რომანი და დეტექტივი

ორმაგი სახე

№22

ავტორი: ნია დვალი 20:00

რომანი
დაკოპირებულია

კაბა კარადის კარზე ეკიდა. თოვლივით ქათქათა და ზუსტად ისეთი, როგორსაც თინეიჯერობისას პრიალა ჟურნალებში ვათვალიერებდი და ზღაპრულ პრინცზე ვოცნებობდი.

ახლა საძინებლის შუაგულში ვიდექი გახევებული და ტელეფონის ეკრანს მივშტერებოდი. ვკითხულობდი შეტყობინებებს, რომლებიც აშკარად არ იყო განკუთვნილი ჩემი თვალებისთვის.

ქორწილამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა. დათომ სამსახურის შემდეგ შემომიარა: ბოლო საორგანიზაციო დეტალები უნდა განგვეხილა და ჯერ კიდევ ამ დილით ეს დეტალები წარმოუდგენლად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. ტელეფონი მომაჩეჩა, რომ დამეტენა და თავად სააბაზანოში შევიდა. მე საძინებელში შევიტანე და შევაერთე. უცებ ეკრანი განათდა: შეტყობინება მოვიდა. დაიწერა სახელიც: ქეთი და გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ვერ გადავძალე შფოთიანი ცნობისმოყვარეობა, ამიტომ სასაუბრო გავხსენი და თითქოს თვალებში დამიბნელდა:

„საყვარელო, მენატრები. როდის გნახავ?“

„ქორწილის შემდეგ. კიდევ ერთი კვირა მოითმინე.“

„რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი? გააუქმე, გთხოვ.“

„არ შემიძლია. ბინა, რომელიც გვიყიდეს, ორივეს სახელზეა გაფორმებული, მშობლებმა ქორწილისთვის ფული უკვე გადაიხადეს.“

„და მე?!“

„შენ ჩემი ნამდვილი სიყვარული ხარ. ის – სწორი არჩევანი.“

ვკითხულობდი და სუნთქვა აღარ შემეძლო. მათი ერთობლივი ფოტოებიც იყო: იმ კაფეში ისხდნენ, სადაც დათო ვითომ კლიენტებთან საქმიან შეხვედრებზე დადიოდა ხოლმე.

– ესე იგი, კარგა ხანია, ურთიერთობა ჰქონიათ, – გავიფიქრე და ამასობაში წყლის ხმაც შეწყდა. სააბაზანოს კარი გაიღო.

ისე შევხტი, კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან. სწრაფად დავდე ისევ იმავე ადგილას, სადაც იდო. დათო კი თავისი ჩვეული შინაურული ღიმილით შემოვიდა საძინებელში.

– თეა, რა ფერი გადევს? მთელი დღე ისევ კომპიუტერთან იჯექი?

– ყველაფერი კარგადაა, – ძლივს წარმოვთქვი, – უბრალოდ, ცოტა დავიღალე.

მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა. თვალებში ისევ დამიბნელდა მისი უტიფრობის გამო.

– პიცა ხომ არ ამოვიტანო? შენ ამასობაში დაისვენე.

პიცერია სახლის პირველ სართულზე იყო.

– კარგი… – დავეთანხმე.

დათო გავიდა და კარი გაიჯახუნა. ძალაგამოცლილი დივანზე დავჯექი. ფიქრები თავში ქაოტურად მიტრიალებდა, როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტები.

ახლა რა უნდა გამეკეთებინა? დედაჩემთან დამერეკა? არა… ამას ვერ გადაიტანდა... მეგობრებისთვის მიმეწერა? მაგრამ როგორ მეთქვა, რაც აღმოვაჩინე?

– იქნებ რაღაც არასწორად გავიგე? – ხავსს მოვეჭიდე, მაგრამ თვალწინ ისევ ის სიტყვები ამომიტივტივდა: „შენ ჩემი ნამდვილი სიყვარული ხარ. ის – სწორი არჩევანი“.

– აქ რა შეიძლება, არასწორად გაგეგო? – თვალებზე ცრემლები მომაწვა.

ახლა უკვე ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა, დათო მწერდა:

„რომელ პიცას ვიღებთ? ოთხი ყველი წავა?“

მომინდა, მიმეწერა: ქეთის რომელი უყვარს?! შენი არაფერი მჭირდება, აღარ მოხვიდე–მეთქი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო.

მივწერე:

„კი. ოთხი ყველი.“

დათო ნახევარ საათში დაბრუნდა, პიცის ყუთითა და ღვინის ბოთლით ხელში. თავად გამოიღო თეფშები და ჭიქები და მაგიდასთან მიმიხმო. ჭამდა, იცინოდა, მელაპარაკებოდა, ისე, თითქოს მე ვიყავი მისი ნამდვილი სიყვარული. მე კი ჩუმად ვუყურებდი და ვცდილობდი გამეგო, ვინ იყო სინამდვილეში და ასე როგორ მოვტყუვდი.

დათო ოცდათორმეტი წლის პერსპექტიული არქიტექტორი იყო. ფეხბურთის ფანი, სძულდა ხახვი და სჯეროდა ცრურწმენების, მაგრამ ვინ იყო ის ჩემთვის? ახალგაზრდა კაცი, სამი წლის განმავლობაში ყოველ შაბათს ქალაქგარეთ რომ დამატარებდა? ის, ვინც გაცნობიდან ერთ თვეში მშობლები გამაცნო? ის, ვინც ხელის თხოვნის დროს, როდესაც დავთანხმდი, ატირდა?! თუ ის ადამიანი, სხვა ქალს რომ სწერს: „კიდევ ერთი კვირა მოითმინე“?!

– თეა, სულ ჩუმად რატომ ხარ? – მომიტრიალდა დათო, – დღეს ძალიან მოწყენილი მეჩვენები.

– უბრალოდ, ვფიქრობ, – ვთქვი ხმადაბლა.

ეშმაკურად გაიცინა:

– ქორწილზე, არა?!

მე თავი დავუქნიე. მხრებზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა:

– რომ ნერვიულობ, ნორმალურია! ყველას ეშინია ხოლმე, მაგრამ წინ მაგარი რამ გველის, ნამდვილი ოჯახი გვექნება.

დათო ამას მეუბნებოდა, მე კი მესმოდა: „ბინა ორივეს სახელზეა… მშობლებმა ფული გადაიხადეს...“

– დათო, რატომ ქორწინდები ჩემზე? – ვკითხე მოულოდნელად.

– უცნაური კითხვაა. იმიტომ, რომ მიყვარხარ.

– და რომ არ გყვარებოდი?

– მაგრამ რომ მიყვარხარ?!

– რომ არ გყვარებოდი, ცოლად მომიყვანდი?

წარბები შეკრა და დაფიქრდა. ზედმეტად დიდხანს დუმდა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ახლახან დარწმუნებით მითხრა, რომ ვუყვარდი.

– არ ვიცი, – თქვა ბოლოს, – ამაზე არ მიფიქრია. საერთოდ, რანაირ კითხვებს მისვამ?!

უხერხულად გავიღიმე და თვალი ავარიდე. იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს. დათოს ჩემ გვერდით მშვიდად ეძინა და ფშვინავდა. მე ვიწექი და ჭერს ვუყურებდი. გონებაში კი ვარიანტებს განვიხილავდი.

– იქნებ გავაღვიძო და პირდაპირ ვუთხრა: მე ვიცი ქეთის შესახებ. თვალებში ვუყურო და დავაკვირდე, როგორ დაიწყებს თავის მართლებას ან ჩემს მოტყუებას?! ან იქნებ ჯობია, ავდგე, ჩავალაგო ჩემი ნივთები და გავუჩინარდე. არაფერი ავუხსნა?! მესამე გეგმა ყველაზე უცნაური იყო: გავჩუმდე. ცოლად გავყვე და თავი მოვიკატუნო, თითქოს არაფერი მომხდარა.

მაგრამ რატომ უნდა მოვქცეულიყავი ასე? იქნებ ქორწილის შემდეგ მართლა გაწყვიტოს კავშირი ქეთისთან?! იქნებ… შევძლო პატიება?

– სულელი ხარ, – ვუთხარი ჩემს თავს: მსხვერპლივით ფიქრობ, – და ამ ფიქრებში ჩამეძინა. დილით დათო სამსახურში წავიდა. მე მარტო დავრჩი საკიდზე ჩამოკიდებულ თეთრ კაბასთან და ასორმოცდაათკაციანი ქორწილის სტუმრების სიასთან ერთად. ტელეფონი შეტყობინებებისგან სკდებოდა. დედა ყვავილების შესახებ მწერდა. მეგობარი წინასაქორწინო წვეულებას მახსენებდა. დეიდა მატყობინებდა, რომ მისი ქმარი მოსვლას ვერ შეძლებდა, მაგრამ საჩუქარს აუცილებლად გამომიგზავნიდა. მოკლედ, ყველას უხაროდა მომავალი დღესასწაული. ყველა მილოცავდა და ყველას გულწრფელად სჯეროდათ ზღაპრის.

მე კი სიმართლე ვიცოდი: არანაირი ზღაპარი არ არსებობდა. პრინცი ჩვეულებრივი ქამელეონი აღმოჩნდა ორმაგი ცხოვრებითა და გრძნობების ნაცვლად ანგარიშიანი გულით. ტელეფონი ამოვიღე და ქეთის ნომერი ვიპოვე: გუშინვე გადმოვიწერე. ბევრი არ მიფიქრია, ღილაკს დავაწექი. ფარული ნომრით ვრეკავდი.

დიდხანს არ პასუხობდა, ბოლოს ახალგაზრდა გოგონას ხმამ, ოდნავ ხრინწიანმა, ამოთქვა:

– გისმენთ.

მე ვდუმდი.

– თქვენი ხმა არ ისმის. დათო ნუ მაიმუნობ... ვიცი, რომ შენ ხარ, – ეს რომ გავიგონე, ზარი გავთიშე. გული გამალებით მიცემდა. ლეპტოპი გადმოვიღე და მისი ფოტოთი მისივე პროფილი მოვძებნე. პროფილის ფოტო საგულდაგულოდ დავათვალიერე: ლამაზი იყო და ჩემგან განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა.

მთელი დღე სახლში გავატარე, საჭმელიც კი არ მიჭამია. უბრალოდ, ვიჯექი და ტელეფონის ეკრანს ვუყურებდი. ისევ მათ მიმოწერას ვკითხულობდი, რის გადმოწერაც მოვასწარი.

„წამოდი, სადმე წავიდეთ.“

„ხომ იცი, ფისო, ახლა არ შემიძლია.“

„სულ ამას მეუბნები. ოდესმე რამეს შეძლებ?!“

„ნუ იბუტები. ყველაფერს მოვაგვარებ. ცოტა დამელოდე.“

„დავიღალე ამდენი ლოდინით.“

„ვიცი, საყვარელო, მაგრამ სულ ცოტაც მოითმინე.“

ვკითხულობდი და ვფიქრობდი: ეს ცოტა დრო რისთვის სჭირდებოდა?! ბინა რომ თავის სახელზე გადაეფორმებინა?! მშობლებისგან, რომ კიდევ მიეღო ფული?!

და უცებ მივხვდი: ის არ აპირებდა ამ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტას. უბრალოდ, ერთდროულად ორ ფრონტზე თამაშობდა… და ქორწილის შემდეგაც არაფერი შეიცვლებოდა: ისევ მოგვატყუებდა ორივეს, იცხოვრებდა ორმაგი ცხოვრებით მანამ, სანამ ერთ–ერთი ჩვენგანი სიმართლეს არ გაიგებდა.

ტელეფონის ზარის ხმამ შემაშინა, დათო რეკავდა:

– სამსახურში სასწრაფო საქმე გამოჩნდა, გვიანობამდე მომიწევს დარჩენა. არ დამელოდო, დაიძინე. მიყვარხარ.

მე ხმას არ ვიღებდი

– ხომ არ მოიწყინა ჩემმა პრინცესამ?!

ამის გაგონებაზე კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ვუთხარი:

– არა, მშვიდად იმუშავე. მე დავისვენებ.

– გკოცნი, ჩემი ჭკვიანი გოგო, – მითხრა დათომ და ტელეფონი გათიშა.

მივხვდი, რომ ქეთისთან მიდიოდა. არანაირი სასწრაფო საქმე არ ჰქონდა.

***

ბევრი არ მიფიქრია, წამოვდექი. ჯინსები ამოვიცვი, ქურთუკი საკიდიდან ჩამოვხსენი და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი. არ ვიცოდი, რის გაკეთებას ვაპირებდი. მეთვალთვალა? გამომეჭირა? არა, უბრალოდ, მინდოდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა.

საჭესთან დავჯექი და იმ კაფესკენ გავემართე, რომელიც მათ მიმოწერაში ფოტოებზე ჩანდა. მანქანა მოპირდაპირე მხარეს გავაჩერე და ფარები ჩავაქრე. ვიჯექი და ველოდებოდი. რას? მეც არ ვიცოდი. დრო აუტანლად ნელა გადიოდა, თითქოს საათის ისრები ციფერბლატს მიელუსრმნენ. თავი ფიქრებისგან სრულიად დამიცარიელდა. გული ყრუდ და რაღაც უცხოდ მიცემდა, თითქოს სხვისი იყო. და აი, დათოს მანქანაც გამოჩნდა. მანქანა პარკინგზე დააყენა. გადმოვიდა. მიმოიხედა, ქურთუკი შეისწორა და კაფეში შევიდა. დაახლოებით, ხუთ წუთში ქეთიც გამოჩნდა: წითური თმით. სიბნელეში ჭორფლები არ ჩანდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, სახეზე უხვად ეყარა.

– ნეტავ რატომ არ გაუარა? – გავიფიქრე უნებლიეთ, იმიტომ რომ ასეთ დეტალებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ურთიერთობისას. გამეცინა.

ქეთი კაფეში შევიდა და ვიტრაჟიდან დავინახე, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს. დათო თავზე უსვამდა ხელს. მეც ოდესღაც ასე მეფერებოდა ხოლმე. მაგიდასთან მოკალათდნენ და რაღაც შეუკვეთეს... იცინოდნენ... დათოს მისი ხელი ეჭირა. არ მახსოვს, სახლში როგორ მივედი. უბრალოდ, უცებ საკუთარ ბინაში აღმოვჩნდი დივანზე. ტელეფონის ეკრანზე დედაჩემის ათი გამოტოვებული ზარი იყო. მაშინვე გადავურეკე, როგორც კი გონს მოვეგე.

– თეა, სად დაიკარგე? ფლორისტმა უკვე სამჯერ დარეკა! მაგიდებისთვის კომპოზიციებია დასამტკიცებელი! გესმის ჩემი? ხმას რატომ არ იღებ?.

– დე, – ყელში ბურთი გამეჩხირა. ფიქრები მერეოდა. ვერ გადამეწყვიტა, მეთქვა თუ არა, მაინც ვერ გავრისკე, მეთქვა, „ქორწილი არ იქნება. ყველაფერი გავიგე. მე არ გავთხოვდები...“

ამის ნაცვლად ძლივს გასაგონად ვუთხარი:

– ახლავე გადავურეკავ ფლორისტს.

– კიდევ კარგი, კინაღამ გული გამისკდა. და ნუ ნერვიულობ ასე! ქორწილი ხომ ბედნიერებაა?! შენ კი ბოლო დღეებში აჩრდილივით დადიხარ!

საუბარი დავასრულეთ...

დათო შუაღამისას დაბრუნდა: მოდუნებული, კმაყოფილი, უცხო სუნამოს სურნელით გაჟღენთილი.

– პროექტი დაასრულეთ? – მშვიდად ვკითხე,

– ისევ არ გძინავს? კი, ვიწვალეთ, მაგრამ დავასრულეთ. შხაპს გადავივლებ და დავწვები.

სააბაზანოში შევიდა. ღიღინებდა. საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი:

– ახლა ვუთხრა? როგორც კი გამოვა?! – მაგრამ ვერ გადამეწყვიტა.

ამასობაში სამი დღე გავიდა... თითქოს ავტოპილოტზე ვცხოვრობდი: ვუღიმოდი ნათესავებს, რომლებთანაც ქორწილის სუფრის მენიუს განვიხილავდი; კიდევ ერთხელ ვიზომავდი კაბას. ის სამი დღე დათო ჩემ გვერდით იყო: ყურადღებიანი, მზრუნველი. მკოცნიდა ძილის წინ, სიყვარულზე მეჩურჩულებოდა... ამის შემდეგ კი მას სწერდა. ყოველ ჯერზე ვამოწმებდი მის ტელეფონს, როგორც კი დაეძინებოდა:

„ოთხი დღე დარჩა... კიდევ ცოტა მოითმინე.“

„მაინც ვერ ვხვდები, რაში გჭირდება ეს ქორწილი?!“

„ხომ აგიხსენი... ეს უბრალოდ ფორმალობაა...“

„ფორმალობაა სხვაზე დაქორწინდება?!!“

„მე მხოლოდ შენ მიყვარხარ... მენდე...“

მთელ ამ მიმოწერაში ყველაზე მეტად აი, ეს სიტყვა მომხვდა გულზე: „მენდე“.

ქორწილამდე ორი დღით ადრე ქეთისთან მივედი. მისი მისამართი საერთო ნაცნობების მეშვეობით ვიპოვე სოციალურ ქსელებში. კარგა ხანს ვიდექი მის კართან გაუნძრევლად. ვცდილობდი, გამეგო: რატომ მოვედი? ბოლოს გავბედე და ზარის ღილაკს თითი დავაჭირე. კარი თითქმის მაშინვე გაიღო. ზღურბლზე ქეთი იდგა: თეთრი მაისურითა და ნაცრისფერი შარვლით, მაკიაჟის გარეშე. ჭორფლები უფრო მკვეთრადაც კი უჩანდა, ვიდრე ფოტოზე... მასპინძელი გაკვირვებული მიყურებდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი