რომანი და დეტექტივი

პირადი ნომრები

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 41 წუთის წინ

პირადი ნომრები
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“#36 (1341)

„სროკის“ დასრულებამდე 4 წელი მქონდა დარჩენილი. „მაყურებელს“ კი – 2 და თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებდით. ის ჩემდამი მამობრივ მზრუნველობას იჩენდა და მე ამას აშკარად ვგრძნობდი. „მაყურებელი“ ზუსტად თავის დაბადების დღეს უნდა გათავისუფლებულიყო ციხიდან და იმ დღეს მას 60 წელი უსრულდებოდა. ამ დღემდე ერთი წლით ადრე, მას ზონის ექიმმა ტუბერკულოზი დაუდგინა. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მის მკურნალობაში „ობშჩიაკიდან“ ნებისმიერ თანხას ვიხდიდით და ნებისმიერ წამალს ვშოულოდით, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. ის სამკურნალოდ ქალაქში, სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენის უკანასკნელი შანსიც ამოიწურა და მან კატეგორიულად მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. კანონით ეს იკრძალებოდა, მაგრამ კოლონიის უფროსს „ობშჩიაკიდან“ მსუყე თანხა „გავუმაზეთ“ და მან, გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით, ქალაქში გამამგზავრა „მაყურებელთან“ შესახვედრად. ის ცალკე პალატაში იწვა და ფანჯრები ფოლადის გისოსებში იყო ჩასმული. კართან კი კბილებამდე შეიარაღებული, გაძლიერებული ბადრაგი იდგა. გაქცევა გამორიცხული იყო და არც არავინ აპირებდა ამის გაკეთებას. პალატაში რომ შევედი, „მაყურებელი“ ვერ ვიცანი. ის ვეებერთელა კაცი ამ ერთი თვის განმავლობაში ერთბაშად გალეულიყო. მისგან მხოლოდ ჩონჩხიღა იყო დარჩყენილი და სახეზე თეთრი ფერი ედო. მხოლოდ თვალებში შერჩენოდა ძველებური ნაპერწკალი და მართალია, მისუსტებული ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ მბრძანებლური ტონი არსად გამქრალიყო.

– პირბადე გაიკეთე და ერთი მეტრზე ახლოს არ მოხვიდე. სწორედ რომ, დროზე მოხვედი, ვფიქრობ, სათქმელს მოვასწრებ. ყურადღებით მომისმინე და ნუ შემაწყვეტინებ. ყველაფერი ზუსტად დაიმახსოვრე. კითხვები კი ბოლოს დამისვი. ციხიდან რომ გახვალ, რიგაში უნდა გაემგზავრო და ერთი კაცი მოინახულო, მეტსახელად „ლატვიელი“. მას დიდი „ობშჩიაკის“ გასაღები აქვს და როგორც კი ჩემი სახელით მიხვალ და ჩემი პასპორტის პირად ნომერს ეტყვი, დანარჩენს ის გაგაცნობს. „ლატვიელი“ გაუშიფრავი ძმაა და მის შესახებ ჩემი წინამორბედისგან შევიტყვე, რომელიც ამ ზონაში გარდაიცვალა. მეც იგივე ბედის ვარ და შენც რომ ასე არ დაგემართოს, თავს გაუფრთხილდი. ახლა კი შეგიძლია, კითხვები დამისვა, მაგრამ იჩქარე, ვგრძნობ, რომ მალე სული გამიფრინდება.

– „ობშჩიაკი“ მბარდება?

– კი.

– „ლატვიელი“ რომ ცოცხალი არ დამხვდეს?

– ვინც იმ სახლში დაგხვდება, საქმის კურსში ის შეგიყვანს.

– სახლი რომ დანგრეული იყოს.

– მაშინ, ძველი მობინადრის მისამართს გაარკვევ, – ძლივს მითხრა სულთმობრძავმა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და დაამატა, – აუცილებლად დატოვებდნენ ნიშანს. შენ იცი, „მაყურებელო“...

„მაყურებელმა“ ჩემ თვალწინ დალია სული. მე კოლონიაში დავბრუნდი. „მაყურებლის“ გარდაცვალება გამოვაცხადე. მაგრამ მისი მონათხრობი არ გამიმჟღავნებია. არც ის გამიჟღერებია, რომ „მაყურებელმა“ „მაყურებელი“ მიწოდა. თუმცა, პატიმრებმა ამის შესახებ ძველი „მაყურებლისგან“ იცოდნენ და ახალი „მაყურებლის“ ტიტული მომანიჭეს.

დარჩენილმა დრომ შედარებით მშვიდად გაიარა და ზონიდან გავთავისუფლდი. საკმაოდ ცნობილი ვიყავი როგორც კრიმინალურ წრეებში, ასევე ძალოვან სტრუქტურებშიც. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სერიოზული სიტყვა მეთქმოდა. თუმცა, მოლაყბე არასდროს ვყოფილვარ და მხოლოდ კონკრეტულ საქმეებზე ვიყავი კონცენტრირებული. ზონიდან რომ გამოვედი, სამი მანქანით დამხვდნენ. თუმცა არცერთ მათგანს პირადად არ ვიცნობდი. ისიც კი არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო. სახლ-კარი არ მქონდა და არც არასდროს მქონია. მანანა ჯერ კიდევ მაშინ გაქრა, როდესაც 12 წელი დამიმატეს და მას მერე აღარ გამოჩენილა. ისიც კი არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა. ვფიქრობდი, რომ გათხოვდა და ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთი სიტყვით, სრულ გაურკვევლობაში ვიყავი.

– პრეზიდენტი ხომ არ ვარ, ძმებო, ამხელა კორტეჟით რომ დამხვდით? – ხუმრობით ვუთხარი დამხვდურებს. მათ კი მიპასუხეს:

– მეტიც ხარ ჩვენთვის და შესაბამისი პატივიც გეკუთვნის.

– არ იტყვით, სად მივდივართ?– ხუმრობის გარეშე ვიკითხე.

– სახლში, ძმაო, – მითხრა წითურმა ახალგაზრდა ავტორიტეტმა, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მათში როგორც გარეგნობით, ასევე სიტყვა-პასუხით.

– მაშინ, რაღა შორს წავიდეთ, – ვთქვი მე, ხელი ზონისკენ გავიშვირე და დავამატე, – შევბრუნდები უკან. აი, ჩემი სახლი. სხვა საცხოვრებელი კი არ გამაჩნია.

– გაქვს, ძმაო. სწორედ იქ მივემგზავრებით, – მითხრა წითურმა.

ჩემდა გასაოცრად, ჩვენი კორტეჟი აეროდრომზე მივიდა, რომელიც 20 კილომეტრში მდებარეობდა და კერძო პირს ეკუთვნოდა. იქ კი მხოლოდ მე და წითური ჩავსხედით კერძო, ფეშენებელურ თვითმფრინავში. დანარჩენები კი გამოგვემშვიდობნენ და თავიანთი მეთვალყურეობის რეგიონებში დაბრუნდნენ. ეს ხალხი ციმბირის სხვადასხვა რაიონის მაყურებლები იყვნენ და შორეული ადგილებიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ჩემ მიმართ პატივისცემა გამოეხატათ. თვითმფრინავი რომ აფრინდა, წითურს ვკითხე:

– აღარ იტყვი, სად მივფრინავთ?

– მოსკოვში, ძმაო, – მითხრა წითურმა და დაამატა, – სანამ მკითხავდე, მე თვითონ გეტყვი. ეს ფეშენებელური თვითმფრინავი ჩვენი საძმოსია და ასეთი კიდევ ხუთი გვყავს. მოსკოვში კი შენთვის სახლია გამზადებული, სადაც იცხოვრებ და იმუშავებ. პრეზიდენტებს საგანგებო პირობები გჭირდებათ.

– ყველაფერი გასაგებია. როგორც კი ადგილზე მივალთ, „სხოდკა“ უნდა შევკრიბოთ, მაქსიმუმ, 24 საათში და ყველაფერი „გავაიასნოთ“. პირადად უნდა ვიცნობდე ყველა ჩვენიანს. ისევე, როგორც პირადად უნდა მიცნობდნენ მე.

– წინასწარ გავითვალისწინეთ ეს. ჩვენები უკვე გელოდებიან და ყველაფერი მზადაა, – მითხრა წითურმა.

მოსკოვში პირველად ვიყავი. თბილისის გარდა, არცერთი სხვა ქალაქი არ მქონდა ნანახი. თუ არ ჩავთვლით ციმბირის ორიოდე ქალაქს, სადაც მე ეტაპირებისას გამატარეს და ციხის მანქანიდან მოვკარი თვალი... უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. „სროკზე“ 16 წლიდან წავედი და 34 წლის გამოვედი. ციხეში რომ ჩამსვეს, სხვა ქვეყანაში და წყობაში ვცხოვრობდი. რომ გავთავისუფლდი, სულ სხვა ქვეყანა და წყობა დამხვდა. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი საპყრობილეებში მქონდა გატარებული. და თუკი ციხეში შესვლისას უცნობი, ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვი ვიყავი, ციხიდან გამოსვლისას უკვე ყველასთვის ცნობილი და პატივცემული ავტორიტეტი გავხდი. ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია. ასეთმა ცხოვრებამ ამირჩია და უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა. შავი სამყაროს ერთ-ერთი მმართველი ვიყავი და ეს მძიმე ჯვარი ღირსეულად უნდა მეტარებინა. მცირე შეცდომასაც კი არავინ მაპატიებდა. ჩემდამი მონდობილ საქმეს სწორად უნდა გავძღოლოდი. პრინციპები არ უნდა დამერღვია და სისუსტე არ უნდა გამომეჩინა. ჩემ ირგვლივ გამოცდილი ხალხი ტრიალებდა, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებდი და მცირე შეცდომის გამოც კი ცოცხლად გაგაძრობდნენ ტყავს. ყველაფერი ეს მე ამ 18 წლის განმავლობაში მტკიცედ გავითავისე. მოსკოვამდე ფრენისას კი თვითმფრინავში კიდევ ერთხელ გავიაზრე და მზად ვიყავი იმათ შესახვედრად, რომლებიც აგრეთვე, მოუთმენლად ელოდნენ ჩემს გაცნობას. „სხოდკამ“ კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და საქმეებს გავეცანი. ფულის შოვნისა და დანაწილების სისტემა შესანიშნავად იყო ორგანიზებული. საჭირო იყო ამ მექანიზმის, როგორც მინიმუმ, შენარჩუნება. ხოლო, თუკი მისი გაფართოების შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, ასეთი შანსი უნდა გამოგვეყენებინა... როგორც ნებისმიერი სახის სისტემაშია მიღებული, მმართველს თავისი დამხმარეების აპარატი აქვს. მსგავსი რამ მეც მქონდა. ჩემი მარჯვენა ხელი კი წითური იყო, რომელმაც საუკეთესო შემსრულებლის თვისებები გამოავლინა და საჭიროების შემთხვევაში ჩემი შეცვლაც შეეძლო. წითურს ძალიან ფართო კავშირები ჰქონდა ყველგან და თითქმის ყველაფრისა და ყველას შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციების მოპოვება შეეძლო. ციხიდან 100 დღის გათავისუფლებული ვიყავი. წითური ვიხმე და ვთხოვე, მანანას ადგილსამყოფლის დადგენა.

– პოვნა რომ გამიადვილდეს, დაახლოებით, რა ლოკაციაზე უნდა ვეძებო? – მკითხა წითურმა.

– საქართველოში. ის ჩემი შეყვარებული იყო. დაქორწინებას ვაპირებდით და „სროკზე“ მის გამო წავედი. ბოლოს 12 წლის წინ ჩამომაკითხა ციმბირში, ზონაზე და მას მერე მისი კვალი დამეკარგა, – განვუმარტე წითურს.

ერთი კვირის შემდეგ წითურმა მითხრა:

– ცუდი ამბავი მოგიტანე.

– ცოცხალი არაა ჩემი ყოფილი შეყვარებული?

– დიდი ალბათობით, მასეა.

– ეგ როგორ?

– თორმეტი წლის წინ მანანა ავტობუსით მიემგზავრებოდა ირკუტსკში. ჩემი აზრით, ის შენთან პაემნის შემდეგ ბრუნდებოდა თბილისში. ძლიერ ქარიშხალში მოხვედრილა და ავტობუსი დიდი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდნილა. თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით, სწორედ მაშინ დაიღუპა.

– გამოდის, რომ მე შემეწირა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიმატოვებდა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, – ვთქვი მე და გულში, წარსულთან დამაკავშირებელი ბოლო ძაფიც გამიწყდა.

გავიდა კიდევ 100 დღე. ჩემს სტატუსს უკვე კარგად შეგუებული ვიყავი და გადავწყვიტე, რომ „მაყურებლისთვის“ მიცემული სიტყვა შემესრულებინა და „ლატვიელი“ მომეძებნა, მაგრამ ეს ისე საიდუმლოდ უნდა გამეკეთებინა, რომ ვერავის შეეტყო, თვით წითურსაც კი, რადგან ასე იყო ნათქვამი და ასპროცენტიანი საიდუმლოების დაცვა მმართებდა. ამიტომ, თადარიგი წინასწარ დავიჭირე და ჩემს ერთ-ერთ თანაშემწეს ვთხოვე, რომ ჩემი სურათითა და სხვა ქართული გვარით ჩემთვის საქართვლეოს პასპორტი და ევროვიზა გაეკეთებინა. კრინტი არავისთან დაეძრა და მკაცრად დაეცვა საიდუმლოება. თანაშემწემ სამ დღეში მომიტანა ყველაფერი და მას ვუთხარი, რომ თბილისიდან, მაქსიმუმ, 4-5 დღეში დავბრუნდებოდი. ჩემი აპარატის წევრებს კი მრავალმნიშვნელოვნად ვამცნე პირადი საჭიროებისა და ოდნავ სულის მოსათქმელად, რამდენიმედღიანი შვებულება მჭირდება-მეთქი. ერთი სიტყვით, რიგაში ჩავედი და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ვერც ვერავინ მიცნო და საქართველოს პასპორტს კი ლატვიაში გასავალი ჰქონდა... სასტუმროში დავბინავდი. ცოტა დავისვენე და „ლატვიელის“ საძებნელად გავემართე. მას იოლად მივაგენი. სახლიც თავის ადგილზე იდგა და თავადაც ცოცხალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 80 წელს კარგად იყო გადაცილებული, მშვენივრად გამოიყურებოდა და შესანიშნავი მეხსიერებაც ჰქონდა. მას ჩემი პირადი ნომერი დავუსახელე. ეს იყო პაროლი და მასპინძელმა მითხრა:

– აი, ესაა ჩემი პირადი ნომერი. ეს კი იმ კაცის, მაყურებლის ვინც ჩემთან გამოგგზავნა. ვიცი, მხოლოდ ის, რომ ციურიხის ბანკში პირადი სეიფია. ის ამ ნომრების კომბინაციით იხსნება. ხოლო თუ რა არის სეიფში, არ ვიცი, არასდროს შემიმოწმებია. თუმცა, ამის სრული უფლება მქონდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი ქურდული საძმოს კუთვნილებაა. შენ კი გხვდა დიდი პატივი, რომ ამის ზედამხედველი გახდე. როცა საჭიროდ ჩათვლი, შენვე შეარჩევ შენს მემკვიდრეს ამ კუთხით და შენს ადგილს მას გადაულოცავ. გარწმუნებ, რომ ამ კოდების მოსაპოვებლად ძალოვნები, თუნდაც ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ყველაფერზეა წამსვლელი და საიდუმლო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამჟღავნდეს. ახლა კი მშვიდობით, ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს.

– მშვიდობით, – დავემშვიდობე „ლატვიელს“ და წამოვედი. პირადი ნომრები კი დავიმახსოვრე და არსად ჩამიწერია.

მეორე დღესვე ციურიხში გადავფრინდი. საჭირო ბანკის საჭირო სეიფი მოვძებნე. გავხსენი. შიგთავსს გავეცანი და ნანახმა ჩემს მოლოდინს მრავალგზის გადააჭარბა. იქ ორი საქაღალდე იდო. ერთ საქაღალდეში ოქროს შენახვის 30-წლიანი ხელშეკრულება იყო მოთავსებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ვადის შესრულების პერიოდისთვის, ანუ 30 წლის შემდეგ, შენახული ოქროს რაოდენობა 8-ჯერ იზრდებოდა. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ოქროს ვერ გამოიტანდი. თავდაპირველი რაოდენობა 100 კილოგრამი ოქრო იყო. 30 წლის მერე ის 800 კილოგრამი გახდებოდა და ეს დრო 1 წელიწადში გადიოდა. მეორე საქაღალდეში კი უზარმაზარი საერთაშორისო ბიზნესის მფლობელის საბუთები იდო. მხოლოდ მფლობელის ხელისმოწერის ადგილი ცარიელი იყო და ვინც ხელს მოაწერდა, სწორედ ის ხდებოდა ამ ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი. ბიზნესიმპერიას კი დირექტორთა საბჭო მართავდა და ეს სისტემა ეფექტურად მოქმედებდა. უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა და 30 პროცენტი დირექტორთა და სხვა თანამშრომელთა ანაზღაურებას ხმარდებოდა, 50 პროცენტი საქმეში ბრუნდებოდა, ხოლო 20 პროცენტი კი საბანკო ანგარიშზე ილექებოდა და მისი გამოტანა მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ამ ფურცლებს მოაწერდა ხელს და ამ ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი გახდებოდა. ანუ 20 პროცენტი ქეში ქურდული „ობშჩიაკის“ ფული იყო.

ციურიხის ბანკი საღამოს დავტოვე. ერთი საათის მერე კი უკვე მოსკოვისკენ მივფრინავდი და მშვიდობიანად ჩავედი. რადგან ინკოგნიტოდ ვმოქმედებდი, ტაქსი ავიყვანე და ჩემი რეზიდენციისკენ ავიღე გეზი. თუმცა, მძღოლმა სპრეი შემასხურა და გონება დავკარგე... თვალი რომ გავახილე, სარდაფში ვიმყოფებოდი. ჩემ წინ კი წითური იდგა და ღიმილით მითხრა:

– აბა, დაყაჭე ყველაფერი. რა დევს ბანკის სეიფებში და მათი გასახსნელი კოდები... ცოცხლად!

– ინტუიცია არასდროს მღალატობს. თავიდანვე შემეპარა შენში ეჭვი, მაგრამ უსაფრთხოება მაინც ვერ დავიცავი.

– არცაა გასაკვირი. უმაღლესი ოპერატიული მომზადება მაქვს გავლილი, თანაც, ეს ოპერაცია, წლებია მზადდებოდა.

– „ძაღლი“ ხარ?

– მაიორი. მეტსახელად, „წითური“.

– მაინც, რა გსურს, „წითურო“?

– ბანკის შიგთავსის დაუფლება; დარწმუნებული ვართ, რომ იქ ქურდული „ობშჩიაკის“ ქეში ინახება და ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე მილიონი დოლარია.

– დაახლოებით. მაგრამ ეს კონკრეტული ორგანიზაციის ფულია და მისი ხელის ხლება არ შეიძლება. სახიფათოა.

– ჩემთან სიჯიუტეც სახიფათოა. ღმერთმანი, არ მინდა, ტკივილი მოგაყენო და კოდები მითხარი.

– გეტყვი, მაგრამ არ გამოგადგება, ვერაფერს გააკეთებ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ კოდური სისტემა მოძველდა და ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენე. სეიფი მხოლოდ ჩემი ხელებისა და თვალების იდენტიფიკაციის მერე გაიხსნება. ამიტომ კოდების ცოდნა არ გიშველის. ხელები რომ მომკვეთო და თვალები ამომთხარო, მათ ხომ ბანკში ვერ გამოიყენებ?

გამწარებულმა წითურმა ცემა დამიწყო. მითხრა, რომ ბანკის სეიფის კოდებს რომ დაეუფლებოდა, მომკლავდა. ცხედარს კი გაანადგურებდა და ფულს იმ ხალხს გაუნაწილებდა, ვისი დავალებითაც მოქმედებდა. ეს ხალხი კი, ეგრეთ წოდებული, „პაგონებიანი მაქციები“ იყვნენ, ძირითადად, პოლიციის მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ. წითური ქურდულ სამყაროში იყო შეგზავნილი და სწორედ ამ პრინციპით აპირებდნენ „ობშჩიაკის“ მითვისებას.

წითური ჩემს გახურებულ წამებაში იყო, რომ უცებ ის მოწყვეტით დაეცა. ბორკილების ხმა გავიგონე და თავი რომ ავწიე, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. ჩემ წინ მანანა იდგა და მიღიმოდა.

– აბა, უგზო-უკვლოდ გაქრაო? – ვთქვი მე.

– ეს ლეგენდა იყო. ასე გადაწყვიტა ჩემმა ხელმძღვანელობამ და წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. მე მაშინ მილიციის სკოლის კურსანტი ვიყავი და 12 წელი რომ მოგისაჯეს, შენთან განშორება მომიწია. არც გამოვიდოდა და არც შენ ისურვებდი მილიციელის ქმრობას. ბევრი ვუმტკიცე ხელმძღვანელობას დაგხმარებოდნენ და გამოსწორდებოდი, მაგრამ არ გამომივიდა. მაპატიე, ჩემ გამო დაგენგრა ცხოვრება.

– ამ ნაძირალასთან რა საქმე გაქვს?

– საგანგებოდ მიმამაგრეს მასზე. „პაგონებიან მაქციებს“ დავდევთ და იმ ჯგუფის წევრი ვარ. ეს ნაძირალა რომ გამომეაშკარავებინა, იძულებული გავხდი, მასთან ალიანსში შევსულიყავი.

– მე რას მიპირებ?

– თავისუფალი ხარ. შეგიძლია, წახვიდე, – მითხრა მანანამ და ამხსნა.

– ამას?

– ამას სამინისტროში მივათრევ. მასზე უამრავი კომპრომატი მაქვს და იმედია, სამუდამოდ გამოამწყვდევენ.

– გათხოვილი ხარ?

– არა, – თავი გააქნია მანანამ და დაამატა, – წადი, მშვიდობით! იმედია, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.

სახლში რომ დავბრუნდი, სასწრაფოდ „სხოდკა“ შევკრიბე და ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი. მხოლოდ ის არ მითქვამს, რომ არსებობს ხელმოსაწერი ბლანკები და რომ ქურდული ოქროს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ქურდებს მხოლოდ 20-პროცენტიანი წილის შესახებ ვუთხარი, რომელიც დიდი ბიზნესიდან რჩებოდა. არ მითქვამს ისიც, რომ სეიფების გახსნის პრინციპი კვლავ პირადი ნომრები იყო და წითური, უბრალოდ, მოვატყუე.

მე და მანანამ მაინც ვიქორწინეთ. მან პოლიციაში მუშაობას თავი დაანება და მრავალშვილიანი დედა გახდა. მე კი კვლავ ძველი სტატუსი მაქვს და პირადი ნომრების თანამიმდევრობა არ მავიწყდება. იმავდროულად კი, ღირსეულ კანდიდატურას ვარჩევ, ვისაც ჩემს ადგილს დავუთმობ.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი