შოუბიზნესი

მიშა ავსაჯანიშვილი: ბოლო დროს გავაანალიზე, რომ მართლა მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

მიშა ავსაჯანიშვილი
დაკოპირებულია

მიშა ავსაჯანიშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მიშა ავსაჯანიშვილი?

მიშა ავსაჯანიშვილი: საერთოდ, საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძალიან კეთილი, შრომისმოყვარე და უბრალო ვარ. ხშირად უთქვამთ: ეკრანიდან სხვანაირი გვეგონე, სინამდვილეში კი სულ სხვა ყოფილხარო. ვფიქრობ, არავინ არავისზე მეტი არ არის. დადებითი პიროვნება ვარ, რომელიც გარშემო მყოფებისთვის პოზიტიურ ენერგიას გასცემს.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ხშირად მეკითხებიან: „რა არის შენი ოცნება?!“ არასდროს მიოცნებია არარეალურ და ჩემთვის შეუძლებელ მიზნებზე. შეიძლება, ამ ეტაპზე ზუსტად ისე არ ვცხოვრობ, როგორც მინდოდა, მაგრამ არც შორს ვარ იმ ცხოვრებისგან. ცნობილი და წარმატებული უკვე ვარ - ამაზე მართლა ვოცნებობდი.

– ყოველთვის საყვარელ საქმეს აკეთებდით, თუ იყო პერიოდი, როცა გიწევდათ იმის გაკეთება, რაც, შესაძლოა, გძულდათ კიდეც?

– როგორ არა! სანამ სამზარეულოში მოვხვდებოდი, ფინანსების სფეროში ვმუშაობდი. მუდმივად ფულთან მქონდა შეხება, ეს კი ჩემს შინაგან ბუნებასთან ახლოს საერთოდ არ დგას. ასეთი რუტინული სამუშაო – მით უმეტეს, რაც არ გიყვარს და არც გაინტერესებს – ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ასე იყო საჭირო და მიწევდა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ. ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, მათ შორის – სხვისი ამბებიც. შეიძლება, ათი წლის წინანდელი ისტორიის გახსენებისას უცებ მოვიწყინო.

– როდის იტირეთ ბედნიერების ცრემლით?

– ახლა მიჭირს გახსენება...

– ტკივილით გამოწვეული ცრემლით?

– ეს დედაჩემის გარდაცვალებას უკავშირდება. მას შემდეგ, ფაქტობრივად, აღარც მიტირია. უფრო სწორად, დედის უეცარი გარდაცვალებით იმდენად დიდი სტრესი მივიღე, რომ ვერც ვიტირე. ერთხელ მეგობრის ბიძის დაკრძალვაზე ვიყავი და ისე ახლოს მივიტანე გულთან ჩემი მეგობრის განცდები, რომ ოჯახის წევრივით ვტიროდი. ასეთი ვარ – ცრემლები ავტომატურად ჩამომდის, როცა ემოციები მაწვება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის, დედის დაკარგვა იმდენად დიდი შოკი და ძლიერი განცდა იყო, რომ ტირილიც კი ვერ შევძელი. მანამდე, როცა ჩემთვის მსგავსი ისტორია მოუყოლიათ და უთქვამთ, გავქვავდი, ემოცია ვერ გამოვხატეო, გამკვირვებია – როგორ ვერ გამოხატე-მეთქი?! ახლა კი ვხვდები, ეს რასაც ნიშნავს. ხშირად მეუბნებიან: უნდა გამოხატო ეს ემოცია, რომ დაიცალო და შენმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ შვება იგრძნოსო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო?

– ძალიან ხშირად მესმის, რომ ვარ უშუალო და დიდ სიყვარულს ვიღებ ადამიანებისგან. თუმცა, ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა მითხრა: შენ იმდენ სიყვარულს ვერ იღებ, რამდენსაც გასცემო. ჩემ გარშემო ადამიანები ბედნიერები არიან, ამას თვითონვე მეუბნებიან. მჯერა ენერგიების და ხშირად აღნიშნავენ, რომ გარშემო მყოფებს დადებით მუხტს გადავცემ. ჩემ გვერდით დაძაბულობა არ არის – პირიქით, ყოველთვის ხალისია. შემიძლია, დაძაბულ გარემოშიც გამოვასწორო მდგომარეობა და სიტუაცია ისე განვმუხტო, რომ ბოლოს ყველაფერი სიცილში გადაიზარდოს. ამისთვის უამრავჯერ მიმიღია კომპლიმენტი და არა მხოლოდ ნაცნობებისგან. ხშირად მიწევს უცნობ ადამიანებთან კონტაქტი, რადგან საქართველოს რეგიონებში კულინარიულ ფესტივალებს – „გემოფესტს“ ვატარებთ, რომლის ვიზიტორიც 10-15 ათასი ადამიანია. სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ძალიან კეთილი აურა მაქვს. გუშინაც ერთმა მითხრა: მინდა, სულ თქვენ გვერდით ვიყო, რომ სასიამოვნო ემოციებით დავიმუხტოო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა, უამრავი მოლოცვა მივიღე ტელეფონითა თუ სოციალური ქსელებით და კიდევ ერთხელ დავინახე, რამხელა სიყვარული მოდის ხალხისგან. მივხვდი, რადგან ადამიანებს არ ეზარებათ განსაკუთრებული სიტყვებისა და სითბოს გამოხატვა, ესე იგი, მეც ბევრი გავეცი. შეიძლება, თავის ქება გამოვიდეს, მაგრამ ბოლო დროს გავაანალიზე, რომ მართლა მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ – რადგან ამდენ ადამიანს ვუყვარვარ, ესე იგი, ცხოვრებაში კარგი საქმეები მიკეთებია.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე ისეთი, რამაც გული გატკინათ, რადგან ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით?

– ისევ და ისევ ჩემი სფეროს წარმომადგენლებისგან, კოლეგებისგან მსმენია, რომ კერძების მომზადება არ ვიცი. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც არ მიცნობენ. ვინც მიცნობს და მემტერება, იმან რომ თქვას, კიდევ მესმის, მაგრამ უცნობისგან ცოტა უცნაურია. თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი.

– კულინარიის მიღმა რა არის თქვენი სიამოვნების წყარო?

– მიყვარს გართობა, კლუბური ცხოვრებაც ძალიან მიყვარდა, თუმცა ბოლო პერიოდში – ნაკლებად. პანდემიის შემდეგ კლუბში აქტიურად დავდიოდი, მაგრამ დაახლოებით, რვა თვეა, ჩამოვშორდი. არ ვიცი, დავღვინდი, გადავიღალე თუ რა მოხდა. ახლა იმდენი პროექტი და საქმე მაქვს, რომ ფიზიკურად არაფრისთვის მცალია. მთელი ზაფხული ერთი დასვენების დღეც არ მქონია, შესაბამისად, გართობისა და ჰობის დროც აღარ მრჩება. თუმცა, ჩემი საქმის წყალობით, ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს და მოსაწყენად ვერ ვიცლი.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– მთელი ბავშვობა განვიცდიდი უდიდეს შიშს, რომელიც დედაჩემის დაკარგვას უკავშირდებოდა. დედა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ყოველდღე მეშინოდა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც, საბოლოოდ, მაინც მოხდა. დედა სახლიდან საყიდლებზეც რომ გავიდოდა, გონებაში გამიელვებდა: ქუჩაში გადასვლისას ავტომობილმა არ დაარტყას და რამე არ დაემართოს-მეთქი.

მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა ცუდად გახდა და კლინიკაში რამდენიმე დღე წოლა მოუწია. მაშინ ძალიან განვიცადე. ბიძას ვეხვეწებოდი, დედასთან წამიყვანე-მეთქი. სწორედ მას შემდეგ გამიჩნდა ეს აკვიატებული შიში. შეიძლება, იმიტომაც ვერ ვიტირე, როცა დედა გარდაიცვალა, რომ ქვეცნობიერი მთელი ცხოვრება ამისთვის მამზადებდა... თუმცა, ამის ახსნა და თქმა ძალიან რთულია.

– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში მილიონები რომ მოიგოთ?

– არ მინდა, მაღალფარდოვნად გამომივიდეს, მაგრამ წლებია, ვფიქრობ: თუ ოდესმე მილიონერი გავხდები, ისეთ მოხუცთა თავშესაფარს გავაკეთებდი, სადაც მოხვედრა ყველა მოხუცის სურვილი იქნებოდა – მათიც კი, ვინც საკუთარ ოჯახში ცხოვრობს და თავშესაფრის საჭიროება არ აქვს. წარმოდგენილი მაქვს, როგორ ოთახებში იცხოვრებდნენ, რა ლამაზი ხედები ექნებოდათ და ასე შემდეგ.

– მსოფლიო მასშტაბის ცნობადობაზე გიოცნებიათ?

– ალბათ, ყველას და, მათ შორის, მეც მიოცნებია ამაზე. ბავშვობაში, რატომღაც, მინდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი, თუმცა არანაირი ნიჭი არ მქონდა (იცინის). რაც შეეხება ზრდასრული ასაკის ოცნებებს – რატომაც არა, თუ მსოფლიოში ცნობილი ქართველი შეფი გავხდები?! ამაზე დიდი ოცნება მზარეულისთვის არ არსებობს.

– წარსულიდან თქვენს მცდარ ნაბიჯად რას მიიჩნევთ?

– ალბათ, იმას, რომ თავიდანვე სასურველი პროფესია არ ავირჩიე. მაშინ კულინარია არ იყო პრესტიჟული საქმიანობა, არც კარგი სასწავლებლები არსებობდა. სულ სხვა პროფესიაზე ვსწავლობდი და შეიძლება ითქვას, რომ ის წლები ჩემთვის ტანჯვასთან ასოცირდება – ვსწავლობდი იმას, რაც არ მომწონდა და ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ტყუილად ვხარჯავდი. ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მცდარი ნაბიჯი იყო.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მთავარი გამარჯვება ის არის, რომ ჩემში დიდი ცვლილება მოვახდინე. ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვიყავი. მერე კარგად გავაანალიზე, რომ ეჭვიანობა საკუთარი თავის არასწორად შეფასება და დაუფასებლობაა. ამის გააზრება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ თვისების გამოსასწორებლად. მაშინ მივხვდი: თუ ეჭვიანობ, ესე იგი, თავს იმდენად არასრულყოფილად მიიჩნევ, რომ უშვებ, შეიძლება, შენმა შეყვარებულმა სხვისკენ გაიხედოს. ხოლო, თუ ეს მართლა მოხდება, ეს შენი ბრალია და არა მისი. მარცხთან დაკავშირებით კი აღსანიშნავი არაფერი მახსენდება.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ამ ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გავაკეთებ, რასაც ადამიანების სიყვარული ჰქვია. ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ ადამიანებს ვუყვარვარ და პატივს მცემენ – მეც ხომ მათ მიმართ უდიდეს სიყვარულს გავცემ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი