რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.01, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც გავიგე, სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა. შეიძლება თუ არა, მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?

პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად ითვლება. მიწიერი მოღვაწეობის დროს ის ზრუნავდა გაჭირვებულ ოჯახებზე და ბევრი მათგანი იხსნა განსაცდელისგან. თუ თქვენ სიყვარულისთვის ვედრებაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ, ევედროთ როგორც წმიდა ნიკოლოზს, ასევე სხვა წმიდანებსაც. ზოგადად, სიყვარულის მოციქულს იოანე მოციქულს ეძახიან. აქ, რა თქმა უნდა, უფლის სიყვარული იგულისხმება. მაგრამ, თუ უფალი გეყვარებათ, ეს დაგეხმარებათ პირად ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებაში. სიყვარული არა მხოლოდ სიხარული და ბედნიერებაა, პირველ რიგში, მოვალეობა, ტვირთი და თავგანწირვაა.

კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?

პასუხი: მირონცხება – ეს არის ერთ-ერთი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლო. ის გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ხდება ცხოვრებაში ერთხებ. ამ საიდუმლოს აღსრულებისას მორწმუნე ადამიანს სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება, რაც მას ეხმარება ქრისტეს მცნებათა დაცვაში. მირონცხებული იყო მეფე, რათა მას სვიანად ემართა საკუთარი ხალხი.

კითხვა: ამბობენ, რომ იმ სახლში, რომელიც ნაკურთხია, არ შეიძლება ძაღლის, კატისა და ფრინველების ყოფნა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: სახლში ცხოველებისა და ფრინველების ყოლა არ არის სარწმუნოებრივი საკითხი. თუმცა, ზოგ ოჯახში ცხოველები გაფეტიშებული ჰყავთ, ეს კი დაუშვებელია. ზოგიერთი ადამიანი ისეთია, შეუძლია, ცხოველს დაუთმოს მთელი დღე და გაჭირვებულ ადამიანს კი ზედაც არ შეხედოს ან შვილებს არ მიაქციოს ყურადღება. ეს დანაშაულია.

კითხვა: კამათის დროს ხშირად ვღიზიანდები და ვბრაზობ. ღირს საერთოდ ასეთ შემთხვევაში კამათის გაგრძელება და სიმართლის მტკიცება?

პასუხი: როდესაც კამათის მოყვარულ ადამიანთან გიწევთ დავა და ხედავთ, რომ ის სიმართლეს ეწინააღმდეგება, შეწყვიტეთ კამათი და განერიდეთ მას. როგორც მდარე წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ასევე, ხრწნის ბოროტი საუბრები კეთილმორწმუნე და ზნეობრივ ადამიანებს.

კითხვა: გარდაცვლილის ვალი დამრჩა გასასტუმრებელი და ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ფული მის ახლობლებს დაუბრუნეთ. თუ არ ჰყავს ახლობლები ან არ იცით მათი საცხოვრებელი ადგილი, მაშინ, ეს ვალი შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცით, ან ეკლესიაში მიიტანეთ და მოძღვარს უამბეთ თქვენი განცდის შესახებ.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი