შოუბიზნესი

თამთა ჭელიძე: მიზნად რომ დამესახა, დარწმუნებული ვარ, შევძლებდი და დღეს „ჰოლივუდში“ ვიქნებოდი

№35

ავტორი: ნონა დათეშიძე 58 წუთის წინ

თამთა ჭელიძე
დაკოპირებულია

მომღერალი თამთა ჭელიძე, ძირითადად, მშვიდი და გაწონასწორებულია, თუმცა ზოგჯერ ხასიათის ცვალებადობაც ახასიათებს და ამის გამო, როგორც თავად ამბობს, პროფესიულ საქმიანობაში არაერთი შანსი გაუშვა ხელიდან. წელს საქმეების გამო ზაფხულში დასვენება ვერ მოასწრო, თუმცა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის და ახალ სეზონზე ჩვეული შემართებით შეუდგება საქმიანობას.

თამთა ჭელიძე: ზაფხული არ მიყვარს და ამას რომ ვამბობ, ბევრს უკვირს. ბავშვობიდან ვერ ვიტან სიცხეს. მე ზამთრის სეზონი მიყვარს. ზამთრის სამოსიც უფრო მომწონს, ვიდრე ზაფხულის ტანისაცმელი. ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემი არ არის, თუმცა დასვენება მიყვარს და ოჯახს წესად გვქონდა, 20 დღე მთაში უნდა ვყოფილიყავით და 20 დღე ზღვაზე დაგვესვენა. ასე გავიზარდე.

– წელს თუ მოახერხე ჯერ მთაში და მერე ზღვაზე დასვენება?

– ძირითადად, ზაფხულში თბილისში არ ვარ და ვისვენებ, მაგრამ წელს ვერ მოვახერხე დასვენება. სულ 5 დღე ვიყავი ჩემი მეგობრის სახლში, ურეკში. საქმეები მქონდა და ამიტომ დასვენება ვერ მოვახერხე.

– ზოგადად, როგორი ცხოვრება გიყვარს, დაგეგმილი თუ სპონტანური?

– დაგეგმილი ცხოვრება მიყვარს. წინასწარ ვგეგმავ ყველაფერს. სპონტანურად შეიძლება, რაღაც მოვიმოქმედო, თუმცა, ამ დროში რთულია ასე მოქცევა, როცა ასაკი გემატება. ასე რომ, ყველაფერი დაგეგმილი და წინასწარ გათვლილი მიყვარს. კარგა ხნით ადრე უნდა ვიცოდე ყველაფერი – რა დროს, სად, როგორ და რომელ საათზე. ყოველთვის ასეთი ვიყავი.

– იყო შანსი, რომელიც დიდხანს ფიქრის გამო ხელიდან გაგიშვია?

– კი, იყო ასეთი მომენტი, როცა ჩემს პროფესიაში მქონდა შანსი, ბევრი ვიფიქრე გადამედგა თუ არა ნაბიჯი და ეს შანსი, ამდენ ფიქრში, ხელიდან გავუშვი. ზოგადად, დიდხანს ფიქრი არ მიყვარს და არ მჩვევია, თუმცა ხშირად მეცვლება ხასიათი და ხან კის ვამბობ, ხან არას და საბოლოო ჯამში, ამდენ კი და არაში შანსი ხელიდან მიდის.

– ანუ, ცვალებადი ხასიათი გაქვს?

– ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. სწორედ, ამ ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო გავუშვი ხელიდან ის შანსები, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მქონდა. ასე რომ, უფრო ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მომსვლია შეცდომები, შანსები ხელიდან გამიშვია, თუმცა, რომ გითხრათ, დიდად ვნანობ-მეთქი, მოგატყუებთ. უზომოდ განვითარებული მაქვს ინტუიცია, იმდენად, რომ ხანდახან ჩემი თავის მეშინია (იცინის). ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ინტუიციის საოცარი შეგრძნება აქვთ და არც მე ვარ გამონაკლისი. მეც ძალიან მძაფრად მაქვს განვითარებული ინტუიცია, წინასწარ ვიცი რაღაცები, მაგრამ ჩემი ხასიათი და მეორე მხარე, ხშირად ეწინააღმდეგება, ხომ არ ცდებიო. ახლა რომ დავფიქრდი, თითქმის ყოველთვის ვეწინააღმდეგები ჩემს ინტუიციას და თითქმის ყოველთვის ვმარცხდები ინტუიციასთან. ამ ბოლო დროს კი ვისწავლე ჭკუა, გამოცდილებამ მასწავლა და ყურს ვუგდებ საკუთარ ინტუიციას (იცინის).

– გარდა ამისა, წლებმა და გამოცდილებამ, კიდევ რა შემატა და გამოუმუშავა შენს თვისებებს?

– წლებმა და გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ გამომიმუშავა. დიდ დროს ვუთმობ თვითგანვითრებას და იმ რაღაც უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზეც ვმუშაობ.

– თამთა, რამდენად გიხდება ოცნებები და თუ დაგრჩა ბავშვობის ოცნება აუხდენელი?

– მაქვს აუხდენელი ოცნება და სავარაუდოდ, ალბათ, არც ამიხდება (იცინის). მოკლედ, ბავშვობიდან, რაც აზრზე მოვედი, უცვლელი ოცნება იყო, მემუშავა „ჰოლივუდში“, კინოინდუსტრიაში. ოცნენები კი ხდება, მაგრამ ამ ჩემი ოცნების ახდენაში, ცოტა ეჭვი მეპარება. თავიდანვე ამ ოცნების ახდენას რომ მივყოლოდი, მიზანი დამესახა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ამიხდებოდა, მე ამას შევძლებდი და დღეს „ჰოლივუდში“ ვიქნებოდი. ასე რომ, ეს ოცნება ოცნებად დავიტოვე.

– რაც წლები გვემატება, ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მოდიან და მიდიან, გულს გვტკენენ ან პირიქით, ერთგულად გვიდგანან გვერდით. დღეს როგორი ადამიანები შემოგრჩა გვერდით?

– ძალიან ბევრი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანები მოვიდნენ, წავიდნენ, გამახარეს და მატკინეს. მიუხედავად ყველაფერისა, ყველას მადლიერი ვარ, ვინც იყო და არის ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ყველა უნდა შემხვედროდა, ის ტკენაც უნდა მიმეღო, რომ დღეს ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. უბედნიერესი ვარ, რადგან ბავშვობიდან ვისთან ერთადაც მოვდივარ და ვმეგობრობ, ისინი დღეს ჩემი ოჯახის წევრები არიან, ყველა ჩემი ნაწილია. თუმცა, რამდენიმე ადამიანი ასაკშიც შევიძინე და იმ ბავშვობის მეგობრებისგან ვერ განვასხვავებ. უდიდესი გულისტკენები მიმიღია ადამიანების დაკარგვით, უდიდესი იმედგაცრუებები და მათაც მადლობა, რომ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, რათა დავფიქრებულიყავი, მეტად გავზრდილიყავი. იმ ბევრი გულისტკენიანი ურთიერთობებიდან წყენის, ღალატის მერე, ბევრი რამ ვისწავლე. გარდა ამისა, არ დაგიმალავთ და არის ისეთი რამ ჩემს ცხოვრებაში, რასაც ძალიან ვნანობ და ეს არის არასწორ ადამიანებთან დახარჯული დრო. ძალიან გვიან მივხვდი, რომ დრო არის ძალიან ძვირფასი, რომელიც არასდროს ბრუნდება, გადის და ის არასწორ ადამიანებს არ უნდა დაახარჯო. ასე რომ, არასწორ ადამიანებს რომ დავახარჯე ჩემი ძვირფასი დრო, ვნანობ, მაგრამ ახლა ამაზე სინანული უკვე გვიანია.

– ბედისწერის თუ გჯერა და დედამიწაზე რა მისიით ხარ მოვლენილი, ამაზე თუ გიფიქრია?

– ყველაზე ძნელი კითხვაა და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, დედამიწაზე რა მისიით ვარ მოსული და შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდე. მეც ჯერ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ამოვხსენი. მაგრამ ბედისწერის ნაკლებად მჯერა. ყველა ადამიანი თავის ბედისწერას, თავისი ქმედებებით, ცხოვრებით, ემოციით წერს. ადამიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი, ყველაფერს თავად წყვეტს. ყველა შეცდომა რაც დაუშვია, როგორი ადამიანებიც ყოფილა და არის მის გვერდით, ეს თავად განსაზღვრა და არა ბედისწერამ, მე ასე ვთვლი.

ზოგადად კი, შენი შეცდომებიდან გამომდინარე გექცევიან ადამიანები ცუდად და ბოროტულად. ასე რომ, ბედიწერის არ მჯერა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ხდება შენი გადაწყვეტილებით. ადამიანმა შენი ბედი, თავად უნდა დაწერო.

– როდის მიხვდი, რომ ცხოვრება სულაც არ არის ისეთი ვარდისფერი, როგორსაც ბავშვობაში ვხედავთ?

– ძალიან გვიან მივხვდი, რომ ცხოვრება არ არის ისე ვარდისფრად მოხატული, როგორსაც ბავშვობიდან ვხედავდი. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და, ალბათ, ცუდია, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ მათი, რადგან როგორიც ვარ, მათი დამსახურებაა. სულ მჯეროდა, რომ საოცრებები ხდებოდა, ყველა ადამიანი კეთილია, რომ ყველა ოცნება ახდება... ასე გავიზარდე.

– ხშირად გამიგია, ვინც დედისერთაა, მრავალშვიალიან დედობაზე ოცნებობს...

– არასდროს მიოცნებია მრავალშვილიან დედობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე დედისერთა ვარ (იცინის). ახლა დავფიქრდი, ყველაფერი გავაკეთე, რომ შვილი მყოლოდა და ალბათ, ამ მთავარი მისიით მოვედი დედამიწაზე, რომ ასეთი შვილი გამეზარდა და ბედნიერი დედა ვყოფილიყავი. ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გავიარე და უკან რომ ვიხედები, თავად მიკვირს, ასე სწრაფად როგორ გაიარა დრომ და როგორ შევძელი ამდენის გაკეთება. მეგონა, სუსტი ვიყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ძლიერი ვარ. იმდენი წინაღობა და ბარიერი გადავლახე, იმდენჯერ დავვარდი და წამოვდექი... ამას ძალა ხომ სჭირდება? ეს ყველაფერი გადალახულია და ახლა სიმშვიდის ეტაპი მიდგას, თუმცა საქმის კუთხით ვერ ვისვენებ, ბევრი რამის მოსწრება და გაკეთება მინდა, შემოქმედებითი კუთხით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი