რომანი და დეტექტივი

საზღაური

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.10, 2022 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

– ბიჭო! აი, პასტა და ქაღალდი. დაწერე ვინაა შენი პაძელნიკი და ექიმს მოვიყვან. არა და აქ ჩაძაღლდები, – უთხრა დემო ხულიაშვილმა რამაზ ჩაჩუას და კალამთან ერთად წინ თაბახის ფურცელიც დაუდო.

19 წლის რამაზ ჩაჩუას ორივე ხელი მარცხენა ფეხის ბარძაყზე ჰქონდა მოჭერილი, რომ სისხლისდენა შეეჩერებინა. მას ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჭრილობა მძიმე არ იყო და გადასარჩენად პირველადი დახმარებაც ეყოფოდა. მაგრამ ხულიაშვილი ექიმს არ იძახებდა და ბიჭზე ამგვარად ახორციელებდა ზეწოლას.

– მარტო ვიყავი, – თავაუწევლად თქვა რამაზმა, თან სისხლიანი ხელები ჭრილობას უფრო ძლიერად დააჭირა.

– შენი ბოზი დედაც... მარტო იყავი, ხომ? – იღრიალა გაცოფებულმა ხულიაშვილმა და რამაზს წიხლი ჰკრა. იატაკზე დააგდო და ჭრილობიდან სისხლის უფრო მძლავრმა ნაკადმა იფეთქა.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები ხულიაშვილის დაშოშმინებას ცდილობდნენ, მილიციის ჯალათ კაპიტანს გონება დაბიდული ჰქონდა და დაჭრილი ბიჭის წამებას აგრძელებდა. ამ ვაი-უშველებელში სისხლის ნაკადი მატულობდა და ბოლოს შავი ფერის არტერიულმა ჭავლმა გამოასხა. მილიციელები აფორიაქდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება დააპირეს. თუმცა, უკვე გვიან იყო. რამაზმა უკანასკნელად ამოისუნთქა და სული განუტევა.

ეს საზარელი სცენა პირველი მაისის სახელობის რაიონის მილიციაში გათამაშდა. ღამის 3 საათი იყო, როდესაც რამაზ ჩაჩუა გარდაიცვალა და მისი უსულო ცხედარი ხულიაშვილის სისხლით მორწყულ კაბინეტში ეგდო. მას კი განყოფილებაში მყოფი ათიოდე თანამშრომელი დაშტერებოდა.

– რას გამოსირებულხართ, თქვენი დედაც... – უღრიალა ხულიაშვილმა კოლეგებს და დაამატა, – ტრუპი აქედან უნდა მოვაშოროთ და იატაკი მოვრეცხოთ. გაინძერით, ჩქარა! მე და შაკიკოვი ამ მძორს წავათრევთ. თქვენ კი პოლები მოაკრიალეთ და კრინტი არავისთან დაგცდეთ, თორემ დედებს მოგი...ვთ!

შაკიკოვი ხულიაშვილის მარჯვენა ხელი იყო და ჯალათობის ანაბანას წარმატებით გადიოდა უფროს კოლეგასთან. მათ რამაზ ჩაჩუას ცხედარი ბრეზენტში შეახვიეს და ხულიაშვილის ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩადეს. შემდეგ ორთაჭალისკენ აიღეს გეზი და ჰესს რომ გასცდნენ ორი 16-16 კილოგრამიანი გირი გამოაბეს და წყალში გადააგდეს. ბრეზენტი კი მარჯვენა სანაპიროზე ნაგავსაყრელის მოპირდაპირედ მდებარე უდაბურ ადგილზე დაწვეს.

– ესეც ასე, შაკიკოვ. ჩისტები ვართ, – თქვა ხულიაშვილმა.

– დემო, რომელიმე ჩვენიანმა რომ ჩაგვიშვას? – იკითხა უმცროსმა ლეიტენანტმა.

– ვერ გაბედავენ. იციან, რომ ყველა მათგანის გრეხები ვიცი და გვერდით მოვისვამთ, – მიუგო ხულიაშვილმა და დაამატა, – წამოდი, კარგად ჩავარტყათ, მძიმე დღის მერე მოდუნება არ გვაწყენს. რესტორან „არაგვისკენ“ გაემართნენ.

***

რამაზ ჩაჩუა მთაწმინდელი ინტელიგენტური ოჯახის დედისერთა, გვიანი შვილი იყო. მამა საქვეყნოდ ცნობილი ექიმი ჰყავდა. დედა კი – დამსახურებული პედაგოგი. რამაზის მშობლები ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, მაგრამ შვილი მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შეეძინათ. მათ რამაზზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ბიჭს ჩიტის რძესაც არ აკლებდნენ. პირმშვენიერი ყმეწვილი ნიჭითაც გამორჩეული იყო. თუმცა, გარდატეხის ასაკში, ქუჩაში გამოსული რამაზი სულ სხვა რეალობას წააწყდა. ქუჩის ბიჭებს დაუძმაკაცდა. ქურდული მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა და ფაქტობრივად, შავ სამყაროში შედგა ფეხი. ბუნებრივი ნიჭის წყალობით, რამაზი თავისი წრის უპირობო ლიდერი გახდა და თექვსმეტი წლის იყო, როდესაც კანონიერი ქურდის ტიტულის მოპოვების სურვილი გაუჩნდა.

– თუ ჩვენთან დაძმობილება გინდა, მაშინ ქურდულად უნდა იცხოვრო, ძმაო. მოიპარო, იყომარო, მიიღო, ჩააბარო, ციხეში გრევი და მაყუთი შეგზავნო, – დამოძღვრა რამაზი „კნოპკამ“, რომელიც ძველი ქურდი იყო და ბიჭი მასთან კონსულტაციებს გადიოდა.

იმ დღიდან რამაზმა კრიმინალური ცხოვრება დაიწყო და ძველი ქურდის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებდა: ქურდობდა, საქმეებს არჩევდა. განსაკუთრებული ნიჭი კი ყომარში გამოავლინა და ზარს ისე აგორებდა, რომ ათიდან ექვსჯერ „დუ შაშს“ აჯენდა. იმ საბედისწერო ღამეს რამაზი და მისი ძმაკაცი, გაიოზ ლაღიძე პლეხანოველ ბეგოსთან თავანის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. კარლო ბეგიაშვილს რამაზთან ზარში ორი ათასი მანეთი ჰქონდა წაგებული. ბეგო დემურ ხულიაშვილის დისშვილი იყო. ფულს ვერ შოულობდა, ამიტომ ყველაფერი ბიძამისს მოუყვა და დახმარება სთხოვა.

– დაგეხმარები, თუ დამიჯერებ, – უთხრა ჯალათმა ოცი წლის დისწულს.

ხულიაშვილი კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა ბეგოს მილიციაში შეთრევას, მაგრამ ბიჭი უარზე იყო.

– რა უნდა გავაკეთო? – იკითხა კარლომ.

– მილიციელი უნდა გახდე, – თქვა ჯალათმა.

– გავბოზდე? – უნებურად წამოსცდა ბეგოს.

ხულიაშვილს სარკასტულად გაეცინა და დისშვილს უთხრა:

– უკვე გაბოზდი, ბიჭო! შენი საქციელი ბოზობაა, მა რა? მერე რა, რომ ბიძაშენი ვარ. ყომარისა და თავანის ამბავი ძაღლს ჩაუკაკლე? რა, არ იცი, რომ აზარტული თამაშები კანონით აკრძალულია და ამისთვის სროკია? კაცს აჭერინებ?

ბეგო გაშრა. ბიძამისისგან ის ფულის სესხებას გეგმავდა. საქმის ასეთ შემოტრიალებას კი არ ელოდა.

– ჰა, რას იტყვი, დამიჯერებ? – დაუნაჟიმა ბეგოს დემომ და დააყოლა, – ნუ დამიჯერებ რა, იმ რამაზას მაინც ავაგდებ. გააფრთხილებ, ბოზის იარლიყი აგეკვრება. ხვდები ახლა, რა შარში ხარ?

– დაგიჯერებ, – ამოილუღლუღა ბეგომ.

– მაგრამ იცოდე, რომ გადათქვა, არ გაპატიებ. ჩვენ ნათესაობას სულ ფეხებზე დავიკიდებ, – კბილებში გამოსცრა დემომ.

– არ გადავთქვამ და დაგიჯერებ, – მტკიცედ თქვა ბეგომ. შემდეგ ბიძამისს აცნობა, თუ როდის, რომელ საათზე უნდა მისულიყო მასთან რამაზ ჩაჩუა.

ორი დღის შემდეგ დემო ხულიაშვილი და ენვერ შაკიკოვი რამაზს ღამის თორმეტის ნახევარზე ჩაუსაფრდნენ. ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ბეგოს სახლიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით გააჩერეს. შაკიკოვი სადარბაზოში შევიდა, ხულიაშვილი კი ქუჩას მანქანიდან „თირავდა“. გეგმის მიხედვით, როდესაც რამაზი სადარბაზოში შევიდოად, შაკიკოვს ის უნდა დაეკავებინა. შემდეგ მას ხულიაშვილი მიეხმარებოდა. ბიჭს გაკოჭავდნენ და ფურგონში ჩააგდებდნენ. ნაგანს ჩაუდებდნენ და იარაღის ტარების გამო „გასროკავდნენ“, თუ, რა თქმა უნდა, რამაზ ჩაჩუა „მაყუთს“ არ გადაიხდიდა. რევოლვერი ხულიაშვილს წინასწარ ჰქონდა გამზადებული, მაგრამ მილიციელებმა ის ვერ გაითვალისწინეს, რომ შეიძლებოდა, რამაზი მარტო არ მისულიყო. და მართლაც, მას ძმაკაციც ახლდა. ბიჭები ორმოცდაათი მეტრით იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებულები. ასეთი რამ, ყოველი შემთხვევისთვის, რამაზმა მოიფიქრა. გამორიცხული არ იყო, რომ თავანის ჩაბარების შემდეგ წაგებულს მძარცველთა სასტავი დაეხვედრებინა და ფული წაერთმიათ. ასეთი შემთხვევა რამდენიმეჯერ მოხდა და რამაზმა თავი დაიზღვია. გაიოზს „ბრაუნინგი“ ედო ჯიბეში და მძარცველების შეშინება ევალებოდა.

ღამის თორმეტს რომ ხუთი წუთი აკლდა, რამაზი სადარბაზოში შევიდა. გაიოზი კიბეებთან შეჩერდა. მიმოიხედა. „ბრაუნინგი“ ქამარში გადაიტანა და კიბეებზე ჩამოჯდა. ხულიაშვილმა რომ იარაღიანი ბიჭი დაინახა, „მაკაროვი“ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. „მოსკვიჩიდან“ გადავიდა და სადარბაზოსკენ გაემართა. ჯალათი ვარაუდობდა, რომ იარაღიანს ააგდებდა და ნაგანის ჩადება აღარ დასჭირდებოდა. თუმცა, მოულოდნელად სადარბაზოდან რამაზი გამოვარდა და გაიოზს „ნა ხადუ“ დაუყვირა, – მოვხიეთ, ძაღლები!

საქმე ის იყო, რომ როდესაც შაკიკოვმა სადარბაზოში რამაზის დაკავება სცადა და პისტოლეტი მიადო მუცელზე, ბიჭმა მას ელვისებურად ჩაურტყა ხელი იარაღზე, ადგილს მოწყდა და ქუჩაში გავარდა... გაიოზი მარცხნივ გაიქცა, რამაზი კი მარჯვნივ. ხულიაშვილს ათიოდე მეტრში ჩაურბინა. დემომ კი პისტოლეტი დაუმიზნა, ფეხში დაჭრა და ასფალტზე დააგდო. შემდეგ კი გამწარებულმა მილიციელებმა ჩაჩუა განყოფილებაში მიიყვანეს. დემო ხულიაშვილმა გაქცეულის იდენტიფიკაციის გამო რამაზ ჩაჩუა სისხლისგან დაიცალა. შემდეგ კი მკვლელობის კვალის წაშლა სცადა და შეიარაღებული გაქცეულის ძებნას შეუდგა, რომელიც ძალიან საშიში მოწმე იყო.

– შაკიკოვ, ის გაქცეული სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ და დავბრიდოთ, – უთხრა ხულიაშვილმა ენვერ შაკიკოვს, როდესაც ორივე რესტორან „არაგვიდან“ გამოვიდა.

***

რამაზ ჩაჩუას მოტივტივე ცხედარი მეორე დღესვე აღმოაჩინეს. ცხედარი რომ სახლში მიასვენეს, მამამისს გული გაუსკდა და იქვე დალია სული. დედამისმა კი ამდენ უბედურებას ვერ გაუძლო და ჭკუიდან გადავიდა – ჯერ აკივლდა, შემდომ ახარხარდა. ბოლოს აივანზე გაიჭრა, მესამე სართულიდან გადახტა და მიწაზე დაენარცხა. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სანამ სულს განუტევებდა, თქვა, – ღმერთო, ძლიერო, შენ დააქციე და გაანადგურე იმათი ოჯახები, ვინც ჩემი შვილი მოკლაო.

ორ თვეში რამაზს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის სახელი დაარქვეს. რამაზის ცოლს ანანო ერქვა. გოგონას მშობლებს შეეშინდათ, რომ ამხელა უბედურებას 18 წლის გოგო ვერ გაუძლებდა. ამიტომ, სანამ რამაზი პროზექტურაში ჰყავდათ ფეხმძიმე ანანო სოხუმში წაიყვნეს. გოგონა სწორედ იქ დაიბადა, გაიზარდა და მისი დედ-მამა ცხოვრობდა. თან, ყველა გააფრთხილეს, რომ ამ უბედურების შესახებ სიტყვაც არ დასცდენოდათ. ანანოს უთხრეს, რომ თითქოს, მისი დედამთილ–მამამთილი სასწრაფო მივლინებაში გაგზავნეს უცხოეთში.

– რამაზი? რამაზი რატომ არ ჩანს? – ეჭვით იკითხა ანანომ.

– იმიტომ, რომ შენი პატივცემული მეუღლე სამი თვით ხულიგნობისთვის ჩააყუდეს ციხეში, – ნაძალადევი სიბრაზით უთხრა ქალიშვილს დედამისმა, რომ გოგონას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტენა.

ანანოს სიგიჟემდე უყვარდა თავისი ქმარი და მას ცოლად მშობლების წინაამდეგობის მიუხედავად გაჰყვა. ამიტომ, დედამისს გაუბრაზდა:

– უფლებას არ მოგცემ, რომ ჩემი რამაზიკო ლანძღო. გამოვა ციხიდან. მე და ბავშვს წაგვიყვანს და აღარ შეგაწუხებთ.

– ჰოდა, გყავდეს შენი რამაზიკო. მე კი თქვენთან ფეხს აღარ მოვადგამ, – უპასუხა დედამ ანანოს და ატირებული გავარდა მეორე ოთახში, რომ თავი არ გამოეაშკარავებინა და არ წამოსცდენოდა, ქმარი მოგიკლესო.

ანანოს დედაც უზომოდ უყვარდა და მისი წყენინება არ უნდოდა. ამიტომ, მეორე ოთახისკენ გაემართა, რომ ბოდიში მოეხადა, ენუგეშებინა მაგრამ ამ დროს ჩვილს მოშივდა, გაეღვიძა და ატირდა. ანანომ კი შვილი ხელში აიყვანა და ძუძუ ჩაუდო პირში. ანანოს მამა გამწარებული უყურებდა ამ სპექტაკლს. თვალზე ცრემლი მოსდგომოდა და ტირილს ძლივს იკავებდა. ეზოში გავიდა, რომ ანანო არ დაეჭვებულიყო და მშობლების თამაში არ გაეშიფრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი