რომანი და დეტექტივი

ჭრელი ლენტი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.07, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23-24(1120)

ჰოლმსმა როილოტის ოთახს გვერდი ისე აუარა, რომ არც მიახლოებია და პირდაპირ იმ ოთახში შევიდა, სადაც ამჟამად მის სტონერს ეძინა და სადაც მისმა დამ იდუმალებით მოცულ ვითარებაში მიაბარა ღმერთს უმანკო სული. ეს იყო დაბალჭერიანი, უბრალო პატარა ოთახი, რომელსაც განიერი ბუხარი ამშვენებდა. მის სტონერმა დარაბები შიგნიდან ჩარაზა, როგორც ჰოლმსმა სთხოვა.

ჰოლმსი ბევრს ეწვალა, როგორმე გაეღო დარაბა, მაგრამ ყოველგვარმა ცდამ ამაოდ ჩაუარა. არათუ დანის პირის, დარაბებში ნემსის გასაძვრენი ღრიჭოც კი არსად იყო, რომ რაზა მაღლა აეწია და დარაბა გაეღო. ერთ კუთხეში მიხაკისფერი კომოდი იდგა, მეორეში – ვიწრო, თეთრგადასაფარებლიანი საწოლი, ხოლო ფანჯრიდან მარცხნივ – ტუალეტის მაგიდა. ოთახის მორთულობას იატაკზე დაფენილი პატარა ნოხი და ორი სკამი ემატებოდა. ჰოლმსმა სკამი აიღო, ოთახის კუთხეში ჩუმად მიჯდა და კედლებს, იატაკს, ჭერს, ოთახის კუთხეებს, ყველაფერს გამჭრიახი თვალებით, გაფაციცებული ათვალიერებდა.

– ეს ზარი ვისთან არის გაყვანილი და შეერთებული? – იკითხა მან დიდი ხნით გაყუჩების შემდეგ და ზარის კარგა მსხვილ თოკზე მიუთითა, რომლის ბოლო პირდაპირ საწოლზე ეშვებოდა და თითქმის ბალიშის პირს ეხებოდა.

– ეგ მნე ქალის ოთახშია გაყვანილი.

– სხვა საგნებთან შედარებით, ეგ რაღაც ახალი უნდა იყოს?

– დიახ, ეგ ორი-სამი წელია, რაც გაიყვანეს. მაგრამ ჩემი და ზარს არ რეკავდა, ვინაიდან რაც კი გვჭირდებოდა, ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით.

– ისე, ამ ზარის არსებობა აუცილებლობით ნაკარნახევი არ უნდა იყოს. გამადიდებელი შუშით შეიარაღებული ჰოლმსი მუხლებზე დაემხო, დიდხანს ფორთხავდა იატაკზე და ფიცრებს შორის დარჩენილ პატარა-პატარა ადგილებს დიდი დაკვირვებით ათვალიერებდა. ასევე გულმოდგინედ შეამოწმა კედელზე აკრული მუხის ფიცრები. მერე საწოლის წინ კარგა ხანს შეჩერდა და ლოგინს და კედელს შეჰყურებდა. ბოლოს ზარის დასარეკი თოკის ბოლოს წაავლო ხელი და მაგრად ჩამოჰკრა.

– ეს რა, მუნჯი ზარია თუ რა? – იკითხა ჰოლმსმა, – მავთულთან შეერთებულიც კი არაა. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. აი, ხედავთ, მისი ბოლო სწორედ იქაა მიმაგრებული, სადაც სანიავოს პატარა ნასვრეტია. ძალიან დიდი სისულელეა! – თავისთვის ბუტბუტებდა ჰოლმსი, – ამ ოთახში ძალიან თვალშისაცემი ამბებია. მაგალითად, ვერ ამიხსნია, სანიავო რატომ უნდა გადიოდეს მეორე ოთახში და არა გარეთ.

– ესეც არაა დიდი ხნის წინათ გაკეთებული, – თქვა ლედიმ.

– ალბათ, ზართან ერთად გააკეთეს, – ჩაურთო ჰოლმსმა.

– დიახ, მაშინ რაღაც-რაღაცები გადააკეთ-გადმოაკეთეს.

– ძალიან საინტერესოდ კი გადაუკეთ-გადმოუკეთებიათ ყველაფერი, – ზარი გაუყვანიათ, არ მუშაობს და სანიავო არ ანიავებს.

დოქტორ გრიმესბი როილოტის საძინებელი ოთახი გერის ოთახზე დიდი გახლდათ, თორემ, ისევე უბრალოდ გამოიყურებოდა, როგორც პირველი. სალაშქრო საწოლი, ხის მომცრო წიგნების კარადა, საწოლს გვერდით დადგმული სავარძელი, კედელთან მიდგმული ჩვეულებრივი სკამი, მრგვალი მაგიდა და რკინის დიდი სეიფი – აი, ეს ნივთები მოგხვდებოდათ თვალში ოთახში შესვლისას. ჰოლმსმა ყველა ნივთი დიდი გულისყურით დაათვალიერა.

– თქვენ დაგითვალიერებიათ ოდესმე ეს სეიფი? შიგ კატა ხომ არა ჰყავს დამწყვდეული?

– არა, მაგრამ ეს რა უცნაური აზრები გებადებათ?

– აბა, ამას შეხედეთ! – თქვა ჰოლმსმა და ლამბაქზე დასხმული რძე გვიჩვენა.

– არა, კატა საერთოდ არა გვყავს, მაგრამ პავიანი და სანადიროდ გაწვრთნილი ავაზა კი ბინადრობენ ჩვენს სახლში.

– ჰო, რა თქმა უნდა! ავაზა მოზრდილი კატაა და მეტი არაფერი, მაგრამ ლამბაქზე დასხმული რძე როგორ ჰყოფნის, ეს უკვე აღარ ვიცი. აქაა სწორედ ის ძაღლის თავი დამარხული, რომლის პოვნასაც მე ვესწრაფვი. აჰა! აქ კი რაღაც ძალიან საინტერესო საგანს გადავაწყდი.

ჰოლმსის ყურადღება ბოლოგაკვანძულმა პატარა შოლტმა მიიპყრო, რომელიც საწოლის კუთხეში ეკიდა.

– მთლად ჩვეულებრივი შოლტი არ გახლავთ. ოჰ, ამ ბინძურ ქვეყანაზე ყველაზე საძაგლობა ისაა, როცა ავ საქმეს ჭკვიანი კაცი სჩადის. მგონია, აქ ყველაფერი დავათვალიერეთ, მის სტონერ, ახლა კი გუბურისკენ წავალთ.

ჰოლმსი ასე მოღუშული და შუბლშეკრული არასოდეს მენახა. ჩვენ რამდენიმე ხანს უბრებივით დავდიოდით წინ და უკან გუბურის ნაპირზე. არც მე და არც მის სტონერს ჰოლმსის ფიქრთა დინებისათვის ხელი არ შეგვიშლია, ვიდრე თვითონვე არ დაარღვია სიჩუმე.

– მის სტონერ, ახლა მთავარია, ჩემი რჩევა-დარიგების არც ერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ ყოველივე. თქვენი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებთ ჩემს ნათქვამს.

– მე თქვენს ხელთა ვარ, მისტერ ჰოლმს!

– პირველ ყოვლისა, მე და ჩემი მეგობარი თქვენს საწოლ ოთახში უნდა დავრჩეთ. ვიცი, რომ აქ სადღაც სოფლის სასტუმროა.

– დიახ, სასტუმრო „გვირგვინი“ გახლავთ.

– თქვენი ფანჯრები ხომ მოჩანს სასტუმროდან?

– რაღა თქმა უნდა.

– როცა თქვენი მამინაცვალი დაბრუნდება, თქვენ თავის ტკივილს მოიმიზეზებთ და ოთახში ჩაიკეტებით. როგორც კი იგი დასაძინებლად დაწვება, დარაბას გამოაღებთ და ლამპას სარკმელში შემოდგამთ. ჩვენ სასტუმროდან ფანჯარაში გამოდგმულ ლამპის სინათლეს დავინახავთ და ამ დათქმულ ნიშანზე თქვენი ოთახისაკენ გამოვეშურებით. თქვენ კი აიღებთ, რაც მოგესურვებათ და თქვენს ყოფილ ოთახში გადაბარგდებით. როგორც არ უნდა იყოს იქაურობა დანგრეული, ერთი ღამის გათევა მაინც შეიძლება.

– ჩემს ოთახში უფრო თავისუფლად დავიძინებ. მაგრამ ღამით თქვენ რაღა უნდა აკეთოთ?

– ჩვენ თქვენს ოთახში დავრჩებით და იმ ხმაურის მიზეზს გამოვიკვლევთ, რამაც თქვენ აგრერიგად შეგაშფოთათ.

- ღვთის გულისათვის, მითხარით ჩემი დის სიკვდილის მიზეზი.

– ვიდრე ვიტყოდე, მინდა, ხელთ უფრო მტკიცე საბუთები გვეპყრას. ვფიქრობ, მისი სიკვდილის მიზეზი ხელშესახები იყო. აბა, ყოჩაღად იყავით და გარწმუნებთ, რომ ხიფათიდან უცილობლად დაგიხსნით.

***

– უოტსონ, იცით, გული მეთანაღრება, რომ თან წამოგიყვანეთ, ეს საქმე ძალიან სახიფათოა, – მითხრა ჰოლმსმა, როცა ბნელში ვისხედით და ფანჯარაში დათქმულ ნიშანს ველოდით.

– უეჭველად მოვდივარ.

– უოტსონ, ოთახებს შორის რომ ხვრელი იყო, ეს სტოუკ მორანში ჩამოსვლამდეც ვიცოდი. გახსოვთ, მის სტონერმა რომ გვიამბო, ჩემს დას როილოტის სიგარების სუნი თავის ოთახში არ აყენებდაო. ეს ამბავი ულაპარაკოდ მიანიშნებდა იმას, რომ ოთახებს შორის იყო ხვრელი, მაგრამ ისეთი პატარა, რომ გამომძიებელმაც კი ვერ შეამჩნია. მე მაშინვე დავასკვენი, რომ ეს სანიავო იქნებოდა. დააკვირდით, უოტსონ, საოცარი დამთხვევა არაა?! ჯერ აკეთებენ სანიავოს, მერე ჰკიდებენ თოკს ზედ საწოლის თავზე და ბალიშზე თავმიდებული მძინარე ლედი სიცოცხლეს ეთხოვება. განა ეს თქვენ არ გაოცებთ?

– და მაინც, მე ამ მოვლენებს შორის ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ.

– საწოლი იატაკზეა დამაგრებული. ადრეც გინახავთ ან გაგიგონიათ დამაგრებული საწოლი?

– არა, არასოდეს.

– ლედის არ შეეძლო, გადაედგა თავისი საწოლი. იგი ერთთავად ისე უნდა მდგარიყო, როგორც ეს საწოლის იატაკზე დამმაგრებელს უნდოდა. სანიავო კი სწორედ მის ასწვრივ იყო მაღლა და იქიდან საწოლამდე უბრალო თოკი (და არა ზარის დასარეკი) იყო დაშვებული.

– ჰოლმს, – წამოვიყვირე მე, – ახლა ბუნდოვნად აღვიქვი ყოველივე, რაც თქვენ აშკარად კარგა ხანია შეგიმჩნევიათ. სწორედ დროზე მოგვისწრია, რომ ავიცილოთ დახელოვნებული დამნაშავის მიერ მომზადებული, განსაკუთრებით საშიში დანაშაული.

– დიახ, განსაკუთრებით საშიში დანაშაული და ჭკვიანი კაცის მიერ მომზადებული. როცა დანაშაულს ექიმი სჩადის, რაღა თქმა უნდა, იგი ყველა დამნაშავეზე უფრო ოსტატურად ინიღბება და საშიშიცაა.

ცხრა საათი იქნებოდა, როცა სასახლიდან მომდინარე, ხეებს შორის მოცრიატე სინათლის უკანასკნელი სხივიც ჩაქრა და ირგვლივ უკუნმა დაისადგურა. უცებ სტოუკ მორანის მხრიდან, ჩვენგან მარჯვნივ, დარაბაში დათქმულმა ლამპის შუქმა იელვა.

– ეს ის ნიშანია, რომელიც ჩვენ გვიხმობს, – თქვა ჰოლმსმა და ფეხზე წამოხტა.

ხეებს შორის გზას ფრთხილად მივიკვლევდით. გუბურა გადავლახეთ და ის იყო, ფანჯარაში უნდა გადავმძვრალიყავით, რომ მწკრივად დარგული დაფნის ბუჩქებიდან საზიზღარი და მახინჯი ბავშვის მსგავსმა არსებამ ისკუპა, ერთხანს ბალახებზე იხლაკნებოდა და მერე სწრაფად მიიმალა წყვდიადში.

– ღმერთო ჩემო! – წავიჩურჩულე მე, – დაინახეთ, ჰოლმს?

თავიდან, ჰოლმსი ჩემზე ნაკლებად არ შეშინებულა. აღელვებულმა, ხელი წამავლო და მარწუხებივით მომიჭირა. მერე დაბალი ხმით გაიცინა და ყურში ჩამჩურჩულა: ეს ხომ როილოტის პავიანი იყოო. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, ავაზა ზურგზე დაგვხტომოდა. მას მერე, რაც ჩემს მეგობარს მივბაძე, ფეხსაცმელი გავიხადე და მის სტონერის საძინებელ ოთახში გადავძვერი, თავისუფლად ამოვისუნთქე. ჰოლმსი შიშველი ფეხებით, თითის წვერებზე შემდგარი მომიახლოვდა, ტუჩები ყურთან მომიტანა, პირზე ხელები აიფარა და ძლივს გავარჩიე, ისე მითხრა: ჩვენს გეგმას მცირეოდენი ხმაურიც კი დაღუპავსო.

თავი დავუქნიე.

– რევოლვერი მზად იქონიეთ, ვინძლო, დაგვჭირდეს. მე საწოლის ბოლოზე ჩამოვჯდები, თქვენ კი სკამზე მოიკალათეთ.

ჰოლმსმა სასტუმროდან წამოიღო გრძელი ჯოხი და საწოლის ბოლოზე, თავისთან ახლოს დადო. იქვე დააწყო ასანთი და სანთელი, მერე ლამპას ისე ჩაუწია, რომ ჩააქრო და სრულიად ბნელში დავრჩით.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 19.06, 2022 წელი

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 26.06, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი