შოუბიზნესი

თაკა კაკულია: ძალიან რთულია ჩემნაირი ადამიანის გულამდე მიაღწიო

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 07.11, 2022 წელი

თაკა კაკულია
დაკოპირებულია

თაკა კაკულია დიდი ხანია „კომედი ჯგუფის“ წევრია. თუმცა ახლა მის ცხოვრებაში ახალი და როგორც ამბობს, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი დაიწყო.

თაკა კაკულია: ტელევიზიასთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. ერთ-ერთ შოუში კადრისთვის გოგონა სჭირდებოდათ და გამიმართლა, რომ იქ ყოველგვარი ქასთინგის გარეშე მოვხვდი. ჩემი მეგობარი იყო ამ გადაცემის პროდიუსერი და მითხრა, მეორე დღეს ადგილზე უნდა ვყოფილიყავი. მაშინ ბათუმში ვისვენებდი და არ ვიცი, როგორ მოვახერხე ასე უცებ თბილისში ჩამოსვლა (იცინის). ძალიან თავისუფლად მივედი, მეგონა, არ ვნერვიულობდი, მაგრამ ხელში ფურცელი რომ დამაჭერინეს, საიდანაც ტექსტი უნდა წამეკითხა და კამერა ჩაირთო, უცებ პირი გამიშრა და გული ამიჩქარდა. როგორც ჩანს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს მითხრეს, რომ „კომედი ჯგუფის“ წევრი ვიყავი, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ჩემთან. ასე სპონტანურად დაიწყო ყველაფერი.

– მანამდე ტელევიზიასთან საერთოდ არ გქონია შეხება?

– არანაირი, მაგრამ კამერები სულ მიყვარდა. ვიდეოკლიპებსა და ფოტოსესიებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. იუმორს რაც შეეხება, სკოლაში „კავეენს“ ვთამაშობდი და კარგად გამომდიოდა.

– და ერთ დღეს სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო...

– საერთოდ სხვა. ზოგადად, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ასე სპონტანურად დაიწყო. არ მიყვარს გამოწვევებზე უარის თქმა. თუ გამოწვევა მხიბლავს – მით უმეტეს. ახლის სწავლის შანსს არასდროს ვუშვებ ხელიდან. ამიტომაც დავინტერესდი ამითაც. თუმცა, ოჯახის წევრებს მაინცდამაინც არ გაუხარდათ. მეუბნებოდნენ, შენ საერთოდ სხვა ტიპაჟი ხარ და სხვა გზას უნდა გაჰყვეო. მანამდე სამართალს ვსწავლობდი და ჩემებს, ასევე მეც, შესაბამის სფეროში წარმოვედგინე. მაგრამ, როცა ამ საქმის კეთება დავიწყე, ძალიან მომეწონა და არჩევანიც შესაბამისად გავაკეთე. ამას არ ვნანობ, თუმცა, ახლა უკვე ახალ საფეხურზე ვარ და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავარ.

– რას გულისხმობ?

– სერიალს ვიწყებ, რომლის პროდიუსერიც ვარ, სცენარისტიც და მსახიობიც. ეს სერიალი ორი გოგონას თანაცხოვრებაზე იქნება. მეორე გოგოს როლს ნინი მოხევიშვილი შეასრულებს. დღევანდელ რეალობაზე მორგებული, თანამედროვე სერიალი იქნება. ძალიან მიხარია, რომ იმის კეთების საშუალება მომეცა, რაც მართლა მაინტერესებს. „კომედი შოუში“ მაინც ვერ ვპოულობდი ჩემს თავს, ვფიქრობდი, რომ ჩემი არ იყო, მაგრამ რაღაცას ველოდი. ეს რაღაც ზუსტად ეს სერიალია. „კომედი შოუს“ კი დავემშვიდობე.

– არ გაგიჭირდა?

– არა, იმიტომ, რომ არ შემიძლია, ბევრ საქმეზე ერთად ვკონცენტრირდე. მირჩევნია, მთელი ყურადღება ერთს დავუთმო და კარგად გავაკეთო, ვიდრე ბევრს მივედ-მოვედო და კარგად არც ერთი არ გამომივიდეს. ჩემი თავი „კომედი შოუში“ არ მომწონდა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული მისი დამსახურებით გავხდი.

– ახალ სერიალთან დაკავშირებით, მაყურებლისგან როგორ გამოხმაურებას ელი?

– ძალიან რთულია წინასწარ ამაზე საუბარი. საქართველოში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს შავ პიარზე „იზრუნებს“, მაგრამ ეს არ არის ცუდი, პირიქით, უკეთესია, შავი პიარი ჯობს თეთრს. ამას მეტი პოპულარობა მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ შავი პიარი გულთან ახლოს მოდის, ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი უკვე გადავლახე და სხვა ადამიანების აზრებით ნაკლებად ვინტერესდები.

– სულ მესმის შენზე, ეს გოგო ძალიან „სწერვა“ იქნებაო. როგორი ხარ რეალურად?

– „სწერვა“ არ ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი იერი მაქვს. სანამ გამიცნობენ, ჰგონიათ, რომ ცოტა ასეთი ვარ. სინამდვილეში, ადამიანებს ძალიან მეგობრულად ვუდგები. მით უმეტეს, თუ ეს ადამიანები ჩემდამი კარგად არიან განწყობილი და თუ – ცუდად, მაშინ, რა თქმა უნდა, თავზე ვერავის დავაბიჯებინებ. საჭიროა, ესეც იცოდე და ხანდახან სწერვობაც საჭიროა, მაგრამ მაინც დადებითი ადამიანი ვარ. რომ გამიცნობენ, ყოველთვის მეუბნებიან, მე შენ სულ სხვანაირი მეგონეო. არ ვიცი, ეს „სულ სხვანაირი“ როგორია, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვარ.

– შენი ვიზუალის განხილვაც ხშირად მომხვედრია თვალში. არავინ დავობს, რომ გამორჩეული გარეგნობა გაქვს, მაგრამ დავობენ იმაზე, რა არის ბუნებრივი და რა - არა. ვუპასუხოთ.

– ტუჩში მაქვს ფილერი გაკეთებული. პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, მხოლოდ თავს ვუვლი. ცხვირიც ჩემია და სხვა ყველაფერიც. ვერ ვხვდები იმ ადამიანების მოსაზრებას, ვისაც არ მოსწონს, თუნდაც, ის, რომ ტუჩზე ფილერი მაქვს გაკეთებული. მე მომწონს ეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე ვიყო კომფორტულად საკუთარ თავთან. ამ საკითხზე სხვა ადამიანის კრიტიკა რატომ უნდა მაინტერესებდეს ან მათ რატომ უნდა გაუჩნდეთ ამის სურვილი? თუმცა, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც შენი გარეგნობა არ მოეწონება, არავინ არის ისეთი, ყველას რომ მოეწონოს.

– როგორც ვიცი, დაქორწინებული ხარ.

– კი, დაოჯახებული ვარ. დაოჯახებაც სპონტანურად გადაწყდა. 20 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით, ახლა 23-ის ვარ. ძალიან კარგია, თუ ცხოვრების მეგზურად სიყვარულს აირჩევთ, მაგრამ სიყვარულს, მით უმეტეს, როცა დაოჯახებული ხარ, განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა სჭირდება. ეს ძალიან რთულია, თანაცხოვრება არ არის მარტივი, ორი ინდივიდუალური ადამიანი უნდა შეეჩვიოს ერთმანეთს. სამი წელია, ოჯახი გვაქვს და სამივე წელი რაღაცების დასალაგებლად დაგვჭირდა. ვფიქრობ, რომ უფრო გააზრებულად უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და ცოტა გვიან ასაკში, მაგრამ რადგან ყველაფერი დავალაგეთ და უკვე კარგად ვართ, ახლა განვლილი სირთულეების გამო აღარ ვჩივი (იცინის). მართლა რთულია – ბაბუაწვერასავით ნიავი არ უნდა მიაკარო, რომ არ გაგიფრინდეს, მაგრამ დროდადრო სწავლობ ამ ყველაფერს.

– უამრავი თაყვანისმცემელი რომ გყავს, რაც სოციალურ ქსელშიც ძალიან კარგად იგრძნობა, ამაზე არ ეჭვიანობს?

– არ ეჭვიანობს, მაგრამ ხანდახან აქვს ხოლმე „გამოხტომები“ – ეს ვინ არის, ასეთ კომენტარებს რომ გიწერსო?! (იცინის) ვეუბნები, რომ მე პოპულარული ადამიანი ვარ და ყოველთვის გამოჩნდება თაყვანისმცემელი, ვინც რაღაც კომენტარს დამიწერს. ამას რომ ჩავუჯდეთ და ამის გამო ვიკინკლაოთ, ძალიან ცუდი იქნება. თვითონაც ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს შეხება და ამის გამო მარტივად ესმის.

– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?

– წელიწად-ნახევარი ვიყავით შეყვარებულები. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დაოჯახება მაინც ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო. აი, ასე, პირდაპირ გავთხოვდი, ხელის თხოვნისა და მსგავსი რიტუალების გარეშე.

– როგორი ცოლია თაკა?

– ვერ ვიტყვი, რომ კარგი ცოლი ვარ. მაგალითად, საჭმელი ყოველთვის არ არის გამზადებული, სახლი ყოველთვის არ პრიალებს (იცინის). რაც შეეხება გვერდში დგომას და გაგებას, მგონია, რომ ეს შემიძლია. სახლში რომ ვიჯდე და არ ვმუშაობდე, სახლიც ყოველთვის გაპრიალებული მექნებოდა და საჭმელიც გამზადებული, მაგრამ მეც ვმუშაობ და ეს არ ყოფილა სიურპრიზი.

– ქორწინებამდე სახალისო ამბავი გადაგხდენია თაყვანისმცემლებთან...

– კი, სულ თაყვანისმცემლების სიმრავლე მქონდა და მუდამ არჩევანში ვიყავი. ადამიანი თუ საჩუქარს მიგზავნიდა, უარი არ მითქვამს, ვიღებდი (იცინის). ერთხელაც, ძალიან სასაცილო ისტორია გამოვიდა. ერთმა თაყვანისმცემელმა მითხრა, რომ საჩუქარი გამომიგზავნა და მივიღე კიდეც ოქროს ყელსაბამი და ყვავილების თაიგული. გადავუღე ფოტოები, გავუგზავნე და მადლობა გადავუხადე. გაოგნებულმა მომწერა, მე ეგეთი საჩუქარი არ გამომიგზავნიაო (იცინის). ისე მოხდა, რომ მისი საჩუქარი რამდენიმე დღის შემდეგ ჩამომივიდა. აღმოჩნდა, რომ ერთ დღეს ორ ადამიანს გამოუგზავნია საჩუქარი, მაგრამ მეორეს არ გავუფრთხილებივარ. გაოგნებული ვიყავი, სანამ იმ მეორემ რამდენიმე დღის შემდეგ არ მითხრა, რომ სამკაული და ყვავილები მისი გამოგზავნილი იყო (იცინის).

– როგორი იყავი თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში დაქორწინებამდე?

– გულთან ძალიან ახლოს არავის ვუშვებდი. ძალიან რთულია ჩემნაირი ადამიანის გულამდე მიაღწიო. ამას გრძნობდნენ და ჩემთან ურთიერთობის უფრო მეტი „მუღამი“ უჩნდებოდათ (იცინის). ყველასთან მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყავი. გოგონების ორი ტიპი არსებობს, ერთი, რომელსაც სულ უნდა ეხვეწო და მეორე, რომელიც აქეთ გეხვეწება, მე ის ვარ, რომელსაც იქით ეხვეწებიან (იცინის).

– მეუღლემ როგორ მოახერხა შენი გულის მოგება?

– მეუღლე აღმოჩნდა ძალიან „თავხედი“. არაფერი არ დამითმო და დროთა განმავლობაში, თავის შემართებით მოახერხა კიდეც ჩემი გულის მოგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი