თაკო დოლაბერიძე: როცა ოჯახი გაქვს და მეორე ნახევარი გყავს, იქ გარკვეული წესებიცაა, რასაც მე ვერ ან არ ვემორჩილები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 54 წუთის წინ
მერწყული გამოირჩევა განსაკუთრებული თავისუფლებისმოყვარეობით, ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა მისთვის უპირატესია, ამიტომ ნებისმიერი სახის შეზღუდვას გაურბის. ამავდროულად, ეს ნიშანი სავსეა ჰუმანიზმით, ადამიანების სიყვარულითა და ძლიერი სოციალური კავშირებით. როგორი მერწყულია ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე, ინტერვიუდან გაიგებთ.
– თაკო, როგორია თქვენი დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ და ვინ ხართ ზოდიაქოთ?
თაკო დოლაბერიძე: დაბადებული ვარ ვირთხის წელში, ზოდიაქოთი კი მერწყული ვარ. ჩემთვის ასტროლოგია ძალიან საინტერესოა. ასტროლოგებს ყოველთვის ვუსმენ და მსიამოვნებს, როდესაც ორშაბათობით მთელი კვირის პროგნოზს ვიგებ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ვარსკვლავების განლაგებაზეა დამოკიდებული.
ქრისტიანული ეკლესია ასტროლოგიას არ აღიარებს. მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ, თითქმის ყოველ კვირას ვეზიარები და ჩემგან არ იქნებოდა სწორი, განსაკუთრებული ინტერესი გამომეხატა. ზოგადად, ასტროლოგებს ვუსმენ ხოლმე და ვმეგობრობ. ძალიან მიყვარს სოფიო ბზეკალავა, მიშა ცაგარელსაც დიდ პატივს ვცემ, თუმცა ასტროლოგიაში ზედმეტად გადავარდნილი არ ვარ.
– მერწყული ძალიან ჰუმანურ და მეგობრულ ნიშნად ითვლება.
– კი, ჰუმანურიც ვარ და მეგობრულიც. თუ ადამიანი მიყვარს, შემიძლია, ბოლომდე მის გვერდით ვიყო. სულ რომ დამნაშავე იყოს, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – როცა მიყვარს, მიყვარს.
რამდენადაც ჰუმანური ვარ და მიყვარს ადამიანები და მათთან კომუნიკაცია, იმდენად მომთმენიც ვარ — ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრ რამეს ვითმენ. ესეც მერწყულის თვისებაა. ასევე, არ ვისმენ იმას, რაც არ მინდა და არც მაინტერესებს. ზოგადად, ჭორაობა და „ადამიანებზე გადავლა“ არ მჩვევია. ადამიანს, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდება, მისთვის წიხლის დაჭერა არ მახასიათებს.
მაგრამ თუ ვინმე ძალიან ცუდად შემეხო... როგორც ვთქვი, რაღაც ეტაპამდე ვითმენ, მერე კი ხაზს გადავუსვამ და ურთიერთობას სამუდამოდ ვწყვეტ. ვკარგავ ისე, რომ აღარ მაინტერესებს - ოჯახის წევრი იქნება, ძალიან ახლო მეგობარი თუ ბიძაშვილი. პატიებით - ყველას აპატიოს ღმერთმა, მაგრამ მე მასთან ურთიერთობა აღარ მინდა და ამ მიზეზით არაერთი ურთიერთობა დამიმთავრებია. შეიძლება, ეს ძალიან ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეთი ვარ.
უკონფლიქტოდ ვაკეთებ ამას, მთელი ცხოვრება ასეთი ვიყავი. თუმცა, როცა 50 წელს გადავაბიჯე (უკვე 55 წლის ვხდები), რამდენიმე ისეთმა მეგობარმა მაწყენინა, რომლებსაც ძალიან ახლობლებად ვთვლიდი; ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვახალე სიმართლე. ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ისეთი მეგობრობა შემიძლია, რომ ყველაფერს გადავდებ მეგობრისთვის - საკუთარ საქმესაც გავაფუჭებ, თუ მას დავჭირდი. ისე მაწყენინეს ამ ორმა მეგობარმა (ცოლ-ქმარი არიან, მიმხვედრი მიხვდება), რომ ჩემთვის სამუდამოდ დამთავრდნენ. ადამიანს, თუ ბოროტებას შევატყობ, ვემშვიდობები და ასეც მოვიქეცი. თუ ადამიანი ამოვიჩემე, გამორიცხულია, კარმა არ შეუბრუნდეს - შეიძლება წლების მერე, მაგრამ აუცილებლად ასე ხდება. ესეც მერწყულის თვისებაა.
- მერწყულები ძალიან გახსნილი გონების და სხარტად მოაზროვნე ადამიანები არიან, რაც წინსვლაში ეხმარებათ...
- კი, თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ძალიან „სმარტი“ ვარ. ბევრჯერ მქონია რთული პერიოდი, მაგრამ რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ წამოვდექი. ბევრჯერ დამიწყია ყველაფერი თავიდან და არასდროს მეშინია სიახლეების, ახალი ურთიერთობებისა თუ რისკების. ძალიან რისკიანი ვარ და უკან არაფერში ვიხევ — არც ურთიერთობებში, არც ბიზნესში და არც მეგობრობაში. თუ არ გარისკე, სიახლეები არ გექნება, მე კი ერთფეროვნება არ მიყვარს.
ასევე, ვერ ვიტან, როცა ვინმე მეუფროსება. სამსახურში უფროსს არ ვგულისხმობ - პირად ურთიერთობებში ვერ ვიტან უფროსობას და ვერც ვერასდროს ავიტანე.
- მერწყულს ძლიერი სიყვარული შეუძლია, მაგრამ არ გამოხატავს. შეიძლება უყვარდეს ვინმე, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცოდეს.
- კი, არ შემიძლია სახალხოდ ვუთხრა ადამიანებს, რომ მიყვარს, თუნდაც მეგობრებს. თუმცა, ვინც ძალიან მიყვარს, მათ მიმართ განსაკუთრებულად თბილი ვარ. საერთოდ, დამეგობრების შემდეგ ბევრს უთქვამს: საერთოდ სხვანაირი გვეგონე, ძალიან ცივი ჩანდიო, ამ დროს კი ასეთი საერთოდ არ ვარ.
- მერწყული თითქოს მალავს გრძნობებს, რადგან იმედგაცრუებისა და თავისუფლების დაკარგვის შიში აქვს.
- იმედგაცრუების არა, უფრო თავისუფლების დაკარგვის. როცა ოჯახია, მეორე ნახევარი გყავს, იქ გარკვეული წესებიცაა, რასაც მე ვერ ან არ ვემორჩილები. ჩემთვის თავისუფლება პირველია.
- მერწყული ძალიან მეგობრულია, მაგრამ ამავდროულად უყვარს განმარტოება და ფიქრი...
- კი, ეგ თვისებაც მაქვს. მომწონს განმარტოება და ხანდახან დასასვენებლადაც მარტო მივდივარ. საზღვარგარეთაც წავსულვარ მარტო და სიამოვნებით დავბოდიალობ ჩემთვის. მაქვს ხოლმე მომენტები, თვითმფრინავში ჩავჯდები და შემიძლია ერთი კვირა უპრობლემოდ გავატარო სადმე, მარტო გავერთო. იქ ვიღაცას დაველაპარაკები, გავიცნობ, მაგრამ ძირითადად, მარტო ვარ.
საერთოდ, ხალხმრავლობა ძალიან მიყვარს. ქალაქგარეთ, აგარაკზე ცხოვრება საჩემო არ არის, ხალხში უნდა ვიყო; მაგალითად, სადმე უკაცრიელ კუნძულზე დასასვენებლად ვერ წავალ. სიმშვიდე და სიწყნარე არ მომწონს, ხალხმრავლობა მიზიდავს - თუნდაც სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, მთავარია, სიცოცხლე იგრძნობოდეს. პანდემია რომ დაიწყო, ყველა ამბობდა, გამორიცხულია შენ სახლში ჩაიკეტოო და მე ამის ატანა მართლა არ შემიძლია. დიდად არც ჩავკეტილვარ, სტუმრებსაც ვიღებდი და არ მეშინოდა. ხალხის გარეშე არ შემიძლია და სხვანაირად ალბათ, გავგიჟდებოდი.
- ამბობენ: თუ მერწყულმა შეგიყვარა, ჩათვალე, რომ ჯეკ-პოტი მოიგეო. ეს რას ნიშნავს?
- ნამდვილად ასეა. თუ მერწყულმა შეგიყვარა, ჩათვალე, რომ ის შენს გვერდით იქნება ყველგან — ომი იქნება თუ სიხარული, გაჭირვება, პრობლემა თუ ლხინი.
- ეს არ არის მარტივი ამბავი.
- კი, ძალიან რთული ამბავია, თუნდაც იმის გამო, რომ რაც უფრო დიდი სამეგობრო გყავს, მით უფრო მეტია გულისტკივილი და იმედგაცრუება. როცა შენ გულს ამოიღებ სხვისთვის, მისგანაც იგივეს ელოდები. სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება, რასაც გულისტკივილი მოსდევს. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თვისებებითა და ზოდიაქოთი.
- მერწყული ყოველთვის სიმართლეს ამბობს, რაც კიდევ ერთი ისეთი თვისებაა, რომელიც ბევრს არ მოსწონს.
- კი, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე ძალიან პირშიმთქმელი ვარ. ბევრჯერ გამიფუჭებია ამით საქმე საკუთარი თავისთვის. სულ ვამბობ ხოლმე: „რა მინდოდა, რატომ ვუთხარი?“ და ასე შემდეგ, მაგრამ მომავალშიც იგივეს ვიზამ - 54 წლის ასაკში რაღა შემცვლის?!
- მერწყული მისტიურია და შეიძლება ყველას არ ესმოდეს.
- თუ ადამიანი ბოლომდე ვერ მივიღე, შეიძლება მან ასეთად ჩამთვალოს. ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ადამიანებთან ურთიერთობაში. ბევრნაირ ადამიანს შევხვდი: კეთილს, ბოროტს, ყაჩაღს, ორპირსა და სამპირსაც კი. დღეს ადამიანს რომ შევხედავ, უკვე ვცნობ. ადრე მიჭირდა და ოჯახის წევრებიც მეუბნებოდნენ, ადამიანების ცნობა არ იციო. მართლა არ ვიცოდი, მაგრამ ვისწავლე და ამიტომ ახლა ყველასთან აღარ ვიხსნები.
- ის ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სურს.
- კი, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა, და არავის ვუჯერებ. მინდა? — ესე იგი უნდა გავაკეთო. ჩემებური ხასიათი მაქვს: მაგალითად, მოვიდა წყვილი და ქორწილის გაკეთება სურს, თუ არ მომეწონენ, არ გავაკეთებ და ვეტყვი, რომ არ მცალია. რა თქმა უნდა, ზრდილობიანად ვეტყვი უარს. თუ გულთან ვერ მივიღე ადამიანები, ასე ვიქცევი.
- მერწყულებს შეუძლიათ პრობლემები წარსულში დატოვონ და მომავალში ხელი არ შეიშალონ.
- კი, ერთ მაგალითს მოვიყვან: გულში არავის წყენას არ ვინახავ. ადამიანთან ურთიერთობას რომ დავასრულებ, შემიძლია კარგი „გამარჯობაც“ ვუთხრა, რადგან წყენა არ გამაჩნია. ასევე, ადამიანს არ „გავწირავ“. პირიქით, მქონია შემთხვევა, როცა ვინმეს ძალიან მაგრად გავუწირივარ, მაგრამ მერე მაინც გული მომბრუნებია მასზე. თავის ქებასავით გამომდის, მაგრამ ასეთი ვარ.
სულ კარგს ვიხსენებ — იმ სიკეთეს, რომელიც სხვებს გაუკეთებიათ ჩემთვის, ცუდის გახსენება არ მინდა. ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა ამბობენ, ბავშვობაში კლასელმა გამაბრაზაო. სამი სკოლა გამოვიცვალე და არ მახსოვს არც ჩაგვრა და არც ბულინგის მსგავსი რამ. თან 90-იან წლებში ვსწავლობდი — „ძველი ბიჭების“ ეპოქაში, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს დავეჩაგრე.
— რა არის ის თვისებები, რომლებითაც კმაყოფილი ხართ, ან პირიქით — რის გამოასწორებოდით სიამოვნებით?
— ძალიან მომწონს, რომ არ ვარ ბოღმა და შურიანი. არასდროს მომინდება სამაგიეროს გადახდა, მტრისთვისაც კი. არ ვარ ხელმომჭირნე, არ მენანება სიყვარულისა და სიხარულის გადანაწილება. მადლიერი ადამიანი ვარ იმისათვის, რომ ამქვეყნად გავჩნდი და ჩემი დედ-მამის შვილი ვარ. მომწონს ჩემი ცხოვრება და ვისურვებდი, რომ ის უცაბედი აფეთქებები და გაბრაზება, რაც ვიცი, მოვიშორო — მეტი არაფერი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





