რეცეპტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #22 (1327)
ეს ძველი რვეული სეიფში 15 წელი იდო. ამასობაში სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. ექიმი გავხდი. სამკურნალო პრაქტიკას მივყევი, თან მოტეხილობის საწინააღმდეგო მალამოსაც ვამზადებდი. ამასობაში ბებია და ბაბუა გარდაიცვალდნენ. ორივე ერთ დღეს წავიდა ამქვეყნიდან და ისინი ერთად დავასაფლავეთ. მათი ორმოცი რომ გადავიხადეთ, მხოლოდ ამის შემდეგ დავიკავე ბაბუაჩემის კაბინეტი. ბაბუას ყველასთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ თავის კაბინეტსა და შიგთავსს მე მიტოვებდა. სეიფისა და ძველი რვეულის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა და არც ვაპირებდი ვინმესთვის ამის გამხელას. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბაბუამ მალამოს რეცეპტი დამიტოვა და მის საქმეს ვაგრძელებდი.
კვირა დღე იყო. სახლში მარტო ვიყავი. უკვე ჩემს კაბინეტში შევედი, სეიფიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შავი, ტყავისყდიანი რვეული გამოვიღე. პირველად გადავშალე და მის შიგთავსს ყურადღებით გავეცანი. რა აღარ იყო შიგნით? უბრალო გაციებით დაწყებული მრავალი მძიმე დაავადების წამლის რეცეპტით დამთავრებული. იქ სულ 196 დასახელების წამლის შემადგენლობა და მოხმარების წესი იყო აღწერილი. ერთი სიტყვით, თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო წამლისა თუ მალამოს რეცეპტი. მათი გამოყენებით ავადმყოფების 95 პროცენტის განკურნება შეიძლებოდა. რეცეპტების სია რომ ჩავამთავრე, უნივერსალური აბების ექსპერიმენტალურ ჩანაწერებზე გადავედი. ყველა აქ აღწერილი რეცეპტი და უნივერსალური აბების დასამზადებელი ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი მასალები მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგებოდა. ანუ, ეს იყო ფლორა – მცენარეები და მათში ქიმიის ნატამალიც კი არ ერია. უკვე 32 წლის ვიყავი. საკმაოდ მაღალი დონის ექიმ-თერაპევტი. არც ცნობადობა მაკლდა. თუმცა, ძირითადად, საგვარეულო მალამოს გამო. ფულიც ბლომად მქონდა და ცხოვრებას არ ვუჩიოდი. დაქორწინებასაც ვაპირებდი. საცოლეც მყავდა და დასაოჯახებლად ვემზადებოდი. ჩემს საცოლეს მაია ერქვა. 22 წლის იყო. ჩემზე 10 წლით უმცროსი. ძალიან ლამაზი და სათნო. განათლებით ისიც ექიმი იყო. მხოლოდ პედიატრი და მაშინ გავიცანი, როდესაც ჩვენს კლინიკაში პრაქტიკებზე იმყოფებოდა. მაიას მშობლებიც ექიმები ჰყავდა. მამამისი ქირურგი იყო, დედა –პედიატრი.. ბებია და ბაბუაც ექიმები იყვნენ. ერთი სიტყვით, ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით. ბოლოს, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, მე მის ოჯახში ხელის სათხოვნელად მივედი. ზღაპრული სუფრა გამიშალეს. მთელი ოჯახი შემეგება. განწყობა, თითქოს, საზეიმო იყო. მაგრამ, რაღაც მარილი აკლდა. გუმანით ვიგრძენი, რომ მაიას ოჯახის წევრებს გულის სიღრმეში რაღაც დიდი დარდი ჰქონდათ, რომელსაც მალავდნენ. ცდილობდნენ, რომ არ შეემჩნიათ, არ გაემჟღავნებინათ. თან, აშკარა იყო, მაიკომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
სუფრამ საუცხოოდ ჩაიარა. მაიკო სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. გვიან ღამით მოვრჩით ქეიფს. ყველაფრის გვირგვინი კი ოფიციალური ხელის თხოვნა და დასანიშნი, ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის ჩუქება იყო. წასასვლელად რომ მოვემზადე და მაიას ოჯახის წევრებს გამოვემშვიდობე, ჩემმა სასიმამრომ ჩემი გაცილების სურვილი გამოთქვა შევამჩნიე, რომ სასიმამრო ოჯახის წევრებთან წინასწარ იყო მოლაპარაკებული და ჩემთვის რაღაცის თქმას აპირებდა. ამიტომ, გაცილების სურვილზე უარი არ მითქვამს და მათი სახლიდან სასიმამროსთან ერთად წამოვედი.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ფეხით გავიაროთ, – მკითხა მან.
– არა, რა თქმა უნდა, – მივუგე მე.
ხუთიოდე წუთი უსიტყვოდ მივაბიჯებდით ღამის თბილისის ქუჩებში. მაისის დასაწყისი იყო. ყველაფერი ყვაოდა და გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი იდგა. უცებ სასიმამრომ მითხრა:
– მაიკოსთან დაკავშირებით უნდა დაგელაპარაკო.
– ბრძანეთ, – მივუგე სასიმამროს.
– ვფიქრობ, რომ თქვენს ქორწინებას არანაირი აზრი არ აქვს და შენ ეს უნდა იცოდე.
– რატომ? რა ხდება?
სასიმამროს თვალებზე ცრემლები მოადგა და მითხრა:
– მაიკო მძიმედაა ავად და მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია.
ჩემმა ვარაუდმა და გუმანმა არ მიმტყუნა. ასპროცენტიანი სიზუსტით გამოვიცანი მაიკოს ოჯახის წევრების ფარული დარდი. და ჩემს სასიმამროს ვკითხე:
– რატომ, რა პრობლემაა?
– ჩემს დედისერთა გოგონას სწრაფად პროგრესირებადი კიბო აქვს. მეტასტაზები უკვე თითქმის მთელ ორგანიზმში აქვს გასული და მაქსიმუმ, 6 თვე იცოცხლოს. ერთადერთი მიზერული იმედია, რომლისაც მე არ მჯერა... მოსკოვში ერთი აკადემიკოსია, რომელიც კიბოს მეტასტაზებს ქიმიით აჩერებს. არ კურნავს და მხოლოდ აჩერებს. ამიტომ მასთან უნდა წავიყვანო და იქნებ ჩემს გოგოს 2-3 წლით მაინც გავუხანგრძლივო სიცოცხლე.
– სულ ესაა? – მშვიდად ვკითხე სასიმამროს.
სასიმამროს სახეზე უკიდურესი გაოცება გამოეხატა, რაც ჩემმა კითხვამ გამოიწვია და მან გაკვირვებულმა მკითხა:
– რა, ცოტაა?
– დიაგნოზი ხომ არ გეშლებათ?
– არა. რა მეშლება რენტგენის სურათები მაქვს.
– იცით, მე ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მორწმუნე კაცი ვარ და ღმერთის წყალობის მჯერა. მაიკოს თუ მართლა რაღაც სჭირს, ცოლად რომ არ მოვიყვანო უფრო მალე დალევს სულს. ამიტომ, გთავაზობთ, რომ მალევე დავქორწინდე თქვენს ქალიშვილზე და შეთანხმებული ერთი თვის ნაცვლად, სამ დღეში ვიქორწინოთ, ვეცდები, ძალიან ვიწრო წრე დავპატიჟო და ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებ. როგორც ვხვდები, მაიკო არაა საქმის კურსში მის ავადმყოფობაზე, ხომ?
ჩემმა სიტყვებმა სასიმამრო კიდევ უფრო მეტად გააოცა და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა:
– რა თქმა უნდა, მაიკომ ამის შესახებ არაფერი იცის.
– ჰოდა, ძალიან კარგი. სამ დღეში ქორწილს გავმართავთ. ახლა კი წავალ. არაფერზე ინერვიულოთ. გარწმუნებთ, რომ მაიკოს არაფერი დაუშავდება. დარწმუნებული ხართ, რომ რენტგენი არ შეცდა?
სასიმამრომ ხმა ვეღარ ამოიღო. მე მას ხელი ჩამოვართვი და ღამის თბილისში ერთ ადგილზე გაქვავებული დავტოვე.
სამი დღის მერე მე და მაიკომ ვიქორწინეთ და ჩემთან გადავედით საცხოვრებლად. ერთი თვის მერე კი ჩემი მეუღლე სრულად განვკურნე კიბოსგან და ჩვენი დაოჯახების მეათე თვეზე მაიკომ ულამაზესი ქალ-ვაჟი გააჩინა. მაიკოს ოჯახის წევრები სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ, იმავდროულად კი, უკიდურესად გაოცებულნი იყვნენ მაიკოს სასწაულებრივი გამოჯანმრთელებით.
ჩემი ტყუპები რომ ერთი წლის გახდნენ, დაბადების დღეზე მაიკოს მთელი ოჯახი გვეწვია. დიდი ქეიფი გავმართეთ. ჩემი სიმამრი საკმაოდ შექეიფიანდა და სანამ წავიდოდნენ, გვერდით გამიხმო და მითხრა:
– სიმართლე გითხრა, სასწაულების არ მჯერა. მაინცდამაინც არც ღმერთის... და მითხარი, რა მოხდა? მაიკო როგორ გამოჯანმრთელდა?
სიმამრს ვუთხარი:
– რენტგენი შეცდა. მაიკო სრულიად ჯანმრთელი იყო. სავარაუდოდ, შეცდომით, სხვისი სურათი მოგცეს.
– გამორიცხულია. მაიკოს ორჯერ გადავუღე რენტგენი და ორჯერვე სხვისი სურათი მომცეს? თანაც, შარშან, შენ რომ მივლინებაში იყავი წასული, მაიკოს კვლავ გადავუღე რენტგენი და ექიმი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. მითხრა, სასწაულია, მეტასტაზების ნატამალიც აღარ ჩანს მაიკოს ორგანიზმში, სუფთაა და როგორ შეძელი განკურნებაო.
ჩემი სიმამრის სიტყვები დიდ საშიშროებაზე მიუთითებდა და ვკითხე:
– თქვენ რა უპასუხეთ?
– მოვატყუე, რომ თითქოს მოსკოვში მყავდა და აკადემიკოსმა ქიმიით განკურნა. თუმცა, ექიმმა ეს არ დაიჯერა. ცდილობდა, ჩემთვის არ ეგრძნობინებინა. სიმართლე მითხარი, რა მოხდა, როგორ განიკურნა მაიკო?
– ჩემთან შეუთანხმებლად მაიკო რენტგენზე არ უნდა მიგეყვანათ. მაგრამ ახლა ამას რა აზრი აქვს? მე გამოვაჯანმრთელე. თუმცა, ამის შესახებ არავისთან არაფერი თქვათ. მით უმეტეს, იმ ექიმთან.
ჩემი სიმამრის მეტიჩრობა შეიძლება, ძალიან ცუდად დამჯდომოდა და არც შევმცდარვარ. ერთ დღეს ვიღაც უცნობი მამაკაცი მეწვია სამსახურში და მითხრა:
– თქვენთან სარფიანი წინადადება მაქვს და ყურადღებით მომისმინეთ.
– ბრძანეთ, ბატონო, გისმენთ.
– იცით, გარკვეული ჯგუფი თქვენ დიდ ფულს გთავაზობთ. სამაგიეროდ კიბოს წამლის რეცეპტის გადაცემას მოითხოვს და გირჩევთ, არ გაჯიუტდეთ.
მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ტანში გამცრა. თუმცა, ვცდილობდი, ეს უცნობს არ ეგრძნო. მას მშვიდად ვუთხარი:
– მეგობარო, თქვენ, ალბათ, ხუმრობის ხასიათზე ხართ...
– ვგავარ ხუმარას? – ირონიით მითხრა უცნობმა.
ნერვები მოვთოკე. აშკარა იყო, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიმყოფებოდი და ვიზიტიორს ვუთხარი:
– თქვენ ვერაფერს გეტყვით, ის ადამიანები დამიკავშირდნენ, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ. მათთან მექნება სერიოზული სალაპარაკო.
– კეთილი, მასე იყოს. მალევე დაგიკავშირდებიან. მე კი წავედი. მშვიდობით!
ორი დღის შემდეგ სამსახურში სახელმწიფო ჩინოვნიკი მომადგა. მან თავისი ვინაობა ასე გამაცნო:
– ვიზების განყოფილების კურიერი გახლავართ.
– მე მგონი, მისამართი შეგეშალათ, მეგობარო, – ვთქვი მე, რადგან ამ პროფესიის წარმომადგენელს ნამდვილად არ ველოდებოდი.
– არა, ბატონო. სწორ მისამართზე ვარ მოსული. აი, თქვენი ვიზა და ბილეთები. ამ საღამოს მიფრინავთ. არ დააგვიანოთ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, – მითხრა კურიერმა. სქელი, დიდი კონვერტი დამიტოვა და წავიდა.
კონვერტში თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავისა და მოსკოვი-ჟენევის თვითმფრინავის რეისების ბილეთები იყო მოთავსებული. ასევე, ჩემი საზღვარგარეთული პასპორტი და მოსაწვევი ვიზა შვეიცარიიდან. მოსაწვევი, შვეიცარიის ექიმთა ასოციაციიდან იყო გამოგზავნილი. თავდაპირველად ჩემს გაოცებას საზღავრი არ ჰქონდა. ეს ყველაფერი, ეგრეთ წოდებული, უძრაობის („ზასტოის“) პერიოდის პიკში ხდებოდა. მაგრამ, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, თუ რა ძალასთან მქონდა საქმე. ამ ადამიანებისთვის არც საზღვრები არსებობდა, არც „რკინის ფარდა“ და არანაირი შეზღუდვები. მოსკოვში არავინ დამხვედრია. თუმცა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ უხილავი თვალი წამით არ მშორდებოდა. ჟენევაში კი შემინულ „ლიმუზინში“ ჩამსვეს და ისე მიმიყვანეს დანიშნულების ადგილზე, რომ ჩაბნელებული შუშებიდან არაფერი დამინახავს. როდესაც უფანჯრებო ოთახში შევედი, იქ ერთი შუახნის მამაკაცი დამხვდა. მას არც თავისი ვინაობა უთქვამს და ჩემდა გასაკვირად, ქართულად დამელაპარაკა:
– უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ თქვენ კიბოს წამლის რეცეპტი გაქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ფასზე შევთანხმდებით. ხოლო ჩვენი შეხვედრისა და შეთანხმების ამბავს კი არსად მოყვებით. თქვენს სახელზე ჟენევის ბანკში ანგარიში გაიხსნება და შეგიძლიათ, ნებისმიერი ვალუტით ისარგებლოთ, როგორც საბჭოეთში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ, ოჯახთან ერთად გაემგზავროთ საცხოვრებლად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
აშკარა იყო, რომ სუპერძალასთან მქონდა საქმე, გლობალური შესაძლებლობების ჯგუფთან. კიბოს რეცეპტში იმდენი ფული მომცეს, რომ ჩემს საგვარეულოს ათასი წელი ეყოფოდა. თბილისში 24 საათის შემდეგ დავბრუნდი. ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და ერთი რამ მანუგეშებდა, ანუ ის, რომ ამ ძალამ არ იცოდა უნივერსალური აბის შექმნის შესახებ. პანაცეისა, რომელიც ბაბუაჩემის ბაბუის ექსპერიმენტების გაგრძელება იყო და რომელიც წარმატებით დავასრულე. თუმცა, ამის გამხელისა და გამოყენების საშუალება არ მქონდა და იმედია, რომ მოვა დრო, როცა ჩემი უნივერსალური რეცეპტი ადამიანებს ჯანმრთელობას, სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ბედნიერებას მოუტანს.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





