?“

***

ღამით ვერა და ვერ დავიძინე. გიოს გვერდით ვიწექი, მის თანაბარ სუნთქვას ვუსმენდი და გონებაში ყველაფერს ისევ და ისევ ვატრიალებდი. ტელეფონი, როგორც ყოველთვის, საწოლის გვერდით ტუმბოზე იდო, გიოს მხარეს. ადრე აზრადაც არ მომსვლია მის პირად მიმოწერაში ძრომიალი – ამას დამამცირებელ და უღირს საქციელად მივიჩნევდი. მაგრამ, ახლა ვითარება შეიცვალა. ცოტა ხანს შევყოვნდი და შემდეგ ფრთხილად დავწვდი მის ტელეფონს. ხელში ავიღე. ეკრანმა ცივი ლურჯი შუქით გაანათა ოთახი. პაროლი ვიცოდი – გიო პაროლებს არასდროს ცვლიდა. ტელეფონი განვბლოკე, მესენჯერი გავხსენი და სათითაოდ თვალიერება დავიწყე. აი, ისიც: ლანა... მიმოწერა გრძელი იყო, შეტყობინებებს ყოველდღე უგზავნიდნენ ერთმანეთს და ჩემს ქმარს მათი წაშლა თავში აზრადაც არ მოსვლია.

„საყვარელო, მენატრები“.

„როდის შევხვდებით?“

„მადლობა საყურეებისთვის, საოცარია. ასეთზე ვოცნებობდი“.

„მიყვარხარ“...

თვალიერებას ვაგრძელებდი და ჩემ შიგნით ქარიშხალიც ძლიერდებოდა. გიო ვიღაც ქალს წერდა ლამაზსა და თბილ სიტყვებს, იმ სიტყვებს, რომლებიც დიდი ხანია, გაქრა ჩვენი საუბრებიდან. აი, რესტორანში შეხვედრაზე თანხმდებიან; აი, ლანა წუწუნებს, რომ სულ ელოდება და მონატრებას ვერ უძლებს...

„როდის მიატოვებ?“ – ამ კითხვამ გამაცოფა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და კითხვა განვაგრძე:

„ნუ მაჩქარებ, ლან. ყველაფერი თავის დროზე იქნება“.

„და რატომ ახლა არა?“

„ამის ახსნა რთულია... ცოტა უნდა მოვიცადოთ“.

„ესე იგი, გიყვარს?!“

„არა, რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ასე უბრალოდ წასვლა არასწორია“.

მწარედ გამეცინა: „ესე იგი, უცებ წასვლა არ შეიძლება, მაგრამ ჩემი ყოველდღიურად მოტყუება და ჩემი ფულის საყვარელზე ხარჯვა სწორია“.

თვალები თავისით კითხულობდა ადრინდელ შეტყობინებებს და უცებ გიოს ხმოვანი შეტყობინება დავინახე. ყურსასმენები მოვძებნე და ჩავრთე.

გიოს ხმა ჩუმად ისმოდა, ჩურჩულებდა – თითქოს აბაზანიდან ლაპარაკობდა ან სადღაც აივანზე იდგა:

„კი, კი, სულელია, მაგრამ არა უშავს... მთავარი ხომ ისაა, რომ ფული მოაქვს... ასე რომ, ჯერჯერობით ვერ მივატოვებ... ცოტაც მოითმინე, აი, იმ ბეჭედს გიყიდი, შენ რომ მოგეწონა. ოღონდ ნუ მოიშლი ნერვებს. მე ხომ მასთან ფორმალურად ვარ“.

ტელეფონი ხელიდან გამიცურდა და პირდაპირ საბანზე დაეცა ეკრანით ქვემოთ. სიბნელეში უძრავად ვიჯექი, მხრებზე ხელებმოხვეული.

„ფული მოაქვს.. სულელია...“

ჩვენი თანაცხოვრება აი, ამ სიტყვამდე დავიდა: ფული მომაქვს.

არ მიტირია. უბრალოდ, უძრავად ვიჯექი სიბნელეში და ჩემ წინ სრულ სიცარიელეს ვუყურებდი. თითქოს მთელი სამყარო ამ ოთახის... ამ საწოლის ზომამდე დაპატარავდა და სული მეხუთებოდა.

გიომ ძილში რაღაც გაურკვეველი ჩაიბუტბუტა და ჩემკენ გადმობრუნდა. მის სახეს ვუყურებდი: მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და მისი სახე უცებ გამიუცხოვდა.

„ვინ არის? როგორ აღმოჩნდა აქ, ჩემ გვერდით? ჩემს საწოლში? ჩემს ბედში?“ – თავი გავაქნიე და რატომღაც ხმამაღლა ვთქვი:

– ხვალ ყველაფერს გადავწყვეტ... ხვალ... – უცებ ავიფარე პირზე ხელი, მაგრამ გიოს არ გაუღვიძია, ალბათ, თავისი ლანა ესიზმრებოდა წითელ კაბასა თუ საცვლებში...

***

დილა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი: გიოზე ადრე გავიღვიძე. ყავა მოვადუღე და სამზარეულოს მაგიდასთან ნოუთბუქით მოვკალათდი. თავს უჩვეულოდ მხნედ ვგრძნობდი, ჩემ შიგნით ცივი, გულგრილი სიცხადე დასახლდა, თითქოს ვიღაცამ ჩემი გრძნობები გამორთო და ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. გიოს ღალატი ახლა, უბრალოდ, ფაქტი იყო, პრობლემა, რომელიც უნდა გადამეწყვიტა.

რადგან შემოსავლის წყარო ვყოფილვარ, ბევრი არ მიფიქრია და საბანკო აპლიკაცია გავხსენი: ყველა ანგარიშიდან თანხა ჩემს იმ ბარათზე გადავრიცხე, რომელსაც მხოლოდ მე ვხმარობდი. შემდეგ დანაზოგების დეპოზიტზე გადავედი და ბანკში დავრეკე, რომ ბარათი დაებლოკათ. ვიცრუე, რომ დავკარგე. ასევე, დავბლოკე ყველა ჩემი ბარათი, რომლითაც ჩემი ქმარი სარგებლობდა.

შემდეგ ბინაზე გადავერთე: საიჯარო ხელშეკრულება ჩემზე იყო გაფორმებული, შესაბამისად, იჯარასაც მე ვიხდიდი. ამიტომ ბინის მეპატრონეს შეტყობინება მივწერე:

– გამარჯობა, მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ მომავალ თვეს თანხას აღარ გადავიხდი, ბოლო თვის ისედაც გადახდილია, მაგრამ მომავალი თვიდან ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ.

გიო საძინებლიდან ზუსტად მაშინ გამოვიდა, როდესაც უკვე მეოთხე ფინჯან ყავას ვსვამდი...

– დილა მშვიდობისა! – გაიზმორა გემრიელად, – დღეს ადრე ამდგარხარ...

– ბევრი საქმე მაქვს, – მშვიდად ვუპასუხე, ისე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მომიცილებია, – ყავა დაისხი.

გიომ ყავა დაისხა და მაგიდასთან ჩემ წინ დაჯდა. ჯიბიდან მაშინვე ტელეფონი ამოიღო და რაღაცის აკრეფა დაიწყო. ტუჩის კუთხეებით კი ისევ იღიმებოდა. ალბათ, ისევ თავის ლანას სწერდა...

– გიო, რაღაც საკითხი უნდა განვიხილოთ.

მან გაკვირვებულმა შემომხედა: მაინც რა?!

– ფინანსები... მომავალი....

ტელეფონი გადადო და შუბლი შეიჭმუხნა:

– რამე მოხდა?

– არა, ყველაფერი რიგზეა, – გავუღიმე და ყავა მოვსვი, – უბრალოდ, გადაწყვეტილება მივიღე, – დროა, საკუთარ თავზე ვკონცენტრირდე. მეც მინდა პიროვნული და პროფესიული ზრდა.

– სწორი გადაწყვეტილებაა, – მიპასუხა ცოტა არ იყოს უხალისოდ, – შენ მართლაც უნდა იფიქრო საკუთარ თავზე.

– დიახ, ამიტომ მომავალი თვიდან ჩემი ხელფასის ნახევარი პირადად ჩემთვის უნდა გადავდო.

გიოს სახე ოდნავ გაეწელა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი