მარიამ მაისურაძე: სარკეში რომ ვიყურები, ვხედავ ადამიანს, ვისი მადლიერიც ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 53 წუთის წინ
ტელეწამყვანი მარიამ მაისურაძე საკუთარი გულწრფელობითა და პოზიტივით ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას უქმნის მაყურებელს. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ის გულახდილად გვესაუბრა ბავშვობის მოგონებებზე, ასაკის მატებასთან დაკავშირებულ შიშებსა თუ აღმოჩენებზე.
– მარიამ, როგორი დამოკიდებულება გაქვს დაბადების დღესთან, როგორ აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?
– ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღე ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა – გამორჩეულად მიყვარს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ყველა ადამიანს, მიყვარს ჩემი თავი და, შესაბამისად, ეს დღეც. 10 აგვისტოს ვარ დაბადებული, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ თარიღის პომპეზურად აღნიშვნა მხიბლავს. მირჩევნია, უფრო ოჯახურ გარემოში გავატარო და ამას თავისი მიზეზებიც აქვს – ეს ის პერიოდია, როცა თბილისში არასდროს ვარ.
ბავშვობაში მამაჩემს, როგორც ფეხბურთელს, ბავშვები შეკრებებზე დაჰყავდა და მეც მთელ თვეს მასთან ერთად ვატარებდი. თბილისში არც მე ვიყავი ხოლმე, არც ჩემი მეგობრები. ასე რომ, დაბადების დღეს ყოველთვის ქობულეთში, მამაჩემის ფეხბურთელებთან ერთად აღვნიშნავდი (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსენდება – ისეთი საოცარი გარემო იყო, უგემრიელეს ტორტს მიცხობდნენ და ეს იყო ერთადერთი დღე, როცა უფლებას გვაძლევდნენ, ქობულეთის კლუბში წავსულიყავით (იცინის). იქ გატარებული დრო და დაბადების დღეებიც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.
რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, პირველ აგვისტოს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და ამ დროს ყოველთვის ქალაქში ვარ. 10 აგვისტო კი უკვე ისეთი პერიოდია, როცა აქტიური მოგზაურობის სეზონია. სამსახურიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ ეს ერთი თვე მაქვს ხოლმე დასასვენებლად. მოგზაურობაზე მეტად არცერთი აქტივობა არ მიყვარს და ამიტომ აგვისტოს სიამოვნებით ვუთმობ მას. ბოლო 10 წელია, თითქმის ასეა – დაბადების დღეს, ძირითადად, მოგზაურობაში ვატარებ. წელს ისე მოხდა, რომ მეგობრებიც ჩვენთან ერთად იყვნენ წამოსულები და ერთად აღვნიშნეთ ანტალიაში. ამ დღეს წინასწარ არასდროს ვგეგმავ.
– როგორი საჩუქრები გირჩევნია – სიმბოლური დატვირთვის მქონე თუ პრაქტიკული?
– ჩემს მეუღლეს პრაქტიკული საჩუქრების ჩუქება უყვარს. ეს კარგია, მაგრამ მეგობრისგან უფრო ემოციური საჩუქარი გამიხარდება. მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რა ეღირება – ახლო მეგობარმაც შეიძლება, გაჩუქოს ძვირად ღირებული საჩუქარი და უბრალოდ ნაცნობმაც, რა თქმა უნდა, ესეც სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი ახლო მეგობრისგან ნაჩუქარი ნივთი, რომელსაც შეიძლება მატერიალური ფასი საერთოდ არ ჰქონდეს, უფრო მეძვირფასება.
ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ერთხელ ჩემმა მეუღლემ განსაკუთრებული სიურპრიზი მომიწყო დაბადების დღეზე. რამდენიმე წლის წინ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა აგვისტოში თბილისში ვიყავით. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები – საკმაოდ ბევრი ადამიანი დაპატიჟა ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიხარდა. მისგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც ვთქვი, უფრო პრაქტიკულ საჩუქრებს მჩუქნის ხოლმე, ამიტომ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მართლა არ ველოდი.
– დღეს სარკეში რომ იყურები, ვის ხედავ, როგორ ადამიანს?
– ვფიქრობ, ყველას გვაქვს კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ თუ სარკეში იყურები და შენს თავს ისეთს ვერ იღებ, როგორიც ხარ, არასწორი მგონია. ახალ წელს ასეთი ტრადიცია მაქვს: გონებაში მთელ წელს ვაჯამებ და ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით. იმიტომ კი არა, რომ საუკეთესოდ ვცხოვრობ, არამედ იმიტომ, რომ წლიდან წლამდე კიდევ უფრო უკეთესობისკენ იცვლება ბევრი რამ და მადლობელი ვარ იმის გამო, რაც მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გაჩერება არ მიყვარს – ახლა მაგისტრატურა დავასრულე და კიდევ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას – მაინც მუდმივად განვიცდი მადლიერებას. როგორც კი უსიამოვნო ფიქრები შემომიტევს, მაშინვე ვახსენებ ჩემს თავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაქვს და ბედნიერი ვარ. მადლიერების უნარი ნელ-ნელა, წლებთან ერთად გამოვიმუშავე. ასე რომ, სარკეში რომ ვიყურები, ვხედავ ადამიანს, ვისიც მადლიერიც ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც მაქვს.
– ასაკის მატება – შეიძლება ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც – როგორ ხვდები?
– არ არის ადრე, აქ უკვე პრობლემა მაქვს (იცინის). წელს მრგვალი თარიღია – 30 წლის გავხდი, მაგრამ ჯერ კიდევ მგონია, რომ 20-21 წლის ვარ, თითქოს გუშინ იყო ეს წლები. ვერ ვხვდები, ასე უცებ როგორ გავიდა დრო. სიმართლე რომ ვთქვა, 30 წლის შიში მქონდა, წლების წინ ძალიან დიდი მეგონა ეს ასაკი. შეიძლება, ეს ჩვენი სტერეოტიპული მიდგომების ბრალიცაა, – ჩვენი მშობლების თაობაში თითქოს 30 წლის ასაკში უკვე „დიდი ქალი“ იყავი, რაც ნელ-ნელა იცვლება.
ახლა რეალურად ისევ ისეთი ვარ, როგორიც 20 წლის ვიყავი, უბრალოდ, მეტი მადლიერების გრძნობითა და მეტი დაფიქრების უნარით. 20-დან 30 წლამდე ის შეიცვალა და კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩემი თავი. შინაგანად მგონია, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც 20 წლის ვიყავი, ბავშვურობაც შევინარჩუნე. თუმცა, პასუხისმგებლობები ნამდვილად მომემატა – მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, სამყაროს საერთოდ სხვანაირად უყურებ. ალბათ, ჩემი შვილის დამსახურებაცაა ის, რომ სამყაროსადმი მეტად მადლიერი გავხდი.
– როგორ იცვლება საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინა დროსთან ერთად?
– ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული ცვლილება მოხდა. როგორც აქამდე ვზრუნავდი საკუთარ თავზე, ახლაც ისე ვზრუნავ. თუ ემოციურ დონეზე საკუთარ თავზე ზრუნვას ვიგულისხმებთ, ეს ნამდვილად შეიცვალა – სანამ გამოცდილება ნაკლებია, ემოციებსაც ნაკლებად ვუფრთხილდებით. ასაკის მატებასთან ერთად ხვდები, რომ ეს ძალიან საჭიროა.
ფიზიკურად ჯერ არაფერი შეცვლილა, მაგრამ მეცინება, რომ ვიხსენებ: სულ ვამბობდი ხოლმე, 30 წელს რომ გადავაბიჯებ, მერე გავიკეთებ ბოტოქსს-მეთქი. აი, გადავაბიჯე, მაგრამ ჯერ არ ვიმჩნევ, არადა მჭირდება (იცინის). არის რაღაცები, რასაც შეიძლება, სხვები ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ჩვენ ვხვდებოდეთ, რომ ცვლილება კარგი იქნებოდა. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ასაკზე არ ყოფილა დამოკიდებული – ადამიანი ან ღია ხარ ამ ტიპის ცვლილებებისთვის, ან არა. ვერ ვიტყვი, ვგიჟდები ჩემს ვიზუალზე-მეთქი, მაგრამ მაკმაყოფილებს ბუნებრივობა და განსხვავებულობა, არ მინდა ეს დავკარგო. ასაკთან ერთად, კიდევ რომ მომემატება ნაოჭები, მერე, ალბათ, სხვა გზა არ დამრჩება (იცინის). ზუსტად ასე ვამბობდი 5 წლის წინაც (იცინის).
– სურვილების ჩაფიქრების რიტუალი თუ გაქვს?
– კი, კი, სურვილების ჩაფიქრება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. არ ვიცი, დაბადების დღის ტორტთან რატომ მავიწყდება ამის გაკეთება – უფრო სწორად, ამ დროს არ ვიცი ხოლმე, რომელი სურვილი ავირჩიო (იცინის). ყოველდღიურობაში ჩემთვის პატარ-პატარა ჩანაფიქრები მუდმივად მაქვს: ეს მინდა გავაკეთო და აბა, თუ გამოვივა-მეთქი. ბევრ რამეს ვამბობ, ბევრიც მავიწყდება, მაგრამ თუ რამე „მინდას“ გასცდა და მიზნად იქცა, ის აუცილებლად ბოლომდე მიმყავს.
– რა არის მთავარი თვისება ან კომპლექსი, რისგანაც ასაკთან ერთად გათავისუფლდი?
– ალბათ, „ზედმეტი ფიქრისგან“ გავთავისუფლდი. ეს ასაკის მატებამ მოიტანა – ზედმეტი ფიქრები აღარ მაწუხებს. ეს ჩემი შვილის დაბადებამაც გამოიწვია: როცა შვილი გყავს, იმდენად სხვა საფიქრალი გაქვს, უფრო პრაქტიკული ხდები, პასუხისმგებლობები გემატება და ზედმეტ ფიქრებს აღარ უთმობ დროს. ეს უფრო საკუთარ თავთან დაკავშირებულ ფიქრებს ეხება, თორემ ზოგადსაკაცობრიო თემებს არ ვგულისხმობ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამ მხრივ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს მარტივად ვუყურებ – ძალიან ემპათიური ვარ. კარგიც არ არის ამ დოზით, იმიტომ, რომ შეიძლება, ბევრი რამ გტკიოდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანები ემპათიურები უნდა ვიყოთ და სხვისი ტკივილისა თუ პრობლემების გულთან მიტანა უნდა შეგვეძლოს. თუმცა ყველაფერი ზედმეტი ცუდია, ზომიერებაა კარგი.
– სასურველი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?
– ჩემს მეუღლესთან ერთად, ბევრი შვილით. არ ვიცი – ქალაქგარეთ დიდი სახლი, ზღვასთან ახლოს თუ მოგზაურობაში, მაგრამ მთავარია, ყველანი ერთად ვიყოთ, დიდი ოჯახი.
როგორი ვიქნები, რთული სათქმელია, რადგან ბოლო ათი წელი საკუთარ თავში ბევრი ცვლილებისა და დიდი აღმოჩენების წლები იყო, ამიტომ ძნელია თქმა, შემდეგ წლებში რა იქნება. თუმცა ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ბევრი შვილი და შვილიშვილია – დიდი და ბედნიერი ოჯახი, პირველ რიგში, ეს მახსენდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





