რელიგია

საიდან მოდის რწმენა და რატომ სწამს ერთს და არ სწამს მეორეს

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მიუხედავად რწმენისა, ადამიანს მუდმივად აწუხებს კითხვა: რატომ ვარდება განსაცდელში. მიუხედავად ცოდნისა, რომ ყველა დიდი ბოროტების მიღმა დიდი სიკეთეა, მაინც უჭირს ამ მოცემულობის მიღება, იმიტომ რომ მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთის არსში, მისი აზრით, ტანჯვის ადგილი არ არის. მაგრამ, ცხოვრება მაინც სავსეა სატანჯველით, რომელიც ადამიანს აცოდვილებს და თუმცა იცის, რომ მთავარი მინდობაა, მაინც უჭირს ამის ახსნა, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მეც ვეძებ პასუხებს, რა სიკეთე მომიტანა ტანჯვამ, მაგრამ უმეტესწილად პასუხს ვერ ვპოულობ.

– ეს არის იობის კითხვები და იობი არ არის ისტორიული პიროვნება. წყაროებშიც კი ვერ პოულობენ, რომელი საუკუნისაა ეს ამბავი, იმდენადაა ყველა იობი. იმიტომ რომ კითხვათა კითხვაა: რატომ უშვებს ამდენ უსამართლობას სამართლიანი ღმერთი, სად გადის ზღვარი? იობი და მისი ოთხი მეგობარი არიან ადამიანის სულის მდგომარეობები. და ვხედავთ, როგორ იბადება ამ ტკივილით პასუხები. რატომ არსებობს ის, რაც ტანჯვას იწვევს?! და სად არის ამ დილემის გადაჭრა?! ბევრი პასუხს ეძებს პოლიტიკური სისტემების შეცვლაში. და მართლაც, რა იყო რევოლუციებისა და ამბოხებების მიზანი?! შევცვალოთ არსებული სისტემა და უკეთესობა იქნება. მაგრამ, იცვლება რელიგიები, კულტურები, ეპოქები, რეალობა კი იგივე რჩება.. ეპოქა, ხომ, მონაკვეთებია და, ნახე, რამდენი ეპოქა გავიარეთ 1989 წლის შემდეგ. ყველა ხელისუფლება ამბობდა, მე დავალაგებ საქართველოს, მაგრამ ისინი იცვლებიან და არაფერი იცვლება. ამიტომ სწორედ ეს საკითხია გასარკვევი: სად არის ბოროტების ფესვი?!

ცალკე თემაა, რომ ერთი ღმერთისგან მოდის სიკეთეც და ბოროტებაც. ჩვენ რომ გვგონია, რაღაც ცუდია და რაღაც კარგია და ცუდს ეშმაკს ვეძახით, ეს ბავშვური ხედვაა. ის გეუბნება, ერთია ღმერთი, მე ვარ ჭირის შემქმნელი, მე ვარ ნათელი, მე ვმკურნალობ, მე ვკლავ, მე ვაცოცხლებ, არ დაყო! ანუ ცალკე თემაა, რას ნიშნავს ერთი ღმერთი. მეორეა ბოროტებისა და სიკეთის საკითხი, ბოროტებას რომ არსი არ აქვს და მესამეა რწმენის საკითხი. ამ თემების გარკვევას შევალიე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. 22 წლის ვიყავი, პირველად რომ ვირწმუნე. და ძალიან საინტერესო საკითხია, როგორ ჩნდება რწმენა და ესეც საიდუმლოა. რატომ არის, რომ ერთს სწამს, მეორეს არ სწამს? რა განაპირობებს ამას? გარეშე ფაქტორები? თუ ასეა, მაშინ გარეთ ყველა ერთსა და იმავეს ხედავს, ოღონდ ერთს სწამს, მეორეს – არა.

ჩვენ ვთქვით, რომ მწამს ბერძნულად „კრედოა“, ებრაულად – „ემუნა“ და რუსულად, ოღონდ რუსული არ არის, „ვერა“. „ვერა“ ეს არის ლათინური სიტყვა – „ვერიტას“. აი, საიდან შემოდის რუსულში და ვერიტას უკვე ჭეშმარიტებაა. მაგრამ ეს ვერიტასი, ანუ ჭეშმარიტება რა არის?! რუსულში, ასევე, არის სიტყვა „ვერიოვკა“, ნიშნავს თოკს. „პროვერიტ“, ანუ გაზომე, შეამოწმე. და კიდევ, იცი, საიდან მოდის სიტყვა „ვერა“? სანსკრიტიდან, რომელიც ნიშნავს თოკს, იმას რითიც იზომება და აქედანვეა ნაწარმოები რუსული „ვერიოვკაც“ , „პროვერიტ“, „უდოსტოვერიტსია“...

რუსთაველთან გვხვდება ასები. ასიანი რას ნიშნავს? დასრულებას. აბრაამსაც 100 წლისას შეეძინა ისააკი. ესე იგი, დასრულდა მისი ეჭვები, შიშები და არაფრის დამატება აღარ არის საჭირო. განგებამ რწმენის უნარი რომ არ მოგვცეს, წინ ვერ წავალთ. რაც უნდა პროექტი მქონდეს და გეგმები, თუ კრედიტორმა ფული არ მომცა, საქმეს ვერ დავძრავ. კრედიტი არის ნდობა. გამოგიყოფს, მაგრამ ეს ჯერ მაინც არაფერს ნიშნავს, ის დასათესად მოგცეს შენ, რომ წინ წასწიო საქმე. პირადად მე ბავშვობიდან ორმაგობით ვიყავი დაღდასმული: ერთი მხრივ, იყო უკიდურესი სიღარიბე. ჩემი სოფელი ყველაზე ღარიბი სოფელი იყო ზუგდიდის რაიონში, ეს იყო ადგილი, სადაც არ იყო არც გზა, არც შუქი, გარშემორტყმული ტყეებით. ჩვენ სხვა სოფლიდან ჩავედით მამაპაპისეულ სახლში. ხუთი წლის ვიყავი და აი, რა მახსოვს: გზის ნაცვლად ტლაპოები, ტურების კივილი. მახსოვს, როგორ გაიყვანეს პირველი რადიო, ელექტრობოძების დადგმა. სოფლის სიღარიბესაც რომ თავი დავანებოთ, ყველაზე ღარიბი ოჯახი ჩვენ ვიყავით იმ სოფელში. ექვსი შვილი ჰყავდა მამაჩემს; ოდა სახლი დაგვეწვა და დავრჩით შიშველ-ტიტვლები. მამაჩემმა ფიცრული სახლი ააშენა. დახმარებას ვიღებდით სოფლიდან. აღვწერე, რაც გარეთ იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, შიგნით, ჩემში, უდიდესი ნათელი იყო, რომელიც არც კი ვიცი, საიდან მოვიდა. პირველი მოსწავლე ვიყავი სკოლაში; სამყარო ზღაპარი მეგონა... პირველივე წელს მოვეწყვე ისტორიის ფაკულტეტზე და რომ ვაბარებდი, ყველას ვეცოდებოდი, გლეხის შვილმა როგორ გაბედა იქ ჩაბარებაო. მაგრამ ეს ჟინი მომყვებოდა. თბილისში რომ აღმოვჩნდი, ჩემი წარმოდგენები მქონდა, თუმცა სულ სხვა რეალობა დამხვდა. პირველივე კურსზე დამემსხვრა ჩემი წარმოდგენები: არანაირი კომუნიზმი არ არის, სიყალბე აღმოჩნდა ყველაფერი. ერთადერთი სიყვარული მაცოცხლებდა. ამ ყველაფერმა ცხოვრების აზრის ძებნა დამაწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებული, ველური ათეისტი ვიყავი, ღმერთს დავცინოდი.

რწმენა ადამიანის ისეთივე უნარია, როგორც დანახვისა და მოსმენის. არის არასწორად გაგებული რწმენაც. რწმენა არის იმის პროექცია, რისიც გწამს და შემდეგ იქ ფეხს დგამ. ჯერ გწამს, შემდეგ ხორციელდება. ანუ ჯერ თვალით დაინახავ და შემდეგ იქ ფეხს დგამ ან არ დგამ. თვალით დანახული ჯერ შენი არ არის, მაგრამ სიხარულია, იმიტომ რომ ჩაავლე ხელი და მერე უკვე, რასაც ჩაავლე ხელი, ის უნდა განახორციელო. ამიტომ რწმენის უნარი ადამიანის თვისებაა. ჭეშმარიტება თავისთავად არსებულია, რომლის შვილებიც ჩვენ ვართ, ოღონდ ეს გადაფარულია ჩვენი სიმართლეებით, ანუ გზაზე მივდივართ. რომ დააკვირდე, ყველა ადამიანი მართალია. არც ერთი არ ტყუის, როდესაც რაღაცას ამტკიცებს. ასე რომ, არ უნდა ვეცადოთ, მეორე ადამიანის სიმართლეს ჩვენი სიმართლით დავეჯახოთ: ზუსტად აქ იწყება ხოლმე არაფრის მომტანი პოლემიკები. როდესაც შენ სხვის სიმართლეს ებრძვი, უკვე მეორე უკიდურესობა ხარ, იმიტომ რომ შენს სიმართლეს „აწვები“. ნამდვილი ჭეშმარიტება რომ იცოდე, მეტოქე არ გყავს, რადგან ბოლო იცი. ხოლო, რადგან შენ ვიღაცას ებრძვი და სხვა აზრი გაღიზიანებს, შენც შენი სიმართლე გაქვს და ჯიუტი თხებივით იმტვრევთ თავებს. ამდენად, როდესაც ადამიანი რაღაცას გულწრფელად ამბობს, ის იმ მომენტში მართალია, ნამდვილია. რამდენ რამეზე გაგღიმებია, რისიც ადრე გულწრფელად გჯეროდა? შესაბამისად, შეიძლება, მომავალში იმაზეც გაგეღიმოს, რისიც ახლა გჯერა. მაშინ, საბოლოოდ, რისკენ მივდივართ? ჭეშმარიტებისკენ. სულ მინდოდა, გამეგო, რას ნიშნავდა ჭეშმარიტება – ეს ბგერათა წყობა, აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვა სომხებსაც აქვთ, მაგრამ, რომ ვკითხე, არც მათ იციან, რატომ დაარქვეს ჭეშმარიტება მაშინ უკვე ირანელ პროფესორებთან შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ ნიშნავს წყაროს სათავეს. ანუ არის ის, რაც თავის თავს თვითონ ამოწმებს. ხომ ამბობენ მეცნიერები, რომ პირველ ელემენტს, პირველ წერტილს ეძებენ, რაზეც სამყარო დაშენდა და რომელშიც უკვე იდო მთელი სამყარო, თუ იმ ელემენტში ან წერტილში მე არ ვიყავი, როგორც შესაძლებლობა, დღეს როგორ ვიქნებოდი?! არისტოტელე სვამს კითხვას: როდესაც არაფერი იყო, მაშინ რა იყო? და თვითნვე უპასუხა: იყო შესაძლებლობა. ღმერთმა ადამიანი შეიქმნა თავის შესაძლებლობად, ხატად. აი, რა არის ჩემში ღმერთის ხატება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი