უპირობო სიყვარული
ავტორი: ნია დვალი 53 წუთის წინ
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36 (1341)
– ნახევარი? მაგრამ ჩვენ ხომ ბინის ქირა გვაქვს გადასახდელი? გადასახადები...
– ჩვენ? – თვალები მოვჭუტე, – შენ რამდენს გამოიმუშავებ თვეში?
გიო შეიშმუშნა.
– ნუ... სხვადასხვანაირად; ხან როგორ, ხან როგორ. თვეში ათასი, ათასხუთასი ლარი...
– მე კი 5 000 ლარი და პლუს პრემია. და ამ თანხის 90 პროცენტი მიდის სახლზე, შენზე, გადასახადებზე. ეს უსამართლობა არ არის?!
– მირანდა, მე ხომ ვცდილობ...
– დიახ, ცდილობ და ეს კარგია, მაგრამ მომავალი თვიდან უფრო უნდა ეცადო. ბოლოს და ბოლოს, კაცი შენ ხარ და არა მე.
გიო დუმდა, როგორც ჩანს, გაგონილს იაზრებდა. მე კი ამასობაში ავდექი და ჩანთა ავიღე.
– სამსახურში მეჩქარება. საღამოს შევხვდებით. კარგ დღეს გისურვებ!
***
ოფისში დღე ჩვეულებრივად მიდიოდა: სატელეფონო ზარები შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით იცვლებოდა, მაგრამ ჩემი ფიქრები სხვა რამით იყო დაკავებული – მოქმედების გეგმას ვადგენდი. არ ვაპირებდი უხმოდ გაუჩინარებას.
შესვენებაზე ლანას სოციალურ ქსელში მივწერე. ის საკმაოდ სიმპათიური, დაახლოებით, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ქალი იყო და თუ მის პროფილს დავუჯერებდით, სილამაზის სალონის ადმინისტრატორად მუშაობდა. მისი კედელი აჭრელებული იყო რესტორანში გადაღებული ფოტოებით, სამკაულებითა და ყვავილების თაიგულებით... აშკარად ჩემი ფულით ნაყიდი იყო ეს ყველაფერი. ამან, ცოტა არ იყოს, წონასწორობა დამაკარგვინა, მაგრამ მალევე დავძლიე.
„გამარჯობა, ლანა, – მივწერე ყალბი ექაუნთიდან: „თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მინდა, გარიგება შემოგთავაზოთ: გადაგიხდით ათი ათას ლარს, რომ მომაწოდოთ ინფორმაცია გიორგი ანთაძის შესახებ. ის ჩემი მოვალეა, ამიტომ ვეძებ მის აქტივებსა და კავშირებს, რომ ვალი ამოვიღო“.
ლანამ შეტყობინება წაიკითხა, მაგრამ ოციოდე წუთის შემდეგ მიპასუხა:
„კონკრეტულად რის გაგება გსურთ?“
გამეცინა: „გულუბრყვილო... არც კი უცდია. შევემოწმებინე“, – მაგრამ ეს მხოლოდ გავიფიქრე.
„ყველაფერი: სად მუშაობს, რა ანგარიშები აქვს, აქვს თუ არა უძრავი ქონება ან სასარგებლო ნაცნობობა... თქვენ ხომ ახლოს იცნობთ?“
„ჩემი შეყვარებულია, – მიპასუხა მაშინვე, – მაგრამ ის დაქორწინებულია... მუდმივად ლაპარაკობს განქორწინებაზე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან მანებივრებს საჩუქრებით“.
„ახლა სად ცხოვრობს?“
„ჯერ კიდევ ცოლთან ერთად, – აღიარა გულახდილად, – მაგრამ მპირდება, რომ მალე ყველაფერს შეცვლის“.
ისევ ჩამეღიმა: „საცოდავ გოგოს ყოველი სიტყვის სჯერა...“
„მადლობა გულახდილობისთვის, – მივწერე და დავაზუსტე: საჩუქრებს ნამდვილად საკუთარი ფულით ყიდულობს?“
პასუხმა დააგვიანა, ბოლოს, ლანამ მომწერა:
„რა თქმა უნდა! აბა, ვისი ფულით მიყიდის?“
„დარწმუნებული ხართ? – განვაგრძე მე, – სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი ყველა საჩუქარი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მისი ცოლის ბარათითაა გადახდილი“.
ლანა დადუმდა. ათიოდ წუთს დაველოდე და მივწერე:
„სხვათა შორის, დაპირებული ბეჭდის ლოდინი, ვშიშობ, დიდხანს მოგიწევთ. მისი ბარათი დღეს დილით დაიბლოკა. მას ფული აღარ აქვს და აღარც ექნება“.
ლანას აღარაფერი მოუწერია, თუმცა შეტყობინება წაიკითხა და ჩემი ანგარიში მალევე დაბლოკა.
***
იმ საღამოს გიო ძალიან გაღიზიანებული დაბრუნდა სახლში:
– მირანდა, ბარათს რა სჭირს?! – დაიყვირა, როგორც კი კარი გააღო, – შეკვეთის გადახდა ვცადე, არ იხდის!
– დავბლოკე, – ვუპასუხე მშვიდად და ტელეფონიდან თავიც არ ამიწევია.
– როგორ თუ დაბლოკე?! რატომ?!
– იმიტომ, რომ ბარათი პირადად ჩემზეა გაფორმებული და ის ფულიც ჩემია, რომელიც ბარათზეა, – წარმოვთქვი ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ, – ჩემს ფულს ისე განვკარგავ, როგორც საჭიროდ მივიჩნევ.
გიო ოთახის შუაგულში იდგა, სიბრაზისგან სახეგაწითლებული... მე კი თითქმის ვხალისობდი ამ სანახაობის ყურებით.
– მირანდა, სასწრაფო შეკვეთა მაქვს! უნდა გადავიხადო.
მე მხრები ავიჩეჩე:
– შენი პრობლემაა. შენი ფულით გადაიხადე.
– ახლა არაფერი მაქვს!
თავი დავუქნიე:
– ჰოდა, დააგროვე... ან შენს ლანას სთხოვე, გასესხოს.
გიო ადგილზე გაშეშდა და მყისიერად გაფითრდა:
– რა?!
დამცინავად შევხედე:
– თავს ნუ იკატუნებ. ყველაფერი ვიცი: მიმოწერა წავიკითხე, შეხვედრების ადგილები ვნახე. ფოტოები, საჩუქრები, ბანკიდან ამონაწერებს მივადევნე თვალი. ყველაფერი ჩემი ფულითაა ნაყიდი. შენთვის, უბრალოდ, მეწველი ძროხა ვიყავი, არა?!
გიო დუმდა. კარგა ხანს იდგა დაბნეული და ჩუმად და შემდეგ უცებ თავის მართლება დაიწყო, რომ ყველაფერი სულ სხვანაირადაა, რომ ლანა მისთვის არაფერს ნიშნავს, რომ დროებითი და შემთხვევით გატაცებაა, რომ მხოლოდ მე ვუყვარვარ...
ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი, ყოველთვის მეგონა, რომ მსგავს რამეს რეალურ ცხოვრებაში არავინ ამბობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი, ამიტომ უხეშად გავაწყვეტინე ტირადა:
– გაჩუმდი! გული მერევა შენს ნათქვამზე.
მაგრამ გიო არ ნებდებოდა:
– მირანდა, მოდი, მშვიდად ვისაუბროთ.
– საუბარი დასრულებულია, – ვუთხარი და წამოვდექი. შემოსასვლელში გავედი და ქურთუკი ავიღე:
– მე დაქალთან მივდივარ. შენ კი შენი ნივთები ჩაალაგე. სამ დღეს გაძლევ. მერე კი აქედან დაიკარგე. ბინა მოძებნე და იქირავე.
– შენ არ გაქვს ჩემი გაგდების უფლება! – ისტერიული ქალივით წამოიძახა ჩემმა აწ უკვე ყოფილმა ქმარმა.
– მაქვს და თანაც, ძალიანაც მაქვს. ბინა მე ვიქირავე, ფულსაც მე ვიხდიდი. შენ აქ, უბრალოდ, სტუმარი ხარ, რომელიც ზედმეტად გაერთო თავისი მდგომარეობით.
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ არ დავაცადე:
– თუ ბევრს ილაპარაკებ, საერთოდ ახლა გაგაგდებ ამ ბინიდან, – და კარი გამოვიჯახუნე.
***
ზაფხულისთვის უჩვეულოდ გრილოდა და წვიმის წვეთები ნემსებივით მაცვივდებოდა სახეზე, მაგრამ ტკივილის ნაცვლად მაცოცხლებდა. ქუჩაში სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნებით მივდიოდი და ეს პირველად ხდებოდა მრავალი თვის შემდეგ.
გიო გადავიდა ბინიდან, თავისი ნივთები პირწმიდად წაიღო და გასაღები მაგიდაზე დატოვა. აი, ასე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს არც კი ყოფილაო.
ორიოდ კვირაში შევიტყვე, რომ ლანა და გიო ერთმანეთს დაშორდნენ. სულმა წამძლია. ლანას „ფეისბუქის“ გვერდზე ჩემი ექაუნთით შევედი და ამ სტატუსსაც წავაწყდი:
„არასდროს დაუკავშირდეთ დაქორწინებულ მამაკაცს. მწარე გაკვეთილი იქნება“.
სტატუსის ქვეშ უამრავი გამამხნევებელი კომენტარი იყო, ახალგაზრდა და არც თუ ახალგაზრდა ქალები ერთხმად გმობდნენ მამაკაცებს და მათ პოლიგამიურობას.
მე კი ამასობაში იმავე ბინაში ვიჯექი, რომელშიც გიოსთან ერთად ვცხოვრობდი და ახლა ის სრულად ჩემი იყო. ყავას ვსვამდი და ფანჯარაში ვიყურებოდი. წვიმამ გადაიღო და მზემ გამოანათა, რომლის სხივებიც გარემოს აციმციმებდა.
ვიჯექი და ვფიქრობდი: „შვიდი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ მიყენებდა და ისე გამოვიდა, რომ ლანამ თითქოს ჩემი გულისნადები გამოფინა სამზეოზე. მეც მივიღე გაკვეთილი, საკმაოდ მწარე, მაგრამ გამოსადეგი:
აღარ მინდოდა, ვყოფილიყავი მეწველი ძროხა ან სათადარიყო ნავსაყუდელი და, ალბათ, გიოს ბრალი ამ საქმეში უმნიშვნელო იყო. მე მივიღე თამაშის წესი. მეტიც, დავნერგე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ოჯახის ზურგი და დასაყრდენი. ისიც მოხერხებულად მოკალათდა ჩემი ფრთების ქვეშ და რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ მთელი ცხოვრება მელოდებოდა, დიდად არ ვწუხდი, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი წელი არც თუ ცოტა დრო იყო.
ორი თვეც გავიდა და საცაა, დაზამთრდებოდა, თუმცა უჩვეულოდ თბილი და რბილი შემოდგომა იდგა. ფერადი ფოთლების ხალიჩა ლამაზად მოეფინა ქუჩებს და ნახევრად შემხმარი რტოები სასიამოვნოდ შრიალებდნენ. ქალაქი ზამთრისთვის ემზადებოდა, შეუმჩნევლად, ნელ–ნელა, თბილად...
ჩემი ოფისის სიახლოვეს კაფეში ვიჯექი, ჩემს საყვარელო კაპუჩინოს ვწრუპავდი და ტელეფონში ახალ ამბებს ვათვალიერებდი. გიოს პროფილი ამომიგდო „ფეისბუქმა“ – „ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, იცნობდეთ“. გამეცინა და ისევ მძლია ცნობისმოყვარეობამ. ამიტომ თავს ვერ მოვერიე და მის გვერდზე შევისეირნე.
მისი ბოლო სტატუსი ერთი კვირის წინანდელი იყო: რაღაც სახლის სადარბაზოს წინ იდგა სანოვაგით სავსე პარკებით ხელში: „ახალი ცხოვრება – ახალი ჰორიზონტები“. გულში უსიამოვნოდ გამკრა, როდესაც ერთად ვცხოვრობდით, მარკეტიდან პურიც კი არ მოუტანია, მაგრამ მალევე დავმშვიდდი: ფოტოს ქვემოთ არც ერთი მოწონება ან კომენტარი არ იყო. თითქოს რა იყო საზეიმო, მაგრამ თავი გამარჯვებულად ვიგრძენი, ეტყობა, გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ გიო უჩემობის შემდეგ დამაფასებდა. ამიტომ კითხვები თავისთავად აფუთფუთდნენ ჩემს გონებაში: სად არის ახლა? სადმე გარეუბანში ქირაობს ოთახს თუ დედასთან დაბრუნდა?
ფიქრებიდან შემტყობინებამ გამომარკვია. ჩემი კოლეგა ალექსი მწერდა:
„მირანდა, დღეს სამუშაოს შემდეგ ახალ ბარში ვიკრიბებით. გელოდებით.“
ადრე უარს ვიტყოდი. მოვიმიზეზებდი, რომ დავიღალე, რომ სახლში უამრავი საქმე მაქვს ან ქმარი მელოდება, რომ ერთად ვივახშმოთ. ახლა ქმარი საერთოდ აღარ არსებობდა, სახლში მხოლოდ სიჩუმე მელოდებოდა, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, ისე მივწერე: „მოვალ“.
საღამოს სწორედ იმ ბარში აღმოვჩნდი, რომელშიც მეპატიჟებოდნენ კოლეგები: ბარი ძველებურ სტილში იყო მოწყობილი: წითელი აგურის კედლებითა და ძველებური სანათებით. ჩემი თანამშრომლები მხიარულად და გაცხოველებით საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ. მე წითელ ღვინოს ვწრუპავდი და თუმცა საუბარში არ ავყოლილვარ, სახიდან ღიმილი არ მომშორებია. იქნებ იმიტომ, რომ ამ პერიოდამდე რაღაც ჩარჩოებით ვცხოვრობდი, გიოს პრობლემების მოგვარებით ვიყავი დაკავებული და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვმუშაობდი იმისთვის, რომ გიო კარგად და კომფორტულად ყოფილიყო. ახლა თითქოს ეს სიმძიმე მომწყდა მხრებიდან და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.
– მირანდა, გაკვირდები ბოლო პერიოდია და ვარდივით აყვავდი, – მოულოდნელად მითხრა ჩვენმა ფინანსურმა მენეჯერმა. ანათებ.
მენიშნა მისი ნათქვამი, მაგრამ არ შევიმჩნიე:
– ზამთარი მოდის და მინდა, რომ მანამდე გავათბო გარემო, – გავიცინე მე.
– ზუსტად ასეა, – ვერ დაიჭირა ირინამ ირონია ჩემს პახუსში, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობდა. ჩემ შიგნით მართლაც რაღაც შეიცვალა. სუნთქვა გაადვილდა... თითქოს ზურგიდან მრავალწლიანი ტვირთი ჩამოვიხსენი – ზედმეტი პასუხისმგებლობის ზურგჩანთა.
სახლში გვიან საღამოს დაბრუნებულმა მუსიკა ჩავრთე და ჩემი საყვარელი პიტნის ჩაი დავისხი. ისევ ფანჯარასთან ჩამოვჯექი. ქალაქი განათებებით ციმციმებდა. ადრე ამ ბინაში ყოველთვის იგრძნობოდა გიოს ყოფნა: ყველგან მისი ნივთები ეყარა, მისი ხმა ისმოდა, მისი პრეტენზიები, მოთხოვნები, თავის შეცოდებები.
ჩემმა ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა. უცნობი ნომერი იყო, შეტყობინება გავხსენი:
– მირანდა, მე ვარ. შეგიძლია, შემხვდე? სალაპარაკო მაქვს.
ტელეფონის ეკრანს ყოველგვარი ემოციის გარეშე ვუყურებდი: „რა უნდა მითხრას? ბოდიშს მოიხდის? თავიდან დაწყება უნდა თუ, უბრალოდ, ფულს მთხოვს?! და თითებმა თავისით, ჩემი ჩარევის გარეშე აკრიფეს:
„არა“.
„გთხოვ... თუნდაც, ხუთი წუთით“.
„არა“. – და გიოს ნომერი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავბლოკე. ტელეფონი ეკრანით ქვემოთ დავდე მაგიდაზე და ისევ ქალაქს გავხედე.
ჩემს შინაგან განწყობას ვუყურადებდი. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ აღარ ვბრაზობდი. არც ვნანობდი, არც არაფერზე მწყდებოდა გული. რაც მთავარია, არაფრის დამტკიცების სურვილი არ მქონდა. ადრე, ამ შემთხვევამდე, სანამ აღმოვაჩენდი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მეწველი ძროხა ვიყავი, ჩვევად მქონდა ყველაფრის ახსნა. დაუოკებელი სურვილი მაწუხებდა, ყველას სცოდნოდა, რომ უსამართლოდ მომექცნენ, რომ გული მატკინეს, მაგრამ ახლა ყველაფერი თავისდაუნებურად შეცვლილიყო: საერთოდ არ მაინტერესებდა, ვინ რას იფიქრებდა, მტყუანი ვეგონებოდი თუ მართალი. რაღაცნაირად ავივსე, როგორც კი დავიცალე მოლოდინებისგან, რომ ვიღაც ჩემი მადლიერი იქნებოდა, რომ დაინახავდნენ ჩემს სიკეთესა და ერთგულებას და ისიც კი გავიფიქრე, იქნებ სწორედ ის არის უპირობო სიყვარული, რომ აკეთებ იმას, რაც შეგიძლია და სწორი გგონია და საპასუხოდ არაფერს ელი...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





