შოუბიზნესი

რა გახდა დაბადების მომენტში ნატა გულიაშვილისთვის მომავალი იღბლის გარანტი და ვინ აკონტროლებს მას ყოველდღიურად

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 15.11, 2022 წელი

ნატა გულიაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი, წამყვანი და პროდიუსერი ნატა გულიაშვილი ახლახან ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გახლდათ სტუმრად, სადაც ემოციურად გაიხსენა ძველი, თავს გადახდენილი მძიმე ისტორიები. საზოგადოებას კი დაჰპირდა, სულ მალე ძველი ნატა დაუბრუნდება და ამაში, მას, ასევე, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა დაეხმარება. ფაქტია, ნატამ უკვე შეძლო თავის ხელში აყვანა, სწორ დღის რეჟიმს დაუბრუნდა და ვნახოთ, რამდენად ეყოფა ნებისყოფა და შეძლებს თუ არა იმ მიზნამდე მისვლას, რაც დაისახა.

ნატა გულიაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ გამომივლია მარტივი ცხოვრება და გზად უამრავი ბარიერი, წინაღობა თუ პრობლემა დამხვდა, მაინც მოვახერხე, გადავლახე და ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. რასაკვირველია, ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ, ჩემ გვერდით ისეთი ადამიანები არიან, ვისი იმედიც მაქვს და ვინც მართლა ჩემი ერთგულია. ჩემს იღბლიანობასა თუ წარმატებაში, ალბათ, ჩემი ქუდბედში დაბადებაც მეხმარება. კიდევ ვამბობ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თავი მაინც წარმატებულ ადამიანად მიმაჩნია და ამის საბაბს მაძლევს ის, რომ პირველი რეალითი შოუს გამორჩეული მონაწილე ვარ, პირველი ჩეჩნური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი. პირველ კურსზე თემურ თათარაშვილის კლიპში გადამიღეს – ბოშას ვთამაშობ, პირველ კურსზევე გოგიტა გიგიძის კლიპშიც გადამიღეს და იქაც ბოშას როლში, თურქეთში ვითამაშე ესმერალდას როლი და ათათურქის ოქროს მედლითა და ათი ათასი ლირით დამაჯილდოვეს. დღეს შვიდი გადაცემის პროდიუსერი ვარ, აქედან ერთი ჩემი საავტორო გადაცემაა, რომლის წამყვანიც ვარ და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი შვილის დედა.

– ამბობ, იღბლიანი ადამიანი ვარ და მიმართლებსო. თუმცა, ბულინგის მსხვერპლი გახდი, თავის მოკვლაც კი სცადე და რომ არა, შენი ერთგული გარემოცვა, ალბათ, გაგიჭირდებოდა გონზე მოსვლა. ხომ ასეა?

– ნამდვილად. გაუაზრებელი ბულინგის მსხვერპლი გავხდი, ამის გამო დეპრესიაში ჩავვარდი, სიცოცხლე არ მინდოდა და თავის მოკვლაც კი ვცადე. ეს გააკეთეს ადამიანებმა, ვინც ვერ დაინახა ჩემი შინაგანი სამყარო და გამწირა. ამაში ჩემი იღბალი არაფერ შუაშია. სწორედაც, რომ არა ჩემი ქუდბედობა და იღბლიანობა, დიდი შანსია, ბულინგისთვის ვერ დამეღწია თავი და ცხოვრება სავალალო შედეგით დამესრულებინა. ასე რომ, ადამიანებს სანამ რაიმეს იტყვიან ან მოიმოქმედებენ, დიდი დაფიქრება მართებთ. მე რომ ჩემი თავისთვის რამე ცუდი მომეწია, ჩემს შვილს ვინ გაზრდიდა? გამწარებულ დედაჩემს ვინ დააიმედებდა? მოკლედ, იმ ამბის გახსენებაც არ მინდა. ერთი ცეკვის გამო, კინაღამ ცხოვრება დავასრულე, სამყარო დამექცა თავზე, ოჯახური მდგომარეობა ამერია და ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან.

– პირველი რეალითი შოუ და ჩეჩნური ფილმი ახსენე. ვისაც შოუ და ფილმი ნანახი აქვს, ალბათ, ახსოვს როგორი გამხდარი გოგო იყავი, გარეგნულად – სულ სხვანაირი. ახლა კი წონაში საგრძნობლად ხარ მომატებული და ეს რისი ბრალია – ჯანმრთელობის პრობლემაა თუ, უბრალოდ, ჭამა გიყვარს?

– ჯანმრთელად ვარ და ენერგიულადაც, მაგრამ ბავშვის გაჩენის მერე, საგრძნობლად მოვიმატე, დაახლოებით, 25 კილო და ვეღარ დავიკელი. არადა, მთელი დღე გადარბენებზე ვარ – დილით ბავშვის წაყვანა სკოლაში, მერე გამოყვანა, სამსახური, ღონისძიებებზე დასწრება... გვიან მიწევს სახლში დაბრუნება და შესაბამისად, გვიან ვჭამ. ალბათ, ესაა მიზეზი, რომ ვერ ვიკლებ. თან, სასუსნაოებიც მიყვარს, ნამცხვრებიც, მწვადებიც, ხაჭაპურებიც და ხინკლებიც (იცინის). ღამე კი, გვიან ვიძინებ და დღე-ღამეში, დაახლოებით, მხოლოდ 4-5 საათი მძინავს. რამდენიმე კვირის წინ, „ია ფარულავას კონვერტში“ ვიყავი სტუმრად და იქ მკითხა იამ, რატომ ვერ იკლებო? მოვუყევი ჩემი ამბავი და დამპირდა, მე დაგეხმარები და დაგაკლებინებო. სხვათა შორის, ძალიან კარგი რჩევები მომცა. უკვე დავიწყე იას რჩევების გათვალისწინება, ძილი მოვიწესრიგე, მედიკამენტებს ვსვამ, ექვსი საათის შემდეგ ჭამას ვერიდები და შედეგსაც ვხედავ – შეშუპება ჩაცხრა და კლებაშიც წავედი. მინდა, გითხრათ, რომ ღმერთმა ია გამომიგზავნა ჩემს მფარველ ანგელოზად. ასე მარტო საკუთარი დედა და და თუ იზრუნებს ჩემზე. მითხრა, რომ ყველანაირად, ეცდება, ძველ ფორმაში ჩამაყენოს. ყოველდღიურად მაკონტროლებს: რა ვჭამე, ბოლოს რომელ საათზე მივირთვი საჭმელი, რომელზე დავიძინე, რომელზე გავიღვიძე და ასე შემდეგ. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო, ისეთი, როგორიც „ამტანში“ ვიყავი, როგორიც მოგწონდით და გიყვარდით. ვის უნდა მოეცა ასეთი სტიმული და ვის უნდა ეთხოვა, რომ ეს ყველაფერი შემესრულებინა. ასე რომ, გადავწყვიტე, საღამოს 7 საათის მერე აღარ შევჭამო, ადრე დავიძინო, ვივარჯიშო და მალე დავუბრუნდე ჩემს ძველ ფორმას. ზუსტად ვიცი, რომ იას და ჩემი მეგობრების დახმარებით, მე ამას შევძლებ. ცოტა ხანში საღამოს 6-ის მერე აღარ შევჭამ. არ მინდა, ჩემს იაკოს იმედები გავუცრუო. და მასაც დავპირდი და თქვენც გპირდებით, ახალ წლამდე დავიკლებ ზედმეტ კილოგრამებს და სულ მალე ძველ ნატა გულიაშვილს მიხილავთ, კონკრეტულად კი, 31 დეკემბერს, ახალ წელს, ძალიან კარგ ფორმაში ვიქნები, ისეთში, თქვენ როგორიც გინდათ, რომ მიხილოთ. თან, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მიმყავს და უფლება არც მაქვს, ცუდად გამოვიყურებოდე. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ვისაც გიყვარვართ, ვინც თბილ მესიჯებს მწერთ, ვინც გამოხატავთ ჩემდამი სიყვარულს და პატივისცემას. დიდი მადლობა ამ სითბოსა და სიყვარულისთვის. მე ძალა მჭირდებოდა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა.

– ამ ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად იცვლი იმიჯს. ეს, ცვალებადი ხასიათის ბრალია?

– ცვალებადი ხასიათი, ზოგადად, არ მაქვს, მაგრამ მრავალფეროვნება მიყვარს. მწყინდება დიდხანს ერთფეროვანი ვარცხნილობა და ამ ბოლო დროს, აფრიკული ნაწნავები გავიკეთე და გარუჯულ სხეულსა და სახეზე ძალიან მოვიხდინე. თუმცა, მალევე მომწყინდა, ისევ მოვიხსენი და ბუნებრივ სტილს დავუბრუნდი. სულ ვცდილობ, ის სტილი მოვირგო, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით დედის კვალს გაჰყევი – დედა, ქალბატონი ნანა კობერიძე, მსახიობია, თუმცა წლები ტელევიზიაში იმუშავა და შენც იგივე ბედი გაიზიარე.

– მთელი ჩემი ბავშვობა „პირველ არხზე“ გავატარე. დედა პროფესიით მსახიობია, არაერთ ქართულ ფილმშია გადაღებული, მაგალითად, „დონ-კიხოტი“ „ნერგები“, სატელევიზიო ფილმებშიც მონაწილეობდა. 31 წელი იმუშავა „პირველ არხზე“ და მეც სულ თან დავყავდი. ყველა საბავშვო თუ საახალწლო გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას, აქტიური და პრანჭია ვიყავი, იმავდროულად, ნიჭიერიც. კარგად ვმღეროდი და ვცეკვავდი და არასოდეს მრცხვენოდა ხალხის წინაშე გამოსვლის, როგორც ბევრ ბავშვს სჩვევია. (იცინის) ასე რომ, პატარა ვიყავი, როცა პროფესია ავირჩიე და ზუსტად ვიცოდი, მსახიობი გამოვიდოდი. კამერების წინ დგომა ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამის გარეშე. სხვათა შორის, ცხენოსანიც ვიყავი და საკმაოდ კარგად ვჯირითობდი. შეჯიბრებებზეც წარმატებულად გამოვდიოდი. ჩემს დაქალს ჰყავდა ცხენი იპოდრომზე, სკოლიდან ვიპარებოდით, იქ მივდიოდით და ვჯირითობდით, თუმცა, ერთხელ ჩამოვვარდი, ტრავმა მივიღე და მას მერე ჩამოვშორდი სპორტის ამ სახეობას. ვხუმრობ ხოლმე: ის ცხენი რომ არ დამდგარიყო ორ ფეხზე და არ ჩამოვეგდე, დღეს ცნობილი ცხენოსანი ვიქნებოდი-მეთქი (იცინის). კი ვიცინი, მაგრამ არ არის გამორიცხული, ასე ყოფილიყო. სხვათა შორის, მაშინ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მივიღე. მერე სამჯერ ავარიაში მოვყევი, რა არ გადამხდენია და კიდევ ვამბობ, რომ არა იღბალი, არც კი ვიცი, რა მომივიდოდა და როგორ გადავრჩებოდი.

– შენი ახლობლები ამბობენ, რომ საკმაოდ განვითარებული გაქვს წინათგრძნობა. რაში გამოიხატება ეს?

– სიზმარს ვნახავ თუ არა, უახლოეს მომავალში ხდება. მამაჩემი რაც გარდაიცვალა, 5 წლის წინ, იმის შემდეგ დამეწყო წინასწარმეტყველური სიზმრები. ძირითადად, მაშინ მესიზმრება მამა, როცა რამე საშინელება უნდა მოხდეს ან ვინმეს გარდაცვალება უნდა გავიგო. არაერთი ასეთი სიზმარი ამიხდა და ამის მომსწრე ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან. ხანდახან დაძინების მეშინია, რომ წინასწარმეტყველური სიზმარი არ ვნახო და ცუდად არ ამიხდეს. სამყარო წინასწარ მაგრძნობინებს და მატყობინებს მომავალ ფაქტებს. დამიჯერეთ, ძალიან რთულია, როცა წინასწარ სიზმარში ხედავ და გაღვიძებულმა იცი, ვისი გარდაცვალება უნდა გაიგო. შემეშინდა, სტრესში ვიყავი, ვიფიქრე ჭკუიდან ხომ არ ვიშლები-მეთქი და არაერთ პარაფსიქოლოგთან და ეზოთერიკოსთან ვიყავი. თუმცა, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება: ნატა, შენ გაქვს ზებუნებრივი ნიჭი, სამყაროსთან შეერთების მაღალი ინდექსი და ეს ენერგია სწორად უნდა მიმართოო. თან, არ არსებობს, ადამიანზე რამე გავიფიქრო და არ ახდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი