რომანი და დეტექტივი

ანგოლური განძი

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.09

ანგოლური განძი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #34 (1339)

რაც შეეხება ჩემს ახალ თანამდებობას, პირველი ოპერატიული ჯგუფი სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი უფლებები ჰქონდა. ჩვენი განყოფილება პირადად პრეზიდენტ გორბაჩოვს ექვემდებარებოდა და საკუთარი სურვილებისამებრ, თუკი შესაბამისი ეჭვი გამიჩნდებოდა, შემეძლო, ნებისმიერი ადამიანის დაკავება, გაჩხრეკა და დაკითხვა. აგრეთვე, უფლება მქონდა არქივიდან ნებისმიერი ინფორმაცია გამომეთხოვა, დაუყოვნებლივ მიმეღო და ამაში ვერავინ შემიშლიდა ხელს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვან, საჭირო პერსონის სტატუსს მანიჭებდა. არადა, სულ რაღაც 26 წლის ვიყავი.

ახალი თანამდებობა ერთი კვირის მერე ჩავიბარე და თანამშრომლებსაც გავეცანი. შემდგომ, შემოსული ინფორმაციების გაცნობას შევუდექი და ერთმა მათგანმა განსაკუთრებულად დამაინტერესა. კომუნისტური პარტიის საფინანსო განყოფილების პასუხისმგებელი მუშაკი, რომელიც უშიშროების შტატგარეშე თანამშრომელიც იყო, იტყობინებოდა, რომ კომუნისტური პარტიის დახურული ფონდიდან ერთი ტონა ოქროს გამოტანის წერილობითი განკარგულება გაიცა. ხოლო ოქროს დანიშნულება კი პროსაბჭოთა, განვითარებადი ქვეყნების დახმარება იყო, კონკრეტულად კი ანგოლისთვის. ეს განკარგულება კი სწორედ იმ გენერლის უფროსმა ძმამ გასცა, რომელმაც ჩემ გარდა ყველა დახოცა და თავადაც შეეწირა ამ სასაკლაოს. ამის შემდეგ ჩემთვის უკვე ნელ-ნელა ნათელი სურათი შეიქმნა, რასაც დანგრევის პირას მიყვანილი დიადი ქვეყნის მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ. ანუ, ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხები გარბოდნენ და თან მიჰქონდათ დიდძალი დოვლათი. შექმნილი იყო მაფიოზური კლანი, რომელიც არავის და არაფრის წინაშე დაიხევდა უკან. და ამაში მე დამარწმუნა ანგოლის სასაკლაომ. ეს ინფორმაცია, სხვა, ჩემი აზრით, საყურადღებო ცნობებთან ერთად, ზემდგომ ხელმძღვანელობას გადავეცი, მაგრამ იმგვარი ფორმით, რომ მისი მნიშვნელობისთვის არ გამისვია ხაზი და შედეგს დაველოდე. შედეგმა კი არ დააყოვნა. ინფორმატორი ორი დღის მერე საკუთარი ბინის მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. ის კაცი დიდებულად, დიდი პატივით დაკრძალეს. თვითმკვლელობის მიზეზად კი მძიმე დეპრესია დასახელდა. თუმცა, ეს იყო მკვლელობა. მე ამაში იოტისოდენადაც არ მეპარებოდა ეჭვი და ინტუიცია მკარნახობდა, რომ ადრე თუ გვიან ანგოლის ინციდენტზე მეც მომაკითხავდნენ და შეეცდებოდნენ, სიმართლეში გამოვეტეხეთ. ამიტომ ასეთი შემთხვევისთვის წინასწარ მქონდა გამზადებული პასუხები.

ამასობაში დიადი ქვეყნის ფუნდამენტი უფრო და უფრო ირყეოდა. ფანჯრებიდან გადმომხტარი მაღალჩინოსნების რიცხვმა იმატა. იმატა სხვა ტიპის თვითმკვლელობებმაც, რომლებიც სინამდვილეში მკვლელობები იყო. ასეთ ვითარებაში დადგა 1991 წლის აგვისტო და პუტჩის მცდელობა ჩაფლავდა. თუმცა, გორბაჩოვს უკვე ხელიდან ეცლებოდა ძალაუფლება და ჩვენი სამსახურიც იშლებოდა. ხოლო, როდესაც საბჭოთა კავშირის მზე ჩაესვენა და ჩემმა განყოფილებამაც იგივე ბედი გაიზიარა, უშიშროების სტრუქტურიდან საკუთარი განცხადებით წამოვედი. თუმცა, უმუშევარი არ დავრჩენილვარ და ერთ-ერთ კერძო დეტექტიურ სამსახურში დავიწყე მუშაობა. ერთი თვე რომ გავიდა, ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ოფისში დავიბარე, მაგრამ მითხრა, რომ მეტროსთან შემხვდებოდა, რადგან ოფისში გამოჩენა გარკვეული მიზეზით არ უნდოდა. მეტროსთან მივედი. მითითებულ მანქანაში ჩავჯექი თუ არა, სახეში სპრეი შემასხურეს, რომელმაც მომენტალურად გამთიშა. თვალი რომ გავახილე, უფანჯრებო ოთახში ვიმყოფებოდი, სავარაუდოდ, სარდაფში. წინ კი სამი „ბაკლანი“ მედგა და ერთი შუახნის მამაკაცი, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. თუმცა ვერ ვიხსენებდი, საიდან.

– გამოფხიზლდი, ოფიცერო? – მკითხა შუახნის კაცმა და უმალვე მივხვდი, რომ ის გენერლის ძმა იყო. ანუ, ის ადამიანი, ვისი ხელმოწერითაც ერთი ტონა ოქროს გატანა განხორციელდა.

– ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან? – ვთქვი მე.

– მხოლოდ ერთადერთი რამ. გვითხარი, სადაა ანგოლური განძი და ახლავე გაგიშვებთ, – მითხრა გენერლის ძმამ.

– რაღაც გეშლებათ, პატივცემულო, – ვთქვი მე.

– არა მგონია, მეშლებოდეს. შენ იყავი ერთადერთი, ვინც იმ კატერის აფეთქებას გადაურჩა. და საერთოდ, ვფიქრობ, რომ კატერი შენ ააფეთქე. შიგთავსი კი გადამალე.

– ანგოლურ ისტორიას გულისხმობთ, ხომ?

– დიახ. სწორედ ანგოლურს.

– რაც შეეხება კატერს, ის ჩემგან დამოუკიდებლად აფეთქდა. გემბანზე რომ სროლა ატყდა, მე ამ დროს ნაპირზე ვიმყოფებოდი, სწორედ ამან გადამარჩინა და თან, რატომ უნდა ამეფეთქებინა?

გენერლის ძმას ირონიით ჩაეცინა და მითხრა:

– ანგოლური განძი სად გადამალე?

– რა ანგოლური განძი. არაფერი ვიცი.

ამ სიტყვების მერე „ბაკლანებმა“ მუშტებით გვარიანად დამამუშავეს. თავი რომ დამანებეს, გენერლის ძმამ მითხრა:

– გაიხსენე?

– რა უნდა გამეხსენებინა. რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევით და რას მემართლებით?

– იცი, ვინ ვარ? – მოულოდნელად მკითხა გენერლის ძმამ.

– ვიცი. მანიაკი და ჯალათი!

– არა. მე გენერლის ძმა ვარ და სიმართლე მაინტერესებს, თქვი, სად გადამალე განძი და გაგიშვებ.

– რა განძი?

– რა განძი და ის, რომელიც ჩემს ძმას აფრიკაში გაყიდული იარაღის სანაცვლოდ ჰქონდა ჩაბარებული. განა შენ არ ასრულებდი კურიერის როლს, ვისაც აჯანყებულებისგან გენერალთან ფული და ძვირფასეულობა მიჰქონდა?

– გეშლებათ, პატივცემულო. მსგავსი არაფერი მიკეთებია ცხოვრებაში. მე საბრძოლო ოფიცერი ვარ, – ვიმეორებდი მე.

– ოგანი შემოიყვანეთ, – უთხრა გენერლის ძმამ „ბაკლანებს“ და ძარღვებში სისხლი გამეყინა. ოგან ბუდამბა ხომ აჯანყებულების გენერალი იყო, ვისთანაც პირველად ვიყავი ჯუნგლებში.

ორმეტრიანი ათლეტი ძლივს შემოეტია სარდაფის კარში და რომ დამინახა, თავი გააქნია და გენერლის ძმას უთხრა:

– არა. ეს არასდროს ყოფილა ჩემთან. ის კურიერი ამ ბიჭზე ბევრად უფროსი და მსუქანი იყო.

აშკარა იყო, რომ ბუდამბამ, უბრალოდ, დამინდო თუ სხვა მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ არ დამასახელა. გენერლის ძმამ კი უთხრა:

– ხომ არ გეშლება, კარგად დააკვირდი.

– არა. ეგ არაა, – გაიმეორა ოგან ბუდამბამ.

– თუ მასეა, მაშინ ეს ბიჭი ჩვენთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და გაასაღეთ, – უთხრა გენერლის ძმამ „ბაკლანებს“. მაგრამ ბუდამბამ გააჩერა და უთხრა:

– გასაღებას ყოველთვის მოესწრებით. ვფიქრობ, რომ ეს ყმაწვილი გამოგვადგება.

– კი მაგრამ, რაში? – მხრები აიჩეჩა გენერლის ძმამ.

– ის ხომ სიმართლეა, რომ ეს კაცი აფეთქებულ კატერზე იმყოფებოდა.

– კი. მასეა და ამას წყალი არ გაუვა, – თქვა გენერლის ძმამ.

– ჰოდა, თუ მასეა, მაშინ ჩემი ვარაუდი სწორია და ეს განძი შენმა ძმამ გადაამალინა ღამით და თუ ეს ბიჭი გვიჩვენებს იმ ადგილს, ყველაფერს იოლად მივაგნებთ, – თქვა ბუდამბამ და აშკარა იყო, რომ ის მე მაძლევდა მინიშნებას.

გენერლის ძმამ მკითხა:

– კატერზე კიდევ იყო ვინმე?

– ერთი შავკანიანი აფრიკელი, – ვთქვი მე.

– სანამ კუნძულზე ღამის გასათევად მიხვიდოდით, სადმე ხომ არ გაგივლიათ?

– სხვა კუნძულზე გავიარეთ და ის შავკანიანი იქ ჩამოვსვით.

– ტვირთით?

– არ ვიცი, იქ რომ შევჩერდით, გენერალმა ყველას კაიუტაში შესვლა გვიბრძანა.

– იმ ადგილს მიაგნებ?

– რომელ ადგილს?

– სადაც შავკანიანი ჩამოსვით.

– რომ ვნახო, გავიხსენებ.

– ძალიან კარგი. ხვალ მივემგზავრებით, – თქვა გენერლის ძმამ და 28 საათის შემდეგ კატერით უკვე ანგოლისკენ მივიკვლევდით გზას.

როგორ ვიმგზავრე თვითმფრინავით, არ ვიცი. იმ პერიოდში მე გათიშული ვიყავი და მხოლოდ მაშინ გავახილე თვალი, როდესაც მანქანიდან კატერზე გადავდიოდით. გენერლის ძმასთან ერთად ორი „ბაკლანი“ იმყოფებოდა. აგრეთვე, გიგანტი ბუდამბა, მე და ასევე, კატერის შავკანიანი მძღოლი – სულ ექვსნი. „ბაკლანები“ სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. იარაღი შემართული ჰქონდათ და პირველივე საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გახსნიდნენ ცეცხლს.

– აბა, სად შეჩერდით პირველად? – მკითხა ბუდამბამ, როცა ოკეანეში კუნძულები გამოჩნდა.

– აი, მე მგონი, იმ კუნძულზე, – ხელი გაურკვეველი მიმართულებით გავიშვირე.

ბუდამბამ კატერის მძღოლს უთხრა, მეორე კუნძულთან მიცურდიო. მან თავი დაუქნია და როგორც მივხვდი, ეს იყო პაროლი. მძღოლმა მკვეთრად დაატრიალა საჭე და კატერზე მყოფნი წაბარბაცდნენ. მათ შორის იარაღებშემართული „ბაკლანები“. მძღოლმა კი ამით ისარგებლა. სახელოში დამალული პისტოლეტიდან „ბაკლანები“ დახოცა და ისინი ოკეანეში ჩაცვივდნენ... გენერლის ძმას მკვდრისფერი დაედო. ბუდამბამ კი მძღოლს უთხრა:

– ესეც მიაყოლე.

გენერლის ძმამაც ტყვია მიიღო შუბლში და „ბაკლანებს“ მიჰყვა. მძღოლმა უკვე მე მომიშვირა პისტოლეტი და ბუდამბას ჰკითხა:

– ეს?

– იარაღი დაუშვი. ამ ბიჭის სიმტკიცე რომ არა, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. თანაც, მხოლოდ მან იცის, თუ სადაა ჩვენი განძი, – თქვა ბუდამბამ და მომიბრუნდა:

– ხომ იცი?

– რა თქმა უნდა. მე დავმალე და როგორ არ ვიცი?

საჭირო კუნძულებზე მალევე მივედით და რიფში დამალული განძიც მალევე ამოიღეს. მე არ მეგონა, თუ ცოცხალს დამტოვებდნენ. ბუდამბა ამას მიხვდა და მითხრა:

– ნუ გეშინია. შენს მოკვლას არ ვაპირებთ. პირიქით, ჩვენთან ერთად ყოფნას გთავაზობთ და რა აზრის ხარ ამის თაობაზე?

– რა აზრის უნდა ვიყო. ყველა ადამიანი ერთხელ იბადება ამქვეყნად. მე კი დღეს მეორედ დავიბადე და სიცოცხლეზე უარის თქმა დანაშაულია. მე კი დამნაშავე არ ვარ.

– ყველაფერი ნათელია. დღეიდან ჩემი კომპანიონი ხარ. აქ, მინიმუმ, ათი მილიონი დოლარის ღირებულების განძია და საქმის დასაწყებად გვეყოფა. განძის ნახევარი შენია და შემოდიხარ წილში?

გიგანტს გავუღიმე და ვუთხარი:

– შემოვდივარ!

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი