ორმაგი სახე
ავტორი: ნია დვალი 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #22 (1327)
– ვინ ბრძანდებით?
– თეა ვარ, დათოს საცოლე, – თუმცა მივხვდი, რომ მიცნო.
სახეზე ალმური მოეკიდა:
– რა გნებავთ?
– დალაპარაკება, – ვუთხარი, ჩემდა გასაოცრად, მშვიდად.
ქეთი ორჭოფობდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა – კარი მიეხურა თუ ჩემთვის გზა დაეთმო. ვუყურებდი და უცნაურ რამეს ვგრძნობდი: ის არ ჰგავდა ადამიანს, რომელმაც სხვისი ბედნიერების დანგრევა გადაწყვიტა. დაბნეული იყო, შეშინებული.
– მან იცის, რომ აქ ხარ? – ჩუმად მკითხა.
– არა.
თვალები დახარა, შემდეგ გვერდზე გადგა:
– შემოდი.
ბინა პატარა იყო, მაგრამ მყუდრო. ფანჯრის რაფაზე მცენარეები ეწყო. დივანზე პლედი ეგდო. მაგიდაზე – ორი ჭიქა და გახსნილი ღვინის ბოთლი.
გავიფიქრე: „ალბათ, გუშინდელი საღამოდან“.
და უცებ წარმოვიდგინე, როგორ იჯდა აქ დათო, როგორ ეხებოდა მას. როგორ უღიმოდა. გულში ისევ მტკივნეულად გამკრა ჭვალმა.
– ყავას დალევ? – მკითხა მასპინძელმა.
– არა, გმადლობ.
ის სკამის კიდეზე ჩამოჯდა. ხელები ნერვულად აუკანკალდა.
– რას გეუბნება ჩემზე? – ვკითხე პირდაპირ.
ქეთიმ გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ მაინც მიპასუხა:
– რომ თქვენ, უბრალოდ, ერთმანეთს შეეჩვიეთ… რომ დიდი ხანია სიყვარული გაქრა, რომ ქორწილი შენ მშობლებისა და ბინის გამო გჭირდება…
– და შენ ამის გჯეროდა?
– მინდოდა, დამეჯერებინა.
მან პირველად შემომხედა თვალებში:
– მე მართლა მიყვარს.
ამ სიტყვებმა უცნაურად იმოქმედა ჩემზე, არა იმიტომ, რომ გული მეტკინა. ძალიან გულწრფელად ამბობდა.
– მეც იმავეს მეუბნება, – წყნარად ვთქვი მე.
ქეთის სახე შეეცვალა.
– რა?
– რა და, ყოველდღე მეუბნება, რომ ვუყვარვარ. ქორწილზე ოცნებობს. ბავშვებზე ლაპარაკობს.
ქეთი გაფითრდა.
– არა… მან მითხრა, რომ თქვენ შორის ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდა…
– როგორ დასრულდა, როდესაც ორ დღეში ვქორწინდებით?! და შენ ეს იცი.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
ქეთი სავარძელში ჩაეშვა, თითქოს ძალა გამოეცალა.
მე ტელეფონი ამოვიღე და რამდენიმე ფოტო ვაჩვენე: საქორწილო მოსაწვევები, დარბაზი, ჩემი კაბა…
ქეთის თვალები ცრემლებით აევსო.
– მან მითხრა, რომ უბრალოდ, ერთად ცხოვრობთ… რომ შენც თითქოს გესმის ყველაფერი…
ახლა უკვე მე გამეცინა: „აი, თურმე რა მარტივად ცხოვრობდა დათო ორ სხვადასხვა რეალობაში. ერთ ქალთან „ნამდვილი სიყვარული“ ჰქონდა, მეორესთან – „სწორ არჩევანს“ აკეთებდა და ორივეს ერთსა და იმავე სიტყვებს ეუბნებოდა.“
– რატომ მოხვედი? – მკითხა ქეთიმ.
ცოტა ხანს ვდუმდი.
– ალბათ, მინდოდა, დამენახა, ვის გამო ანგრევდა ყველაფერს.
– და ნახე?
ქეთის შევხედე: ლამაზი იყო. ახალგაზრდა. დაბნეული. შეყვარებული. ზუსტად ჩემსავით და უცებ მივხვდი: ჩვენ ერთმანეთის მტრები არასდროს ვყოფილვართ და არასდროს გვივნია ერთმანეთისთვის. ჩვენ, უბრალოდ, ერთსა და იმავე კაცს ვუჯერებდით, რომელიც ორივეს გვატყუებდა.
ქეთი ატირდა:
– რას აპირებ?
ამ კითხვაზე პასუხი უკვე ვიცოდი:
– ქორწილი არ იქნება.
ქეთიმ თავი დახარა:
– ის მაინც შენ აგირჩევს, – თქვა ჩუმად, – დარწმუნებული ვარ.
– აღარ მაინტერესებს. – ვუთხარი გულწრფელად, იმიტომ რომ სიყვარული, რომელიც არჩევნის წინაშე დგას, აღარ არის სიყვარული.
ქეთიმ ამოიოხრა და უნებლიეთ აღმოხდა:
– მაშინ იქნებ მართლაც დაბრუნდეს ჩემთან.
გაკვირვებულმა შევხედე: გჯერა ამის?
მის მზერაში სიცარიელე იყო:
– არა... არ მჯერა... მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს...
წამოვდექი.
– უნდა წავიდე...
– ეტყვი, რომ აქ იყავი?
– ჯერ არ გადამიწყვიტია.
– თუ ეტყვი, ყველაფერს მიხვდება... მიხვდება, რომ ვილაპარაკეთ... გამიბრაზდება...
გამეცინა და ძალიან შემეცოდა: ისევ ხავსს ეჭიდებოდა, როგორც ოდესღაც მე, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ჩემი საქმე. მივტრიალდი და წამოვედი.
***
საღამოს დათო მოვიდა. ქორწილის წინა ღამე ცალ–ცალკე უნდა გაგვეტარებინა.
კართან ჩამეხუტა:
– ნერვიულობ?
– ცოტას...
– მეც ვღელავ... მაინც სერიოზული ამბავია.
– გიყვარვარ? – ვკითხე ისევ.
– რა თქმა უნდა! ისევ სულელურ კითხვებს მისვამ.
– მე და სხვა ქალს შორის რომ ირჩევდე, მე ამირჩევ?
– მე ყოველთვის შენ აგირჩევდი! დაუფიქრებლად!
თავზარი დამცა მისი მოტყუების უნარმა, მაგრამ მაინც ნაძალადევად გავუღიმე:
– კარგი... წადი სახლში... ხვალ შევხვდებით...
შუბლზე მაკოცა და წავიდა. ჩემი საქორწილო კაბა ისევ კარადის კარზე ეკიდა. ქვემოთ ფეხსაცმელები ეწყო, რომელთაც ჩაცმა არ ეწერა. დივანზე ვიჯექი, მარტო. ხელში ტელეფონი მეჭირა და უცნაური ფიქრები მომდიოდა თავში: იქნებ, უბრალოდ, დილით ავდგე... კაბა ჩავიცვა... ყველას გავუღიმო... საკურთხეველთან მივიდე და გავხდე „სწორი არჩევანი“. კაცის ცოლი, რომელიც არასდროს ყოფილა მთლიანად ჩემი...
გული შემეკუმშა და საკუთარ თავზე გავბრაზდი, ისევ ხავსს ვეჭიდებოდი. ტელეფონი მოვიმარჯვე და დედაჩემს დავურეკე:
– დედა....
– ვაიმე, თეა, რა ხმა გაქვს?! რატომ მაშინებ?
რამდენიმე წამს ჩუმად ვიყავი. შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და მტკიცედ ვთქვი:
– ქორწილი არ იქნება.
მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა.
– რას ნიშნავს, არ იქნება?!
– დათოს სხვა ჰყავს, უკვე ორი წელია.
დედაჩემმა არ დაიჯერა:
– დარწმუნებული ხარ?
– დიახ.
და როგორც კი ეს ვთქვი, თითქოს ლოდი ჩამომეხსნა გულიდან. ძალიან მტკივნეული იყო ასეთი ღალატის ატანა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მტკივნეული იყო ამისგან გათავისუფლება, რომ აღარ მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება კაცთან, რომელსაც არასდროს ავირჩევდი, სიმართლე რომ მცოდნოდა.
დედაჩემთან საუბარი დავასრულე თუ არა, დათოსთან დავრეკე:
– თეა, რა მოხდა? უკვე მოგენატრე? – დათოს მხიარული ხმა ჰქონდა.
თვალები დავხუჭე, სანამ რამეს ვეტყოდი:
– უცნაური რამ აღმოვაჩინე: მთელი ამ დროის განმავლობაში მეგონა, რომ ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნებოდა, მეპატიებინა თუ არა. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე რთული აღმოჩნდა იმის აღიარება, რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.
ღრმად ჩავისუნთქე და გამბედაობა მოვიკრიბე:
– ხვალ ქორწილი არ იქნება.
– რას ნიშნავს, არ იქნება? – დათოს ხმა უცებ შეეცვალა.
– იმას, რომ ხვალ არ მოვალ.
– თეა, მოიცა… რა ხდება საერთოდ?
მე გამეღიმა. ისევ თამაშობდა...
– დღეს ქეთი გავიცანი. კარგი გოგოა, გულუბრყვილო, ჩემსავით.
მეორე მხარეს რაღაც ჩამოვარდა. დათო კი ხმას არ იღებდა.
– დათო, აქ ხარ თუ ქეთისთან წახვედი?
– თეა, აგიხსნი…
– აღარ მინდა. არ მაინტერესებს.
– ეს ყველაფერი ისე არაა, როგორც გგონია!
– მართლა? მაშინ როგორაა?
დათო სწრაფად ლაპარაკობდა. სიტყვები ერეოდა, თავს უსუსურად იმართლებდა.
– მე დავიბენი… არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება, თორემ მინდოდა თქმა. უნდა გამიგო, დავიბენი...
– ორი წელია, დაბნეული ხარ?!
– მე შენ მიყვარხარ!
ამ სიტყვების გაგონებამ საბოლოოდ გამაბრაზა, იმიტომ რომ ოდესღაც ამ ხმასა და სიტყვებს მთელი გულით ვენდობოდი.
– არა, – თავი დავიმორჩილე, – შენ უბრალოდ ვერ გადაწყვიტე, ვინ უფრო მოსახერხებელი იყო შენთვის.
– თეა, გთხოვ…
– ყველაზე საშინელი, იცი, რა არის? ორივეს ერთნაირად გვატყუებდი. და ალბათ, გეგონა, რომ ძალიან ჭკვიანი იყავი.
დათო ჩუმად მისმენდა, სავარაუდოდ, ახალ–ახალ ვერსიებს ამუშავებდა, რომ ისევ მოვეტყუებინე, ოღონდ უფრო დამაჯერებლად.
– დედაჩემს უკვე ვუთხარი.
– თეა, ნუ გააკეთებ ამას… ხალხი რას იფიქრებს?!
და სწორედ ამ ფრაზამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. დათო არ შეწუხებულა იმით, რომ აწყენინა, რომ გული მატკინა, რომ იმედები გამიცრუა, რომ მიღალატა, ის წუხდა ხალხის აზრზე.
გამეცინა:
– აი, ეს ხარ სინამდვილეში – გარე მოხმარების ადამიანი, შიგნით კი ჩამყაყებული შენს ტყუილებში.
– გთხოვ, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ…
– არა.
– ერთხელ მაინც მომისმინე!
– მთელი სამი წელი გისმენდი და გიჯერებდი და ბოლოს გავიგე, რომ უბრალოდ, „სწორი არჩევანი“ ვიყავი.
დათო თითქოს აღარც კი სუნთქავდა, მაგრამ ეს მე უკვე აღარ მაინტერესებდა:
– მშვიდობით, დავით! აღარ დამირეკო. წადი შენს ქეთისთან და კიდევ ერთი სულელი იპოვე, რომელსაც ჩემნაირად მოატყუებ.
– თეა, – ამის თქმაღა მოასწრო დათომ, მაგრამ მე ტელეფონი გავთიშე და მერე საერთოდ გამოვრთე.
რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, პირველად ამ დღეების განმავლობაში თავისუფლად ამოვისუნთქე. რა თქმა უნდა, გული მტკიოდა, ძალიან მტკიოდა, მაგრამ თავს აღარ ვგრძნობდი დამცირებულად...
საქორწინო კაბას შევხედე. ქათქათას, ლამაზს. ახლა უკვე სხვისი ბედნიერი ცხოვრებისთვის შექმნილს. ფრთხილად ჩამოვხსენი საკიდიდან, დავკეცე და ყუთში ჩავდე. შემდეგ ფანჯარა გავაღე. ღამის ცივი ჰაერი ოთახში შემოვიდა და პირველად დიდი ხნის განმავლობაში ვიგრძენი, რომ ისევ საკუთარი თავი ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა, ვყოფილიყავი სწორი არჩევანი, მინდოდა, ერთადერთი არჩევანი ვყოფილიყავი.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





