პირადი ნომრები
ავტორი: ნიკა ლაშაური 59 წუთის წინ
ჩემზეა ნათქვამი, ბედისწერას ვერსად გაექცევიო. ბედისწერაცაა და ბედისწერაც. ბედისწერა უმეტესობას ცუდი გაგებით ესმის და ამ სიტყვის გაგონებაზე ტანში ზარავთ, თუმცა, ბედისწერა ცუდიც შეიძლება იყოს და კარგიც ან ერთდროულად ცუდიც და კარგიც. მთავარი კი ისაა, რომ მას ვერსად გაექცევი და ცხოვრებამ მე ამაში პირადად დამარწმუნა.
დედაჩემს ვიღაც ლამაზი ფლეიბოი მამაკაცი შეჰყვარებია და ჩემზე მისგან დაფეხმძიმებულა. როდესაც ეს ფაქტი ჩემს ბიოლოგიურ მამას შეუტყვია, მაშინვე უგანია დედაჩემისთვის და გამქრალა. დედაჩემს კი ჩემი ჩასახვის ფაქტი რომ მოესპო, სასწრაფო აბორტი გაუკეთებია კერძო გინეკოლოგთან. თუმცა, ამას ჩემი ტყუპისცალი შეეწირა და მე კი ცოცხალი გადავრჩი. ხოლო, როდესაც ეს ფაქტი გაირკვა, დედამ კვლავ იმ კერძო ექიმს მიაკითხა, მაგრამ განმეორებით აბორტზე სასტიკი უარი მიიღო, რადგან ძალიან დაგვიანებული იყო და იძულებული გახდა, გავეჩინე. ჩემს დაბადებას ჩემი ბებია-ბაბუა მტრულად შეხვდნენ. უქმროდ გაჩენილი ბავშვი ოჯახის სირცხვილად მიაჩნდათ და დედაჩემს უკიჟინებდნენ, ბავშვთა სახლში ჩააბარეო, თითქოს ეს საქციელი მათ სირცხვილს მოაშორებდა. დედაჩემს იმდენი უჩიჩინეს და ისე გაუხადეს საქმე, რომ 19 წლის გოგოს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. მე კი, ეგრეთ წოდებულმა, ბებია-ბაბუამ 1 წლისა უპატრონო ბავშვთა სახლში ჩამაბარა. ერთი სიტყვით, სირცხვილი „ჩამოიბანეს“ (რა თქმა უნდა, ამას ირონიით ვამბობ). თუმცა, „ღირსეულად“ ყოფნა დიდხანს არ მოუწიათ და ორი კვირის თავზე მეზობლებმა ისინი მოკლული იპოვეს მათივე ბინაში. სახლი კი პირწმინდად გაძარცვული იყო. მილიციამ ვერც მკვლელი თუ მკვლელები აღმოაჩინა და ვერც გატაცებული ნივთები. ეს ისტორია დედაჩემის კარის მეზობელმა მომიყვა. ის ქალი ბავშვთა სახლის აღმზრდელი იყო და სწორედ ის დაეხმარა ჩემებს ამ დაწესებულებაში რომ მივეღეთ. ოთხი წლის ასაკიდან კი უკვე ყველაფერი კარგად მახსოვს და შემდგომ ისტორიებს პირველ პირში ვყვები...
ბავშვთა სახლში საბჭოური იდეოლოგიით გვზრდიდნენ. მაგრამ პატრონიანი ოჯახების შვილებისგან იმით განვსხვავდებოდით, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და გვერდით მყოფი მეგობრების იმედი გვქონდა. რადგან კარგად ვიცოდით, დედ-მამა და გავლენიანი ნათესავები გაჭირვებიდან ვერ დაგვიხსნიდნენ, უფრო მობილიზებულები და მეგობრულები ვიყავით. სამართლიანობის განცდა და პასუხისმგებლობის გრძნობაც ბევრად მეტი გვქონდა, ვიდრე სრული შემადგენლობის ოჯახის შვილებს. ჩვენი დაწესებულების ადმინისტრაცია და სკოლის პედკოლექტივი მეტ-ნაკლებად კარგი ხალხისგან შედგებოდა, უფრო კარგებისგან. მაგრამ, რომ იტყვიან, ყველგანაა მახინჯი სულის ადამიანი. ამ მხრივ, არც ჩვენი უწყება იყო გამონაკლისი. ჩვენთან ფიზკულტურის მასწავლებლად ორმოც წელს მიღწეული ჯემალა მუშაობდა. უცოლშვილო იყო. ყოფილი მოჭიდავე, ჯან-ღონით სავსე მამაკაცი, მაგრამ პედოფილური მიდრეკილებები ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციას მასზე სხვადასხვა წყაროდან სიგნალები შესდიოდა, მისი ამ საქმეში მხილება არ ხერხდებოდა. ჯემალა სკოლის მოსწავლე გოგოებს ხელებს ცუდად უფათურებდა, თითქოს რომელიმე ვარჯიშის შესწავლის საბაბით. სინამდვილეში კი ის ნაძირალა, თავის პედოფილურ ვნებებს იკმაყოფილებდა. 16 წლის ვიყავი. სკოლას ვამთავრებდი. ჩემი თანაკლასელი მანანა მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე დავქორწინებულიყავით, ერთად გვესწავლა, გვეშრომა და ბედნიერი ოჯახი შეგვექმნა. მანანაც, დაახლოებით, ჩემი ბედისა იყო. არაერთი ღამე გაგვითენებია ოცნებებში და ბევრი შვილის გაჩენისა და წესიერად აღზრდის დაუოკებელი სურვილი გვქონდა. მთელმა ბავშვთა სახლმა და სკოლამ იცოდა ჩვენი სიყვარულის ამბავი და მანანას ზედმეტს ვერავინ აკადრებდა. თუმცა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. რომ მეგონა, ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯი მქონდა დარჩენილი, უბედურებაც სწორედ მაშინ დამატყდა თავს. დეტალებს არ მოვყვები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მანანა კალათბურთის სექციაში ვარჯიშობდა და მეცადინეობა გვიან უმთავრდებოდა. მე კი მას ვაკითხავდი და უკან ერთად ვბრუნდებოდით. ზამთრის ერთ საღამოს მანანას მივაკითხე. სპორტდარბაზი ცარიელი იყო. გოგონათა გასახდელიდან კი ხმები მომესმა და იქით გავვარდი. ეს ნაძირალა, მთვრალი ჯემალა ჩემს მანანაზე ძალადობდა და ცდილობდა, მისთვის მაისური გაეხადა. მოკლედ, ჯემალას მუცელში ფოლადის წვეტიანი შტირი გავუყარე და ამგვარად აღვკვეთე მისი ეს ძალადობა. ამ შტირს გოგონები გასახდელის ურდულს უყრიდნენ და ამგვარად კეტავდნენ კარს. მოხდა ის, რაც მოხდა... ჯემალა ძლივს გადაარჩინეს მე კი 6 წელი ჩამსვეს ციხეში და 2 წელი „მალალეტკებში“ მოვიხადე. ასე დაიწყო ჩემი კრიმინალური კარიერა და ჩემი ცხოვრების გეზი რადიკალურად შეიცვალა.
არასრულწლოვანთა კოლონია, იგივე „მალალეტკები“, თავისი საშინელებებით იყო განთქმული. არაერთი ისტორია მქონდა გაგონილი ამ უწყების შესახებ და 16 წლის ასაკში პირისპირ შევეჩეხე ამ სისტემას. რომ ვთქვა, იქაურობას მომზადებული შევხვდი-მეთქი, ტყუილი იქნება. რაღაც-რაღაცები ვიცოდი. ძირითადად კი, ადგილზე მიწევდა ორიენტირება. მთავარი კი ის იყო, რომ ვიცოდი, აქტივისტებში არ უნდა ჩავწერილიყავი და ადმინისტრაციასთან არ უნდა მეთანამშრომლა. 2 წელი კი არა და 2 საათი ვერ ძლებენ ხოლმე ამ სისტემაში. კოლონიის ადმინისტრაცია შეძლებისთანავე ცდილობს შენს მოტეხვას და სათანამშრომლოდ გადაბირებას, ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი – ძალისმიერი მეთოდებითა და აქტივისტ პატიმართა გამოყენებით.
არასრულწლოვანთა კოლონიის ბინადართა უმრავლესობა ქურდობაზე იხდიდა სასჯელს. შემდეგ მოდიოდნენ ხულიგნობის მუხლით გასამართლებულნი და არცთუ ისე მცირე კატეგორია იყო გაუპატიურებასა და გაუპატიურების მცდელობის მუხლით. ხოლო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლებულები ყველაზე ცოტანი ვიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენნაირებზეც იყო ზეწოლა და გადაბირების მცდელობა. ძირითადად, ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ჩვენთან შეტაკებას აქტივისტები და ადმინისტრაციაც ერიდებოდა. ყველაზე დაბალი კასტა ჩვენთან, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის ყველა საპყრობილეში, ქათმები იყვნენ. ასეთ კატეგორიაში, ძირითადად, გამაუპატიურებლები, ფუფლოები, ჩამშვებები და სხვა მსგავსი დანაშაულის ჩამდენები შედიოდნენ. ერთი სიტყვით, არასრულწლოვნებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა. დეტალებს კვლავ გამოვტოვებ და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ასეთ ვითარებაში გავატარე 2 წელი და 18 წლის რომ შევსრულდი, მეორე დღესვე ეტაპით გამომიშვეს თბილისში და ორთაჭალის ციხეში გამამწესეს მომავალ ეტაპამდე. ხოლო საით გამგზავნიდნენ, ჯერ არ ვიცოდი. იმედი მქონდა, რომ საქართველოში დამტოვებდნენ და დარჩენილ 4 წელიწადსაც აქ მოვიხდიდი. მიუხედავად ყველაფრისა, კრიმინალობაზე არც კი ვფიქრობდი. კვლავ ძველ აზრზე ვიყავი. იმედი მქონდა, რომ ციხიდან გათავისუფლებისთანავე მანანაზე დავქორწინდებოდი და ისე ავაწყობდი ცხოვრებას, როგორც ამაზე ბავშვთა სახლში ვოცნებობდით. მით უმეტეს, რომ ავჭალის „მალალეტკებში“ მანანა რეგულარულად მაკითხავდა. მამხნევებდა და თავის სიყვარულს მიდასტურებდა. მაგრამ, კვლავ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და ბედისწერას ვერსად გაექცევიო, ერთდროულად დამატყდა თავს. რომ მეგონა, საქართველოში მოვიხდიდი დარჩენილ სასჯელს და ასე შემდეგ, გამიქარწყლდა – პირველივე „ეტაპით“ გამაციმბირეს და ურალში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ამომაყოფინეს თავი. თუმცა, კანონით, ასეთი სიმკაცრე არ მეკუთვნოდა. უბრალოდ, სხვამ ფული გადაიხადა და საქართველოში ჩემ ნაცვლად დატოვეს. მე კი ჩრდილოეთ რუსეთის გზას გამაყოლეს. ეს ერთი უბედურება იყო. მეორე კი უშუალოდ კოლონიაში შემემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი პატიმარი ვიყვავი, რეციდივისტებს შორის პატივისცემა დავიმსახურე და რომ იტყვიან, კაცურად ვიხდიდი სასჯელს. თან, ისევ ისეთ აზრზე ვიყავი და მანანასთან ერთად ოჯახის შექმნას ვაპირებდი. მართალია, მანანა ისე ხშირად ვერ მაკითხავდა პაემანზე, მაგრამ ოთხჯერ მაინც მოახერხა ციმბირში ჩამოსვლა. მისი სასიყვარულო წერილები კი ყოველკვირა მომდიოდა. „სროკის“ გასვლამდე, სულ რაღაც, ორი კვირა იყო დარჩენილი. გასასვლელად ვემზადებოდი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი მშობლიურ ქალაქში და ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ჩავეხუტებოდი. დილა იყო, ზონა თოვლით იყო დაფარული და ძალიან ციოდა. ამ დროს „კეტაპი“ შემოვიდა და მთელი კოლონია ვუყურებდით ახალშემოყვანილი პატიმრების ჩასახლების პროცესს. სულ ოცნი იყვნენ და მეოცემ რომ შემოდგა ფეხი, მისი დანახვისას ჯერ თვალები გამიფართოვდა, შემდგომ ბრაზმა დამიარა სხეულში და ზიზღით გადავაფურთხე. მეოცე პატიმარი სწორედ ის ჯემალა იყო, ვისაც ექვსი წლის წინ შტირით მუცელი გამოვფატრე და სწორედ იმ პედოფილის გამო გამოვიარე ამდენი გაჭირვება. ჩემ გვერდით ზონის „მაყურებელი“ იდგა. მას არ გამოჰპარვია ჩემი მოძრაობა და მკითხა.
– რამ აგაღელვა ასე?
– აი, ამ ნაბოზარი პედოფილის გამო ვზივარ ციხეში. თუ გახსოვს, მოგიყევი ეს ამბავი.
– კი. კარგად მახსოვს. ფიზკულტურის მასწავლებელი, ხომ?
– კი. ფიზკულტურის მასწავლებელი იყო.
– ვნახოთ, ერთი რა სტატიითაა. არ მგონია, კაცური მუხლით იყოს გასამართლებული.
როგორც გაირკვა, ჯემალა ბოროტი, ცინიკური ხულიგნობის მუხლით იყო გასამართლებული. მას ადამიანის სხეულის მძიმედ დაზიანებისთვის 8 წელი ჰქონდა მისჯილი. ეს მშრალი ტექსტი იყო და ერთი შეხედვით, არაკაცური იქ არაფერი ჩანდა, მაგრამ ზონის სამართალს ვერსად გაექცევი. იქ ნებისმიერ მაგარ გამომძიებელზე არანაკლები გამოცდილების ადამიანები ისხდნენ. ახალჩასახლებული ჯემალა ზონის „მაყურებელთან“ დაიბარეს. მანამდე კი „მაყურებელმა“ მითხრა:
– ჯერჯერობით არ გამოჩნდე. საჭირო დროს დაგიძახებ. ვფიქრობ, რომ ამ ნაძირალას საქათმე არ ასცდება.
მე თვალს მივეფარე. 40 წუთის შემდეგ დამიძახეს. „მაყურებლის“ ბარაკში რომ შევედი, ჯემალა ჩემგან ზურგით იდგა და ვერ დამინახა. ის საკმაოდ მტკიცედ ლაპარაკობდა და რომ არ გცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება, დაგეჯერებინა კიდეც მისი.
– ესე იგი, არაკაცური არაფერი ჩაგიდენია ცხოვრებაში, ხომ? – ჰკითხა „მაყურებელმა“ ჯემალას.
– არა, ძმაო. ყველა არაკაცის დედაც... – მტკიცედ თქვა პედოფილმა.
– ამ კაცს თუ იცნობ? – იკითხა „მაყურებელმა“ და თითი წინ გაიშვირა.
ჯემალა მკვეთრად შემოტრიალდა და რომ დამინახა, გაფითრდა.
– მიცანი, შე ნაბოზარო? – კბილებში გამოვცარი და დავამატე, – შენი ადგილი საქათმეშია!
პედოფილი მიხვდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არაადამიანური ხმით დაიყმუვლა და ჩემკენ გამოექანა. მე კი ხელში ალესილი შტირი მეკავა და ჯემალა მასზე წამოვაგე და იქვე დავაგდე. სისხლმა შადრევანივით იფეთქა მისი მუცლიდან და ეტყობოდა, რომ მსხვილი ძარღვი ჰქონდა გადაჭრილი. წესით უნდა ჩაძაღლებულიყო, მაგრამ ამჯერადაც გადაურჩა სიკვდილს და ჯერ ზონის ექიმმა შეუკავა სისხლდენა, შემდგომ კი ოპერაცია გაუკეთეს და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს. როგორც გაირკვა, ჯემალა საშუალო სკოლაში მოწყობილა მასწავლებლად. იქ კი ერთი უფროსკლასელი გოგონასთვის დაუწყია ხელების ფათური. იმ გოგოს მამას კი მისთვის პასუხი მოუთხოვია და ჯემალას ის მძიმედ დაუშავებია. იმ პედოფილს მძიმე ჭრილობამაც ვერ უშველა, ზონის მაყურებელმა ყველა ზონაში ქსივები დაგზავნა და ყველა „მაყურებელს“ მოუწოდებდა, რომ ჯემალა საქათმეში შეეგდოთ. და როდესაც ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებული ჯემალა ერთ-ერთ კოლონიაში ჩაასახლეს, პირდაპირ საქათმეში გაამწესეს... მე კი ხელახლა გამასამართლეს და თორმეტწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. არადა, სულ რაღაც ორი კვირა მქონდა დარჩენილი „სვაბოდამდე“. 22 წლის ვიყავი და შემეძლო, ბედნიერი ცხოვრება დამეწყო მანანასთან ერთად. სასამართლოს მერე უფრო მეტად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამამწესეს და ზონაზე რომ შევედი, „მაყურებელი“ პატივისცემით შემეგება და მითხრა:
– კეთილი იყოს შენი ფეხი აქ, ძმაო. შენზე ქსივა უკვე მივიღე და ვიცით, ვინც ხარ. ჩვენთან ერთად იცხოვრებ.
– მადლობა, ძმებო. აქა მშვიდობა, – ვუპასუხე ზონის „მაყურებელს“ და ბარაკში გავყევი.
არსებობს გამოთქმა – შავი სამყარო უღრანი ტყეაო... და მართალია ამ უღრან ტყეში პირველი ნაბიჯი 16 წლის ასაკში გადავდგი, მაგრამ მეორე გადაბმულმა „სროკმა“ იმ ზღვარს გადამაბიჯებინა, სადაც უკან დასახევი გზა მოჭრილია. სულ წინ და წინ უნდა იარო. ხოლო თუკი ვინმე მაინც შეეცდება უკან დაბრუნებას, მგლები და სხვა მტაცებლები შეგჭამენ. ზონის „მაყურებელმა“ თავის გვერდით მომიჩინა ადგილი და მითხრა:
– მინიმუმ, 10 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევს, თუ რა თქმა უნდა, არაფერი მოხდება. შემდეგ ვნახოთ. ღმერთი გვიშველის.
– დიდება უფალს, – დავეთანმე „მაყურებელს“ და პირჯვარი გადავიწერე.
„მაყურებელი“, 50 წელს გადაცილებული, კანონიერი ქურდი იყო. პროფესიით „მედვეჟატნიკი“, იგივე სეიფების მძარცველი. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი და 5 წელი უკვე მოეხადა. მას ერთ-ერთი სეიფიდან მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული და რომ დააპატიმრეს, მხოლოდ 50 ათასი დაუჭირეს ხელში, დანარჩენი ფული კი მას სხვადასხვა ზონაში ჰქონდა შეგზავნილი. იმ ფულსაც ზონაში ატანდა კურიერს და სწორედ მან ჩაუშვა და დააჭერინა. გამწარებულმა ხელისუფლებამ კი ბრძანება გასცა, რომ ის უმკაცრესად დაესაჯათ. დახვრეტაც კი უნდოდათ, მაგრამ შავი სამყაროს აჯანყების შეეშინდათ და 15 წელი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ პირწავარდნილი რეციდივისტი იყო, აშკარად ეტყობოდა მაღალი ინტელექტი. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო და ნებისმიერ თემაში ერკვეოდა. საწოლის გვერდით დიდი თაროები ედგა და ისინი წიგნებით იყო სავსე. მთელ თავისუფალ დროს კითხვას ანდომებდა. ძალიან განათლებული იყო და ლაპარაკში ვერავინ ჯობდა. საქმეების გარჩევისას ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და აბსოლუტურად მიუკერძოებელი იყო. სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, საკუთარი კლანი არ ჰყავდა. ამას კი ასე ხსნიდა: მე ყველასთვის ქურდი ვარ და არა მხოლოდ ჩემიანებისთვის. ყველა პატიოსანი კაცი ჩემიანიაო. ის იშვიათად აძლევდა რეკომენდაციას ქურდობის კანდიდატს და „სხოდკებზეც“ მხოლოდ მაშინ აძლევდა ქურდობის კანდიდატს ვიზას, როდესაც მასში ასი პროცენტით დარწმუნდებოდა. ათას კითხვას დაუსვამდა, ათასი მხრიდან მოუვლიდა და მხოლოდ ამის მერე იტყოდა თავის უარყოფით ან დადებით სიტყვას. ამის შესახებ მე კარგად ვიცოდი და წარმოიდგინეთ, თუ როგორ გავოცდებოდი, როცა ერთხელ თავისთან მიხმო და მითხრა:
– ერთი ის მითხარი, თუ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი.
– ერთ საათსაც კი არავინ მომაკლებს. სროკს ბოლომდე მოვიხდი და იქ კი ღმერთმა იცის.
– რას იტყვი, რომ გვირგვინი დაგადგა?
– ქურდის ტიტულს გულისხმობთ?
– სწორედ მაგას.
– მძიმე პასუხისმგებლობაა. გავქაჩავ კი?
– რატომ ვერ გაქაჩავ. უკვე რვა წელია, გიცნობ. კაცურად ზიხარ. ყურადღებით გაკვირდები და ერთი ხინჯიც ვერ აღმოგიჩინე. სწორედ რომ, ღირსეული კანდიდატურა ხარ. რეკომენდაციას კი პირადად მე მოგცემ.
– ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. თუ თვლით, რომ ამას ვიმსახურებ, მაშინ თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. მოემზადე, ერთ კვირაში „ას“ შევკრებ და ჩვენი ოჯახის წევრი გახდები.
„მაყურებლის“ სიტყვა კანონი იყო. „აზე“ შესავალი და საბოლოო სიტყვა მან წარმოსთქვა. ქურდის ტიტული ერთხმად მომანიჭეს და სწორედ იმ დღეს შემისრულდა 30 წელი.
– გილოცავ, შენ უკვე ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხარ და ქურდული სიტყვა გეთქმის, – მითხრა „მაყურებელმა“ და გადამეხვია.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





