რომანი და დეტექტივი

დედამთილი რისხვა

№35

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.09

დედამთილი
დაკოპირებულია

ჩვენს ოჯახში, რაც თავი მახსოვს, მოქმედებდა დაუწერელი, მაგრამ ურყევი წესი. ის არც განიხილებოდა, არც არსად ეწერა, მაგრამ მისი ყოველი პუნქტი ზედმიწევნით სრულდებოდა. და ამ წესის მთავარი პოსტულატი იყო, რომ მე ვიყავი შემსრულებელი, სამზარეულოს შავი მუშა, ხოლო ჩემი დედამთილი, ელეონორა (ხაზგასმით ამბობდა თავის სახელს) – უზენაესი მოსამართლე, დეგუსტატორი და ჭეშმარიტების ერთადერთი მღაღადებელი. მე და ჩემი ქმარი, ანუ ელეონორას ვაჟი, ფორმალურად ჩვენს საკუთარ ბინაში ვცხოვრობდით, რომელიც ორივეს საკუთრება იყო, მაგრამ ყოველთვის ელეონორას უხილავი მართვის ქვეშ იმყოფებოდა. ის აკონტროლებდა ყველაფერს: როგორ ვალაგებდი სახლს, როგორც ვრეცხავდი, როგორ ვაუთოებდი, როგორ სადილებს ვამზადებდი, როგორ ღვეზელებსა და ნამცხვრებს ვაცხობდი. ჩემი თითოეული მოქმედება ელეონორას უმკაცრეს ცენზურას გადიოდა. ის არასდროს მეხმარებოდა, მხოლოდ შენიშვნებს მაძლევდა და ვითომ მარიგებდა, არადა მისი დარიგებები აშკარა შეურაცხყოფებს უფრო ჰგავდა.

ელეონორა ჩვენთან ყოველთვის ვახშმობის დროს მოდიოდა. ზუსტად საღამოს რვა საათზე. კარზე ზარი ირეკებოდა და შემოდიოდა მაღალი, ხმელი ქალი, აბრეშუმის კაბითა და უზადი ვარცხნილობით, რაც მთავარია, ცივი, შემფასებელი, გამჭოლი მზერით, რომელიც თითქოს მასკანერებდა. ელეონორა არასდროს იხდიდა პალტოს თავად. ეს ერთგვარი რიტუალი იყო. ჩემი ქმარი, არჩილი, ზრდასრული, წარმატებული მამაკაცი, რომელსაც საფეთქლებთან უკვე დიდი ხანია ჭაღარა გამორეოდა, დედამისის დანახვაზე მაშინვე დამფრთხალ პირველკლასელად გადაიქცეოდა ხოლმე. მივარდებოდა, ფრთხილად ჩამოართმევდა პალტოს, ცდილობდა, დაეჭირა დედამისის არათუ თითოული მზერა და მისი მცირედი სურვილებიც კი წინასწარ გამოეცნო. მე კი... მე კი ყოველთვის, როდესაც ჩემი დედამთილი მოდიოდა, წინსაფარი მქონდა აფარებული. იმიტომ რომ ამ წინსაფარს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ის ერთგვარი დამცავი ფარი იყო ჩემთვის და მხოლოდ მაშინ ვიხსნიდი, როდესაც ელეონორა მიდიოდა და სამზარეულოში მხოლოდ გასარეცხი ჭურჭელი რჩებოდა.

ჩვენი ქალიშვილი, ანიტა, ჯერ კიდევ პირველ კლასში სწავლობდა, როდესაც ჩემი დედამთილისთვის სადღესასწაულო სუფრა გავშალე. ეს კი ჩემთვის იმდენად საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ იმ დღიდან მოყოლებული სამზარეულოს მძევალი გავხდი: ვხარშავდი, ვაცხობდი, ვჭრიდი, ვშუშავდი, რეცეპტებს ვეძებდი. ვცდილობდი, მესიამოვნებინა, გამეკვირვებინა, ერთი უბრალო ქება მაინც დამემსახურებინა დედამთილისგან, მაგრამ ამაოდ. ელეონორა გულგრილად დუმდა, ისე, თითქოს ის ქალბატონი იყო, მე კი მისი უუფლებო ყმაქალი. თუმცა, დუმილი მისგან ერთგვარი საჩუქარიც კი იყო, იმიტომ რომ ჩვეულებისამებრ ელეონორა კრიტიკის ნიაღვარს მაფრქვევდა ხოლმე თავზე. იმ წელს საკუთარ თავს ვაჯობე. სადღესასწაულო სუფრა ნობათით იყო სავსე. გამჭვირვალე, ქარვისფერი საცივი ღრმა ფაიფურის თეფშში ესხა, თავზე მომდგარი ნიგვზის ზეთით; ხაჭაპურები და პიტნის ღვეზელები თავბრუდამხვევ არომატს აფრქვევდა. ლოქოს ქინძმარში და შეპიწკინებულ წიწილებს საუცხოო სურნელი ასდიოდა, ერთმანეთში ირეოდა და ბანგავდა გარემოს... მაგიდაზე ბოლო თეფში დავდგი, ხელები წინსაფარზე შევიმშრალე, ამოვისუნთქე და ჩემი მრავალსაათიანი შრომის ნაყოფს შევხედე. სიამაყეც კი ვიგრძენი, ისე მომეწონა საკუთარი ნახელავი.

ელეონორა სუფრის თავში იჯდა. ეს ადგილი მას იმთავითვე ეკუთვნოდა – ასე მიაჩნდა თავად და ვერავინ ბედავდა, ეჭვი შეეტანა მის პირველობაში. მან ზიზღიანი გამომეტყველებით შეათვალიერა სუფრა, თითი თეფშის კიდეს გადაუსვა, თითქოს ამოწმებდა, რამდენად კრიალებდა. შემდეგ კოვზით საცივი გადაიღო და ყურადღებით დააკვირდა. ტუჩები მოემანჭა, თავი გადააქნია და თქვა:

– თხელია. მღვრიეა. ჩვენს ოჯახში მსგავსის სუფრაზე დადგმა სირცხვილი იყო. ეს არის უპატივცემულობა არა მარტო სტუმრების, ინდაურისაც კი.

არჩილი, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, მაშინვე წელში მოიხარა და თავი თავის თეფშში ჩარგო, თითქოს ცდილობდა, უხილავი გამხდარიყო. ჩვენმა მეზობელმა ოლიკომ, ის მე დავპატიჟე, იმ იმედით, რომ ჩემი დედამთილი თავს შეიკავებდა და ჩვეულ ხასიათს არ გამოამჟღავნებდა, ინტერესით დაიწყო სუფრის კედლების თვალიერება. ხოლო ჩემმა დედამთილმა, მიღებული ეფექტით დამტკბარმა, უკვე თავის უზარმაზარ ჩანთაში დაიწყო ქექვა. მოულოდნელად პლასტმასის კონტეინერი ამოიღო და სუფრაზე დადო.

– აი, ნამდვილი საცივი, განსვენებული დედაჩემის რეცეპტით გაკეთებული. გასინჯეთ, შეადარეთ და ისწავლეთ, როგორ უნდა მომზადება, თუკი პრეტენზია გაქვთ, რომ დიასახლისი ხართ.

ელეონორას იშვიათი ნიჭი ჰქონდა: ერთი მოძრაობით, ერთი ფრაზით გაეუფასურებინა ყველანაირი ძალისხმევა, რაც სხვა ადამიანმა ჩადო თავის შრომაში. ჩემი საცივი, რომელზეც ნახევარი დღე ვჯადოქრობდი, ერთ წამში იქცა „თხელ, მღვრიე მასად“, რომელიც სუფრაზე მოხვედრის ღირსიც არ იყო. მე, რა თქმა უნდა, გავიღიმე და ელეონორას მიერ მომზადებული საცივი გავსინჯე: როგორც ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, პირში არ ჩაიშვებოდა. ზედმეტად მარილიანი, მღვრიე, რაღაც გაუგებარი გემოსი, უსიამოვნოდ ეკრობოდა სასას, მაგრამ მაინც გავუღიმე და ვთქვი:

– ძალიან გემრიელია.

ეს ვთქვი, ვინაიდან ვიცოდი, ნებისმიერი კრიტიკა ელეონორას აღშფოთების ქარიშხალს გამოიწვევდა, ის დაიწყებდა ტირილსა და მოთქმას, თუ რაოდენ უმადური ადამიანი ვარ. ამიტომ ხერხი ვიხმარე და განვაგრძე:

– იმდენად გემრიელი საცივი მოიტანეთ, რომ აწი მე არასდროს მოვამზადებ. თქვენ მოიტანეთ ხოლმე, მე კი პროდუქტებსაც დავზოგავ და ჩემს დროსაც.

როგორც კი ფრაზა დავასრულე, ელეონორამ, ჩანგალი ისე დაახეთქა თეფშს, რომ ლითონის წკარუნმა ფაიფურზე გასროლისმაგვარი ხმა გამოსცა. მან არჩილს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა, ისე, როგორც ზედამხედველი უყურებს ხოლმე პატიმარს და არჩილმა კიდევ უფრო ჩაქინდრა თავი.

სტუმრები შუაღამის შემდეგ წავიდნენ... მე სუფრა ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი. ხელთათმანები არ გავიკეთე, დამავიწყდა და ცხელი წყლისგან ხელები ერთიანად გამიწითლდა, წელი მიხურდა, მაგრამ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, თავში დედამთილის სიტყვები მიტრიალებდა, თვალწინ მისი ზიზღიანი სახე მედგა და ჩემი ქმრის ლაჩრული დუმილი. როდესაც ჯერი ელეონორას პლასტმასის კონტეინერზე მიდგა, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ თითქმის სავსე იყო. ჩემი და ჩემი დედამთილის გარდა, მის „შედევრს“ არავინ გაჰკარებია. მწარედ ჩავიღიმე, უნიტაზთან მივედი და შიგთავსი ჩავცალე...

***

არჩილის დაბადების დღის აღნიშვნა სახლში გადავწყვიტეთ, ვიწრო წრეში. მშვენიერი ამინდი იდგა, ამიტომ სუფრა ჩვენს ფართო ვერანდაზე გავშალეთ. მწვადი, სალათა, ქაბაბი... თადარიგი წინა დღესვე დავიჭირე, რომ მწვადი სანაქებო გამოსულიყო, კუბოკრული გადასაფარებელი ვიპოვე, სუფრა ფერადი თეფშებით გავაწყვე და მინდვრის ყვავილების თაიგულით გავალამაზე – მინდოდა, მყუდრო და დასამახსოვრებელი გარემო შემექმნა. ელეონორა სტუმრებზე ადრე მოვიდა და სუფრას კრიტიკოსის მზერა მოავლო, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა და მოქმედებაზე გადავიდა:

– პური კიდესთან ახლოს უნდა იდოს, თევზი საერთოდ აიღე, ვინ ჭამს თევზს მწვადთან ერთად? – მბრძანებლობდა თავხედურად და ჩემი გემოვნებით გაშლილი სუფრა არია:

– მე ჩემი შვილის გვერდით ვჯდები, ოლიკო – მის პირისპირ, შენ – კიდეში, მაინც სულ სამზარეულოში დარბიხარ, მოგაქვს, მიგაქვს, ასე რომ, მანდაა შენი ადგილი.

მე მორჩილად დავუქნიე თავი. არჩილი მაყალს ანთებდა, ანიტა ძაღლს ეთამაშებოდა. თითქოს მხიარული და ოჯახური გარემო იყო, მაგრამ ყველაფერს ელეონორას გოროზი აჩრდილი ადგა. ის ცოტას ჭამდა, მაგრამ ბევრს ლაპარაკობდა:

– ხორცი მშრალია, არჩილ, – მიმართა მან შვილს, – ხომ გეუბნებოდი, როგორ უნდა შეგეწვა?! მარინადიც უვარგისია. შენი ცოლი ცდილობს, მაგრამ... – ჩემმა დედამთილმა ფრაზა არ დაასრულა, მხოლოდ მნიშვნელოვნად გაშალა ხელები.

ოლიკომ დაძაბულად გაიღიმა. ანიტამ მე შემომხედა, თვალები ცრემლებით ავსებოდა, არჩილის მეგობრებიც ჩაჩუმდნენ. მე ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. დრო ვიხელთე და თეფშები გამოვცვალე, რომ სამზარეულოში ცოტათი დავმშვიდებულიყავი. არჩილი არ გამომყოლია. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენთან დედამისი იყო, იგულისხმებოდა, რომ სამზარეულოში მარტო მე უნდა ვყოფილიყავი, როგორც მაცივარი ან აირღუმელი.

ვერანდაზე დაბადების დღის ტორტით ხელში დავბრუნდი. ტორტი ქმრის წინ დავდგი, შემდეგ კი, პირველი ნაჭერი მოვჭერი და ელეონორას გადავუღე. პირდაპირ თვალებში შევხედე და მშვიდად ვუთხარი:

– ეს სუფრა მე გავშალე. თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ, არ ჭამოთ. არავინ გაძალებთ.

ჩემმა დედამთილმა ღეჭვა შეწყვიტა. ჩანგალი ხელში გაუშეშდა. არჩილმა ისევ თეფშში ჩარგო თავი. ოლიკომ ლარნაკში ყვავილების შესწორება დაიწყო. სიჩუმე ჩამოწვა. ანიტამ შემომხედა და ძლივს შესამჩნევად დამიქნია თავი. ელეონორას არაფერი უპასუხა, მაგრამ დაძაბულობა იგრძნობოდა. საღამო რაღაცნაირად არეულად დასრულდა. ჩემმა დედამთილმა არ ისურვა, ჩემს ქმარს გაეცილებინა, ტაქსი გამოიძახა და ხმისამოუღებლად წავიდა. ანიტა ვერანდის მოწესრიგებაში მეხმარებოდა, შემდეგ სარწეველაზე ჩამოვსხედით და ვარსკვლავებს ვუყურებდით.

– დედა, – სიჩუმე ანიტამ დაარღვია, – ხომ ხვდები, რომ რაღაც სწორად ვერ არის?

– რა არის არასწორი? – ვკითხე, თუმცა პასუხი მშვენივრად ვიცოდი.

– არასწორია, როდესაც იღიმები, როდესაც გამცირებს; არასწორია დუმილი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებს. ბავშვობიდან მოყოლებული ასეა, ბებია რაღაც საძაგლობას ამბობს, შენ კი იღიმები, თავს უქნევ, ეთანხმები. როდესაც პატარა ვიყავი, მეგონა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, რომ ეს თამაშია და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა. დედა, გამცირებენ და შენ ამას ყლაპავ...

თავზე ხელი გადავუსვი, არაფერი მიპასუხია, მაგრამ მისი სიტყვები თითქოს ტვინში ჩამებეჭდა. იმ ზაფხულს ანიტა მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდა დასასვენებლად. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი, გული დამიმძიმდა. მეჩვენებოდა, რომ სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე, რომელშიც მხოლოდ გაზქურასთან მდგარი უხმო ჩრდილის როლი მქონდა განკუთვნილი.

***

ახალი წელი ახლოვდებოდა. დეკემბრის ბოლოს ელეონორამ არჩილს დაურეკა და განაცხადა, რომ ახალი წლის სუფრას თავად მოამზადებდა. რა თქმა უნდა, კერძების მომზადებას ჩვენს სამზარეულოში აპირებდა, რომელიც დათქმულ დღეს, დილიდანვე, დაიკავა, როგორც ნამდვილმა ოკუპანტმა. უცერემონიოდ გადააწყო ჩემი სანელებლების ქილები კარადის სიღრმეში, რათა ადგილი თავისი პროდუქტებისთვის გამოეთავისუფლებინა.

– შენ დაჯექი და დაისვენე, – მითხრა მაშინვე, როგორც კი სამზარეულოში შევედი, ფეხებში ნუ მებლანდები, მხოლოდ ხელს შემიშლი.

მეც დავმორჩილდი და მისაღებ ოთახში დავჯექი, რაღაც სერიალს ვუყურებდი და ვცდილობდი, არ გამეგონა ხმები, რომლებიც სამზარეულოდან მოდიოდა. იქ კი ჩემი ქვაბები გრუხუნებდა, წყალი იღვრებოდა, რაღაც შიშხინებდა. არჩილი ხან დედამისთან გარბოდა, ხან ჩემ გვერდით ჯდებოდა. ცდილობდა, ორივესთვის ესიამოვნებინა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თითქოს ეს ჩვეულებრივი სადღესასწაულო ფაციფუცი იყო.

სუფრა თავისებური გამოვიდა... სალათები იდო თეფშებზე, რომლებიც ელეონორამ მოიტანა, სუფრის ცენტრში თავს იწონებდა ჩემი დედამთილის ცნობილი საცივი. ანიტა საღამოს მოვიდა, დაღლილი. სუფრას გადახედა: მე ისევ კიდეში ვიჯექი, ბებიამისი – სუფრის თავში. არაფერი უთქვამს. მხოლოდ დაიხარა და სწრაფად მაკოცა.

– როგორც იქნა, ნორმალური სადღესასწაულო სუფრა გაიშალა ამ სახლში, – საზეიმოდ თქვა ელეონორამ.

შემდეგ სტუმრებს კმაყოფილი გამომეტყველებით გადახედა, პაუზა დაიჭირა და განაგრძო:

– ხედავთ? თურმე შესაძლებელია, თუ სურვილი გაქვს, გემრიელი კერძებიც მოამზადო და ლამაზად და სუფრა ღირსეულად გააწყო... თუ, რა თქმა უნდა, გაქვს გემოვნება და უნარი და მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით არ ასრულებ შენს მოვალეობებს.

სტუმრები მორჩილად მიირთმევდნენ კერძებს. და უცებ მივხვდი, პრობლემა, სულაც, არ იყო საცივი, არც, საერთოდაც, ელეონორა წლების განმავლობაში ჩემს უნარებს კი არ აკრიტიკებდა, არამედ ის ვერ იღებდა ჩემს უფლებას, ვყოფილიყავი ამ სახლის დიასახლისი, ვყოფილიყავი მისი შვილის ცოლი და მისი შვილიშვილის დედა. ის ტერიტორიას ნიშნავდა, როგორც ტყეში მხეცი და ყველას აჩვენებდა, თუ ვინ იყო აქ მთავარი. ამიტომ ჩემდა უნებურად და მოულოდნელად ამოვთქვი, სავსებით მშვიდად, გაღიზიანების ან ბრაზის გარეშე:

– თქვენ აქ მხოლოდ სტუმარი ხართ.

არჩილი შეკრთა, რაღაცის თქმა უნდოდა, რომ დედამისი დაეცვა, მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ანიტა სკამზე გასწორდა, მხრებში გაიშალა, მის თვალებში კმაყოფილება იკითხებოდა.

– დიახ, თქვენ სტუმარი ხართ, – გავიმეორე და ელეონორას თვალი გავუსწორე, – ამ სახლში თქვენ არ ხართ დიასახლისი. გთხოვთ, გახსოვდეთ ეს.

ელეონორა გაფითრდა. ნესტოები დაებერა, ტუჩები მოეკუმა. მიჩვეული იყო, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის მას ეკუთვნოდა:

– არჩილ, – დაუყვირა შვილს, – გესმის, რის უფლებას აძლევს შენი ცოლი თავს? გესმის, რას ამბობს?

არჩილი უძრავად იჯდა და დუმდა. ხან დედამისს უყურებდა, ხან მე და მის მზერაში გამქრალიყო ჩვეული შიში. მხოლოდ დაბნეულობა ეტყობოდა და რაღაცნაირი სიმშვიდე. ვახშამმა დამთრგუნველ სიჩუმეში ჩაიარა. ჩემმა დედამთილმა დემონსტრაციულად გამოიძახა ტაქსი და ისე წავიდა, რომ არავის დამშვიდობებია.

იმ დღის შემდეგ არჩილი დედასთან მარტო მიდიოდა სტუმრად, თუმცა მანამდე ყოველთვის ერთად დავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახური ცხოვრების ნაწილი იყო. ახლა მე აღარ მივდიოდი ელეონორასთან, ეს ერთ დროს გოროზი ქალი ჩემს თვალში დაპატარავდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არც დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა. ელეონორამ, რა თქმა უნდა, ყველა ნათესავსა და ნაცნობს მოუყვა, რომ რძალმა სუფრიდან გააგდო, რომ გველი შეუშვა ოჯახში, რომელიც მომენტს ეძებდა, რომ მისი თავი შვილისთვის შეეძულებინა. ზოგი ოხრავდა და თანაუგრძნობდა, ზოგიც – მხარს უბამდა ჩემს ლანძღვაში „საწყალ ქალს“, ხოლო, ვინც ელეონორას კარგად იცნობდა, მხოლოდ დუმდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სულერთი იყო. ხანდახან ელეონორასადმი სიბრალულს ვგრძნობდი: ეჭვიც მღრღნიდა, იქნებ უფრო რბილად უნდა მეთქვა სათქმელი, მაგრამ შემდეგ მისი სიტყვები მახსენდებოდა, მისი ქედმაღლური ქცევა და ჩემი დამცირების სურვილი და თუმცა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო მისი ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება, ამიტომაც მასზე არ ვბრაზობდი, საბოლოოდ, მაინც კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით, იმიტომ რომ არა მარტო ჩემი თავი დავიცავი, არამედ ჩემს ქმარსაც მივეცი საშუალება, დაეძლია დედის დიქტატი, დედის, ვინც დაბადებიდან უჩიჩინებდა, რომ არჩილი მისი საკუთრება იყო და მხოლოდ დედის ნება-სურვილები უნდა შეესრულებინა.

მე ჩემი სახლის ნამდვილი დიასახლისი გავხდი. სამზარეულო აღარ არის ჩემი თავშესაფარი: ეს არის ადგილი, რომელიც საშუალებას მაძლევს, გემრიელი კერძები მოვუმზადო მათ, ვინც მიყვარს და ვისავ ვუყვარვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი