რა ოცნებები აუხდა კობა ბარათელს და რატომ ეშინია მას საკუთარი ინტუიციის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის იუმორისტ კობა ბარათელის წარმატებაში, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
კობა ბარათელი: ღვთის წყალობით, იღბლიანი ადამიანი ვარ – ცხოვრებაში ხშირად მიმართლებს. გამიმართლა იმაშიც, რომ ასეთი ლამაზი და ნიჭიერი ვარ... ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ადამიანი საკუთარი თავით რომ კმაყოფილია, ვფიქრობ, ესეც ღვთის წყალობაა.
ხანდახან ისეთ დროს გამომიჩნდება ხოლმე გაჭირვების ტალკვესი, საერთოდ რომ არ ველოდები.
– პროფესია იქნება თუ ოჯახი, ორივე მხრივ იღბლიანი ხართ, არა?
– კი, ვფიქრობ, რომ ასეა. უფრო მეტი იღბალიც რომ მქონდეს, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სიამაყით ვიტყვი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან მსოფლიოში საუკეთესო შვილები მყავს. ეს ჩემი პირადი აზრია.
მახსოვს, ბავშვობაში ერთხელ მითხრეს: უი, რამდენი ხალი გაქვს, იღბლიანი კაცი იქნებიო. არ ვიცი, ამ ორს შორის რა კავშირია, მაგრამ მაშინ ასეთი ცრურწმენა არსებობდა და არც უიღბლობას ვუჩივი.
– რა დოზით არის თქვენში შრომისმოყვარეობა?
– ვფიქრობ, რომ „შრომისმოყვარეობა“ არასწორი ცნებაა. ვიცი, რაც იგულისხმება, მაგრამ ჩემთვის „მშრომელი“ უფრო შესაბამისი სიტყვაა. მშრომელი არ ნიშნავს შრომისმოყვარეს. უბრალოდ, შრომა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს. ადამიანი იმისთვის მუშაობს, რომ ჭამოს. „ვინც არ მუშაობს, არ ჭამს“ – ასეთი ლოზუნგი იყო კომუნისტების დროს. კომუნისტებს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ მართლაც ასეა?!
ის, რომ ადამიანს სამსახურში წასვლა ეზარება, მოგონილი ხომ არ არის? დასვენება მეზარებაო, მსგავსი რამ ოდესმე ვინმესგან გაგიგონიათ? შესაბამისად, შრომა ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი პროცესია. შეიძლება, სახალისოდ გავიდეს ადამიანი ბოსტანში, ერთი-ორჯერ თოხი მოიქნიოს ან ეზოში რამე გააკეთოს, როცა დასვენება მობეზრდება, მაგრამ ის, რომ ვინმე ვალდებულებებზე იყოს შეყვარებული, ეჭვი მეპარება. აქედან გამომდინარე, შრომისმოყვარეობა შელამაზებული სიტყვა მგონია. რეალურად, ჩვენ აუცილებლობას ვგულისხმობთ.
ჩემი პროფესია, ფაქტობრივად, ხუმრობის მოფიქრებაა და მე რომ ვთქვა, შრომისმოყვარე ვარ-მეთქი, კიდევ არ იქნება გასაკვირი, რადგან ფიზიკურად შრომა არ მიწევს. ხუმრობის მოფიქრება და ადამიანების გაცინება მართლა მანიჭებს სიამოვნებას. თავიდან, როცა საკუთარ თავში იუმორის გრძნობა დავაფიქსირე, ეს არ იყო ჩემთვის ფულის შოვნის საშუალება. ეს საქმე მერე უკვე პროფესიად გადამექცა, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება.
მიუხედავად სიყვარულისა, კონკრეტულ მომენტში, მაგალითად, როცა სცენარი მაქვს დასაწერი, შეიძლება, დაღლილი ვიყო და დამეზაროს. დამღლელი ყველაფერია, თუნდაც სახალისო საქმე იყოს. ვალდებულების გარეშე შეიძლება უფრო სიამოვნებით იხუმრო, თუმცა, როცა შეკვეთით უნდა მოიფიქრო, ეს მაინც გარკვეულწილად მოქმედებს.
– ის, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ, მეტწილად იღბლის დამსახურებაა თუ შრომის?
– ვიტყოდი, რომ მხოლოდ იღბალი და შრომა არ არის საკმარისი – ამას მესამე კომპონენტს, ნიჭს დავამატებდი. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ თავს სასწაულად ნიჭიერად მივიჩნევ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის სამივე აუცილებელია. ერთის ნაკლებობაც კი უკვე ხელის შემშლელია.
– რთულ პერიოდებში როგორ ეხმარებით საკუთარ თავს, რომ გზის გაგრძელება შეძლოთ?
– დიდ დეპრესიაში არა, მაგრამ ყოფილა მომენტი, როცა გარკვეული პრობლემის გამო ჩავვარდნილვარ დეპრესიაში და, როცა საერთოდ არ ვველოდი, უცებ იქიდან გამოსასვლელი გზა გამოჩენილა. ამიტომაც ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ. იმდენად კარგი რამ ხდება ხოლმე, სიურპრიზის სახით, რომ იმ პერიოდის კომპენსირებას, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში გავატარე, სრულად ახდენს. ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა მსგავსი რამ.
– ხართ ადამიანი, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე?
– კი, კარგი გაგებით ეგოისტი ვარ, მიყვარს ჩემი თავი. ალბათ, იმიტომაც, რომ ცოტა მშიშარა ვარ – რამე რომ წამომტკივდება, მაშინვე ექიმთან მივრბივარ. შინაურები „მეკაიფებიან“ ამის გამო, მაგრამ ხომ უნდა მივხედო თავს?!
ერთ ექიმს ვუთხარი, მშიშარა ვარ-მეთქი და მიპასუხა: არა, კობა, მშიშარა კი არა, ყურადღებიანი ხარ და ყველა ასეთი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში აღარ გვექნება ისეთი მძიმე შედეგები, როგორიც გვაქვს ხოლმე. ადამიანი, როცა რაღაც წამოსტკივდება და იმის ფიქრით, რომ თავისით გადაივლის, ექიმთან ძალიან გვიან მოდის და მერე, ბუნებრივია, რთული მდგომარეობა დგებაო. მე თავი ოდნავ რომ წამომტკივდეს, მაშინვე შფოთს ავტეხ და სპეციალისტს მივაკითხავ.
რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ზოგჯერ მერევა ის მეორე, მშიშარა კობა, ზოგჯერ კი – მე ვერევი. საყაიმო სიტუაციაა: ხან ჭკვიანი კობა ჯაბნის, ხან ემოციური. უსაშველოდ ემოციური ვარ.
ერთ მაგალითს გავიხსენებ ჩემი ემოციურობის აღსაწერად, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში, იმერულად რომ ვთქვათ, „გაგანია ნევროზი“ მქონდა. ერთხელაც, ოთახში ძალიან დიდი კალია შემოფრინდა. საერთოდ, მწერები არ მიყვარს და მექანიკურად მოვკალი, მაგრამ მერე რომ გავაანალიზე, ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე: ძალიან შემეცოდა, ამას ხომ ეყოლება მშობლები, შეიძლება – ცოლ-შვილიც-მეთქი. წარმოვიდგინე, რა დღეში აღმოჩნდებოდნენ ისინი, ისე ვინერვიულე, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყო.
– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?
– არ დავკვირვებივარ. ზოგადად, ადამიანი ეგოისტია, გვინდა თუ არა, ეს თვისება მეტ-ნაკლებად ყველაშია. ყველა ფიქრობს, რომ, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა: „ვისაც ჩააცვა, იმან გახადა“. ფიქრობენ, რომ სხვას რაღაცას უკეთებენ და მისგან საპირისპიროს იღებენ. ძალიან ბევრისგან მომისმენია: „ეჰ, რამდენი სიკეთე გამიკეთებია, მაგრამ ვინ დაგიფასა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





