რომანი და დეტექტივი

ჭრელი ლენტი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.06, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ერთ დილით ვიღაც აფორიაქებული ახალგაზრდა ლედი გვესტუმრა და ჰოლმსის ნახვას ითხოვდა. სასტუმროში რომ შევედით, შავებით მოსილი, პირბადიანი ლედი ფეხზე წამოგვიდგა.

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო, – მიესალმა ჰოლმსი, – გთხოვთ, ახლოს დაჯდეთ ბუხართან, ვუბრძანებ, ცხელი ყავა მოგართვან, ვხედავ, ერთიანად გაკანკალებთ.

– სიცივისაგან არ მაკანკალებს, – თქვა და პირბადე მაღლა აიწია. საწყალი ქალი მართლაც საცოდავ დღეში იყო. ფერმიხდილი სახე შიშისაგან დაღრეჯოდა, სახე და ტანი ოცდაათი წლის ქალის ჰქონდა, მაგრამ თმაში ნაადრევად შეჰპარვოდა ჭაღარა. შერლოკ ჰოლმსმა თავისი ყოვლისმჭვრეტელი მზერით სწრაფად შეათვალიერა მოსული.

– საშიში არაფერია, ეჭვი არ მეპარება, ჩვენ შევძლებთ საშიშროება თავიდან აგაცილოთ. თქვენ ამ დილით მატარებლით ჩამოხვედით, არა? თქვენს ხელთათმანში უკან დასაბრუნებელი ბილეთი შევნიშნე.

– ჯერ ექვსი საათიც არ იყო, სახლიდან რომ გამოვედი. პირველივე მატარებელს ლონდონისაკენ გამოვყევი და ვატერლოოს სადგურში ჩამოვედი. თუ ეს დაძაბულობა ასე გაგრძელდა, ნამდვილად შევიშლები. სხვებისათვის ჩემი ეჭვების მიზეზი იმდენად უმნიშვნელოა, რომ თვითონ ისიც კი, ვისაც, უფლება მაქვს, რჩევისა და დახმარებისათვის მივმართო, ყოველივეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფად ნათლავს და ნერვული ქალის ნაბოდვარს უწოდებს. როგორც მითხრეს, მისტერ ჰოლმს, თქვენ ღრმად იხედებით ადამიანის სულში და სამზეოზე გამოგაქვთ ზოგიერთი მათგანის არსებაში ღრმად დაბუდებული ბოროტი ზრახვები. ელენ სტონერი გახლავართ და მამინაცვალთან ერთად ვცხოვრობ. იგი საქსონელთა უძველესი გვარის უკანასკნელი ნაშიერი გახლავთ – სტოუკ მორანელ როილოტი. ოთხმა უკანასკნელმა თაობამ თავიანთი ხელგაშლილობითა და უყაირათობით ეს დიდი ოჯახი გაღატაკებამდე მიიყვანა. აზარტული თამაშების მოყვარულმა უკანასკნელმა მემკვიდრემ კი რეგენტობის დროს საბოლოოდ დააქცია მთელი ოჯახი.

ჩემმა მამინაცვალმა ცხოვრებაში მეტი ფხა გამოიჩინა. ერთი ნათესავისგან ფული ისესხა, სამედიცინო განათლება მიიღო და სამუშაოდ კალკუტაში გაემგზავრა. იქ კარგი პრაქტიკა გაიარა, მაგრამ ერთ დღეს სახლი გაუქურდეს. დანაკარგით განრისხებული როილოტი პირქუში და იმედგაცრუებული დაბრუნდა სამშობლოში. ინდოეთში ყოფნის დროს როილოტმა დედაჩემზე, ბენგალიის არტილერიის გენერალ-მაიორის ახალგაზრდა ქვრივზე, მისის სტონერზე დაიწერა ჯვარი. მე და ჩემი ტყუპისცალი და – ჯულია, მაშინ ორ-ორი წლისანიც არ ვიყავით. დედას ყოველ წელს კარგა გვარიანი შემოსავალი ჰქონდა. რომელიც დოქტორ როილოტის განკარგულებაში გადასცა იმ დრომდე, ვიდრე ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვრებდით. ჩემი ან ჩემი დის გათხოვების შემთხვევაში, იმ წლიური შემოსავლიდან, თანხა ჩემსა და ჩემს დაზეც უნდა განაწილდეს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ დედა მალე დავკარგეთ – რვა წლის წინ რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის მსხვერპლი შეიქნა. როილოტი საცხოვრებლად საგვარეულო მამულში, სტოუკ მორანში გადავიდა და ჩვენც თან წაგვასხა. შემოსავალი, რაც დედამ დაგვიტოვა, სრულიად საკმარისი იყო, ყველა ჩვენი სურვილის დასაკმაყოფილებლად. თითქოს ჩვენი ბედნიერებისთვის ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა, მაგრამ იმ ხანებში ჩვენი მამინაცვალი საშინლად გამოიცვალა – სახლში ჩაიკეტა და გარეთ იშვიათად გამოდიოდა. თუ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ გზად პირველივე შემხვედრისათვის თავს რისხვა დაეტეხა. ხასიათის თანდაყოლილი სიშმაგე და მოუთმენლობა მისი გვარის მამაკაცებს მემკვიდრეობით ჰქონდათ ჯილაგში. არაბუნებრივი ფიზიკური ძალის პატრონია და მრისხანების ჟამს თავშეუკავებელი გახლავთ. ყველა სიკეთესთან ერთად, ერთი ვნებაც სჭირს, ინდოეთიდან გამოგზავნილი ცხოველების ნამდვილი ტრფიალი გახლავთ. სახლში თავისუფლად დანავარდობენ გაწვრთნილი მონადირე ავაზა და მაიმუნი. მე და ჩემს დას სირთულეებით სავსე ცხოვრება გვქონდა. არც ერთი მსახური არ გაგვიჩერდა და სახლის მთელი სამუშაო ჩვენ გვაწვა. საცოდავი ჩემი და ოცდაათი წლისაც არ იყო, რომ მოკვდა. სწორედ მის სიკვდილზე მინდა გიამბოთ. იმ პირობებში, რომელშიც ვცხოვრობდით, შესაძლებლობა არ გვქონდა, ჩვენს ტოლებში გაგვეხარა და ახალგაზრდა ვაჟებს შევხვედროდით. გვყავდა ერთადერთი დეიდა, მის ჰონორია უესტფაილი, რომელიც ჰერონუს მახლობლად ცხოვრობდა. იშვიათად და ძალიან მცირე ხნით გვეძლეოდა ნება, დეიდასთან სტუმრად წავსულიყავით. ჩემი და ორი წლის წინ დეიდასთან შობის დღესასწაულზე გაემგზავრა. იქ ფლოტის გადამდგარი მაიორი გაიცნო, რომელმაც ჩემი და დანიშნა. მამინაცვალმა ეს ამბავი, მაშინ შეიტყო, როცა ჯულია დაბრუნდა და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. ქორწილიც დაინიშნა, მაგრამ ორი კვირით ადრე უდიდესი უბედურება დაგვატყდა თავს – ცხოვრებაში ერთადერთი ნუგეში დავკარგე.

შერლოკ ჰოლმსი სავარძელში გადაწოლილი ისმენდა ნაამბობს. უცებ წინ წამოიწია და სტუმარს დაყვავებით მიმართა:

– გთხოვთ, ისე გაიხსენოთ ყველაფერი, რომ რაიმე წვრილმანიც კი არ გამოგრჩეთ.

– იმ საშინელი ამბის ყველა განცდა ღრმად აღმებეჭდა მეხსიერებაში. როგორც გითხარით, სახლი ძალიან ძველია და საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ფრთა გვაქვს გამოყენებული. საწოლი ოთახები ამ ფრთის პირველ სართულზეა განლაგებული, სასტუმრო კი შენობის ცენტრში გახლავთ მოთავსებული.

პირველი საძინებელი ოთახი როილოტისაა, მეორე ჩემი დისა იყო, მესამე კი – ჩემი. ოთახებს შორის არანაირი კავშირი არაა, გარდა იმისა, რომ გასასვლელი ყველა ოთახიდან ერთ დერეფანში გადის.

იმ საბედისწერო ღამეს დოქტორი როილოტი ადრიანად გაემართა თავისი ოთახისკენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ დასაძინებლად არ დაწოლილა. ჩემს დას მისი ინდური მაგარი სიგარების ბოლი აწუხებდა ხოლმე, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, დაძინების წინ ეწეოდა. ჯულიამ თავისი ოთახიდან ჩემსაში გადმოინაცვლა და თავისი მომავალი ქორწინების ამბებზე მეჭუკჭუკებოდა. თერთმეტ საათზე წამოდგა და კარისკენ გაემართა. უცებ შემობრუნდა და ჩემთვის მოულოდნელად მკითხა:

– ელენ, გეთაყვა, ღამღამობით სტვენა ხომ არ ჩაგესმის ხოლმე ძილში?

– არა, არასოდეს მსმენია, – ვუპასუხე მე, – რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ ამ ბოლო დღეებში, გამთენიისას, დაახლოებით, სამ-ოთხ საათზე აშკარად მესმის ხოლმე სტვენა და სისინი. ვერ გამირკვევია, საიდან მოდის ის ხმები. მეზობელი ოთახიდან, გუბურიდან თუ... რამდენი ხანია, მინდოდა, შენთვის მეკითხა, შენც გესმოდა თუ არა ის ხმები, – თქვა ეს, კარი გაიხურა, თავის ოთახში შევიდა და მე გავიგონე, როგორ გაიჩხაკუნა საკეტმა მის კარში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი