შოუბიზნესი

მერიკო კარტოზია: ამერიკაში ცხოვრებამ და ამ იძულებითმა ემიგრაციამ დამაბერა

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 46 წუთის წინ

მერიკო კარტოზია
დაკოპირებულია

ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი მერიკო კარტოზია მაყურებელს სრულიად ახალი სივრციდან და საავტორო რუბრიკით დაუბრუნდა. ჩვენთან ინტერვიუში მერიკო საუბრობს ამერიკულ ემიგრაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ უცნობ გმირებზე, რომელთა ისტორიებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეძებს.

მერიკო კარტოზია: ახალი სატელევიზიო სეზონი ჩემთვის ახალი სივრციდან დაიწყო – „რუსთავი 2-ზე“ გადავპორტირდი და დილის ეთერში საკუთარი რუბრიკა გავაკეთე სახელწოდებით – „საქართველო, მიყვარხარ“. ამ რუბრიკის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ვსტუმრობ და „ჩვეულებრივ ადამიანებში“ უცნობ გმირებს ვეძებ. საბედნიეროდ, ასეთი პერსონაჟი ძალიან ბევრია – ამ მხრივ, წარმოუდგენლად მდიდარი ქვეყანა გვაქვს და ეს თემაც ამოუწურავია.

საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ცხოვრება და მათი რეალური ისტორიების მოსმენა – ინტერესები, გართობა თუ ყოველდღიურობა – ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ცოტა ხნის წინ დაიწყო, უკვე არაერთ საინტერესო ადამიანს შევხვდი. განსაკუთრებით ის ფაქტი მომწონს, რომ ამ გამორჩეული ადამიანების ისტორიებს 5-7 წუთში გადმოვცემ და საკმაოდ საინტერესო სიუჟეტები შეიქმნა. ვფიქრობ, დღეს, სოციალური ქსელებისა და „სქროლვის ეპოქაში“, როცა ყველაფერს მაქსიმალურად ცოტა დროს ვუთმობთ, მოკლე ფორმატის სიუჟეტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

– როგორ მოერგე ახალ არხსა და ფორმატს?

– შემოთავაზება „რუსთავი 2-ისგან“ მივიღე. ამ არხზე ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მუშაობს. იმდენად თბილად და შინაურულად დამხვდნენ როგორც ძველი მეგობრები, ისე ახალი ნაცნობები, რომ ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია. ვერც კი ვგრძნობ, რომ ახალ გარემოში ვარ.

მას შემდეგ, რაც ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი, ყველა ჩემი შინაური, ახლობელი და მეგობარი მგონია. ჩემი რუბრიკის სახელწოდება – „საქართველო, მიყვარხარ“ – ჩემთვის, უბრალოდ, ბანალური სიტყვები არ არის. უცხოეთში ყოფნისას უფრო ღრმად გავიაზრე, თუ რამდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ეს ყველაზე მკაფიოდ მაშინ გავაცნობიერე, როცა ამერიკულ ბარში, თბილისის ტკივილამდე მონატრებისგან ავტირდი. ჩვენს დედაქალაქზე დაწერილ სიმღერას ვუსმენდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი...

წელზე მეტია, რაც საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ ეს მონატრება ჯერ კიდევ არ განელებულა: მინდა, ყველაფერი ვნახო, ბევრ ადგილს ვესტუმრო, მოვეფერო. ამიტომ, როცა ახალ არხზე რუბრიკის გაკეთება შემომთავაზეს, პირველი, რაც გონებაში ამოტივტივდა, პატრიარქის დაუვიწყარი სიტყვები იყო: „საქართველო, მიყვარხარ“. სწორედ ეს სიტყვები გახდა ჩემი ინსპირაცია და ჩემი რუბრიკაც შესაბამის შინაარსს ატარებს. დღეს რეგიონებში ვმოგზაურობ და ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. პირველივე სიუჟეტი ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულ ისტორიას ეხებოდა და მჯერა, რომ ამ ტემპს კვლავ შევინარჩუნებთ.

– ამის გარდა, კიდევ არაერთი საქმით ხარ დაკავებული. რა არის ის მარტივი ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში ყველაზე მეტად გეხმარება?

– ჩემი ტვინი იმდენად არის მიჩვეული ფორსმაჟორს, რომ თუ არ მეჩქარება, შეიძლება, ტექსტიც კი ვერ დავწერო. ჩემთვის უკვე აუცილებელი პირობაა, რომ ცოტა დრო მქონდეს – ასეთ ფორსმაჟორში საოცარი მოტივაციით ვმუშაობ (იცინის). როცა ასეთ რიტმში ვარ, არც უენერგიობას ვუჩივი – ფიზიკურადაც კარგად ვარ და არც იდეების ნაკლებობას განვიცდი. როცა ბევრი საქმე მაქვს, ყველაფერს უფრო კარგად ვასწრებ. არ ვიცი, ეს რა ძალაა, მაგრამ ნამდვილად მაქვს ეს განსაკუთრებული უნარი.

კიდევ ერთი უცნაურობა მახასიათებს: მაგალითად, თუ რეგიონში დილით ადრე მივდივარ გადაღებაზე, ღამე ვერ ვიძინებ. როგორც არ უნდა მჭირდებოდეს დასვენება, მირჩევნია, ის ღამე გავათენო და მომზადებას დავუთმო.

რაც შეეხება ენერგიის წყაროს, ალბათ, მეხმარება ის ფაქტი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ჩემთვის უბრალოდ სამსახური და რუტინული შრომა არ არის – ვალდებულების გამო გადაღებაზე არასდროს მივდივარ. ეს პროცესი ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. მუდმივად სიახლისა და სიურპრიზების მოლოდინი მაქვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც. ეს არის ჩემი ცხოვრება – მრავალფეროვანი, საინტერესო და სიახლეებით სავსე. ზუსტად ეს მაძლევს საჭირო ენერგიას. საქმის კეთებისას დაღლა და უენერგიობა საერთოდ არ მახსენდება – შემიძლია, კვირაში შვიდივე დღე ვიმუშაო, შესვენების გარეშე.

– მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, თავისუფალ დღეებზეც მინდა, გკითხო: როგორია იდეალური დღე, როცა ნაკლები საქმეა და შეგიძლია, დრო საკუთარ სიამოვნებას დაუთმო?

– თუ დილა ისე თენდება, რომ არსად მეჩქარება, შემიძლია, მთელი დღე სახლში, პიჟამათი გავატარო (იცინის). შემიძლია, გარეთ საერთოდ არ გავიდე, არავის დაველაპარაკო, სასიამოვნო მუსიკა ჩავრთო, წიგნი წავიკითხო ან ტელევიზორთან მოვკალათდე და შოუებს ვადევნო თვალი, რომ ვიცოდე, რომელ არხზე რა კეთდება. გონებას საქმისგან ბოლომდე მაინც ვერ ვთიშავ – მინდა, საქმის კურსში ვიყო და ვიცოდე, რა ხდება სატელევიზიო სივრცეში. პულსს მუდმივად ვაკონტროლებ.

– ამდენი წელია, ეკრანიდან გიცნობთ, თუმცა გაქვს თუ არა ისეთი ინტერესი ან გატაცება, რის შესახებაც შეიძლება, დღემდე ბევრმა არ იცოდეს?

– შეიძლება, იციან კიდეც, რომ ძალიან მიყვარს წმიდა მამების ცხოვრების გაცნობა, უზომოდ მიტაცებს მათი ისტორიების კითხვა. ასევე, ძალიან მიყვარს ცნობილი ადამიანების ამბების გაგება. მათ პირად ცხოვრებას არ ვგულისხმობ, თუნდაც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს ეხებოდეთ საქმე, მაინტერესებს ის გზა, რომელიც ვარსკვლავობამდე გაიარეს და სირთულეები, რომლებიც ამ გზაზე გადალახეს. წარმატებული ადამიანების ცხოვრების გამოკვლევა ნამდვილად ჩემი ინტერესის სფეროა.

ვფიქრობ, მათი წარსული განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შეგიძლია, ეს გამოცდილება შენც გაიზიარო. არ არსებობს ადამიანი სირთულეების გარეშე და ასეთი გამოცდილება, ჩემი აზრით, ძალიან ძვირფასია. ამიტომ, სულ დაფარული ისტორიების „ჩიჩქვნაში“ ვარ.

საერთოდ, ადამიანების ზედაპირულად შეფასება არ მიყვარს. მუდმივად მაინტერესებს, რა ხდება კადრს მიღმა, მეორე მხარეს. თუ ადამიანი საინტერესოდ მეჩვენება, ყველაფერი ბოლომდე უნდა გამოვიკვლიო. ძალიან მიყვარს საკუთარი საქმის პროფესიონალების ცხოვრებაზე დაკვირვება და იმის გაგება, თუ როგორ გახდნენ ასეთები, რა განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების დამსახურებით.

– რა არის შენს წარსულში ისეთი, რაც ყველაზე მეტად გენატრება, და ასევე ის, რამაც ყველაზე მეტად გაგზარდა?

– 48 წლის ვხდები, პატარა აღარ ვარ. ცოტა ხნის წინ ჩემს წარსულს ვიხსენებდი და ვთქვი: კიდევ კარგი, ეს ყველაფერი რომ გავიარე-მეთქი. ურთულესი გზა იყო, გამოცდილების დაგროვების პროცესში უამრავი შეცდომა დამიშვია, ვსწავლობდი და არც ეს პროცესი ყოფილა მარტივი. მით უმეტეს, რომ ყველაფერს წიგნებსა და უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან ბევრს გასწავლის, გამოცდილება გეხმარება კეთილისა და ბოროტის გარჩევაში...

რა მენატრება? – დრო ინტერნეტის გარეშე. მაშინ ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოძიება. დღეს, ამ მხრივ, ყველაფერი გამარტივდა და, თითქოს, ამას რა სჯობს, მით უმეტეს, ჟურნალისტისთვის, მაგრამ გაქრა ადრინდელი ურთიერთობები, რაც ძალიან სამწუხაროა.

მენატრება ის დროც, როცა ერთმანეთს სახლის ტელეფონით ვესაუბრებოდით. მენატრება ახალგაზრდობის წლები – ბევრი თაყვანისმცემელი რომ გყავს, კარს გააღებ და ყვავილები გხვდება, თუმცა ვისგან, არ იცოდი, რადგან მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა და თუ წერილს არ მოაყოლებდა, ვერაფერს გაიგებდი (იცინის). ეს ჩვენი ტკბილი 90-იანები იყო... მაშინ სანთლის შუქზე ისეთ ამბებს ვიგებდით, ალბათ, ვერცერთი თოქ-შოუ ვერ შეედრება (იცინის). ის სითბო და სიყვარული, რაც მაშინ გვქონდა, დღეს თითქოს დაკარგულია – დაბადების დღეს ერთმანეთს სოციალურ ქსელში ვულოცავთ და შეხვედრასა და მონახულებაზეც აღარ ვფიქრობთ. რეალური შეგრძნებები დავკარგეთ...

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამზარდა – ტელევიზიამ, ჩემმა გადაცემებმა, ადამიანებთან ურთიერთობამ. მადლობა ღმერთს, საავტორო გადაცემების ფარგლებში, ისეთი საინტერესო რესპონდენტები ჩამიწერია, რომ მათთან ინტერვიუ ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი გამხდარა.

გავიხსენებ გია მაისაშვილს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მისი უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოში სწორედ მე ჩავწერე. მისი თითოეული სიტყვა იყო ფრაზა, რომელიც უნდა დაიმახსოვრო და ბავშვებს ასწავლო – ეს იყო პატარა ლექცია-ინტერვიუ, რომელზეც შეგიძლია, თაობები აღზარდო.

გავიხსენებ თემურ წიკლაურს, ბუბა კიკაბიძეს, ჟანრი ლოლაშვილს... საოცარი ხალხი მყავს ჩაწერილი, მათთან ძალიან საინტერესო საუბრები მქონია.

ასევე, ძალიან გამზარდა მოგზაურობამ, უცხოეთიდან ჩამოტანილმა ამბებმა. ამერიკაში ცხოვრებამ და ამ იძულებითმა ემიგრაციამ საერთოდ დამაბერა. ალბათ, ოდესმე წიგნის დაწერის დრო თუ მექნება, ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად გავყოფ: ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ.

იქ, თითქმის ორ წელიწადში, ძალიან ბევრი რამ ვნახე. ამერიკაში მოვასწარი გაზრდაც და დაბერებაც. ერთი თვე „გეტოშიც“ კი ვცხოვრობდი, ძალიან საშიშ უბანში. „ჰოლივუდურ“ საშინელებათა ფილმებში რაც გვინახავს, ამ ყველაფერს პირადად შევეხე. ამერიკას არ ვლანძღავ – ბევრი ოცნებაახდენილი ადამიანიც ვნახე, ყველას თავისი მიზანი აქვს. უბრალოდ, ჩემი მიზანი იქ დარჩენა არ ყოფილა, მხოლოდ გადაცემების მომზადება მინდოდა.

მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი რომ გამოვცადე – იქიდან სულ სხვანაირად გაზრდილი ჩამოვედი. საქართველო რომ ასე ძალიან მიყვარდა, სწორედ იქ გავიაზრე ბოლომდე. აქ ცხოვრებისას ამას სრულყოფილად ვერ აფასებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი