ნეკა დოროყაშვილი: ეს არის მამაკაცი, რომელიც მიცავს, არასდროს მიღალატებს და არც მიმატოვებს
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ცხოვრებაში ბევრი ტკივილი გადაიტანა და რამდენიმეჯერ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება. ბოლო დროს, სიმღერებიც ჩაწერა, კლიპიც გადაიღო, დიჯეობასაც დაეუფლა და როგორც ამბობს, სულ მალე უცხოეთში სამოდელო ბიზნესშიც აქტიურად ჩაერთვება, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიდის.
– რამდენჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება და როდის მიხვდი რომ, ძალიან ძლიერი ქალი ხარ?
– სამჯერ მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება. პირველად, როცა 29 წლის ასაკში დავემხე ნულზე ყველანაირად – პირადშიც, ფინანსურადაც, კარიერულადაც; მეორედ – 31-32 წლის ასაკში და წელიწად-ნახევრის წინაც ასე მოხდა, თუმცა, კარიერულად ვიყავი წელში გამართული, მორალურად კი – განადგურებული. ცხოვრების მესამედ თავიდან დაწყება რომ მიმიწია, მერე მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ადრე თუ მეგონა, კარიერულად „მოხოდილი“ ქალი რომ დაეცემა, მარტივია თავიდან ყველაფრის დაწყება და მე იმიტომ ვარ ასეთი, არაფერში მიმართლებს-მეთქი, ასე არ ყოფილა. ფული და კარიერა არაფერ შუაშია, თუ ადამიანი მორალურად დასუსტდი, მაშინაა მძიმე. ანუ, როცა ყველაფერი გაქვს, მაგრამ არ გაქვს ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. ამ დროს მაქვს სულიერი შიმშილი და ეს ყველაზე რთული და ცუდია. სამჯერ რომ დავძლიე სულიერი შიმშილი და ცხოვრება თავიდან დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ ძლიერი ვარ. გამოცდილებებმა ხელი მომკიდა და აღარ დამაშვებინა იგივე შეცდომები, ასე ვთქვათ, მარტივად გამოვძვერი. გამოცდილმა ნეკამ ის დრამატული ნეკა ხელში აიყვანა და აღარ აცადა, დამხობილიყო. რეალურად, ფიზიკურად არ მემჩნეოდა რა გზას გავდიოდი იმ პერიოდში და არც არავინ იცოდა, ახლა პირველად ვამბობ.
– შეგიძლია, ტკივილი დამალო, სახეზე ღიმილი დაგთამაშებდეს და უახლოესი ადამიანები შენს განცდებს ვერ ჩაწვდნენ?
– კი, შემიძლია, ტკივილი დავმალო, ვიღიმოდე და ვერავინ მიხვდეს, რა რთულ გზას გავდივარ. რასაკვირველია, თავს არ შევადარებ, მაგრამ ამას წინათ ვუყურე „ნეთფლიქსზე“ მერლინ მონროზე გადაღებულ ფილმს, რომელსაც ეს მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ სცენაზე მაინც ღიმილით უნდა გამოსულიყო. ყველას ასეთი ღიმილიანი ახსოვს, მაგრამ საკმაოდ დრამატული ცხოვრება ჰქონდა. რეალურად, მე შევძელი და არავის გავაგებინე ჩემი სულიერი ტკივილი, მარტომ გადავიტანე და დღემდე მოვედი. ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა მართლა არავინ იცის და ვერც ვერავინ დაიჯერებს რა გადავიტანე. აი, მაშინ მივხვდი, რომ მართლა ძლიერი ვარ და არ მაქვს უკან ყურების უფლება, წინ-წინ უნდა ვიარო და ვიბრძოლო ჩემი ბედნიერებისთვის.
– ამბობ, დრამატული ცხოვრება წარსულს ჩავაბარეო და ახლა ცხოვრების რა ეტაპი გიდგას?
– 34 წლის ვარ და იმ დრამატული ცხოვრების წარსულში ჩაბარების მერე, ეტაპი მაქვს, როცა სულიერად ვგრძნობ, ჩემი ცხოვრების დრამა რაც უნდა გამევლო, გავიარე და მუსიკაში უნდა შემექმნა კომპოზიციები. ამას წელს მივხვდი. ეს მუსიკალური ალბომი ჩემი ავტოპორტრეტია. მისი სახელწოდებაც ამას გამოხატავს – „ნეკა ჩემთვის“. მე, აღარ ვქმნი იმისთვის, რომ ვინმეს მოლოდინები გავამართლო, ვიღაცამ თქვას: რა კარგად წერს და მღერისო. თითქოს პირველად ვქმნი საკუთარ თავს და საკუთარი თავისთვის. ჩემი ალბომი საერთაშორისო სცენისთვის არის მომზადებული. გარდა საცეკვაო მუსიკისა, ვამზადებ ელექტრული ჟღერადობის პოპს ცოცხალი ინსტრუმენტებით, იქნება ინტიმურ-ემოციური სიმღერები. ვამზადებ ორ ალბომს. ერთი იქნება ჩემი, როგორც დიჯეის მუსიკა, სადაც მე ვარ შემსრულებელი და მეორე – მუსიკა ელექტრონული ჟღერადობით. და, ორივე იქნება პოპი.
– გავიგე, კარიერის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავ, მოლაპარაკებებიც მიდის და სულ მალე საქართველოდან წახვალ. ასეა?
– დიდი ხანია, ვფიქრობდი უცხოეთში წასვლაზე, მაგრამ არ მინდოდა, ერთ კონკრეტულ ქვეყანაში და ჟანრში ჩავკეტილიყავი. საერთაშორისო კონტრაქტებზე ხმამაღლა საუბარი და გასაჯაროება ჯერ არ მინდა, თუმცა, გეტყვით, რომ თანამშრომლობაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო მიმართულებით მაქვს მოლაპარაკებები. საუბარია მუსიკის, მოდისა და საერთაშორისო სცენაზე. ეს კონტრაქტები არ არის უბრალოდ უცხოეთში გასვლა, ეს არის შესაძლებლობა, ჩემი ინდივიდუალურობა და ქართული იდენტობა დიდ აუდიტორიას გავაცნო. კიდევ ვამბობ, ჯერჯერობით არ მაქვს გამხელის უფლება, მაგრამ ძალიან მალე მიხილავთ საერთაშორისო პოდიუმზე. არა მარტო მუსიკას ვქმნი, არამედ სამოდელო სფეროსაც ვუბრუნდები.
– წინ უამრავი გეგმა გაქვს, რომელიც კოლოსალურ ენერგიას, დროსა და ნერვებს მოითხოვს. თუ მოასწარი დასვენება და ძალების აღდგენა?
– დასვენება ვერ მოვასწარი, რადგან გადავიღე კლიპი. მთელი გუნდი წოდოეთის რანჩოში ვცხოვრობდით, სადაც კლიპი უნდა გადაგვეღო, რომ რეალური ემოციები გვეგრძნო. მოკლედ, იქ ვიცხოვრეთ, განვიცადეთ ყველა ემოცია და ის ენერგეტიკა, რაც ამ ადგილს ახასიათებს და შემდეგ გადავიღეთ კლიპი. მინდოდა, თითოეული გუნდის წევრს ეგრძნო რეალური ემოცია, რასაც უნდა კლიპის გადაღების დროს შევხებოდი. იდეა ჩემი იყო, დავიმუხტეთ იმ ენერგეტიკით და ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა.
წელს რეკორდი მოვხსენი და შარშანდელისგან განსხვავებით, კლიპი უმოკლეს დროში, 3 დღეში, გადავიღეთ. სიმღერას ჰქვია „ჩვენ გვიყვარს ტეკილა“, სიმღერის იდეისა და კონცეფციის ავტორი მე გახლავართ, ხოლო, მუსიკალურ პროდაქშენზე ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად ვიმუშავე და მისი თანაპროდიუსერიც ვარ. კლიპის რეჟისორი გახლავთ ზურა ბურჯანაძე, რომლის თანარეჟისორიც მე ვარ, ალბომის ქავერის ფოტოები კი იკა პირველის გახლავთ. კლიპის პრეზენტაციას ამ თვეში, ანუ სექტემბერში, ვგეგმავ. კიდევ ვიმეორებ, რაც კლიპშია, არის რეალური შეგრძნებებიდან გამომდინარე, რადგან მართლა, მთელ გუნდს ავაღებინე შვებულება, წავიყვანე და იქ გადავაცხოვრე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი გამოვიდა. ასე რომ, დასვენება ვერ მოვასწარი, მაგრამ ამ ზაფხულს რეკორდი მოვხსენი (იცინის). ზოგადად, ზაფხული ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ეს სეზონი წელს პროდუქტიულად გამოვიყენე. მალე მიწევს მოლაპარაკებებზე უცხოეთში საქმიანი ვიზიტები და პარალელურად, დავისვენებ კიდეც. იცით, რას მივხვდი? თუ შენ საკუთარ თავს ბოლომდე არ დაუბრუნდი, როცა რაღაცას ქმნი და ბოლომდე არ ეკუთვნი საკუთარ თავს, გამორიცხულია ის საქმე ასი პროცენტით კარგი გამოვიდეს. ხანდახან შეიძლება, წარმატებამ პირადი ურთიერთობა გვერდით გაწიოს და წაგართვას. თუმცა, ვერავინ ვერაფერს წაგართმევს, თუ ის შენ არ დაგეწია. ჩემს ცხოვრებაში რომ რთულდება სიტუაცია, ესე იგი, ის შემდგომ კარგი გამომივა, მარტივად მოსული, თითქოს უშედეგოდ მთავრდება. მე რასაც ვაკეთებ, ვქმნი გულწრფელად და ჩემს შემოქმედებაში, დარწმუნებული ვარ, ადამიანი თავის ისტორიასაც ამოიცნობს. დარწმუნებული ვარ, მსმენელი და მაყურებელი როცა ჩემს კლიპს ნახავს, მიხვდება, რომ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და რა მარტივია თურმე იყო ბედნიერი ერთი პატარა გადაწყვეტილებით. დამიჯერეთ, ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დავუბრუნდი საკუთარ თავს, რომელიც ჩემი ცხოვრების სამ ეტაპზე დავკარგე. ის სამივე ეტაპი და სამჯერ ახლიდან დაწყებული ცხოვრება ღირდა იმად, სადამდეც დღეს მოვედი. ასე რომ, წინ მაქვს სერიოზული გეგმები, დავუბრუნდი სამოდელო სფეროს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩემს მუსიკასთან. არ მინდა, მუსიკის გამო ჩემი პროფესია დავკარგო. სიმღერებსაც დავწერ, კლიპსაც გადავიღებ, დიჯეის პროფესიითაც განვვითარდები და პოდიუმზეც აქტიურად დავდგები.
– ვიცი, შვილისთვის თანგადაყოლილი დედა ხარ. უცხოეთში ოცნებების ასასრულებლად წასული მასთან განშორებას როგორ გადაიტან?
– ლუკასი 11 წლისაა, მასთან განშორებას არ ვაპირებ, ყველგან წავიყვან, სადაც წავალ, სულ ჩემ გვერდით იქნება. შვილის გარეშე არცერთ ქვეყანაში არ მინდა კარიერის გაგრძელება. როგორი განათლებაც არ უნდა მისცე შვილს, მისთვის მთავარი მაინც მშობლისგან მიცემული ემოციაა. ლუკასი ჩემგან იღებს მოტივაციას, რომ არის საუკეთესო, ძლიერი და შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, რასაც მიზნად დაისახავს. ამ მოტივაციით გავზარდე შვილი. ძალიან მზრუნველია – სადმე თუ ვართ, ცდილობს, ფული თვითონ გადამიხადოს, უკვე დიდ კაცად გრძნობს თავს (იცინის). მეც ასე მგონია, გვერდით დიდი კაცი მომყვება, რომელიც სულ დამიცავს. ეს არის მამაკაცი, რომელიც მიცავს, არასდროს მიღალატებს, არასდროს მიმატოვებს და სულ ჩემ გვერდით იქნება. ჩვენი სიყვარული უპირობოა და უღალატო. პირველი ჩემი შვილია და მერე – საქმე და კარიერა. სხვათა შორის, ჯერ ლუკასს ვასმენინებ ტრეკს და თუ დამიდასტურებს, რომ კარგია, მერე ვწყვეტ ამ სიმღერის გაკეთებას. ის ჩემი ყველაზე ობიექტური შემფასებელია. სოციალურ ქსელში თუ დავდე ფოტო, არ მოეწონა და მითხრა, ეგრევე ვშვლი. ლუკასი ის ადამიანია, ვისაც მთელს ჩემს ემოციას ვანდობ. სიმღერაზე კლიპი რომ უნდა გადამეღო, ესეც მან მირჩია და გადავიღე კიდეც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





