რომანი და დეტექტივი

საიდუმლო რეესტრი

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

საიდუმლო რეესტრი
დაკოპირებულია

საბჭოთა მთავრობა ყოველთვის საგულდაგულოდ მალავდა ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას. ასეთი რამ უზარმაზარი სოციალისტური ქვეყნისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი იყო. მაფია და მაფიოზური კლანები კაპიტალისტური წყობის უცილობელ ატრიბუტად წარმოჩინდებოდა. არადა, საბჭოთა კავშირში რომ მაფია და მაფიოზური კლანები იყვნენ, „კოზა ნოსტრას“ არც კი დაესიზმრებოდა. სტალინი რომ სტალინი იყო, მანაც ვერ ამოძირკვა ეს მოვლენა. ამიტომ ჭკვიანმა საბჭოთა ბელადმა ამ სისტემის შიგნიდან გაკონტროლების გადაწყვეტილება მიიღო და სწორი არჩევანიც გააკეთა. „ენკავედემ“ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეის ოციანი წლების მიწურულსა და ოცდაათიანი წლების დასაწყისში აამოქმედა პროექტი და ამ პროექტს, სხვადასხვა პერიოდში, ხან მილიცია ახორციელებდა, ხან კი უშიშროების კომიტეტი. საბოლოოდ კი ორივე უწყებაში პარალელური სტრუქტურები ჩამოყალიბდა და ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ ასეთ სტრუქტურაში მომიწია მუშაობა. სკოლის დამთავრების შემდეგ მილიციის სკოლაში ჩავირიცხე და ეს სასწავლებელი ორი წლის მერე დავამთავრე. თავდაპირველად კრიმინალურ სტრუქტურებში ჩასანერგად მამზადებდნენ და ყველაფერი ის მასწავლეს, რაც „ბლატნოი“ ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. მაგრამ, მილიციის სკოლა რომ დავამთავრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურში გამამწესეს. თან, მკაცრად გამაფრთხილეს, რომ ჩემი სამსახურის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა. ფორმის ტარება მეკრძალებოდა. სამუშაო შენობა კი საპროექტო ინსტიტუტით იყო შენიღბული. იქ საშვების გარეშე ვერავინ შევიდოდა და რომ იტყვიან, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობა აკრძალული იყო. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემოსული ინფორმაციების კატეგორიებად დახარისხება და უფროსისთვის გადაცემა. შემდგომ კი მას ამუშავებდნენ და რეაგირებას ახორციელებდნენ. ეს სამუშაო ჩემთვის პირველ ხანებში ტანჯვა-წამება იყო. ქაღალდის რუტინად მიმაჩნდა. ვერ ვხვდებოდი, რომ კრიმინალური სამყაროს პულსზე მედო ხელი და უნიკალურ ცოდნას ვიღებდი, რაც ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უმთავრესი იყო. ახალგაზრდა, გამოუცდელი ვიყავი. ოთახში ჯდომასა და ქაღალდების ქექვას ცოცხალი, დინამიკური საქმიანობა მერჩივნა. ერთი სული მქონდა, როდის მოვახდენდი მიღებული ცოდნის რეალიზებას და რომელიმე დარგის ბოროტმოქმედის როლს მოვირგებდი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მილიციის სკოლის ძირითადი პედაგოგიური კოლექტივის წევრები, წარსულში უმაღლესი კატეგორიის ბოროტმოქმედები იყვნენ – ჯიბგირები, „დომუშნიკები“ (ბინის ქურდები), „მედვეჟატნიკები“ (სეიფების გამხსნელები) „ნალიოტჩიკები“ (შეიარაღებული თავდამსხმელები) და კიდევ მრავალი სხვა დარგის პროფესიონალები. ისინი თავიანთი პროფესიის ყველა დეტალს გვასწავლიდნენ და გვაფასებდნენ. სწავლების ყველაზე საინტერესო ნაწილი პრაქტიკული მეცადინეობები იყო. ასეთ დროს ჩვენი კურატორების უშუალო მეთვალყურეობით ნამდვილ დანაშაულს ჩავდიოდით. მართალია, შემდგომ დაზარალებულებს უკან უბრუნდებოდათ, უნაზღაურდებოდათ ზარალი, ჩვენ კი ამით დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებდით. მე ჯიბგირის პროფესიას ვეუფლებოდი. ამისთვის კი პირადად შემარჩია ერთმა ძალიან ცნობილმა, ყოფილმა ჯიბის ქურდმა, რომელზეც შავ სამყაროში ლეგენდები დადიოდა და არავის წარმოედგინა, რომ ის ფარულად მილიციის სკოლის პედაგოგად მუშაობდა. მან ყურადღებით შემათვალიერა და სკოლის დირექტორს უთხრა:

– ამისგან შესანიშნავი „კარმანშიკი“ დადგება. გრძელი თითები და მშვიდი, ინტელიგენტური გარეგნობა აქვს.

– შენ უკეთ იცი, „ძია კოლია“, – დაეთანხმა სკოლის დირექტორი, უმაღლესი კვალიფიკაციის ჯიბგირ-პედაგოგს.

„ძია კოლია“ იმ კაცის მეტსახელი იყო და ასე იცნობდნენ კრიმინალურ სამყაროში. და, საერთოდ, ყველა ასეთ პედაგოგს მეტსახელით მივმართავდით. ეს კი იმიტომ იყო დაწესებული, რომ კრიმინალური ატმოსფერო შეგვესისხლხორცებინა. ჩემი ჯიბგირად არჩევა სულაც არ მეპიტნავა. ჩემს წარმოდგენაში „კარმანიკები“ ყველაზე დაბალი, უბადრუკი კატეგორიის ქურდებად მიმაჩნდა. ძია კოლია უმალ მიმიხვდა აზრებს და ჯერ ალმაცერი მზერა მომაპყრო, შემდგომ კი მითხრა:

– შენ, ბიჭო, ფიქრობ, რომ ჩვენი ჯიბგირები ყველაზე დაბალი კატეგორიის, თითქმის არარაობები ვართ და ჯიბეებსა და ჩანთებში ვიქექებით მენაგვეებივით, ხომ?

– მართალი გითხრათ, სულაც არ მხიბლავს ეს საქმე, – თამამად მივუგე „ძია კოლიას“.

– შენ, ალბათ, „მედვეჟატნიკობა“ და მილიონები მოგწონს და სეიფების გახსნაზე ოცნებობ.

– რთული და საინტერესო საქმეა, – მტკიცედ, თამამად ვუთხარი სუპერჯიბგირს.

„ძია კოლია“ მომიახლოვდა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და მითხრა:

– კარგად დაიმახსოვრე, ბიჭო, რომ ჯიბგირობა ყველაზე რთული და საპატიო პროფესიაა ჩვენში. კარგი ჯიბგირი სრულყოფილი ქურდია. გიფიქრია ოდესმე, თუ როგორი ოსტატობა, ნერვები და გარდასახვის უნარია საჭირო იმისთვის, რომ ნორმალურ ადამიანს სახალხოდ, შეუმჩნევლად მოხსნა მაჯიდან საათი და ჯიბეებიც დაუცარიელო! დაფიქრებულხარ ამაზე?

– არა, არ დავფიქრებულვარ, – ვუპასუხე „ძია კოლიას“.

ეს სცენა მილიციის სკოლის სააქტო დარბაზში განვითარდა. იქ ვიყავით შეკრებილი ყველა კურსანტი და პედაგოგიური კოლექტივი და როდესაც ძია კოლიამ ჩემი მტკიცე პასუხი მოისმინა, პიჯაკის ჯიბიდან საათი და საფულე ამოიღო. მომაწოდა და მითხრა:

– აი, შენი მაჯის საათი და საფულე. მოუარე მათ და ყურადღებით იყავი. თორემ, არა მარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაშიც კი ვინმე სანდომიანი ტიპის მოქალაქე ისე გაგფცქვნის, რომ შეიძლება, ტრუსებისამარა დარჩე.

მთელი ამ შოუს მუღამი კი ის იყო, რომ ვერავინ შეამჩნია, თუ როგორ მომხსნა მაჯიდან საათი და როგორ ამომაცალა ჯიბიდან საფულე სუპერჯიბგირმა, მეტსახელად „ძია კოლიამ“.

უაღრესად საინტერესო იყო ლექციები ქურდული სამყაროს ისტორიაში, ტრადიციებსა და მეტყველებაში. ეს იყო მრავლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული დისციპლინები. გვასწავლიდნენ, როგორც კრიმინალური სამყაროს გენერლების ბიოგრაფიასა და საქმეებს, ასევე თითოეული ციხის ტატუს მნიშვნელობას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჟარგონებს, მიხვრა-მოხვრასა და ჩაცმულობის თითოეულ დეტალს. ერთი სიტყვით, მილიციის სკოლის ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებული გამზადებული კანონიერი ქურდი იყო, სრული ქურდული ატრიბუტიკით. საჭირო იყო მხოლოდ ლეგენდის მოფიქრება, შეთვისება და დანაშაულის ჩადენა, რომ ციხეში მოხვედრილიყავი და შავი სამყაროს იერარქიულ კიბეს თანამიმდევრულად აჰყოლოდი. სწორედ ასეთი განწყობა მქონდა, როდესაც ორწლიანი სწავლება დავასრულე. დარწმუნებული ვიყავი, რომელიმე კომპეტენტური ხელმძღვანელი თავის კაბინეტში დამიბარებდა და მეტყოდა:

– გილოცავ სწავლის დასრულებას! აი, შენი მეტსახელი, ლეგენდა, მოქმედების გეგმა. კარგად შეისწავლე, შემდგომ კი საქმეს შეუდგები.

პოლკოვნიკმა მართლაც დამიბარა და მითხრა:

– გილოცავ სწავლის დასრულებას. ანალიტიკურ განყოფილებაში ხარ განაწილებული სამუშაოდ და წარმატებას გისურვებ!

პოლკოვნიკის სიტყვებმა მოლოდინი გამიცრუა. ეს ყინვაში ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი იყო. მაგრამ, ჩვენს სისტემაში ბრძანება ბრძანებაა და უნდა დაემორჩილო. სხვა რა გზა მქონდა და ქაღალდების ოკეანეში ამოვყავი თავი. თავდაპირველად ჩემს მოვალეობას მექანიკურად ვასრულებდი: შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ვახარისხებდი მიღებულ ინფორმაციებს. შესატყვის გრიფს ვანიჭებდი და უფროსთან შემქონდა. შინაარსს კი არ ვიაზრებდი. მაგრამ, ერთმა შემთხვევამ რადიკალურად შემიცვალა წარმოდგენა, ზოგადად, ადამიანის ბუნებაზე. მორალზე, პატიოსნებასა და ზნეობრივ კატეგორიებზე.

ერთ დღეს ჩვენი უწყების აგენტი ქალი გვატყობინებდა, რომ დავალება სრულად იყო შესრულებული და შეიძლებოდა, შემდგომ ეტაპზე გადასვლა. ეს აგენტი ქალი ძალიან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ცოლი იყო და მისგან ორი შვილი ჰყავდა. ავტორიტეტი იმ კატეგორიის იყო, რომლებზეც შავ სამყაროში ამბობენ – მისი სიტყვა კანონია და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო... მისმა ცოლმა, ანუ აგენტმა ქალმა, სხვა მსხვილი ავტორიტეტი, ძალიან პერსპექტიული კლანის ლიდერი, ლოგინში ჩაიგორა. თანაც, ეს ყველაფერი ფარულ კამერაზე გადაიღო. ეს იყო ჩვენი აგენტის დავალება. საერთო ოპერაციის მეორე ნაწილი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მილიციის ოპერატიული თანამშრომელი პერსპექტიული კლანის ხელმძღვანელთან მივიდოდა, შანტაჟის გზით გადაიბირებდა მას და ორგანოებზე ამუშავებდა... თავისთავად, ეს ისეთი ინფორმაცია იყო, რომ გვერდს ვერ აუვლიდი და აუცილებლად დაგაფიქრებდა, რა უპრინციპო, ამორალური და ყოვლად გახრწნილი იყო ჩვენი აგენტი, ორი შვილის დედა, რომ შეგნებულად, ფარული კამერის წინ ჩაეტარებინა მანიპულაციები, რომელსაც მას ავალებდნენ. ის კი ასრულებდა. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რა ბინძურ სამყაროსთან მომიწევდა შეხება, რომელშიც ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელილ იყო ზნეობრივ-მორალური თვისებების შენარჩუნება და ნორმალურ ადამიანად დარჩენა... ამ ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობის საიდუმლო გრიფი დავადე. ჩემს უფროსს მივუტანე და უკან გამოვბრუნდი. მან კი გამაჩერა და მითხრა:

– აი, ამ მისამართზე მიდი და გადაღებული კინოფირი წამოიღე. ჩემი მძღოლი წაგიყვანს.

პორნოგრაფიული კინოფირი უზარმაზარი სარკის უკან მდებარე კინოკამერიდან ამოვიღე და ჩემს უფროსს მივუტანე. მან კი მითხრა:

– სულ მალე ბოლო მოეღება შენს ქაღალდის რუტინას და ნასწავლის რეალიზებას შეუდგები, რასაც შენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ესწრაფვი.

პოლკოვნიკის სიტყვები დაუჯერებლად ჟღერდა. მეგონა, რომ ამ ქაღალდის ჭაობიდან ვერასდროს ამოვიდოდი და ერთი სული მქონდა, გამეგო, თუ კონკრეტულად რა სამუშაოზე გამამწესებდნენ. მაგრამ ვნებები მოვთოკე და მშვიდად მივუგე:

– დიახ. გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო.

– რა არის გასაგები. შენთვის ხომ არაფერი მითქვამს კონკრეტულად?

– მზად ვარ, შევასრულო ნებისმიერი სამუშაო, რასაც დამავალებენ.

– კარგი. წადი. ჯერჯერობით თავისუფალი ხარ და გამოგიძახებ.

აშკარა იყო, რომ ნანატრ სამუშაოს შევუდგებოდი და ჩემი ცოდნის რეალიზების საშუალება მომეცემოდა. ამიტომ, პოლკოვნიკის კაბინეტიდან ფრთებშესხმული გამოვედი და ჩემს სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი.

ერთი თვის შემდეგ პოლკოვნიკმა გამომიძახა და მითხრა:.

– აი, შენი ლეგენდა, გაეცანი. აქვეა მოქმედების გეგმაც. კარგად გაერკვიე მასში და დაამუშავე. ერთ თვეში საქმეში ჩაებმები.

ჩემი ლეგენდა ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია იყო, ბოლო 3 წლის გარდა. ანუ იმ პერიოდის, როცა მე მილიციის სკოლაში ვსწავლობდი და ანალიტიკურ სამსახურში ვმუშაობდი. იმ სამი წლის განმავლობაში კი, ლეგენდის მიხედვით, მე ვითომ ციხეში ვიჯექი ჯარის სამსახურისთვის თავის არიდების გამო. ყველაფერი დანარჩენი კი აბსოლუტური სიმართლე იყო. მოგონილი ციხის ისტორიას კი საიმედო დაზღვევა ჰქონდა და დაინტერესებულ პიროვნებს რომ ჩემი ციხის წლები მოეკითხა, აღმოაჩენდა, რომ ხშირად ვიჯექი კარცერში. ხშირად ვკონფლიქტობდი ციხის ადმინისტრაციასთან და ქურდული ტრადიციების მკაცრი მიმდევარი ვიყავი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი