შოუბიზნესი

რატომ ამბობს უარს კესარია ნიკოლაიშვილი მილანის, ტოკიოსა და კორეის სამოდელო სააგენტოების მიწვევებზე

№35

ავტორი: ანკა რობაქიძე 43 წუთის წინ

კესარია ნიკოლაიშვილი
დაკოპირებულია

მოდელი კესარია ნიკოლაიშვილი მოდის კვირეულების გამორჩეული მონაწილეა და მისით არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

კესარია ნიკოლაიშვილი: დავიბადე თბილისში, დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. არდადეგებს გურიაში, სოფლად ვატარებდი. ბავშვობიდან ცხენზე ჯირითი იმდენად მიყვარდა, ბახმაროში 6 დოღი მოვიგე ჩემივე ცხენით. ბავშვობიდან ყველაზე განსაკუთრებულად ეს გამარჯვებები მახსოვს. ძალიან ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა.

– როგორც ლამაზი ბავშვი, მოდის სფეროზე თავიდანვე ფიქრობდით?

– ვერ წარმოვიდგენდი, აქამდე თუ მოვიდოდი, არასოდეს მეგონა ჩემი თავი ლამაზი.

– სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– სკოლაში დაბალ ასაკში ცოტა პრობლემური ბავშვი ვიყავი, შუა კლასებამდე თითქმის ვერავისთან ვმეგობრობდი. საკმაოდ ბევრი სკოლა გამოვიცვალე. სიმართლე რომ ვთქვა, არცერთი საგანი არ მიყვარდა. სკოლიდან ბევრი მოგონება არ მაქვს, მხოლოდ ის, რომ შატალო სულ ჩემი იდეა იყო.

– როდის გადაწყვიტეთ მოდელობა?

– 13 წლის ასაკში ბებიამ მითხრა, სამოდელო სააგენტოში მიდიო. საერთოდ არ მეგონა, თუ რამე გამომივიდოდა, მაგრამ სააგენტოში მისვლიდან ორ თვეში კონტრაქტი შემომთავაზეს. ჩემით ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული, ბევრმა შემნიშინა და სულ გადაღებები მქონდა. მენეჯერებისგან და აგენტებისგან ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი. მისვლისთანავე, როცა პოდიუმზე სიარული ჯერ არც ვიცოდი, ყველგან პირველს მაყენებდნენ და ვერც ამას ვხვდებოდი, ასე რატომ ხდებოდა. თავიდან გოგოებს შორის თავი ყველაზე არამოდელური მეგონა. გოგოებს არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემთან და ვერ ვიგებდი რატომ. რამდენიმე გოგოს არ მოვწონდი და ალბათ, ისე შურდათ, რომ ფეხსაცმელები გამიფუჭეს – დამიჯღაბნეს. ჩემზე ჭორაობდნენ კიდეც – თურმე, ისეთი მახინჯი ვიყავი, 5 სამოდელო სააგენტოდან გამომაგდეს.

– გადაღებები, მოდის კვირეულები როგორ გახსენდებათ?

– პირველად ძალიან ცნობილმა ბრენდმა გადამიღო. ამ გადაღების მერე ძალიან ბევრმა შემნიშნა და უამრავი გადაღება, მოდის კვირეულებში მონაწილეობა შემომთავაზეს. აქვე ვიტყოდი, რომ მარტივი არ არის, ძალიან ბინძური და საფრთხილო საქმეა სამოდელო პროფესია. თავიდან, დამწყები რომ ვიყავი, ანაზღაურებას ყველაფერზე არ მაძლევდნენ, პორტფოლიოსთვის უფასო გადაღებებსა და ჩვენებებზე მიწევდა მისვლა. იქაც დიდად სახარბიელო სიტუაცია არ მხვდებოდა. ყველაზე დიდი ხნით გადაღებაზე 4 წლის წინ 14 საათი ვიდექი ქუსლიანებზე. არანაირი დასვენება, არანაირი საჭმელი და ერთი ბოთლი წყალიც არ იყო. კარიერის დასაწყისში ასეთი ბევრი პერიოდი მქონდა, მაგრამ ღირდა. როცა სამოდელო სფერომ უკვე გამიცნო და მეც დავრწმუნდი, რომ გამოცდილი, პროფესიონალი მოდელი ვიყავი, აღარცერთ უფასო ჩვენებასა თუ გადაღებაზე აღარ მივსულვარ. დღეს მყავს სააგენტო და მენეჯერი, რომლებიც აგვარებენ ჩემი გადაღებების საკითხებს.

– მოდის კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ თქვენი გამოსვლა მუდმივად გამორჩეულია. ამას როგორ მიაღწიეთ?

– სიმართლე რომ ვთქვა, დიდი შრომა არ დამჭირვებია. თითქოს ვიცი, რასაც ვაკეთებ და ვიცი, რომ ეს სფერო ჩემია. სულ რომ არ მინდოდეს, მაინც საუკეთესოდ გამომდის. არ მინდა ტრაბახი, მაგრამ მართლაც ასეა. სხვათა შორის, მხოლოდ სილამაზე არ არის საკმარისი. თუ არ ხარ განათლებული, არ გაქვს შინაგანი საინტერესო სამყარო და ფერადი ადამიანი არ ხარ, სულ რომ ზეციდან ჩამოსული იყო, შენს სილამაზეს აზრი არ აქვს. ყველაფერი, რაც შიგნიდან ხარ, გარეთ გადმოდის და ჩანს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ენერგიას ასხივებ.

– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას ამ სფეროში?

– ეს აუცილებელი და უმთავრესია! რაც არ უნდა გინდოდეს, ყველაფერს მიაღწევ, მთავარი დისციპლინაა ყოველდღიურობაში.

– როგორც ვიცი, საზღვარგარეთიდან არაერთი შემოთავაზება გქონიათ...

– დიახ, პარიზში უკვე ვიყავი გადაღებაზე, მილანის სამი სააგენტოდან მქონდა შემოთავაზება, კორეიდან – ორი, ტოკიოდანაც – ორი, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე. როგორც გითხარით, საშინლად საშიში და საფრთხილო საქმეა, ჩემი ასაკის გამო ვერიდები. ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ მაქვს დაგეგმილი, დროის განმავლობაში გამოჩნდება, სად გადავწყვეტ წასვლას.

– პარიზის გადაღებები როგორ გახსენდებათ?

– გადაღებებს პარიზის ვიზაჟისტი, სტილისტი, ფოტოგრაფი, დამხმარე და ასისტენტები უზრუნველყოფდნენ. ჩვეულებრივ, ისეთივე იყო, როგორც სხვა გადაღებები, თუმცა შედარებით უფრო მოწესრიგებული და დაგეგმილი.

– მოახერხეთ, რომ საქართველოშიც იყოთ რეალიზებული, თქვენი სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.

– დიახ, რაც მთავარია, არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. ერთფეროვნება არის ჩემი ყველაზე დიდი შიში და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველა დღე სხვადასხვა ემოციებითა და აქტივობებით იყოს დატვირთული. თითქმის ყოველდღე მიწევს გადაღებებზე სიარული და ჩემთვის ეს საერთოდ არ არის დამღლელი. ზოგჯერ, როცა მთელი დღე იქ ყიფნა მიწევს, რთული ასატანია, მაგრამ რას ვიზამ.

– რას იტყოდით ქართველ დიზაინერებზე?

– საქართველოში ძალიან ბევრი ერთნაირი სტილის დიზაინერია და ბევრ მათგანთან მითანამშრომლია. ვფიქრობ, მათ ინდივიდუალურობა აკლიათ (ყველაზე არ ვსაუბრობ). დიზაინერების უმრავლესობა სხვა დიზაინერებისგან იღებენ მაგალითს და იდეებს, ასე ვთქვათ ბაძავენ. თუმცა, ყველა მათგანს აქვს ხარისხი და უმრავლესობას გულით ნამუშევარი ეტყობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი