რომანი და დეტექტივი

სიკვდილის შიში

№24

ავტორი: ნია დვალი 20:00

სიკვდილის შიში
დაკოპირებულია

იანვარი, ჩვეულებისამებრ, ქარიანი გამოდგა, თითქოს ბუნებამაც გადაწყვიტა, ჩემი სულიერი სიმშვიდის დასასრული გამოეტირებინა. ქარი საძინებლის ფანჯარას აწყდებოდა და ზმუოდა და იმ ავდრიან ღამეს კიდევ უფრო აავდრებდა. თვალგახელილი ვიწექი და ჩვენი ბინის მაღალ ჭერს მიშტერებული ჩემი ქმრის სუნთქვას ვუსმენდი. დიტო ძილში შფოთავდა და დროდადრო სლუკუნისმაგვარ ხმებს გამოსცემდა. ოცი წლის თანაცხოვრების განმავლობაში მისი ყველა ჩვევა, ყველა მოძრაობა შევისწავლე, თუმცა ბოლო ექვსი თვეა, ჩემ გვერდით თითქოს უცხო ადამიანი იყო. დიტო თითქოს გამოცვალეს. მისგან შიშის მძაფრი სუნი მოდიოდა, იქნებ მეჩვენებოდა კიდეც, მაგრამ ამ მჟავე არომატს ვერც მისი საყვარელი სუნამო ფარავდა და ვერც ძვირად ღირებული კონიაკის მძაფრი სუნი ახშობდა, რომელიც მისი თითოეული საღამოს განუყრელი თანამგზავრი გახდა. ეს არც მიკვირდა, მხოლოდ ჩემგან მის გაუცხოებას ვერ ვხსნიდი.

ორმოცი წლის ვარ და კერძო სამედიცინო ლაბორატორიების ქსელის მეპატრონე. ჩემი ცხოვრება გათვლილი და გაზომილია, ეყრდნობა ფაქტებს, რიცხვებსა და დიაგნოზებს და ვგრძნობდი, რომ, რაც ჩემს ოჯახში ხდებოდა, ამის დიაგოზი შეუქცევადი სტადია იყო. დიტოს ქცევა შემოდგომის დადგომისთანავე შეიცვალა. თავიდან ეს იმდენად უმნიშვნელო წვრილმანებში ვლინდებოდა, რომ არც კი ვაქცევდი ყურადღებას და ჩემებურად ვხსნიდი. ჩემმა ქმარმა გარდერობი განაახლა, ჩემი აზრით, შეუფერებლად „თინეიჯერულად“ იცვამდა. სამსახურში აგვიანებდა. მობილურ ტელეფონზე პაროლი გამოცვალა და როგორც ადრე, აღარ ტოვებდა, სადაც მოუხერხდებოდა. ძვირად ღირებულ სუნამოებს ყიდულობდა და რაღაც მომენტში ეს მისი სუნამო უცხო სურნელს ერეოდა მის ტანსაცმელზე. სკანდალები არ მომიწყვია, უბრალოდ, ვაკვირდებოდი, როგორც ქირურგი, ველოდებოდი მომენტს, რომ ჩირქგროვა ერთი ზუსტი მოძრაობით მომეკვეთა.

კვირა დილა ჩვეულებრივ დაიწყო: რვა საათზე ავდექი, ეს უკვე ჩვევად მექცა. ჩავიცვი ჩემი საყვარელი ღუნღულა ხალათი და სამზარეულოში გავედი. ჩემი ბინა ჩემი სიამაყე და ნავსაყუდელი იყო – დიდი და ნათელი, საიმედო და გემოვნებით გაფორმებული. ინტერიერის თითოეული დეტალი მე შევარჩიე და დიტო აქ უფრო სტუმარი იყო, სასურველი სტუმარი, რადგან არასდროს ერეოდა ბინის მოწესრიგებაში, მხოლოდ სარგებლობდა იმ კომფორტით, რაც აქ იყო.

ყავის აპარატი ჩავრთე... დაახლოებით, ნახევარ საათში დიტოც გამოვიდა საძინებლიდან. დათრგუნული იერი ჰქონდა, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავდა და თვალების ქვეშ შავი რგოლები გამოჰკვეთოდა. ჩემკენ არც გამოუხედავს, ისე ჩაიბურდღუნა:

– დილა მშვიდობისა.

მეც იგივე ვუსურვე და წინ ყავის ჭიქა დავუდგი.

– დღეს სახლში ხარ? – ვკითხე და ჩემს ამ უვნებელ კითხვაზე, რატომღაც, შეკრთა.

– არა, ოფისში უნდა გავიდე, ტენდერის საკითხია გასარკვევი, – დიტომ უტიფრად იცრუა და რომ არ მცოდნოდა, რომ ტენდერის ამბავი საბოლოოდ იყო გარკვეული, ჩემი ქმრის ჭიქაზე აკანკალებული თითების კაკუნი მიმახვედრებდა, რომ იტყუებოდა. უხმოდ ვსვამდით ყავას დამთრგუნველ სიჩუმეში, რომელიც ჩვენ შორის დაძაბულობის სქელ ღრუბლად ჩამოწოლილიყო. უცებ კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. მჭახე ხმა სივრცეში ისე მკვეთრად შემოიჭრა, რომ დიტო შეკრთა და გაფითრდა:

– ვინ უნდა იყოს?

– გავალ და ვნახავ, – მშვიდად ვუთხარი და ავდექი.

კართან მივედი და გავიხედე: კართან გოგონა იდგა, ახალგაზრდა და საკმაოდ გამომწვევად ჩაცმული, მიუხედავად სიცივისა. მუშტს ისეთი ძალით ურტყამდა კარს, რომ დავინტერესდი და კარი გავაღე. აშკარად არ მელოდა და წამით დაიბნა, მაგრამ წამსვე ცინიკური და ქედმაღლური გამომეტყველება მიიღო.

– სად არის?! სად არის დიტო?! – შეჰყვირა.

– ბატონი დიმიტრი საუზმობს, – მშვიდად და ცივად ვუპასუხე: თქვენ ვინ ხართ – კურიერი თუ რომელიმე სექტის აგიტატორი?

– გამეცალე, ბებერო, – დამიყვირა ექსცენტრულმა სტუმარმა და უცერემონიოდ მკრა ხელი. შემეძლო იმავეთი მეპასუხა ან კარი ცხვირწინ მიმეხურა, მაგრამ უკან დავიხიე. ბრაზს ცნობისმოყვარეობამ სძლია: სპექტაკლი დაიწყო და მინდოდა, ეს ფარსი ბოლომდე მენახა. გოგონა ბინაში ქარიშხალივით შემოიჭრა და პარკეტზე ტალახიანი კვალი დატოვა. ახლად მოდუღებული ყავის არომატმა სამზარეულოსკენ ბუნებრივად წაიყვანა.

– დიტო, დიტო, – ყვიროდა გზადაგზა, – გეყოფა დამალვა!

მე აუჩქარებლად დავკეტე შემოსასვლელი კარი. ხალათის ქამარი შემოვიჭირე და ისტერიულ სტუმარს უკან გავყევი. ჩემი ქმარი წამომხტარიყო და მაცივარს მიჰკვროდა. დაუპატიჟებლად შემოჭრილი გოგონა კი მის წინ იდგა დოინჯშემოყრილი.

– ლიკა, რატომ მოხვედი? ჩვენ ხომ შევთანხმდით?! – გაუბედავად ჰკითხა დიტომ.

– შევთანხმდით?! – კიდევ უფრო შემზარავი ხმით დაიყვირა გოგონამ და ჩანთაში ჩაძვრა. ცოცა ხნის შემდეგ ჩანთიდან თეთრი, პლასტმასის ტესტი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო:

– აი, ჩვენი შეთანხმება! შეხედე! – ტესტზე აშკარად ჩანდა ორი მკაფიო წითელი ხაზი და ახლა უკვე მე მომიბრუნდა:

– შენი ქმრისგან შვილს ველოდები! მემკვიდრე ეყოლება, რასაც შენგან ვერ ეღირსა.

ეს წელს ქვემოთ დარტყმა იყო, ზუსტი და სასტიკი. როგორც ჩანს, მან იცოდა ჩემი დარდისა და ტკივილის შესახებ. ჩვენ გვყავდა ქალიშვილი, რომელიც ახლა საფრანგეთში სწავლობდა და კიდევ გვყავდა ვაჟი, რომელიც ჩვილობისას დაგვეღუპა და ამ ტრაგედიამ ორივე გაგვანადგურა. არ ვიცი, რატომ უამბო ეს ამბავი დიტომ ამ აშარ გოგოს, მაგრამ ფაქტია, უამბო. როგორც ჩანს, ჩემი ტკივილი სახეზე აღმებეჭდა და გოგონამ გადაწყვიტა, ბოლომდე მომწოლოდა:

– წადი ამ სახლიდან. აქ ჩვენ ვიცხოვრებთ! ბავშვს სივრცე სჭირდება.

უნებლიეთ გამეღიმა: ჩემ წინ იდგა ახალგაზრდა პროვინციელი ქალი, სულელი და სიმდიდრეს დახარბებული.

– დაბრძანდით, – მივუთითე სკამისკენ, მე კი ყავის აპარატისკენ შევბრუნდი. გამოყენებული კაფსულა გადავაგდე და ახალი ჩავდე – ეს რიტუალი საოცრად მამშვიდებდა.

– არ დავჯდები! – წამოძახა გაანჩხლებულმა, – დაყრუვდი?! გითხარი, წადი აქედან-მეთქი! დიტო, უთხარი ბოლოს და ბოლოს! გამოუტყდი ყველაფერში! სიმართლე უთხარი, რომ გიყვარვარ, რომ ჩვენ ოჯახი ვართ!

დიტო მაგიდაზე დადებულ ტესტს, გოგონას მუცელსა და ჩემ შორის აცეცებდა თვალებს. ხაფანგში გაბმულ ცხოველს ჰგავდა.

– ლიკა, გაჩუმდი, გთხოვ, გავიდეთ გარეთ და დავილაპარაკოთ.

ლიკა კი ფეხებს აბაკუნებდა და ყვიროდა:

– დავიღალე ამდენი ლოდინით. სამი თვეა, მპირდები, რომ განქორწინდები. მიმტკიცებ, რომ ცოლი გეზიზღება. ვიცი, ბებერი ქალია და იმიტომ ხარ მასთან ერთად, რომ გებრალება, უშენოდ დაიღუპება.

ამ ყოველივეს გულისყურით ვუსმენდი, ვინაიდან მაინტერესებდა, როგორი ფანტაზია ჰქონდა ჩემს ქმარს და ერთგვარად იმედგაცრუებულიც დავრჩი – ბანალური ისტორია შეეთხზა.

– ესე იგი, ჩემთან, ბებერსა და ცივთან, სიბრალულის გამო ცხოვრობს?! საინტერესო ინტერპრეტაციაა, – შემდეგ ლიკას მივუბრუნდი:

– და იცი, ვისია ეს ბინა?

– არ მაინტერესებს, ვისია. გაყრის შემდეგ ქონება იყოფა, ხოლო, რაკი ჩვენ ბავშვს ველოდებით, ჩემმა მეგობარმა იურისტმა მითხრა, რომ დიტოს უფრო დიდი წილი შეხვდება.

- ეტყობა, შენი მეგობარი არც თუ კარგი სპეციალისტია. ეს ბინა მშობლებმა მაჩუქეს, სხვათა შორის, სანამ დავქორწინდებოდით და ვერანაირად ვერაა ერთობლივი ქონება. ისევე, როგორც აგარაკი. არც ჩემი კლინიკებია ერთობლივი ქონება. ისიც მამაჩემმა მაჩუქა. დიტოსი მხოლოდ მანქანაა.

ლიკა დაიბნა და ჩემს ქმარს მიუტრიალდა:

– რასაც ეს ამბობს, სიმართლეა?! შენ სულ სხვას მეუბნებოდი, რომ ყველაფერი შენია, რომ ბიზნესი გაქვს...

ჩემმა ქმარმა თავი ჩაქინდრა. მე ვფიქრობ, უიმედობის და არა სირცხვილის გამო და ამოილუღლუღა:

– მე გენერალური დირექტორი ვარ. ეს თანამდებობაა. მაღალი...

– შენ დაქირავებული დირექტორი ხარ. მე თავად დავამტკიცე შენი კანდიდატურა და ხელფასის ოდენობაც მე განგისაზღვრე. ის ხელფასი, რომელსაც, როგორც ჩანს, ამ არსებას ახარჯავდი.

სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა. სახეზე ეწერა, რომ ლიკა მოსმენილს აანალიზებდა. ის უზრუნველი ცხოვრება, რომელიც ეგონა, რომ ჯიბეში ჰქონდა, ხელიდან ეცლებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, დანებებას არ აპირებდა:

– ბინა არ მაინტერესებს, იმიტომ რომ დიტოს ორი ფეხი და ხელი აქვს და მხრებზე – თავი. ფულს იშოვის. ბინასაც ვიქირავებთ. სიყვარული გვექნება და პატარა გვეყოლება! შენ კი დარჩი აქ, შენს უსულო ავეჯთან და ფულთან, შე ბებერო! – დამიყვირა უცებ და დიტოს მიუბრუნდა:

– ახლავე წამომყევი. ამ ძუნწ ბებერთან არც ერთი წუთით არ დაგტოვებ.

ლიკა ჩემს ქმარს ექაჩებოდა, ის თითქოს არ მიჰყვებოდა და უძალიანდებოდა, მერე დაჰყვებოდა მის ნებას და ერთიოდე ნაბიჯით გაათრევინებდა თავს. ამ სცენის ყურება საკმაოდ გულისამრევი იყო. ისინი ერთმანეთს აშკარად იმსახურებდნენ, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი, მე რით დავიმსახურე ის ისტორია, რომელშიც აღმოვჩნდი?!

მაინც მძლია სანახაობისადმი სიყვარულმა, მით უფრო, რომ ჯოკერი ისევ ჩემს ხელში იყო. ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ორივეს მივმართე:

– არავინ არსად მიდის, ყოველ შემთხვევაში, სანამ ერთ მნიშვნელოვან საკითხს არ განვიხილავთ.

ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ სულწასული ისევ ლიკა აღმოჩნდა:

– რა საკითხს?

მე ჩემს ქმარს მივუბრუნდი:

– შენ ეტყვი, თუ ისევ მე ვუთხრა?!

დიტოს თვალებში სასოწარკვეთილება და შიში აესახა:

– ის მიხვდა, რის თქმას ვაპირებდი და მუდარით შემომხედა:

– გთხოვ, არ გინდა. ძალიან გთხოვ.

ლიკა კიდევ უფრო გაღიზიანდა:

– რა, ვალები აქვს?! არა უშავს, გადავიხდით, – და ისევ დაეჭიდა ხელზე ჩემს ქმარს.

მე მათ მივუახლოვდი.

– არანაირი ვალები არ აქვს, – შემდეგ მოვტრიალდი და სკამზე დავჯექი. ფეხი ფეხზე გადავიდე, ყავა ისევ მოვწრუპე და განვაგრძე:

– შენ აფრიალებ ამ ტესტს და, თან, დარწმუნებული ხარ, რომ მემკვიდრეს უჩენ, მაგრამ აქ ერთი მაგრამაა...

– არ მითხრა ახლა, რომ დიტო უშვილოა. მისგან ვარ ორსულად, – იქედნურად ჩაიცინა ლიკამ და ისევ სცადა დიტოს გათრევა კარისკენ. ამჯერად დიტომ უხეშად მოიშორა მისი ხელი.

– არა, დიტო, უშვილო არ არის და მე ეჭვიც არ შემიტანია თქვენს მისადმი ერთგულებაში. უბრალოდ, დიტოს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, პროსტატის, მეოთხე სტადია. მეტასტაზები...

და ამ დროს ლიკამ დიტოს ხელი მკვეთრად გაუშვა, თითქოს მიკარებით რამე გადაედებოდა. მაგრამ მაშინვე დოინჯი შემოიყარა და დამიყვირა:

– ბოროტი ბებერი ხარ. მატყუებ. მე ხომ ვიცი, როგორი აქტიურია დიტო...

– იქნებოდა, ეს ჰორმონების უკანასკნელი აფეთქებაა. ორგანიზმის უკანასკნელი გაბრძოლება, – სხვა დროს მსგავს რამეს არ ვიტყოდი, მაგრამ ჩემი ქმარი შემეცოდებოდა, მაგრამ არა ახლა: სიმართლეს ვამბობ, დიტომ სამი თვის წინათ გაიგო ამის შესახებ.

ეს რომ ვთქვი, ლიკამ თვალებგაფართოებულმა შეხედა ჩემს ქმარს და მე დავასწარი:

– დიახ, შენ მისთვის წამალივით იყავი, სიცოცხლის ილუზიას უქმნიდი.

ლიკა დაიბნა, ამიტომ მე მომენტით ვისარგებლე და წინ საქაღალდე დავუდე.

– ეს დიტოს, შენი შვილის მამის ავადმყოფობის ისტორიაა, ანალიზები, ბიოფსიის შედეგები. მაქსიმუმ, ერთ წელიწადს თუ იცოცხლებს და ისიც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებით თუ დაიამებს იმ ტკივილებს.

ლიკა დიტოს მიუბრუნდა:

– სიმართლეს ამბობს?!

ჩემმა ქმარმა თავი დაუქნია:

– მაპატიე... მეშინოდა, მეთქვა. შენთან ყველაფერი მავიწყდებოდა...

– გავიწყდებოდა?! ესე იგი, იცოდი, რომ მოკვდებოდი და ამას ივიწყებდი?! მიყენებდი. დამაორსულე კიდეც?! გინდოდა, ობლად დაგეტოვებინა?!

– შენ ხომ მეუბნებოდი, რომ გიყვარვარ?

ჩემი ქმარი შემეცოდა, ხავსს ეჭიდებოდა.

– მიყვარდი?! მე მხოლოდ ოცდაოთხი წლის ვარ! რაში მჭირდება მომაკვდავი იმპოტენტი? იმას ვუყურო, როდის ამოგხდება სული?!

ვუსმენდი და ვერ ამეხსნა, რატომ იყო ასეთი ახალგაზრდა ქალი ასეთი დაუნდობელი და გაბოროტებული. მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე მიმეტანა იერიში.

– დიტოს ჰორმონული თერაპია აქვს დანიშნული. შესაბამისად, ნაყოფი, დიდი ალბათობით, ჯანმრთელი ვერ დაიბადება... სამწუხაროდ.

ლიკა წამოჭარხლდა. დასწვდა მაგიდაზე დადებულ ტესტს, გადაამტვრია და ისევ დაიყვირა: დღესვე აბორტს გავიკეთებ. შენ კი, შენ კი... – დიმიტრის სიძულვილით აღსავსე თვალები მიაპყრო, – გისურვებ, მალე ჩაძაღლდე! – შეტრიალდა და ბინიდან შურდულივით გავარდა.

სამზარეულოში კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. დიტო სამზარეულოს იატაკზე იჯდა.

– ადექი, იატაკი ცივია, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

– გამაგდებ? – მე თავი გადავაქნიე უარის ნიშნად და წამოვაყენე. ახლაღა მივხვდი, რომ ძალიან გამხდარიყო. ბრაზი გამიქრა და ძალიან შემეცოდა. შემეცოდა, როგორც ადამიანი.

– ხდება ხოლმე... მკურნალობას თავიდან დაიწყებ. ისრაელის კლინიკას უკვე ველაპარაკე. კარგი შედეგები აქვთ. კარგად იქნები, – გავუღიმე, – მეც წამოგყვები. ნუ გეშინია.

– მაპატიე. სიკვდილის მეშინია... მრცხვენია ჩემი საქციელის, მაგრამ იმდენად ჩავერთე, რომ დავიჯერე და თავი ისევ ჯანმრთელად წარმოვიდგინე.

– მესმის, – ვუთხარი გულწრფელად, – წადი, შხაპი მიიღე.

როდესაც დიტო სააბაზანოში შევიდა, დამტვრეული ტესტი ურნაში გადავუძახე. ოცი წლის თანაცხოვრებას ვერ გადავაყოლებდი ერთ ტუტუც გოგოს და გატუტუცებულ ჩემს ქმარს, თუნდაც, იმიტომ რომ არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა, თუკი გაიგებს, რომ ამ დედამიწახე უკანასკნელ თვეებს ითვლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი