რომანი და დეტექტივი

რეცეპტი

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

რეცეპტი
დაკოპირებულია

ყველაფერი ჩემს დაბადების დღეზე დაიწყო. იმ დღეს 17 წლის შევსრულდი. 26 მაისი იყო და სწორედ მაშინ დავამთავრე სკოლა. ბოლო ზარის ზეიმიდან საღამოს 9 საათზე დავბრუნდი სახლში. გაშლილ სუფრასთან დედ-მამა, ბებია-ბაბუა და ბიძაჩემი ისხდნენ. დაბადების დღე მათ ჯერ კიდევ დილით მომილოცეს. საღამოს კი ჩემი სკოლის დამთავრება და დაბადების დღე სუფრასთან აღნიშნეს და წითელი ღვინით მადღეგრძელეს.

ვერაზე ერთ დიდ, კერძო სახლში სამი თაობა ვცხოვრობდით. მამაჩემის ძმა დაუქორწინებელი იყო. მე – დედისერთა და მთელ ოჯახს ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. შეძლებული ოჯახი გვქონდა, მთელ საქართველოში სახელგანთქმული. ბაბუა მოტეხილობების სამკურნალო მალამოს ამზადებდა და პაციენტები არ აკლდა. უბრალო ადამიანებიდან დაწყებული საყოველთაოდ ცნობილ პიროვნებებს ვხედავდი ჩემს ოჯახში. ბაბუასთან სამკურნალოდ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდანაც ჩამოდიოდნენ. ერთხელ კი ჩვენთან ცნობილი კუბელი მოკრივე, ოლიმპიური ჩემპიონიც კი მოვიდა. მას ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი. ვერავინ ვერაფერი უშველა და ბოლოს ბაბუას ეახლა. ბაბუას მალამომ მას არა მარტო გატეხილი ძვალი გაუმთელა, მთელი ძვლოვანი სისტემა ისე გაუმაგრა, ვერანაირი დარტყმა ვერაფერს დააკლებდა. ამის შემდეგ ის კუბელი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ამ გამარჯვებას ბაბუას უმადლოდა. კუბაში დაპატიჟა და ბაბუამ იქ ერთი თვე გაატარა. ფიდელ კასტროსაც კი შეხვდა. მასთან სურათიც გადაიღო. კუბის ლიდერმა ბაბუას კუბაში დარჩენა და იქ კლინიკის გახსნა შესთავაზა. მაგრამ ბაბუამ დიდ კუბელ რევოლუციონერს თავაზიანი უარი განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კუბა პროსაბჭოთა სახელმწიფო იყო, უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ცხოვრების წესს. მით უმეტეს, იქ კერძო კლინიკის გახსნა გამორიცხული იყო, თანაც, არც ბაბუას იტაცებდა მსგავსი პერსპექტივა. აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჩემს ქვეყანას ვერაფერში გავცვლიო, – იტყოდა ხოლმე...

ერთი სიტყვით, ოჯახის მთავარი დამფინანსებელი ბაბუა იყო იმ მალამოს წყალობით, რომლის დამზადების საიდუმლოც მას ბაბუამისმა გაანდო. ბაბუა პროფესიით ბოტანიკოსი იყო. საუცხოოდ ერკვეოდა მცენარეებში და ამ მალამოს დამზადებაში ეს ცოდნა ეხმარებოდა, თუმცა, მხოლოდ საჭირო მასალის არჩევაში. თავად რეცეპტი კი ბაბუამისის მიერ იყო შემუშავებული და ბაბუაჩემი მხოლოდ ზუსტად ახორციელებდა იმას, რაც ამ საიდუმლო ფორმულაში ეწერა.

იმ საღამოს, როდესაც ბოლო ზარიდან სახლში დავბრუნდი, ბაბუამ მკითხა:

– მაინც, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას. აირჩიე პროფესია?

– სამედიცინოზე ვაბარებ, ბაბუ. სამკურნალო ფაკულტეტზე, – მივუგე ბაბუას.

– საბოლოო არჩევანია?

– კი.

– კარგი. ახლა დაისვენე და დილით ვილაპარაკოთ. შენთან სერიოზული საქმე მაქვს, – მითხრა ბაბუამ.

მეორე დღეს მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით სახლში, დანარჩენები თავიანთ საქმეებზე წავიდ-წამოვიდნენ. ჯერ კიდევ კარგად არ ვიყავი გამოფხიზლებული, რომ ჩემს ოთახში ბაბუა შემოვიდა. გამიღიმა და მითხრა:

– როგორ ხარ?

– კარგად. შენ?

– მეც კარგად. მზად ხარ სერიოზული საუბრისთვის?

– თხუთმეტ წუთში, ბაბუ. შხაპს მივიღებ და ჩავიცვამ.

თხუთმეტი წუთის შემდეგ ბაბუას კაბინეტში ვიმყოფებოდი. ბაბუა საწერ მაგიდასთან იჯდა. მე მის წინ ვიყავი მოკალათებული და მან მითხრა:

– ესე იგი, მტკიცედ აპირებ ექიმობას, ხომ?

– კი, ბაბუ.

– ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენი ოჯახის ტრადიციას გააგრძელებ. ექიმის დიპლომი კი ამაში დაგეხმარება.

ოჯახური ტრადიციის გაგრძელების პერსპექტივა სულაც არ მხიბლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ვკურნავდით, თანაც დიდი ფული გვქონდა, ბაბუაჩემი, ჩემი ღრმა რწმენით, მექანიკურ სამუშაოს ასრულებდა. ქაღალდზე დაწერილ ფორმულას წამლად აქცევდა. ეს კი ყოველგვარ შემოქმედებას გამორიცხავდა. თუმცა, ამას არასოდეს ვეტყოდი ბაბუას, რომ მე შემოქმედებითი მუშაობა მიტაცებდა და ნამდვილი ექიმობა მინდოდა და არა ექიმბაშობა, როგორც ჩვენში უწოდებენ ხოლმე ბაბუაჩემისნაირ ადამიანებს. ერთი სიტყვით, ასეთნაირად ვიყავი განწყობილი ჩვენი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისადმი და ბაბუას ვუთხარი. უფრო სწორად კი წამომცდა:

– ბაბუ, მე ნამდვილი ექიმობა მინდა.

ბაბუას გაეცინა და მითხრა:

– ექიმობა და არა ექიმბაშობა, ხომ? მე ხომ ექიმბაშად მომიხსენიებენ ხალხში...

ასეთმა პასუხმა დამაბნია და ენის ბორძიკით ვუთხარი:

– არა, ბაბუ, რა ექიმბაში?! ვინ გითხრა? შენ ნამდვილი მკურნალი ხარ და ათასობით ადამიანს ეხმარები. მოლაყბეებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ. მე, უბრალოდ, იმისი თქმა მინდოდა, რომ ფართო პროფილის მკურნალი ექიმი მინდა, გავხდე და ადამიანებს მხოლოდ მოტეხილობებზე არ ვუმკურნალო.

– გასაგებია, – გაეღიმა ბაბუას და დაამატა, – სწორედ ამის თაობაზე მინდა, დაგელაპარაკო და ყურადღებით მომისმინე.

– გისმენ, ბაბუ, ყურადღებით გისმენ.

ბაბუა წამოდგა. წიგნების კარადის კარი გამოაღო. შენიღბულ ღილაკს თითი დააჭირა და თარო გაიღო. გამოჩნდა კედელში ჩამონტაჟებული სეიფი. ბაბუამ სეიფი გააღო, იქიდან ძველი, შავი ტყავის გაცვეთილყდიანი, სქელი რვეული გამოიღო და მითხრა:

– აი, ეს რვეული ერთი საუკუნისაა და ჩემს ბაბუას ეკუთვნოდა. სწორედ მან გადმომცა ის და ამ რვეულისთვის უამრავი სისხლია დაღვრილი. მისი ფასი მილიარდებია. ჩემი აზრით კი, მას ფასი არ აქვს. ანუ, შეუფასებელია და უძვირფასესი.

ბაბუას პირდაღებული ვუსმენდი და ვუთხარი:

– ისეთი რა არის ამ რვეულში, ბაბუ, რომ ასეთი შეუფასებელია?

– ნუ მაწყვეტინებ და ყურადღებით მომისმინე!

– გისმენ.

– ბაბუაჩემი ბოტანიკოსი და ფარმაცევტი იყო. დიდი მეცნიერი თავისი არსითა და მოღვაწეობით. თუმცა, ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თავის სამუშაოებს არ ასაჯაროებდა და ასე რომ ექნა, ნობელის პრემიასაც კი მიანიჭებდნენ მედიცინის დარგში. ერთი სიტყვით, ბაბუაჩემი უნივერსალური წამლის შექმნაზე მუშაობდა და ექსპერიმენტის პერიოდში მან ბევრი ავადმყოფობის განსაკურნებელი წამალი შექმნა. შენ წარმოიდგინე, აქ კიბოსა და სხვა განუკურნებელი დაავადებების წამლების რეცეპტებიცაა. პანაცეის შექმნა კი ვერ მოასწრო. ის 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პანაცეასაც, ანუ უნივერსალურ აბსაც, შექმნიდა. ამ რვეულში, უკვე შექმნილი წამლების რეცეპტებთან ერთად პანაცეაზე მუშაობის ჩანაწერებიცაა და ვფიქრობ, ბევრი არ ჰქონდა დარჩენილი უნივერსალური აბის შექმნამდე. ახლა ხვდები, რა განძია აქ?

ბაბუას სიტყვები დაუჯერებლად ჩანდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიბოს წამალი ძალიან დაუჯერებლად ჟღერდა. მაგრამ ბაბუას რომ არ სწყენოდა და რაიმე რომ აღარ წამომცდენოდა, ფრთხილად ვუთხარი:

– კიბოს წამალი ხომ უპირობოდ ნობელის პრემიაა, ბაბუ.

ბაბუას რას გამოვაპარებდი და მითხრა:

– შენ, ალბათ, იმის თქმა გინდა, რატომ ვამზადებ მხოლოდ მოტეხილობების წამალ-მალამოს და არა კიბოს წამალს ან სხვა წამლებს, ხომ?

უარყოფას აზრი არ ჰქონდა და დარცხვენილმა მივუგე:

– ჰო, ბაბუ.

– ეს ძალიან საშიშია და ამიტომ. საკმარისია, განუკურნებელი სენისგან განკურნო ვინმე, რომ მაშინვე გავრცელდება ხმა ამის შესახებ. შემდგომ კი ისეთი სტრუქტურები დაგასხდებიან კუდზე, რომლებიც ყველაფერზე წავლენ ამ საიდუმლოს მოსაპოვებლად, არც ფართო ბაზარზე გამოიტანენ, გასამდიდრებლად გამოიყენებენ და ფარმაცევტულ კომპანიებსაც გამოსძალავენ, რომ მათი პროდუქცია გაიყიდოს. კლინიკებსაც არ აწყობთ, ონკოპაციენტების სრულად გამოჯანმრთელება. აი, სწორედ ესაა საშიში. ბაბუაჩემსაც ასეთი რამ დაემართა და ძლივს დაიძვრინა თავი. ხოლო, როცა ეს რვეული გადმომცა, სწორედ მან მირჩია, რომ მხოლოდ მოტეხილობების მალამოზე მემუშავა, ისევე, როგორც თავად ის მუშაობდა.

– ბაბუ, კიბოს წამალი რომ არსებობს ამ რვეულში, შენ რა იცი, რომ მართლაც მოქმედებს? მას ხომ დასამტკიცებლად გამოყენება სჭირდება?

ბაბუას გაეცინა და მითხრა:

– ჯერ ერთი, რომ ბაბუაჩემმა გამოსცადა ეს წამალი და სწორედ ამის გამო შეექმნა პრობლემები. მერე კი, მეც გამოვცადე და დავრწმუნდი მის ნამდვილობაში.

– როგორ?

– მხოლოდ ეს ჩვენ შორის დარჩეს. კარგი?

– რა თქმა უნდა, – მხრები ავიჩეჩე მე.

– ბებიაშენი დაავადდა კიბოს მძიმე, პროგრესირებადი ფორმით და ორ კვირაში მოვარჩინე. მას სხეულში მეტასტაზები ჰქონდა და დროზე რომ არ მიმეცა წამალი, ერთ თვეში მოკვდებოდა.

– რა იცი, რომ ბებიას კიბო ჰქონდა? – გაოცებით ვკითხე ბაბუას.

– ვიეჭვე. შემდგომ მოსკოვში წავიყვანე და რენტგენი გადავუღე. ექიმმა გვერდით გამიხმო და მითხრა:

– ეს ქალბატონი თქვენი მეუღლეა?

– დიახ, – მივუგე ექიმს.

– მას, მაქსიმუმ, ერთი თვე აქვს დარჩენილი. გირჩევთ, რომ მორფინის გაკეთება დაუწყოთ. ერთ კვირაში საშინელი ტკივილები დაეწყება, მეტასტაზები მას მთელ სხეულში აქვს ფესვგადგმული.

თბილისში რომ დავბრუნდით, სასწრაფოდ მოვამზადე წამალი. მისი მეშვეობით სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის დასტურად კი უკვე ლენინგრადში წავიყვანე. იქ გადავუღე რენტგენი და სხეული აბსოლუტურად გაწმენდილი ჰქონდა.

ჩავფიქრდი და პაუზის შემდეგ ბაბუას ვუთხარი:

– ბაბუ, სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა ექიმთან ბებო იმიტომ მიიყვანე, რომ განკურნების ფაქტი არ გამჟღავნებულიყო, ხომ?

ბაბუას გაეცინა და მითხრა:

– თვალსა და ხელს შუა იზრდები. დიახ, სწორედ ამიტომ. მოსკოველ ექიმს კი ბებიაშენი, ალბათ, დიდი ხნის გარდაცვლილი ჰგონია.

– ბებომ იცოდა, რაც სჭირდა?

– არა, ბაბუ. არ იცოდა და არც წამოგცდეს. ეს ამბავი ნაწლავებისა და კუჭის მცირე პრობლემით შევფუთე, რომელიც მალევე განიკურნა.

– სამწუხაროა, – ვთქვი მე.

– რა არის სამწუხარო?

– ის, რომ კიბოიანებს ვერ მკურნალობ.

– სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომაა.

– ბაბუ, ამ რვეულის გამო უამრავი სისხლი როგორ დაიღვარა?

– სულ რაღაც მოკლე დროში, ერთ თვეში, ბაბუ, – მითხრა ბაბუამ და დაამატა, – ბაბუაჩემმა „ოხრანკის“ ერთი ნაძირალა მაღალჩინოსანი განკურნა და მან მოსთხოვა ბაბუას რეცეპტის ფორმულა. ბაბუა იძულებული გახდა, დამალულიყო. „ოხრანკა“ კი კუდზე დააჯდა ბაბუაჩემს და ყველა ის ადამიანი დახოცეს, ვინც ბაბუას მალავდა.

– „ოხრანკა“ რას ნიშნავს? – ვკითხე ბაბუას.

– მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური იყო. აი, ახლა რომ „კაგებეა“ ჩვენთან.

– მერედა, ბაბუაშენი როგორ გადაურჩა „ოხრანკას“?

ბაბუა ჩაფიქრდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი მითხრა:

– ბაბუაჩემმა ის ნაძირალა მოკლა და ამან გადაარჩინა.

– მოკლა?! ეგ როგორ? – ვერ მივხვდი მე.

– კიბოს წამალი პაციენტს ოთხჯერ უნდა დაალევინო. სამჯერ რომ დაალევინებ, მეტასტაზები სრულად ქრება, მაგრამ მეოთხე დოზა თუ არ მიეცი, კვლავ გამოჩნდება, სწრაფად მრავლდება და ავადმყოფი მალევე იღუპება. ბაბუას მისთვის სამი დოზა ჰქონდა მიცემული და მეოთხის მიცემამდე დარჩენილ დროში დაუწყეს მას დევნა და მისი მფარველების წამებით დახოცვა. ბაბუამ რომ ნახა, თუ რა უმადურად მოექცნენ მას იმ ნაძირლის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდა „ოხრანკაში“ და დაარწმუნა ისინი, რომ წამალი ექსპერიმენტული იყო და ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, განკურნავდა თუ არა ავადმყოფს. მეორე დღეს ის ნაძირალა გარდაიცვალა. ბაბუას სიტყვები გამართლდა, ის გამოუშვეს და მასზე დევნაც შეწყვიტეს.

– დეტექტიური ისტორიაა, – ვთქვი მე.

– კი, მასეა. ახლა კი მთავარ სათქმელს გეტყვი. ამ რვეულს შენ გადმოგცემ. მზა რეცეპტებს, იმედია, გონიერად გამოიყენებ. ხოლო თუ სურვილი გექნება, უნივერსალურ აბებზე მუშაობაც განაგრძე. მაგრამ ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაგცდეს. ხომ ხვდები, თუ როგორი საშიშია ეს ცოდნა, ანუ, რაც ამ რვეულშია?

– კი, ვხვდები, ბაბუ.

ბაბუამ თავისი საიდუმლო სეიფის ჩაკეტვა-გაღება მასწავლა. რვეული უკან დააბრუნა და მითხრა:

– ჯერჯერორბით აქ იყოს. როცა დრო მოვა, მაშინ გახსენი და გამოიყენე. ვფიქრობ, ასეთი საჭიროება ჩემი სიკვდილის შემდეგ დადგება. მანამდე შენ ისწავლე, ცოდნა გაიღრმავე. მე კი კვლავ ვიექიმბაშებ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი