როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება ნინი მასპინძელაშვილმა და რით ეხმარება ის ადამიანებს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:40
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მოდელი და პილატესის ინსტრუქტორი ნინი მასპინძელაშვილი საკუთარ პერფექციონიზმზე, დეტალებისადმი სიყვარულსა და თვითკრიტიკულობაზე გულახდილად გვესაუბრა.
ნინი მასპინძელაშვილი: 6 სექტემბერს ვარ დაბადებული, შესაბამისად, ზოდიაქოთი ქალწული გახლავართ. ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობ ჩემს ნიშანთან, აქედან გამომდინარეც ვიტყოდი, რომ ასტროლოგიის მჯერა. სოციალურ ქსელებში ჩემი ზოდიაქოს შესახებ ინფორმაციას თუ წავაწყდები, სიამოვნებით ვეცნობი, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად ვინტერესდები და ვეძებ.
– ქალწული დეტალებზე მანიაკალურად არის კონცენტრირებული. მაგალითად, ფოტოს ან ვიდეოს გადაღებისას თმის ერთი ღერიც კი გააღიზიანებს. აბსოლუტურად ყველაფერს აქცევს ყურადღებას.
– არა, მანიაკალური დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს. დეტალებს ყურადღებას ვაქცევ და წვრილმანებსაც ვუკირკიტებ, თუმცა ეს აკვიატებული და შემაწუხებელი ფორმით არ გამოიხატება. მაგალითად, არ მიყვარს, როცა სახლში არეულობა მხვდება და ნივთები თავის ადგილას არ დევს. სამსახურშიც ყველაფერში წესრიგი მომწონს. თუ ჩემ ირგვლივ, სახლში ან სამსახურში, არეულობაა, შინაგანადაც არეული ვარ. მირჩევნია, ყველაფერი დავალაგო, რადგან ამ დროს ჩემი გონებაც ლაგდება.
– ქალწულებს პერფექციონიზმი ახასიათებთ: თუ ასი პროცენტით ვერ მიაღწიეს მიზანს, შესაძლოა, კმაყოფილების შეგრძნება საერთოდ არ ჰქონდეთ.
– კი, ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა – ყოველთვის უფრო მეტის მოლოდინი მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს თვისება ჩემში დავთრგუნო, რათა იმედგაცრუებები თავიდან ავირიდო. საკუთარი თავისგანაც მაქსიმალურს მოვითხოვ, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ეს თვისება დიდად არ მომწონს – უმნიშვნელო წვრილმანის გამოც კი ვაკრიტიკებ თავს. სასურველი შედეგის მისაღწევად კარგია, როცა საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვ, რადგან შესაბამის შედეგსაც იღებ, თუმცა პროცესში საკუთარ თავს აზიანებ. ვმუშაობ ამ თვისებაზე. საერთოდ, საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობ – ბევრი რამ დავხვეწე, კიდევ ბევრი რამის გაუმჯობესებას ვცდილობ და მუდმივი ზრდის პროცესში ვარ.
– ქალწული ძალიან პუნქტუალური ნიშანია, დაგვიანება არ უყვარს.
– ნამდვილად ასეა, დაგვიანება არ მიყვარს. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, სულ სადღაც მეჩქარება, თუმცა 5 წუთითაც რომ მაგვიანდებოდეს, აუცილებლად ვაფრთხილებ იმ ადამიანს, ვისთანაც მივდივარ.
– უყვარს გეგმით ცხოვრება – კვება, თავის მოვლის რუტინა, ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი.
– კი, ზუსტად ეგრეა. ეს საკუთარ თავზე ზრუნვას ნიშნავს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თვისებაა. ეს ჩემი ყოველდღიური რუტინაა. კვების რაციონი მეტ-ნაკლებად გაწერილი მაქვს, თავის მოვლასთან დაკავშირებული ჩვევები კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვცდილობ, არ გავაკეთო ის, რაც ჩემს ორგანიზმსა და გარეგნობას ვნებს. შესაბამისი ცხოვრების წესი მაქვს, ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობ და ესეც ძალიან მიწყობს ხელს.
– ქალწულს სანდოობა და პასუხისმგებლიანობა ახასიათებს.
– ჩემთვის ეს თვისებები პირველ ადგილზე დგას. ალბათ, გარშემო მყოფების ნდობა მაქვს და ეს ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. თუ ვინმეს რამეს დავპირდი, აუცილებლად უნდა შევასრულო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ჩემთვის ძალიან რთულია.
– ქალწულებს განსაკუთრებული თავმდაბლობაც ახასიათებთ.
– ეს თვისება მოჭარბებულადაც კი მაქვს. ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს: ამდენ რამეს აკეთებ, როგორ შეიძლება, ასეთი თავმდაბალი იყო, როგორ ახერხებ, რომ თავში არ აგივარდესო. ზოგადად, ძალიან თავმდაბალი ვარ – ეს პატარაობიდან ასეა და, ალბათ, ჩემი აღზრდის დამსახურებაცაა. არ ვყოფილვარ ბავშვი, რომელსაც თავს ევლებიან და ყველაფერს უსრულებენ. ადრე ბევრად ჩაკეტილი და თავმდაბალი ვიყავი, მერე ცოტა შევიცვალე, თუმცა ქედმაღლობას მაინც თავმდაბლობა მირჩევნია. ვფიქრობ, საკუთარი თავი არ უნდა აქო და აფეტიშო. ობიექტურად თუ შევხედავთ, კარგ საქმეს ვაკეთებ, სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე ვზრუნავ და მათგან ხშირად მომდის განსაკუთრებული სითბოთი, მადლიერებითა და კომპლიმენტებით სავსე შეტყობინებები, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, თუმცა შეფერება არ მახასიათებს. ეს თვისება ხელს ნამდვილად არ მიშლის, პირიქით, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ჩემში სწორედ ეს უბრალოება და თავმდაბლობა მოსწონთ.
– ქალწულები ძალიან ბევრს ნერვიულობენ, უმნიშვნელო დეტალებზეც კი…
– კი, ეს თვისებაც ძალიან დიდი დოზით არის ჩემში. პატარა წვრილმანის გამოც კი უზომოდ ვნერვიულობ. ამაზეც აქტიურად ვმუშაობ და ვცდილობ, იმაზე აღარ ვინერვიულო, რასაც მაინც ვერ ვუშველი. ბევრი ფიქრი მიყვარს. ხშირად ჩემს ფიქრებში მომავალში ვარ გადასული და წინასწარ ვდარდობ, რა მოხდება, როგორ ჩაივლის ესა თუ ის აქტივობა... არადა, ხომ შეიძლება, უბრალოდ „აქ და ახლა“ იყო და არსებული მომენტით დატკბე?! ამის სწავლაზე ბევრს ვმუშაობ. ჩემი ახლანდელი პროფესიაც ეფექტურად მეხმარება ემოციების გაკონტროლებაში, თუმცა, მაინც ძალიან ემოციური ვარ და ხშირად ვნერვიულობ ისეთ რამეებზე, რასაც სხვამ შეიძლება, ყურადღება საერთოდ არ მიაქციოს.
– ქალწული მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. ის მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის გაუმჯობესებას.
– დიახ, აბსოლუტურად ვეთანხმები. თუ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს მიგნებული აქვს საკუთარი თავი, ზუსტად იცის, რა უნდა ამ ცხოვრებაში და რაში იქნება საუკეთესო, ის არასდროს გაჩერდება – მუდმივად ახლის შემეცნების პროცესში იქნება. მეც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ახლა: როგორც კი პატარა შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ ახალი კურსი გავიარო, მორიგი სერტიფიკატი ავიღო და დამატებითი ცოდნა შევიძინო, შანსს ხელიდან არ ვუშვებ.
უკვე წელიწადზე მეტია, პილატესის ინსტრუქტორი ვარ. მანამდე ცხრა წელი ბანკში ვმუშაობდი. ბოლო წლებში მუდმივი კითხვები მქონდა საკუთარ თავთან, ეგზისტენციალურ კრიზისს განვიცდიდი და ვფიქრობდი, სად იყო ჩემი ნამდვილი ადგილი ან რა საქმე უნდა მეკეთებინა. პილატესით სულ ვვარჯიშობდი – 2015 წლიდან მოყოლებული ყველაფერი საკუთარ სხეულზე მაქვს გამოცდილი და მისი დადებითი თვისებები კარგად ვიცოდი. როდესაც დავფიქრდი, რა მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას, მივხვდი, რომ ეს სწორედ პილატესი იყო. ვიფიქრე: რატომ არ შეიძლება, შესაბამისი პროფესიული ცოდნა მივიღო და მეც გავაბედნიერო თუ გავაჯანსაღო სხვა ადამიანები-მეთქი?
ვისწავლე, პრაქტიკული გამოცდილებაც შევიძინე და საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფეროა. ამის შემდეგ ამ საქმეში მთლიანად ჩავიძირე. როცა რაღაცას საკუთარ თავზე გამოცდი და შედეგით კმაყოფილი ხარ – მით უმეტეს, ჩემი ნიშნისთვის დამახასიათებელი თვითკრიტიკულობის ფონზე – უდიდეს სიამოვნებას განიჭებს იმის გაცნობიერება, რომ ეს შენივე დამსახურებაა და შენ მიერ შექმნილ, ვარჯიშებით გამოძერწილ სხეულს ხედავ. მერე შეუძლებელია, ეს ყველაფერი სხვა ადამიანებმაც არ დაინახონ. ბევრს უთქვამს, „შენ ხარ ჩემი მოტივატორი“. როცა მხედავენ, ალბათ, უფრო მეტი სტიმული ეძლევათ, რომ თვითონაც საკუთარ მაქსიმუმს მიაღწიონ. ეს ჩემთვის უზომოდ ბევრს ნიშნავს. ალბათ, მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელებ. გენეტიკაც მიწყობს ხელს, თუმცა, თუ ადამიანი მას შრომით არ მიეხმარა, სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებს.
– სხვისი დახმარება მისი მოწოდებაა – არა სიტყვებით, არამედ საქმით.
– წინა სამსახური სწორედ ამიტომ არ მაკმაყოფილებდა – არ მქონდა განცდა, რომ ვინმესთვის მართლაც სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი. ამიტომაც განვიცდიდი კრიზისს და სულ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა ამ ცხოვრებაში; ძალიან მინდოდა, ადამიანების დახმარება შემძლებოდა. ბავშვობაში ამის გამო მომწონდა ექიმობაც. ალბათ, ამიტომაც ავირჩიე ახლა ეს საქმე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ჰგავს ექიმობასაც და ფსიქოლოგის საქმიანობასაც. მოსწავლეები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ფსიქოლოგი უნდა იყოო. მოსწავლეს თუ არ დაანახე, რომ მას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ქცევა შეუძლია, ისე ძალიან გაუჭირდება შედეგის მიღწევა. ამის შესახებ მათთან ბევრს ვსაუბრობ – ეს უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური მომენტია – ასე რომ, კი, ჩემი ზოდიაქოს ამ თვისებასაც ვეთანხმები.
ფოტოს ავტორი - ქეთევანი ზაქუტაშვილი
სტუდია - ფოტო სტუდია "პროვანსი"
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





