რატომ დგანან ანგელოზები ადამიანებზე დაბლა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და მისი გვირგვინი – ადამიანი? რატომ შთაბერა უკვდავი სული და ასპარეზად მისცა წუთისოფელი, რომელშიც თავისი თავი უნდა გამოაწრთოს და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ანუ თავადაც იქცეს სრულყოფილებად, ესე იგი, ღმერთად და რატომ არის ეს პროცესი ასე რთული ადამიანისთვის? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– მოიწყინა ღმერთმა თუ რამ გადააწყვეტინა ადამიანის შექმნა?
– რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? რატომ ქმნის ადამიანს?! იმიტომ რომ, ის სიკეთე, ის თვითტკბობა, ის ნეტარება, რომლითაც ღმერთია თავის თავში არსებული, ადამიანს გადასცეს. ვინ არის ნეტარი? თვითკმარი? როდესაც მე თვითკმარი ვარ, რა სურვილი მაქვს? ბავშვობაა ამის მაგალითი, ის სიხარული, რომელსაც განიცდი, გინდა, რომ სხვასაც მიანიჭო. ჩვენი თეოლოგების კლასიკური განმარტებაა, ჭარბი სიყვარულისგან გადმოღვარა თავისი თავი ღმერთმა, რომ ის სიყვარული და ნეტარება, რაც მას აქვს, სხვასაც ჰქონოდა, ყოფილიყო სხვა მეც. დიახ, ეს გაცემაა, მაგრამ, რომ გასცე, მიმღები უნდა შექმნა. თუ მიმღებს დასრულებულად შექმნიდა, ის მიმღები როგორ იქნებოდა?! იქნებოდა მექანიკურად სრული. მაშინ როგორი უნდა შექმნას?! რაღაც ადგილი უნდა გაჩნდეს, რომელიც მზად იქნება, რომ მიიღოს ჩემი სისავსე უსასრულოდ. როგორც მე ვარ სავსე გაცემით, ისე ვიღაც უნდა იყოს სავსე მიღების წყურვილით. ანუ მე, ადამიანი, შემქმნა, როგორც მისი, ღმერთის, ნაკლებობა; მისი მოსურვება, მისი მონატრება, მისი მოწყურება, რომ მერე მისით ავივსო. ეს არ მექნებოდა, პირდაპირ თუ სავსეს გამაჩენდა, ამ შემთხვევაში მისი კლონი ვიქნებოდი და არც მე შემიყვარდებოდა ის. ამიტომ მოხდა ციმცუმი, წინა ნომერში რომ ვისაუბრეთ, ანუ ღმერთის ნათლის მოშორება. კაბალის ენაზე ამას რეშიმოტ ჰქვია და აბსოლუტურად მართლმადიდებლურია, რადგან უნივერსალური კანონია და არა საშიში ტერმინი. რეშიმოტ არის სულიერი გენი. ამ დროს ღმერთის თანდასწრება დაჩრდილულია. რატომ არიან ანგელოზები ადამიანებზე ნაკლებნი? იმიტომ რომ მათ არჩევანი არ აქვთ. ისინი ასეთები არიან გარედან. ანგელოზი, ფაქტობრივად, ღმერთის ენერგიაა, ამიტომაც დგანან ადამიანები ანგელოზებზე მაღლა.
ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, თავისი თავის გარეთ გაიტანა და ამისთვის აუცილებელია სიცარიელე. თუ ღმერთის თანდასწრება მთლიანად გარედან იქნებოდა, რა არჩევანი დარჩებოდა?! სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი რატომ არ გეუბნებოდა ბოლომდე რაღაცას?! იმიტომ რომ, თუ ბოლომდე გეტყოდა, ვერ განვითარდებოდი. ამიტომ მიგანიშნებდა, შენც წახვიდოდო და წაბორძიკდებოდი, ამიტომ ცოტას კიდევ დაგიმატებდა. რატომ გაწვალებს?! ფაშისტია?! არა! უნდა, რომ დაგბადოს, რომ შენი გახდეს ის, რასაც გასწავლის, რომ შენ მასწავლებელზე უკეთესი გახდე და ცოდნა გარედან არ გქონდეს მიღებული. ხელოვნურმა ინტელექტმა თითქოს ყველაფერი იცის, მაგრამ, რომ ჰკითხავ, გეტყვის, გული არ მაქვსო, ვერაფერს გრძნობს. ანუ არის და არც არის, ხოლო ღმერთი არის ის, ვინც არის და უნდა, რომ შენც იყო. სწორედ იმიტომ შეგქმნა, რომ შენც იყო; შენ, ვისაც სიცოცხლე თავის თავში გაქვს.
ქრისტე პირდაპირ ამბობს, მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში. რატომ ამბობს ქრისტე ამას?! ნიშნს მოგვიგებს?! ზუსტად იმიტომ ამბობს, რომ მეც უნდა მქონდეს სიცოცხლე თავის თავში. ამდენად, ღმერთმა რომ თავისი თანდასწრება დააკლო თავის ქმნილებას, რა დარჩა იქ?! ლაქა. აი, როგორც რაღაცას რომ ჩაასხამ ჭურჭელში და გადმოაპირქვავებ, იქ რჩება იმის ნაწილი, რაც ესხა. აი, ეს არის რეშიმო – ხსოვნა. ის წავიდა და დარჩა ხსოვნა. რა არის ხსოვნა? რას შეადარებდი?! დიახ, თესლს, რომელიც არის ნაყოფის ხსოვნა, მისი პოტენციალი. თუ გაიხსენებს, ნაყოფს გამოიღებს. ამას ჰქვია სულიერო გენი – უკვე კონცენტრატი. ჩვენში დევს ღმერთობის პოტენციალი და სწორედ ეს პოტენციალია ღმერთი... ღმერთი თავის თავს გვაძლევს შესაძლებლობად. „ბიბლიაში“ წერია, ღმერთმა შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად. სხვა ქმნილებებზე მსგავსი არ წერია. პირიქით – თქვა ღმერთმა, იქმნასო და იქმნა, ანუ გარედან ბრძანებით შეიქმნა ყველაფერი. სამი ეტაპია: განზრახვითი ქმედება, აღსრულება და შეფასება. განზრახვითი ქმედებაა, თქვა ღმერთმა და იქმნა, იმიტომ რომ მის სიტყვას ძალაუფლება აქვს. სამყარო სიტყვით შეიქმნა და შენ ვინ ხარ? ღვთის ხატება და რა უნდა ღმერთს შენგან?! რომ შენ იყო სამყაროს შემქმნელი. ყველაფერი იწყება სიტყვიდან: სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს. ყველაფერი შეიქმნა სიტყვით და სიტყვაა სულიერი და მატერიალური სამყაროს შუაში. სიტყვა ნახევრად მატერიაშია, სიტყვაში შესაძლებლობა დევს. დავუშვათ, უდაბნოში ვართ, მე – ადგილობრივი, შენ – მგზავრი და წყალი არ გვაქვს. მე წყალს ვერ გაძლევ, მაგრამ რაღაცას გეუბნები, აი, აქ დაბლა ჩახვალ, შემდეგ მარჯვნივ მოუხვევ, შემდეგ მარცხნივ გაუხვევ, ჩაიხედავ და იქვეა წყალი. მე შენ წყალი არ მოგეცი, მაგრამ ჩემმა სიტყვამ მიგანიშნა, ძალა მოგცა, თუ დაუჯერებ ამ სიტყვას, შედეგს მიიღებ. სხვათა შორის, ებრაულად სიტყვა საგანს ნიშნავს. როდესაც ადამიანი ძალაუფლებას კარგავს, ივიწყებს, ვინ არის, სიტყვის დევალვაცია ხდება. პატარა ბავშვს ან სულელს რომ მილიონები მისცე, თავსაც დაიზიანებს და სხვებსაც დააზიანებს. შედეგს ვერ მიიღებს. ის, რომ სიტყვით სამყარო შეიქმნა, ნიშნავს, რომ შენ სიტყვით ადამიანის შექმნაც შეგიძლია და განადგურებაც. ქართულში სიტყვის ფუძეშია ტყვია, ატყვია, შეტყობინება... იმიტომ რომ ეს ძალაა. ქრისტეში სიტყვა ხორცად იქცა.
ღმერთმა თქვა და შეიქმნა სულიერი და უსულო სამყარო, მაგრამ ადამიანის შექმნამდე თათბირი იმართება. ვისთან?! თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად,“ ვის ელაპარაკება მრავლობითში?! მართლმადიდებლების განმარტებით, წმიდა სამება თავის თავში თათბირობს, ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ ღმერთი ადამს ეთათბირებოდა, სანამ შექმნიდა, სანამ ფიზიკურ პლანში გამოიყვანდა; ეთათბირებოდა, როგორც ჩანაფიქრს. რადგან, სანამ რაღაცას შევქმნი, მისი ჩანაფიქრი არსებობს. როგორც მასწავლებელი ეთათბირება ხოლმე მოსწავლეს, თუ დამიჯერებ, მე შენგან კაცს გამოვიყვან. დიახ, ღმერთი ადამს არ ქმნის გარედან ბრძანებით, ყველაფერი დანარჩენი კი იმიტომ არის დაბალი დონე, რომ გარედანაა შექნილი. ისინი არ არიან ქმნადობის პროცესის თანამონაწილეები. რომ არ მოთათბირებოდა, ადამი ღმერთს შეედავებოდა, რატომ გამაჩინე?! ამიტომ ყველა ადამიანი, სანამ აქ მოვა, ხელს აწერს თავის პროექტს, მაგრამ შემდეგ ავიწყდება და ცხოვრება არის იმ დიდი სცენარის შესრულება, უბრალოდ, რომ გახსოვდეს, მაშინ თამაში არ შედგება და სწორედ ეს არის სასწაული. შენ გაქვს უფლება, მიიღო იქიდან პატარ-პატარა დახმარებები, როდესაც აქ იჭედები. ამას პავლე მოციქულიც ამბობს, მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა ვპოვოთ დროული დახმარება ყოველი დღისთვისო. იმიტომ რომ ცხოვრება შენივე თავის გახსენებაა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



