თაკო ვადაჭკორია: მილიონი რომ მქონდეს და დილით დედას არ შემოჰქონდეს ყავა, თან ჩემი ლეკვი არ შემორბოდეს, შეიძლება, ასეთი ბედნიერი ვერ ვიყო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 29 წუთის წინ
თაკო ვადაჭკორიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თაკო ვადაჭკორია?
თაკო ვადაჭკორია: დედა, შვილი, მეგობარი – მთავარი ეს არის. ამის შემდეგ კი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყოველდღე ბედნიერი იყოს.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემს საოცნებო ცხოვრებაში ყველა საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს და არავის არაფერი აწუხებს. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად არის. ფინანსური მდგომარეობა ისეთი უნდა იყოს, რომ სადარდებელი არ მქონდეს. მილიარდებზე არასდროს მიოცნებია, თუმცა კარგი იქნებოდა, იმდენი მქონდეს, ბევრი ადამიანის დახმარება შევძლო. ვოცნებობ პატარა, საყვარელ კერძო სახლზე, ოჯახურ გარემოსა და პატარ-პატარა ყოველდღიურ ბედნიერებებზე.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხართ?
– ძალიან ემოციური და გულჩვილი ვიყავი, ყველაფერს ზედმეტად განვიცდიდი. უმცირეს რამეზე მიჩუყდებოდა გული და მწყინდა. არ მიმყვებოდა, მაგრამ წუთიერად შეიძლებოდა, გავბუტულიყავი, მეტირა და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა აღარ ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, ემოციები მემართა და მგონი, ცოტა უკეთესი სიტუაცია მაქვს.
– როდის იტირეთ ბედნიერების ცრემლებით?
– ვერ ვიხსენებ ასეთ მომენტს – იმიტომ კი არა, რომ ძალიან ბედნიერი არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ სიხარულს ცრემლებით არ გამოვხატავ. ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილის დაბადება იყო და ზუსტად ვიცი, რომ მაშინაც არ მიტირია. პირიქით, ბედნიერებისგან ვიღიმოდი. ყოველთვის, როცა ბედნიერი ვარ, ვიღიმი.
– რა გამოსცადეთ ცხოვრებაში პირველად ბოლო პერიოდში?
– სახლში რემონტი საკუთარი ხელით დავიწყე. ყველაფერი ერთი პატარა კარადით დაიწყო, რომელიც ჩემს ოთახში იდგა – ტანსაცმელს ვეღარ ვატევდი და გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა. დავიწყე ცვლილებები: ჩემივე დიზაინით და საკუთარი ხელით გავაკეთე ჩემი ოთახი, ახლა კი მისაღები ოთახის განახლებაზე გადავედი. ახალი გამოწვევის წინაშე ვარ – ძალიან მომწონს ეს პროცესი, ვგრძნობ, რომ კარგად მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე. ერთგვარი რელაქსიცაა, ამიტომ სიამოვნებით ვაგრძელებ.
არ ვამბობ, რომ ავეჯს უკვე თავად ვამზადებ, მაგრამ რომ მოვინდომო, ეჭვი მაქვს, ამასაც მოვახერხებ (იცინის). კედლების გალესვა, შეღებვა, პანელების გაკვრა, განათებები – ეს ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე და გამომივიდა. მოკლედ, ჭკუაზე არ ვარ სიხარულისგან (იცინის). საკუთარი ხელით რომ აკეთებ, სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ სულ გადარბენაზე ვარ, ეს პროცესი დროში მეწელება, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.
– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– საერთოდ არაფერს. რომ არა ის ნაბიჯები და შეცდომები, არ იქნებოდა ის, რაც არის, და არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ამიტომ წარსულს არასდროს ვნანობ. თუ რამე არ მომწონს, ძირითადად, გარშემო მყოფი ადამიანების ამბავია, სხვა ადამიანებს კი მე ვერ შევცვლი, ამიტომ არ მიყვარს ამაზე ფიქრი. ყველა შეცდომას თავისი როლი ჰქონდა და ამან გამზარდა.
– თქვენი გამარჯვება და მარცხი?
– პირველი ჩემი გამარჯვებაა ის, რომ არასდროს ვჩერდები და არ ვნებდები არცერთ რთულ სიტუაციაში. ბოლო დროს საკუთარი თავის შექება ვისწავლე. როცა რამე მნიშვნელოვანს ვაკეთებ, ხანდახან ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს: „ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!“ აქამდე არ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის ქებაც საჭიროა, არადა, თურმე, მართლა ძალიან კარგად მოქმედებს.
მეორე – შევძელი და სრულიად არასპორტულმა ადამიანმა ძალიან სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებას მივყავი ხელი, რაც ჩემს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო და ისეთიც, რამაც გული გატკინათ?
– როცა ვიგებ, რომ ჩემზე კარგი რამ უთქვამთ ისე, რომ საერთოდ არ იცოდნენ, თუ ჩემს მეგობარს ესაუბრებოდნენ, ძალიან სასიამოვნოა. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, სხვები რას ფიქრობენ ჩემზე, არამედ ის, რომ რეალურად არ ჰქონდეთ ცუდი სათქმელი. მიყვარს ისე ცხოვრება, რომ ადამიანებთან მართალი ვიყო. ყოველთვის ყველასთან მართალი ვერ იქნები და თუ ადამიანს უნდა, აუცილებლად მოგიძებნის მიზეზს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, წლები რომ გავა და აღარ ვიქნები, გახსენებისას თქვან: კარგი ადამიანი იყოო. დღესაც ძალიან მსიამოვნებს, როცა ვიგებ, რომ ვინმე კარგს ამბობს ჩემზე.
არ მწყინს, როცა ცუდს ამბობენ, რადგან ამის მიზეზსაც ვხვდები. ეს არ არის ჩემი პრობლემა.
ერთხელ საინტერესო შემთხვევა მქონდა: ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა თქვა, რომ ჩვენ ერთად ვიყავით, მაშინ, როცა საერთოდ ნანახიც კი არ მყავდა ის პიროვნება და არც კი მივსალმებივართ ერთმანეთს. მან არ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი დაქალის დაქალთან უთქვამს ამის შესახებ და ასე მოვიდა ეს ამბავი ჩემამდე (იცინის). შოკში ვიყავი, რეაქციაც არ გამომიხატავს, რადგან ადამიანს არც ვიცნობდი, რომ დამერეკა და რამე მეთქვა. თუმცა, ცოტა მეწყინა, ვერ მივხვდი, საიდან მოიტანა.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, ეს თვისება გააღვიძოს თქვენში?
– თუ ვინმე არასწორად შეეხება ჩემს შვილს, შემიძლია, წარმოუდგენელი რამ ჩავიდინო. შეიძლება, ძალიან სასტიკი და შეურაცხადი გავხდე, თუ ადამიანი გამიზნულად მავნებს მე, ჩემს შვილს თუ ოჯახის სხვა წევრს.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– კოვიდის დროს, როდესაც ბებია და ბაბუა ერთმანეთის მიყოლებით, ორკვირიანი შუალედით გარდაიცვალნენ. მაშინ პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში. მანამდე ასეთი ახლობელი ადამიანების გარდაცვალება არ მქონდა გამოცდილი. ძალიან შემეშინდა და ამის შემდეგ ცოტა სხვანაირად დავიწყე ცხოვრება.
– ყველაზე დიდი ტკივილი რასთან ასოცირდება?
– ყველაზე მეტად მამაჩემთან კონტაქტის გაწყვეტამ მატკინა. ამაზე დიდ ტკივილს ვერ ვიხსენებ, თუმცა ახლა უკვე ესეც გადახარშული მაქვს.
– რისი გაკეთება გიყვართ პროფესიული საქმეების მიღმა?
– ძალიან მიყვართ დილის რუტინა: როგორც კი ვიღვიძებ, დედაჩემთან ვუშვებ ზარს, რომელიც ადრე დგება. ჩემი ძაღლი რომ იგებს ტელეფონის ხმას, ხვდება, რომ გავიღვიძე და მაშინვე შემორბის; ცოტა ხანში დედაც მოყვება ფინჯანი ყავით და ჩემი შავი შოკოლადით. ეს არის ჩემთვის ნეტარება, რომლის გარეშეც დილა ვერ წარმომიდგენია.
გამოფხიზლების შემდეგ აუცილებლად მაქვს საუბრები ღმერთთან და სამყაროსთან – ყველაფერისთვის მადლიერი ვარ, მათ შორის ახალი დღისთვისაც. შემდეგ იწყება პატარ-პატარა საქმეების მოგვარება, საკუთარ თავზე ზრუნვა, აივანზე ჩამოჯდომა და ცოტა ჭორაობაც, აუცილებლად – ვარჯიში, შვილთან დროის გატარება, ყოველ საღამოს გაპრანჭვა და სამუშაოდ წასვლა, სადაც საყვარელ საქმეს ვაკეთებ. მე ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს.
ვფიქრობ, ჩვენზეა დამოკიდებული, რას მივანიჭებთ მნიშვნელობას და ჩემთვის ყველა ეს დეტალი ბედნიერების მომტანია. მილიონი რომ მქონდეს და დილით დედას არ შემოჰქონდეს ყავა, თან ჩემი ლეკვი არ შემორბოდეს, შეიძლება, ასეთი ბედნიერი ვერ ვიყო.
– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ?
– ჩაგვრა, კონცერტებიდან მოხსნა – ბევრი იყო მსგავსი ფაქტი, ხშირად სამსახურებშიც. ადრე ძალიან განვიცდიდი, ახლა კი ღიმილით ვხვდები, რადგან დავრწმუნდი, რომ დრო და სამყარო ყველაფერს ძალიან კარგად ალაგებს. შესაბამისად, მე მსგავს ამბებზე აღარ ვღელავ.
– ფობია თუ გაქვთ?
– ბავშვობაში ლიფტში გავიჭედე და ძალიან შემეშინდა – კლაუსტროფობია მაქვს. ვებრძვი ამ შიშს და როცა სხვა გამოსავალი არ მაქვს, ლიფტით მაინც ვსარგებლობ. კიდევ, კალიები და ობობები მეზიზღება.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– ბავშვობაში მოვიპარე რაღაც და დღემდე ვერ ვინელებ. ერთი მეზობელი მყავდა, რომელიც თავის სათამაშოთი არ მათამაშებდა. სათამაშო არ მიჭირდა, მაგრამ მინდოდა, ის კონკრეტული ეთხოვებინა, რაზეც ბევრჯერ მითხრა უარი. ერთხელ დასასვენებლად წავიდა და მოვპარე. დღემდე ძალიან მაწუხებს ეს ამბავი – იმდენად, რომ ცხოვრებაში მსგავსი აღარაფერი გამიკეთებია. ძალიან პატარა ვიყავი, მაქსიმუმ, 6 წლის და ეს ამბავი აქამდე არ მითქვამს (იცინის).
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ვამაყობ ყველაფრით, რაც აქამდე შევქმენი, საკუთარი ნებისყოფითა და იმ თვისებებით, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდი ჩემში. საერთოდ სხვა ადამიანი გავხდი და ეს მეამაყება. ვამაყობ ნებისმიერი წარმატებით, რომელსაც ჩემი შვილი აღწევს და თუ კარგი ადამიანი გაიზრდება, ყველაზე მეტად ამით ვიამაყებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





