რა პრივილეგია აქვს მაცაცო თოხაძეს 50 წლის ასაკში და ვის ამოიღებდა ის საკუთარი ცხოვრებიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 39 წუთის წინ
დაბადების დღე ყველა ადამიანის ცხოვრებაში გამორჩეული და ემოციური თარიღია, რომელიც განვლილი გზის შეჯამებისა და ახალი გეგმების დასახვის შესაძლებლობას გვაძლევს, მით უმეტეს, განსაკუთრებულია დღე, როდესაც 50 წლის ხდები. ქალაქური სიმღერების ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე გვიყვება საკუთარ 50 წლის იუბილეზე.
– მაცაცო, რამდენად გიყვართ საკუთარი დაბადების დღე და როგორ აღნიშნავთ ხოლმე ამ დღეს?
– ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. კიდევ ერთი მხიარული შეკრების მიზეზია. ამ დღეს ზოგ ისეთ მეგობარს და საყვარელ ადამიანს ვხვდები ხოლმე, რომელიც დიდი ხნის უნახავი მყავს. თუმცა, რადგან ზუსტად შუა ზაფხულია, ყველას მაინც ვერ ვკრებ. ზოგი გასულია ქალაქიდან და ძალიან მწყდება გული. ბავშვობაში სულ ვსაყვედურობდი ხოლმე დედაჩემს – შუა ზაფხულში რატომ გამაჩინე-მეთქი (იცინის). თუმცა, თუ გული გულობს, კილომეტრები არაფერს ნიშნავს. ჩემი დაბადების დღე ჩემი საყვარელი ადამიანების შეხვედრისა და ჩახუტების დღეა! არის ბევრი სიმღერა, ცეკვა, სახალისო ამბები და ბევრი სიცილი.
– რომელი დაბადების დღე გახსენდებათ გამორჩეულად და რატომ?
– ცხოვრების განმავლობაში ისეთი დაბადების დღეც მქონია, როცა შემწვარ კარტოფილსა და ტყემალზე გვიქეიფია, მაგრამ კარგი დრო გვიტარებია. ისეთიც მქონია, როცა პომპეზურად აღმინიშნავს და იქაც კარგი დრო გვიტარებია. მთავარია, კარგი ადამიანები შევიკრიბოთ და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
– განსაკუთრებული საჩუქარი, რაც მიგიღიათ…
– ახლა დავფიქრდი... განსაკუთრებული? ვერცერთს ვერ გამოვყოფ... საჩუქარი ყველა მიხარია და არც უსაჩუქრობა მწყინს. პირიქით, როცა ვიცი, რომ იმ მომენტში არც ისე დალხენილია ადამიანი და ძვირფას საჩუქარს მჩუქნის, ძალიან განვიცდი... მინდა, ორი იმდენი უკან დავუბრუნო. ყველაზე მეტად ჩემთან მოსული სტუმარი მიხარია. ისაა ჩემი საჩუქარი!
– ყოფილა დაბადების დღე, როცა სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად სირთულეების წინაშე იყავით?
– ცხოვრება ყოველთვის ფერადი არ არის. შავ-თეთრი დღეები ყველას გამოგვივლია... მქონია, ალბათ... ახლა არ მახსენდება. პატარ-პატარა სიხარულებით ვხარობ და ამიტომ, დიდი იმედგაცრუებები არ მტანჯავს. ისეთი დაბადების დღე ნუ გამითენოს ღმერთმა, როცა მეგობრები არ მოვლენ ჩემთან. დანარჩენს ეშველება.
– როგორ ხვდებით ასაკის მატებას?
– გადასარევად ვხვდებით ასაკის მატებას – გაშლილი ხელებითა და ღიმილით. ნახევარი საუკუნის გავხდი. წარმოგიდგენიათ, რა ბევრია? სულ 21-ე საუკუნეა ახლა... მე კი ნახევარი საუკუნე უკვე გავიარე. მადლობა უფალს ყოველი გათენებული დღისთვის. 100 წლის სიცოცხლეს არ ვნატრობ. იმდენ ხანს ვიყო, სანამ ჩემს შვილებს იმედად და ჩასახუტებლად ვეყოლები. ასაკი არ მაშინებს. არც ნაოჭებს ვებრძვი და არც ასაკს ვმალავ. ბებიობაც მინდა უკვე, რა ხანია... (იცინის).
– წლებთან ერთად თუ ცვლით საკუთარ თავზე ზრუნვის მეთოდებს?
– საკუთარ თავზე მინიმალურად ვზრუნავ. რაც კარგი სულაც არ არის... მაგრამ ყველა ჩვენი ხასიათით ვიბადებით და ახლა რაღა შემცვლის მე? თმას ვიღებავ 3 თვეში ერთხელ. ჯერჯერობით უფრო ხშირად არ მჭირდება. ხელოვნურ ჩარევებს არ მივმართავ. ერთი ის მინდა ვისწავლო, რომ შიგადაშიგ, როცა ძალიან დაღლილი ვარ, წამოვწვე და დავისვენო. კარგად რომ „შემაქანებს” ხოლმე, მერე ვხვდები, რომ 20 წლის აღარ ვარ (იცინის).
– თქვენი გადასახედიდან, რა არის 50 წლის მთავარი პრივილეგია და სილამაზე, რასაც ახალგაზრდობაში ვერ ვამჩნევთ?
– რა სასწაულიც უნდა მოხდეს, 50 წლის ქალი ვერ იქნება 20 წლის გოგოს გარეგნობის. წლები თავისას შვრება. თვალები ვერ იტყუებიან ასაკს. ჩემი პრივილეგია ახლა ის არის, რომ საერთოდ აღარ მაღელვებს, როგორ გამოვიყურები, რამდენი ნაოჭი გამიჩნდა, რამდენი ჭაღარა მომემატა, ხელები როგორ დამიბერდა... ღმერთო ჩემო, ამაზე დარდისთვის სად მცალია... იმდენი საქმე მაქვს, 24 საათი არ მყოფნის დღე-ღამეში. ახალგაზრდობას გამოკიდებული ქალი (მაინც ვერ დაეწევა) ძალიან ცოდოა. ის ვერ ხარობს აწმყოთი, ეშინია მომავლის, წარსულს მისტირის. მე მიყვარს ჩემი 50 წლის ასაკი და ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 85-ის.
– რა არის მთავარი, რაც წლებმა თქვენში შეცვალა?
– მიწაზე მყარად დგომა 30 წლის ასაკში დავიწყე. ანუ 20 წლის წინ. წლებმა ძალა და გამოცდილება შემძინა. სხვა დიდად არაფერი შეცვლილა ჩემში. შვილებისთვის თავდადებული დედა ყველა ასაკში ვიყავი. მზრუნველი შვილიც ყველა ასაკში ვიყავი. კარგი ცოლიც... ერთგული მეგობარიც... საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ადამიანები არ იცვლებიან.
– რა გასწავლათ ცხოვრებამ?
– ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია. მასწავლა, რომ რასაც დავთეს, იმას მოვიმკი. მასწავლა, რომ როგორც გავბედავ, ცხოვრებაც ისეთი მექნება. უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას, ასე თუ ისე, თვითონ ვწერთ. ამიტომაც, არასოდეს ვაბრალებ სხვას არაფერს. რაც კი ხდება – კარგი თუ ცუდი – ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი არჩევანია, ჩემი დაწესებულია...
– რას ურჩევდით დღეს თქვენს თავს 20 წლის ასაკში?
– უჰ... რაღაც-რაღაცებს ვურჩევდი. ახლა წარსულში ბორიალი არ მინდა, მაგრამ ისეთი „თავისნათქვამა” ვიყავი ყოველთვის, საკუთარ თავსაც არ დავუჯერებდი (იცინის).
– სურვილების ჩაფიქრების ტრადიცია გაქვთ?
– მატერიალური სურვილები ყველას გვაქვს. ლამაზი ოცნებებიც და ნატვრებიც. მაგრამ როგორც კი სურვილის ჩაფიქრებაზე მიდგება ჯერი, მაშინვე მხოლოდ ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის ბედნიერებას ვნატრობ. დანარჩენს, როგორმე, თავადაც მოვახერხებ და რასაც მოვახერხებ, ის მეყოფა.
– არის რამე, რაშიც საკუთარ თავს იმედი გაუცრუეთ?
– არასოდეს დავპირებივარ საკუთარ თავს რამე ისეთს, რასაც ვერ მოვახერხებდი. ძალიან მცირედი მყოფნის კარგი ხასიათისთვის. ძალიან მოკრძალებული გეგმები და მიზნები მაქვს. რეალისტი ვარ! ალბათ, მეტად უნდა მეზრუნა იმაზე, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.
მე იმ ქალთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც ქმრების იმედად ცხოვრობენ. რაღაც ასაკში ეს კიდეც მომწონდა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სხვანაირად ძლიერი ხარ, როცა ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი ხარ. მე კი საბოლოოდ ისეთ ქალად ჩამოვყალიბდი, ქმარს რომ ყველის ყიდვას დააბარებ და სახლში ხაჭაპურს გამოაცხობ. თუმცა ეს მოცემულობა ჩემს ხასიათს იმდენად ერგება, რომ დიდად არ მაწუხებს. კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ. სახლის ადამიანი ვარ.
– დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს რას შეცვლიდით?
– დავფიქრდე... ერთ-ორ ადამიანს საერთოდ ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
– ყველაზე დიდი მიღწევა, თუ რამე მაქვს, ალბათ, ჩემი კარგი დედობაა! იმედია, ჩემი შვილებიც ასე ფიქრობენ. ყველა ადამიანი ხომ რაღაც მისიით იბადება? მე დედობისთვის დავიბადე.
– რა არის ის, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ და ფიქრობთ, რომ სწორედ ახლაა ამის დრო?
– ასეთი არაფერია ჩემს ცხოვრებაში. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რა პრინციპებსაც ვემსახურებოდი, რა საქმესაც ვემსახურებოდი, რა როლიც მქონდა, იგივეა ყველაფერი. ასაკის გარდა არაფერი შეცვლილა. პრიორიტეტებიც იგივე მაქვს და ახლიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





