რომანი და დეტექტივი

ჭრელი ლენტი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.06, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23(1119)

– ჩვეულებრივ, შიგნიდან იკეტებოდით ხოლმე ოთახებში?

– აკი, გითხარით, რომ როილოტს მონადირე ავაზა და მაიმუნი ჰყავს, რომლებიც ყველგან თავისუფლად დანავარდობენ. ჩვენ მშვიდად ძილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ კარს შიგნიდან ჩავკეტავდით.

იმ ღამეს ვერა და ვერ დავიძინე. გარდაუვალი უბედურების გაურკვეველმა, ბუნდოვანმა წინათგრძნობამ შემბოჭა. უკვე გითხარით, რომ ჩვენ ტყუპი ვიყავით და კარგად მოგეხსენებათ, როგორ სათუთად და ფაქიზად უყვართ დედმამიშვილებს ერთმანეთი და ისიც, ტყუპებს. უჟმური ღამე იდგა. ქარი მძვინვარებდა და წვიმის წვეთები ფანჯრებს ეხეთქებოდა. უცებ ეს გუგუნი ქალის ამაზრზენმა კივილმა გაჰკვეთა. ჩემი დის ხმა ვიცანი. ოთახიდან გამოვვარდი თუ არა, სწორედ ისეთი დაბალი სტვენის ხმა მომეყურა, როგორიც წინა საღამოს ჩემმა დამ ამიწერა, მერე, თითქოს, ლითონის ნაჭრის დავარდნის ხმაც გავიგონე. ჯულიას ოთახთან მივირბინე, კარი ნახევრად ღია იყო. დერეფანში დადგმული ლამპის სინათლეზე დავინახე, რომ კარის ზღურბლზე ჩემი და მთვრალივით გამობარბაცდა, იგი სრულიად ფერმიხდილი იყო და თითქოს მშველელს იხმობსო, ხელები წინ გამოეწვდინა. მერე მუხლებმა უმტყუნა და იატაკზე ზღართანი მოადინა. ეტყობოდა, საშინელი ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა, კიდურები ერთიანად უკანკალებდა. მისკენ დავიხარე თუ არა, უცებ ისეთი ხმით დაიკივლა, რომ იმ ხმას ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ.

– ოჰ, ღმერთო ჩემო! ჰელენ! ის ლენტი იყო! ჭრელი ლენტი!

კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, თითი დოქტორ როილოტის ოთახისკენ გაიშვირა, მაგრამ კრუნჩხვამ ახალი ძალით დარია ხელი და სათქმელი პირში შეატოვა. ჩემს მამინაცვალს ვუხმობდი, მაგრამ ის უკვე საშინაო ხალათმოსხმული, ჩემკენ მოიჩქაროდა. ყოველივე ამაო გამოდგა. ჯულია ისე გარდაიცვალა, რომ გრძნობაზე აღარ მოსულა. ასეთი საშინელი აღსასრული ხვდა წილად ჩემს საყვარელ დას...

– ერთი წუთით შეგაწყვეტინებთ, – ჩაურთო ჰოლმსმა, – დარწმუნებით შეგიძლიათ, თქვათ, რომ სტვენა და ლითონის დაბლა დაცემის ხმაური გაიგონეთ? შეგიძლიათ, ეს ფიცით დაადასტუროთ?

– სწორედ ამას მეკითხებოდა გამომძიებელიც. ჩემი მტკიცე რწმენითა და შეგრძნებით კარგად მახსოვს, რომ ნამდვილად გავიგონე, მაგრამ ქარის სისინისა და ძველი სახლის ჭრაჭაჭრუჭის გახსენებისას ეჭვები მერევა და ვიბნევი.

– თქვენი და ჩაცმული იყო?

– არა, საღამური ეცვა. მარჯვენა ხელში დამწვარი ასანთის ღერი ეჭირა, მარცხენაში კი ასანთის ყუთი.

– ეს იმას მიანიშნებს, რომ მან ასანთი გაჰკრა და ნახა ის, რამაც შეაშინა. ეს ძალიან საყურადღებო დეტალია.

– ძიებას დიდი გულისყურით მოეკიდნენ, ვინაიდან როილოტის ანჩხლი ბუნებისა და ახირებული ხასიათის ამბავი ყველამ კარგად უწყოდა, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. კარი შიგნიდან იკეტებოდა ხოლმე და ფანჯრებზე დარაბები რკინის ფართო, საიმედო ურდულებით ირაზებოდა. გარკვეული და დადგენილია, რომ თავის აღსასრულს ჩემი და სრულიად მარტო შეხვდა. ამას გარდა, ძალადობის ნიშნებიც ვერ აღმოაჩინეს. ჩემი ღრმა რწმენით, მას შიშმა და ნერვიულმა შოკმა მოუღო ბოლო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რამ ან ვინ შეაშინა.

– რა უნდა ვიგულისხმოთ თქვენი დის სიტყვებში – „ლენტი, ჰელენ! ჭრელი, წინწკლებიანი ლენტი“?

– ხანდახან მგონია, რომ მომაკვდავის ბოდვა იყო.

ჰოლმსმა თავი იმგვარად გააქნია, ეტყობოდა, პასუხით კმაყოფილი არ იყო, – გთხოვთ, განაგრძოთ.

– ორი წელია, რაც სრულ სიმარტოვეში ვიმყოფები. ერთი თვის წინ, ერთმა ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა პატივი დამდო და ხელი მთხოვა. ჩემი საქმრო გვარად ერმიტეჯია და სახელად პერსი ჰქვია. მამინაცვალი თანახმაა, რომ მას გავყვე და ჩვენ გაზაფხულზე უნდა ვიქორწინოთ. ორი დღის წინ სახლის დასავლეთ ნაწილში რაღაც აღდგენითი სამუშაოები წამოიწყეს, ჩემი საწოლის კედელი დაანგრიეს და მე ახლა ჩემი განსვენებული დის ოთახში, სწორედ იმ საწოლზე მძინავს, რომელზედაც იმ უბედურს ეძინა. წარმოიდგინეთ, როგორი ჟრუანტელის მომგვრელი იქნებოდა, როცა ძილგამფრთხალსა და აკანკალებულს მთელი ღამე არ მეძინა და სწორედ ის ავისმაუწყებელი სტვენა მომესმა, რომელიც წინ უსწრებდა ჩემი დის სიკვდილს. წამოვხტი და ლამპა ავანთე, მაგრამ ოთახში ჩემ გარდა არავინ იყო. შიშისგან აცახცახებულს, კვლავ ლოგინში ჩაწოლა აღარ შემეძლო, ტანსაცმელი ჩავიცვი და ინათა თუ არა, რჩევა-დარიგებისთვის თქვენკენ გამოვეშურე.

– ყველაფერი მითხარით?

– დიახ.

– არა, თქვენ ხელს აფარებთ მამინაცვლის ავკაცობას, – ჰოლმსმა ქალის მაჯას ხელი წაატანა, სახელოზე მოკერებული ყაითანი გადაუწია და ხუთი უხეში თითისაგან ჩასისხლიანებულ, ძალადობის აშკარა ნიშანზე მიუთითა.

ქალი წამოწითლდა და გაშიშვლებულ ხელზე სახელო ჩამოიწია.

– დაყოვნებაც არ შეიძლება. თუ დღესვე სტოკ მორენში გავჩნდებით, შევძლებთ თუ ვერა, ისე დავათვალიეროთ სახლი, რომ თქვენმა მამინაცვალმა ვერაფერი შეიტყოს?

– დილით მითხრა, დღეს აუცილებელ საქმეზე ქალაქში უნდა წავიდეო. ხელს ვერავინ შეგიშლით. თორმეტი საათისათვის შინ ვიქნები, რომ ადგილზე დაგხვდეთ. მოუთმენლად დაგელოდებით!

მან შავი პირბადე ჩამოიწია და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი უეცრად გაიღო და თავს ვიღაც წამოგვადგა. მისი სამოსი ექიმისა და მემამულის ტანსაცმლის ნარევს წარმოადგენდა. თავზე შავი ცილინდრი ეხურა და ხელზე მონადირის შოლტი შემოეხვია. ისეთი ზორბა იყო, რომ ქუდი კარის ზედა ჩარჩოს ებჯინებოდა. მზემოკიდებული, ტლანქი სახე, ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი ავისმეტყველი თვალები და თხელი, კეხიანი ცხვირი რომელიღაც ძველ მტაცებელ ფრინველს ამსგავსებდა.

– რომელი თქვენთაგანია შერლოკ ჰოლმსი? – იკითხა ბოლოს მოჩვენებამ.

– ეს ჩემი სახელი და გვარია, – მშვიდად მიუგო ჩემმა მეგობარმა, – მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე სტოუკ მორანელი ექიმი გრიმესბი როილოტი ვარ.

– აქ იყო ჩემი გერი. მე მას კვალდაკვალ მოვყვები. რაო, რა გითხრათ? თქვენზე გამიგონია, ყველას საქმეში ეჩრებაო.

ჰოლმსმა გულიანად გადაიხარხარა.

– აქედან როცა წახვალთ, კარი გაიხურეთ, თორემ ორპირი ქარი უბერავს.

– ჩემს საქმეებში არ ჩაერიოთ! ვიცი, რომ მის სტონერი აქ იყო, გითხარით, ფეხდაფეხ მოვყევი-მეთქი. მე ძალიან ავი და საშიში კაცი ვარ!

იგი სწრაფად წავიდა ბუხრისკენ, ცეცხლის საჩხრეკი რკინა აიღო და მზემოკიდებული ხელებით თვალის დახამხამებაში დაგრიხა.

– გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ეცადეთ, ხელში არ ჩამივარდეთ!

დაგრეხილი რკინა ბუხარში შეაგდო და ოთახიდან გავიდა.

– ძალიან თავაზიანი კაცი ჩანდა, – სიცილით თქვა ჰოლმსმა, – ეს რომ თქვა, დაგრეხილი რკინის საჩხრეკს ხელი წამოავლო და უცებ გაასწორა. – ეს ინციდენტი ჩვენს ძიებას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. იმედი მაქვს, ჩვენს პატარა მეგობარს ვნება არ მოუვა. ვისაუზმოთ, მერე მე ერთ-ორ კაცს მოვინახულებ და შინ მალევე მოვბრუნდები.

დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როცა შერლოკ ჰოლმსი შინ დაბრუნდა. ხელში აჭრელებული ლურჯი ქაღალდი ეჭირა.

– ჩვენი უცნაური სტუმრის განსვენებული მეუღლის ანდერძი ვნახე. შემოსავლის საერთო თანხას ქალის გარდაცვალებამდე ათას ას სტერლინგამდე მიუღწევია. ანდერძის მიხედვით, გათხოვების დროს ქალიშვილებს, თითოეულს ორას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი უნდა დანიშვნოდათ. ნათელია, თუ ორივენი გათხოვდებოდნენ, მაშინ როილოტის წლიური შემოსავლიდან აღარაფერი დარჩებოდა. ახლა თქვენთვის ნათელია, რომ მთელი ეს დილა ცუდუბრალოდ არ დამიკარგავს. მე დავადგინე, რომ მამინაცვალს გერების გათხოვების საწინააღმდეგოდ ძალიან სერიოზული მოტივი ამოძრავებდა. კებს დავუძახოთ და ვატერლოოს სადგურისაკენ გავეშუროთ. ძალიან დაგიმადლებთ, თუ რევოლვერს თან წამოიღებთ.

* * *

ჩვენი დილანდელი სტუმარი მხიარულად შემოგვეგება.

– ოჰ, როგორ მოუთმენლად გელოდით, – თქვა მან და ხელი გულთბილად ჩამოგვართვა.

– ჩვენ სიამოვნება გვქონდა, თქვენი მამინაცვალი გაგვეცნო, – ჰოლმსმა რამდენიმე სიტყვით მოკლედ მოუთხრო მის სტონერს როილოტის სტუმრობის ამბავი. მის სტონერი ყურადღებით გვისმენდა და თან ფერფური მისდიოდა.

– ღმერთო მოწყალეო, – წამოიყვირა მან, – ისე გამოდის, ჩემთვის კვალდაკვალ უდევნია. ალბათ, მის კლანჭებს თავს ვერასოდეს დავაღწევ. ნეტავ რას მეტყვის, როცა დაბრუნდება?

– საკუთარ თავს მიხედოს, თორემ, იქნებ მასზე ცბიერი და ვერაგი კაცი ადგას ახლა მის ნაკვალევს. ახლა კი, მის მოსვლამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და წაგვიძეხით, რომ ოთახები, რაც შეიძლება, მალე დავათვალიეროთ.

შენობის ცენტრალური ნაწილი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მარჯვენა ფერდი სულ ახალი შეკეთებული ჩანდა. ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები და ბუხრიდან ამომავალი ბოლი კი იმისი მაუწყებელი იყო, რომ ოჯახი სწორედ შენობის ამ ნაწილში ცხოვრობდა. ჰოლმსი ჭუჭყიან გუბურაში ნელ-ნელა დააბოტებდა და ფანჯრებს დიდის გულისყურით აკვირდებოდა.

– ეს ფანჯარა, – ჰოლმსმა სულ ბოლო სარკმელზე მიუთითა, – როგორც თქვენი ნაამბობიდან მახსოვს, იმ ოთახისაა, რომელშიც თქვენ ადრე ცხოვრობდით, შუა – თქვენი დის ოთახისა, და ჩემგან მარცხნივ რომ არის, რომელიც შენობის ცენტრალურ ნაწილს ეკვრის – დოქტორი როილოტისა, არა?

– ნამდვილად ეგრეა, მაგრამ ამჟამად მე შუა ოთახში ვცხოვრობ.

– დიახ, მახსოვს თქვენი ნაამბობიდან, კედლის შეკეთება დაიწყეს და მამინაცვალმა დის ოთახში გადამიყვანაო. მაგრამ იმ ბოლო კედელს, ჩემი აზრით, არანაირი შეკეთება არ ესაჭიროება.

– მეც მგონია, რომ ეს საბაბი უნდა იყოს, რის გამოც, შუა ოთახში გადამიყვანა.

– ორივენი კარს შიგნიდან კეტავდით, ესე იგი, ტალანის მხრიდან თქვენი ოთახები შეუვალი იყო. იქნებ საქმეს ოთახების შიგნიდან დათვალიერებამ მოჰფინოს ნათელი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

დეტექტივი
ჭრელი ლენტი

20:00 19.06, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი