რომანი და დეტექტივი

საზღაური

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.02, 2021 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #4-5 (1049) 

ავადმყოფობისგან დაზანტებული და დამუნჯებული აარონ ლეონი ძალიან იშვიათად ამჟღავნებდა მკვეთრ რეაქციებს და ასეთი რამ მხოლოდ ფსიქიკური შეტევის დროს ემართებოდა. ასეთ შემთხვევაში კი საქმეში ექიმები ერთვებოდნენ, აღელვებულ პაციენტს ნემსს არჭობდნენ, დამამშვიდებელ წამალს შეუშხაპუნებდნენ და ფსიქოზს ანეიტრალებდნენ. ლინდა რამდენჯერმე შეესწრო ამ მომენტს და ძალიან განიცადა, ამიტომ მუდმივ სტარტზე იყო, რომ მსგავსი გართულების შემთხვევაში ექიმებთან გაქცეულიყო და ისინი მამასთან დამამშვიდებლიანი შპრიცით მოეყვანა. პავლე რომ აარონს მიესალმა, მამაკაცმა მკვეთრად ასწია თავი, რადგან ლაღიძის ხმა ეცნო და მას მიაჩერდა. ლინდამ იფიქრა, მამას ისტერიკა ეწყებაო და ექიმებისკენ გაქცევა დააპირა. პავლე ლაღიძემ პარიკი და პატარა ულვაში მოიძრო. აარონს გაუღიმა და გაუმეორა:
– გამარჯობა, მისტერ აარონ ლეონ!
„ბედლემის“ პაციენტს სახეზე უკიდურესი გაოცება აღებეჭდა და ფეხზე წამოხტა. პავლეს გაფართოებული თვალებით მიაპყრო მზერა და უთხრა:
– პავლე, ეს შენ ხარ თუ საბოლოოდ გავგიჟდი და ჰალუცინაციები დამეწყო?
ეს ყველაფერი, სულ რაღაც, ორ წამში მოხდა და ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ აარონ ლეონის ხმა აბსოლუტურად ჯანსაღად ჟღერდა. ამას ყველა მიხვდა. ლინდა კი ადგილს მიეყინა და მამამისს თვალს არ აშორებდა. პავლე ლაღიძემ კი ყოფილ ბიზნესპარტნიორს კვლავ გაუღიმა, ხელი გაუწოდა და უთხრა:
– არანაირი ჰალუცინაცია, მისტერ აარონ. მე ნამდვილად პავლე ვარ და აქ იმიტომ ჩამოვედი ჩემს მეგობართან ერთად, რომ ამ საქმესა და მის გამკეთებელს ავხადოთ ფარდა, ვინც ეს საერთო უბედურება მოგვიტანა.
აარონ ლეონმა პავლე ლაღიძის გამოწვდილ ხელს ხელი ჩამოართვა. შემდეგ თავის ყოფილ ბიზნესპარტნიორს გადაეხვია და ატირდა. მათ ლინდაც გადაეხვია და ისიც ატირდა. რასულმა კი სიცილით თქვა, – აი, ხომ ვამბობდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი? აბა, ამხელა ოკეანე ტყუილად ხომ არ გადმოვლახეთ?

◾◾◾

აარონ ლეონი სიეტლის ფსიქიატრიული კლინიკიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოწერეს. ამ ფაქტს წინ საკმაოდ გრძელი პროცედურა უძღოდა წინ და მხოლოდ მას შემდეგ „გაუსხნეს გზა“, როცა ექიმ-ფსიქიატრთა შვიდკაციანმა კონსილიუმმა ერთხმად დაადასტურა მისი გამოჯანმრთელება. სახლში დაბრუნებულმა აარონმა ზღაპრული, ამერიკელებისთვის უჩვეულო ქართული სუფრა გაუშალა სტუმრებს და მაგიდაზე „საფერავით“ სავსე ბოთლებიც კი დადგა და თქვა:
– ნახევარი საუკუნის წინანდელია, თბილისის ძველი ღვინის ქარხნის საცავიდან და ამით ვიქეიფოთ.
„ბედლამის“ ყოფილი პაციენტი ძალიან ამაღლებულ განწყობაზე იმყოფებოდა. მამის გამოჯანმრთელებით გახარებული ლინდა კი მეცხრე ცაზე იყო და ლეონების სახლში დიდი სიხარული სუფევდა. მორიგი სადღეგრძელო რომ შესვეს, პავლემ მასპინძელს უთხრა:
– მისტერ აარონ, თქვენის ნებართვით, მოდი, საქმეზე გადავიდეთ და მოგვითხრეთ, რა შეგემთხვათ.
– რა თქმა უნდა, ჩემო პავლე, მაგრამ ჯერ შენი ამბავი თქვი და მერე ჩემსას გეტყვი. ქრონოლოგიურად ეს მნიშვნელოვანია, – უთხრა აარონმა პავლეს.
ლაღიძე ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა მასპინძელს, რასულს შეხედა და დააბოლოვა:
– რომ არა რასული, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი.
აარონ ლეონს გაეღიმა და დაამატა:
– მე კი ისევ საგიჟეთში ვიწვებოდი და იქ გამძვრებოდა სული. ამიტომ, მოდი, ამ ჭიქით, მეგობრებო, რასულ საფარბეკოვს გაუმარჯოს!
რასულის სადღეგრძელო რომ შეისვა, მასპინძელმა პაუზა გააკეთა. სუფრის წევრებს მზერა შეავლო და თქვა:
– კოდორის ხეობიდან რომ დაბრუნდა ხვიჩა ბაბაქარი და შენ მოგიკითხე, ასე მითხრა, – საშინელი დაბომბვის ეპიცენტრში მოჰყვა და დაიღუპა. დანახშირდაო. ვინ არ შევაწუხე, რომ შენი დანახშირებული ცხედარი მეპოვა და დამესაფლავებინე. საქმეში ჩვენი ელჩიც ჩავრთე და რუსებს დაუკავშირდა, მაგრამ გვპასუხობდნენ: სიცრუეა, დაბომბვა არ ყოფილა და ვინ დანახშირდებოდაო. ერთი სიტყვით, ყველა იმედი გადამეწურა და მე და ბაბაქარმა რესტორანში ორკაციანი ქელეხი მოგიწყვეთ. სხვათა შორის, პირველად, სწორედ, იქ შემომიგდო სიტყვა, შენი წილის ჩვენ ორში გადანაწილებაზე, მაგრამ ვუთხარი, – რა დროს ეგაა, კაცი ჯერ კარგად გამოვიგლოვოთ-მეთქი. მოკლედ, გავაჩუმე. თუმცა, სამი დღე იყო გასული, როდესაც დილით ადრე სახლიდან გამოვედი და ვიღაც უცნობებმა თავზე ტომარა ჩამომაცვეს და გამიტაცეს. სარდაფში მიმიყვანეს და მითხრეს: შენი წილი წაიღე და ბიზნესიდან გადი, თორემ მოგკლავთ. ხოლო თუკი ამას ვინმესთან იტყვი, მაშინ ამერიკაში შენს შვილსაც გამოვასალმებთ სიცოცხლესო. ერთი სიტყვით, შემაშინეს და დავეთანხმე. მეორე დღეს კი ეს გადაწყვეტილება ბაბაქარს ვუთხარი, თუმცა გატაცება-იძულების ამბავი არ მომიყოლია. ხვიჩა მეხვეწა, ბიზნესიდან არ გახვიდეო, მაგრამ მე ჩემსაზე ვიდექი. მოკლედ, მან 800 ათასი ჩემს ანგარიშზე ჩარიცხა და ჩვენ გავსწორდით. საღამოს კი პატარა რესტორანში აღვნიშნეთ ეს ამბავი. აი, ამის მერე იწყება მთავარი. როგორც ახლა მივხვდი, ხვიჩა ბაბაქარმა რაღაც ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერება შემომაპარა ღვინოში და ტვინი ისე ამერია, რომ 800 ათასი ჯერ ათ სხვადასხვა ბანკში გადავანაწილე, შემდეგ კი ქეშად გამოვიტანე და სახლში წავიღე. სხვათა შორის, იმ საღამოს ისევ შევხვდი ბაბაქარს, მაგრამ უკვე სრულიად დამებინდა ტვინი, და როგორც მითხრეს, თითქოს, მე 800 ათასი ბუხარში დავწვი. ეს კი გამორიცხულია. ფული რომ ვერ ვიპოვე, პოლიციას მივმართე და სწორედ მათ დაადგინეს ფულის დაწვის ფაქტი. მართალია, გონება მაგარი დაბინდული მქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ფული არ დამიწვავს და პოლიციას ვეჩხუბე. იმათ კი საგიჟეთში გამომამწყვდიეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თბილისის საგიჟეთში მიკეთებდნენ ისეთ წამლებს, რასაც შიზოფრენიამდე მივყავდი. ხოლო, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „მზად ვიყავი“, უკვე ლინდას ნება დართეს ამერიკაში წამოვეყვანე. რა თქმა უნდა, ჩემი მოკვლა უფრო იოლი იყო და ამდენი პროცედურა არ დასჭირდებოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ შეერთებული შტატების მოქალაქის მკვლელობას ან, თუნდაც, გაუჩინარებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და ამიტომ აირჩიეს სხვა გზა. მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერში ხვიჩა ბაბაქარის ხელი ურევია და მას გავლენიანი მფარველი ჰყავს.
– კი. მასეა, ამას წყალი არ გაუვა და აშკარაა, რომ ბაბაქარმა ეს დანაშაული მთავრობის მაღალჩინოსანთა თანხმობით ჩაიდინა, – თქვა პავლემ და იქვე დასძინა, – უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ მან ეს დანაშაული მთვარობის შეკვეთით შეასრულა.
– მასეა, მასე და მოქმედებაა საჭირო, მეგობრებო, – თქვა რასულმა.
– დაუყოვნებლივ, – მხარი აუბა რასულს მასპინძელმა და დაამატა, – ხვალვე მივმართავ ფედერალებს დახმარებისთვის და გამოიძიონ ეს საქმე.
– არა, მისტერ აარონ, ასე არ ივარგებს. გამოძიება არაფერს მოგვცემს, საკმაოდ „სუფთად“ გაკეთებული საქმეა და ვერაფერს დავამტკიცებთ, – თქვა პავლე ლაღიძემ და დაამატა, – მე სხვა გეგმა მაქვს და მომისმინეთ.

◾◾◾

სასახლიდან გამოსულმა ლალი ბაქრაძემ ათიოდე წუთი ავლაბრის მიხვეულ-მოხვეული ჩიხებით იარა და რომ დარწმუნდა, „კუდზე“ არავინ მაზისო, სამების ეკლესიის ერთ-ერთ აღმართს აუყვა, შემდეგ მარცხნივ შეუხვია და დამუქებულშუშებიანი „ჯიპის“ უკანა სავარძელზე მოთავსდა.
– წავედით, პალიკო! – უთხრა გოგონამ პავლე ლაღიძეს, რომელიც საჭესთან იჯდა.
პავლემ ავტომობილი ნელა დაძრა ადგილიდან და ლალის უთხრა:
– მგლოვიარე ქვრივის კვალობაზე საკმაოდ მხიარულად გამოიყურები, ლალუშკი. რაშია საქმე, თუ იცი?
– ეჭვიანობ, პაშკა? – მრავალმნიშვნელოვნად თქვა გოგონამ.
– ეგ შავი „შმოტკები“ უფრო მომხიბვლელს გხდის, ვიდრე მგლოვიარეს, – თქვა პავლემ, გოგონამ კი პასუხი არ დააყოვნა:
– აბა, არ უნდა მომეხიბლა?
– რაო, მაინც, რა გითხრა „შაკიკომ“? – იკითხა პავლემ.
– თვალებით მჭამდა და კინაღამ ხელიც კი წამატანა, მაგრამ „დავასტოპე“. ცივად ვუთხარი, ორმოცამდე არანაირი ურთიერთობისთვის არ ვარ განწყობილი-მეთქი, – თქვა ლალიმ და დააყოლა, – და იცი, რა მითხრა „შაკიკო“ დორბლიანმა? რა და, გრანიტივით მტკიცე არ აღმოჩნდე და შუბლით არ შემომახეთქო შენზეო.
– სირი, – თქვა პავლემ და დაამატა, საქმეზე რა ჰქენი?
– ასე მითხრა, ამ საქმეს ორმოცის მერე მივხედოთო, მაგრამ რომ ვუთხარი, – იქნებ ახლავე, უახლოეს დღეებში მომიხერხო-მეთქი, დავფიქრდებიო, – მიპასუხა, – თქვა ლალიმ, მაგრამ პავლემ მას სიტყვა გააწყვეტინა.
– ესე იგი, სანამ არ „გაგჟიმავს“, არაფერს გაგიკეთებს და მერეც შეიძლება, დაგიკიდოს კიდეც. ასე კი არ მაწყობს. ჩაგვიფლავდა საქმე. ავახვიოთ, ქონების დედაც!
– პატარა ბიჭო, მოთმინება დაკარგე? რა სიტყვას მაწყვეტინებ და ნაადრევ დასკვნებს აკეთებ. მომისმინე ბოლომდე, – ხუმრობანარევი ტონით თქვა ლალიმ და სერიოზულზე გადავიდა, – ხვალ იუსტიციის მინისტრი გამიკეთებს ამ საქმეს. მე იქ ვიყავი, რომ დაურეკა და დილით უნდა მივიდე მასთან. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა, გაიგე?
პავლე ამ სიტყვებმა ააღელვა და გოგონას უთხრა:
– ასე უცებ რატომ „დაიკერა“ „შაკიკო“?
– იმიტომ, რომ ჩემით მოიხიბლა. დამშვიდდი. არაფერი გვქონია და არც არასოდეს გვექნება. მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და არ გიღალატებ. ხოლო, თუკი ჩემში ეჭვი გეპარება, ან იმას წამომაძახებ ხოლმე, რომ ბაბაქარს გავყევი ცოლად, მაშინ, მოდი, ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს, სამუდამოდ.
– ბოდიში, ლალი. შენი წყენინება არ მინდოდა. რომ ვიცი, რა ნაძირალა და მოძალადეა „შაკიკო“, ამიტომ ავღელდი. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, – უთხრა პავლემ ლალი ბაქრაძეს და სიჩქარეს უმატა.

◾◾◾

ლალი ბაქრაძე „შაკიკოსთან“ იმიტომ იმყოფებოდა, რომ დორბლიანი მას ქმრის ბიზნესის გადაფორმებაში დახმარებოდა. ხვიჩა ბაბაქარი სამი კვირის წინ სეიშელის კუნძულებთან თვითმფრინავით სეირნობისას ჩავარდა ინდოეთის ოკეანეში, სადაც ის მეუღლესთან ერთად ისვენებდა. ლალი ქმარს თვითმფრინავში არ ჩაუჯდა და როდესაც ერთკვირიანი, ინტენსიური ძებნის შემდეგ ვერც დაღუპული ბაბაქარის ცხედარი აღმოაჩინეს და მხოლოდ დალეწილი თვითმფრინავი იპოვეს წყალქვეშა კლდეებში, ლალი თბილისში დაბრუნდა. გავრცელდა ხმა, რომ წყალში ჩავარდნილი ხვიჩა ბაბაქარი ზვიგენებმა შეჭამესო. ბაბაქარის ათმილიონიანი ბიზნესის მმართველი ლალი ავტომატურად გახდა, მაგრამ მხოლოდ მმართველი და წესდების მიხედვით, გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ ეს ბიზნესი მასზე გადაფორმებულიყო. ასეთ შემთხვევაში კი გოგონას ყველა უფლება ექნებოდა და ამ ბიზნესის გაყიდვასაც შეძლებდა. სწორედ, ამას გეგმავდა ახალგაზრდა ქვრივი და ქეშის აღების შემდეგ პავლესთან ერთად აპირებდა უცხოეთში ცხოვრებას. ამიტომაც მივიდა გოგონა „შაკიკოსთან“, დახმარება სთხოვა და მიაღწია კიდეც თავისას. იუსტიციის მინისტრმა კი გოგონას ყველაფერი ისე გაუფორმა, რომ მას ვერავინ ვერასოდეს შეედავებოდა, ანუ ვერანაირ პასუხს ვერ მოსთხოვდნენ. როგორც კი ლალი ათმილიონიანი ბიზნესის მფლობელი გახდა და იუსტიციის მინისტრისგან წამოვიდა, მობილურზე მას „შაკიკომ“ დაურეკა:
– კმაყოფილი ხარ, საყვარელო?
– დიახ. ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდ მადლობას გიხდით, – მიუგო ლალიმ.
– მადლობა მერე გადამიხადე, ერთმანეთს რომ შევხვდებით. მოუთმენლად გელოდები. ზეგ ერთკვირიან ვოიაჟში მივდივარ და უკან რომ დავბრუნდები, ორ დღეში ორმოციც გადის. ამიტომ მოუთმენლად გელოდები. გასაგებია? – თქვა „შაკიკომ“:.
– რა თქმა უნდა, გასაგებია. სიყვარულს ლოდინი უხდება, – მიუგო ლალიმ. „შაკიკომ“ კი დააბოლოვა:
– კარგი, კარგი, ბევრი არ მალოდინო იცოდე. წავედი, შეხვედრამდე...
„შაკიკო“ რომ ერთკვირიან „პაეზდკაში“ გაემგზავრა, სწორედ, იმ დღეს გააფორმა ლალი ბაქრაძემ შეთანხმება ნავთობის საუდელ მაგნატთან და სამი დღის წინ დაუფლებული ბიზნესი 12 მილიონ დოლარად მიჰყიდა მას. ეს შეთანხმება ნავთობმაგნატის მშობლიურ ქალაქში განხორციელდა, როგორც კი ლალის პირად ანგარიშზე შეერთებული შტატების ბანკში სრული თანხა დაჯდა, გოგონამ საბოლოო ხელმოწერა დასვა საბუთებზე და ნავთობმაგნატს უთხრა:
– გილოცავთ და გისურვებთ, რომ ამ საქმიდან დიდი ხეირი ნახოთ!
ხელშეკრულების გაფორმებას პავლე ლაღიძე და მამა-შვილი აარონ და ლინდა ლეონები ესწრებოდნენ. ყველაფერი რომ მოგვარდა, შეიხის სასახლიდან გამოსულმა ოთხეულმა აეროპორტისკენ აიღეს გეზი, რომ ნიუ-იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩამსხდარიყვნენ. პავლემ რასულს მანქანიდან დაურეკა და უთხრა:
– რასულ, ძმაო, ყველაფერი რიგზეა. ნიუ-იორკის თვითმფრინავში ვსხდებით.
– ძალიან კარგი. ესე იგი, „შაკალი“ აღარ გვჭირდება?
– არა, – მიუგო პავლემ და დააყოლა, – იცოდე, ჩვენთან გელოდებით. შეხვედრამდე!
– შეხვედრამდე, – მიუგო რასულმა ძმადნაფიცს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ სხვა ნომერი აკრიფა და როდესაც უპასუხეს, უთხრა:
– ახმედ, „შაკალი“ გაუშვი. თქვენ კი გროზნოში დაბრუნდით დღესვე.
– გასაგებია, – თქვე ჩეჩენმა ახმედმა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ოთახში მყოფ ორ თანამემამულეს ხელით ანიშნა, წაიყვანეთო და დააყოლა:
– სამინისტროსთან ჩამოსვით. მანქანა კი სადმე დატოვეთ და მალე მოდით. გროზნოში დღესვე ვბრუნდებით.

◾◾◾

ჩეჩნებმა მხოლოდ ნიფხვისამარა კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოსვეს და გზა განაგრძეს. ნახევრად შიშველმა კაცმა მანქანას გახედა და როდესაც დარწმუნდა, რომ მისი ოთხკვირიანი ტყვეობა დასრულდა, სამინისტროს კიბეებზე ავიდა და შიგნით შეღწევა სცადა, თუმცა, მორიგე გუშაგმა მას გზა გადაუღობა და უთხრა:
– საით, ძმაკაც? აქ სამინისტროა და არა აბანო.
ნიფხვიანმა გუშაგისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სანამ პანღურამორტყმული კიბეებზე მიგორავდა, ამოიყმუვლა:
– შენი დედაც, ნაბიჭვარო, ხვიჩა ბაბაქარი ვარ მე!...
დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი