თაკო ჩარკვიანი: სიზმრად ხშირად ვხედავ სამივეს, ხანდახან მგონია, რაღაცას მანიშნებენ, დაძახებით მეღვიძება
ავტორი: ნონა დათეშიძე 40 წუთის წინ
თაკო ჩარკვიანის ოჯახის კარი ყოველთვის ღია იყო სტუმრებისთვის. იქ მისულ ადამიანებს, ოჯახის ახლობლებს, ვინც ცოცხალია, დღემდე ახსოვთ იქ გატარებული მხიარული საღამოები. სამწუხაროდ, დიდი ოჯახიდან სამი ადამიანი იმქვეყნად წავიდა და სტუმართაგანაც დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის.
თაკო ჩარკვიანი: ადამიანები იცვლებიანო, რომ ამბობენ, მე ამ მოსაზრებას არ ვემხრობი. შეიძლება, ადამიანი გაიზარდოს, შეხედულებები შეეცვალოს, მაგრამ ის, რომ შეიცვალოს – ნაკლებად. ჩემი გაცნობიერებული, პირველი ბავშვური შეგრძნებები, ის ღირებულებები, რაც ჩემს ოჯახში ტრიალებდა, რაც დედისგან და მამისგან მახსოვს, დღემდე მომყვება. ერთადერთი, რასაც ვერ შევეჩვიე ვერაფრით, არის გაკვირვება ადამიანთა განუსაზღველი ანგარების, ცუღლუტობისა და თაღლითობის მიმართ. ვერ მოვრჩი ამ გაკვირვებას. რომ ვიტყვი, ახლა რაღა უნდა გამიკვირდეს-მეთქი, მაინც მიკვირს, რა ვქნა? თამამად შემიძლია, გითხრათ, ანგარება რა არის, არ ვიცი. ჩემს სიცოცხლეში ანგარებით არაფერი გამიკეთებია და სხვისი ეს თვისება ძალიან მიკვირს.
– ცნობილია, რომ ჩარკვიანების დიდი ოჯახი ხშირად იყო წვეულებების ორგანიზატორი, სახლში იკრიბებოდნენ ხელოვანი ადამიანები და საღამოებს მხიარულად და შემოქმედებითად ატარებდნენ. წლები გავიდა და იკლო მიმოსვლამ, ამ დიდი ოჯახიდან იმქვეყნად წავიდა სამი წევრი და ალბათ, ყველაზე მძიმედ გადასატანი მაინც ძმის, მამუკას უდროოდ გარდაცვალება იყო...
– შარშან საშინელი წელი იდგა ჩემთვის. მამუკას მეუღლემ მოიტეხა ფეხი, დედა მეწვა მეშვიდე სართულზე კავკასიის ცენტრში და მამუკა – რეანიმაციაში. ფაქტობრივად, ორთვე-ნახევარი კლინიკაში ვცხოვრობდი. კი მყავდა დამხმარე, მაგრამ როგორ შემეძლო, მე იქ არ ვყოფილიყავი. დედა ამ ხნის განმავლობაში ორჯერ გამოვიყვანე და ორჯერვე დავაბრუნე უკან. თან გვყვებოდა მთელი მედპერსონალი. მოყოლა ახლაც მიჭირს, რა დღეებიც გადავიტანე, გადმოცემაც არ შემიძლია. დამანგრია და გამანადგურა მამუკას გარდაცვალებამ. ჩვენ შორის სხვაობა რვა წელი იყო და ბავშვობაში იგრძნობოდა, მაგრამ მერე ეს ზღვარი გაქრა და რომ გავიზარდე, ჩემი ძმაკაცი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მისი წასვლით გაშრა და დაცარიელდა ჩემ გარშემო ყველაფერი. საინტერესო ადამიანებს თავიანთი ენერგეტიკა დაჰყვებათ და ეს მათი ენერგია ისევ ტრიალებს სახლში. მე ამით ვსუნთქავ, მათი ხმა და სუნთქვა მესმის. მიჭირდა მამუკას სიმღერების მოსმენა და მისი ხმის გაგონება. ჯერჯერობით გავურბივარ. ჩემი გოგონა, ირმა ჩამიგდებს ხოლმე ინტერნეტში ჯანსუღისა და მამუკას ვიდეოებს და ძალიან მიჭირს მათი მოსმენა, ვცდილობ, ყური არ დავუგდო, რადგან მანერვიულებს. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩვენი სახლი, რაღაცნაირად, ფეიერვერკი სახლი იყო, არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და ეს რომ ახსოვთ, ძალიან მიხარია. ჩემი მეგობრები, ჯანსუღს ისე იხსენებენ, როგორც თავიანთ მეგობარს. სხვათა შორის, პოეტებსა და მწერლებს აქვთ უნარი, ვიღაცაზე ადრე ამოიცნონ სხვისი ფსიქომდგომარეობა და როცა მამამ მამუკას მიუძღვნა ლექსი – „ჩემი აღარა ხარ, მორჩა...“ თითქოს იგრძნო და ამოიცნო მისი მდგომარეობა და მახსოვს, როცა ხელში მიაწოდა ფურცელზე დაწერილი, უთხრა: აჰა, შენო. მერე მამუკამ სიმღერად აქცია მამას ლექსი და დღეს, როცა მას ვუსმენ, მიჭირს გააზრება, ის მომენტი მიდგება თვალწინ, რომცა მამა და მამუკა ჩემ წინ იდგნენ. გული მწყდება, როცა ცუდი იწერება ჩემი ოჯახის წევრებზე. ადრე იყო უდიდესი ურთიერთობები და დამიჯერეთ, ჯანსუღს ძმისთვის არ აქვს იმდენი სიკეთე გაკეთებული, რაც ზვიად გამსახურდიასთვის ჰქონდა.
– როგორც ვიცი, კარის მეზობლები იყვნენ... თუ ვცდები?
– არა, არ ცდებით. სანამ გამსახურდიები კოლხურ კოშკში გადავიდოდნენ, ჯაფარიძეზე ცხოვრობდნენ, 13 ნომერში. მირანდა ბებიასთან მეგობრობდა, დედაჩემის ორი დისერტაცია კოწიას – კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზეა, მასზე აქვს სადოქტორო დაცული. ჩარკვიანები კორიდორის ბოლოში ცხოვრობდნენ, დასაწყისში – გამსახურდიები. მე არასოდეს ვსაუბრობ ისე, თუ ჩემი ნათქვამი დოკუმენტზე არ არის დაყრდნობილი და რომ ამბობენ, ჯანსუღმა ხელი მოაწერა ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვაზეო, სჯობს სიმართლე გაიგონ და მერე ილაპარაკონ. ჯანსუღი რიგითი წევრი არ იყო, იყო გამგეობის წევრი, მისი ვალდებულებაც კი იყო ხელი მოეწერა, მაგრამ არ მოაწერა. ჩემთვის საყვარელმა ანა კალანდაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას, ხელი მოაწერა ზვიადის გარიცხვას და მერე ბოდიშიც კი მოიხადა. დაკნინებით კი არა, მე ვამბობ ფაქტს, რომ ბრწყინვალე ქალბატონმა მოიბოდიშა და დაწერა თავად, თორემ მე არც გავიმეორებდი. ყველაფერს პოლიტიკას აწებებენ და მე თუ რამეს ვიტყვი, იმაზე ხელის მომწერი ვარ, საარქივო მასალებზე დაყრდნობით ვსაუბრობ და არა მოგონილი ჭორით. ამის მერე, ზვიადი რომ დაიჭირეს, მამა მას ორჯერ ჩაუდგა თავდებში. 90-იანებში კი სიტუაცია დაიძაბა და არც ამას ვმალავ. მოკლედ, მამაზე დოკუმენტური ფილმი მზადდება და იქ ყველაფერზე პასუხია გაცემული. სხვათა შორის, მე მამას ვგავარ ენით და შეპასუხება მაინც შემიძლია. დედაჩემს კი, რომელიც ერთი სათვალიანი მეცნიერი იყო, სადარბაზოში დახვდნენ ქალები და სცემეს, სად იყო მაშინ დაპირისპირება? ან ის ქალები, ვინც დედაჩემი სცემა, განა მართლა ზვიადისტები იყვნენ? ეს ერთი კაცის შედგენილი გუნდი იყო, მისი დაკვეთა და მოქმედებდნენ ზვიადისტების სახელით, რაც ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, ახლა ზუსტად ვიცი, რაც მოხდა.
– თაკო, გარდაცვლილი ოჯახის წევრების სასაფლაოზე მისვლა გიჭირს?
– ჩემი დღეები მაქვს, მექანიკაში მაქვს გადასული, რომ უნდა ავიდე საფლავზე და მივდივარ იქ, სადაც არ მსიამოვნებს მისვლა. მივდივარ იმიტომ, რომ დავხედო, ყვავილები მივიტანო, თორემ მე ჩემები მეგულებიან ზემოთ, უფრო სხვაგან. სიზმრადაც ხშირად ვხედავ სამივეს, სხვადაასხვა დროს. ხანდახან მგონია, რაღაცას მანიშნებენ. მათი დაძახებით მეღვიძება და მგონია, ჩემ გვერდით არიან, მაგრამ ვიღვიძებ და ირგვლივ სიცარიელეა. არ დამავიწყდება, სანამ მამუკა გარდაიცვლებოდა, ჯასუღი ვნახე სიზმრად. მამუკა თითქოს მდგომარეობიდან იყო გამოსული და ვიფიქრე, ალბათ, ამიტომ დამესიზმრა-მეთქი, მაგრამ ერთ დღეში დამძიმდა და გარდაიცვალა. დედაზე კი მითხრა: წადი, ბებიაშენის საფლავზე და განაახლეო. დედა ვაკეში, დედამისის გვერდით დაიკრძალა და მართლაც მომიწია საფლავის განახლება. ვამბობდი, სულ დაძაბული ვიყავი მძიმედ რომ იყვნენ და მამა ამიტომ ვნახე სიზმრად-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი და ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. ერთხელ მამას უთხრეს: ბატონო ჯანსუღ, ეს დამთხვევაა, ისიც დამთხვეააო და მამამ უპასუხა: არ ვიცი, გენაცვალეთ, თქვენ ეტყობა დამთხვეულები ხართ, თორემ მე არ მაქვს დამთხვევაო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





