მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.06
კითხვა: ვგრძნობ, რომ ამპარტავანი ვარ. ვერაფრით ვურიგდები ჩემ მიმართ იოტისოდენა შენიშნვას. როგორ ვძლიო თავს?
პასუხი: ამის პასუხად მოუსმინეთ ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შეგონებას: „უფალმა ღმერთმა ჩვენი გულისთვის შეისხა ხორცი, თავს იტვირთა დამცირება, მინერწყვება და ჯვარი, ტანჯვანი, რომელიც მან – უმწიკვლომ და უცოდველმა – ჩვენთვის გადაიტანა. თავისი მაგალითით ის ყოველ ჩვენგანს შემდეგნაირად გვმოძღვრავს: „ადამიანო, თუ გსურს მარადიულ სიცოცხლეს ეზიარო და ჩემთანა იყო, თავმდაბალ იყავ ჩემთვის, ისევე, როგორც მე დავიმდაბლე თავი შენი გულისთვის. განაგდე ქედმაღალი და სატანისტური მისწრაფებანი. მიიღე შოლტის ცემანი, ნერწყვი და მძლავრობანი, უარჰყავ კაცობრივი დიდება და ითმენდე ყოველივეს. ხორციელ სიკვდილამდე თუ არ დათმობ ხრწნად დიდებას და არ დაითმენ ნერწყვს, დაცინვასა და გვემას ჩემთვის და მცნებათა ჩემთა აღსრულებისთვის, მეორედ დიდებით ჩემი მოსვლისას, მეც სამარცხვინოდ ჩავთვლი ჩემთანა შენს დამკვიდრებას“.
კითხვა: რა არის ცხოვრებაში უმთავრესი?
პასუხი: თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, იგი ადვილად ერწმუნება დიდი ღვთისსათნომყოფელის სიტყვებს: ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო ყოველივე დანარჩენი – მეორეხარისხოვანი საქმეებია (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).
კითხვა: როგორ წარმოვიდგინო უფალი? სად არის ის? ცაში, საკუთარ თავში თუ კიდევ სხვაგვარად?
პასუხი: ასე დაკონკრეტება არასწორია. უნდა განმტკიცდეთ რწმენაში და გაიაზროთ, რომ ღმერთი არის ყველგან, ესე იგი, ჩვენშიც და ხედავს ყოველივეს. ამგვარი რწმენით უნდა გამოხატავდე შენს რიდსა და კრძალვას უხილავი ღმერთის მიმართ ყოველგვარი მისი წარმოსახვის გარეშე.
კითხვა: რატომ ატარებენ წვერს მართლმადიდებელი მღვდლები?
პასუხი: წვერის ტარება ბიბლიური ტრადიციაა – ძველი აღთქმის დროინდელი ღვთისმსახურნიც წვერს ატარებდნენ და მართლმადიდებელი სასულიერო მოღვაწეებიც მათი მემკვიდრეები არიან. ღმერთმა წვერს განსაკუთრებული მისტიკური დატვირთვა და ძალა მისცა, ამიტომაც იყო, რომ ჩვენი წინაპრები წვერ-ულვაშს სინდისის სიმბოლოდ იყენებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


