მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.06
კითხვა: რა შემთხვევაში მოგვეკითხება სხვისი ცოდვები?
პასუხი: სხვისი ცოდვებისთვის ჩვენი მონაწილეობის სიმძიმე განისაზღვრება ამ ცოდვაში ჩვენი მონაწილეობის საზომით. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც საცდურებით ხელს უწყობს ცოდვის ჩადენაში. მაცხოვარი მკაცრად გვაფრთხილებს: „... ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური“ (მათე. 18,7).
კითხვა: როგორც გავიგე, სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა. შეიძლება, რომ მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?
პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად მიიჩნევა. მიწიერი მოღვაწეობის დროს ის ზრუნავდა გაჭირვებულ ოჯახებზე და ბევრი მათგანი იხსნა განსაცდელისგან. თუ თქვენ სიყვარულისთვის ვედრებაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ, ევედროთ როგორც წმიდა ნიკოლოზს, ასევე, სხვა წმიდანებსაც. ზოგადად, სიყვარულის მოციქულს იოანე მოციქულს უწოდებენ. აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება უფლის სიყვარული, თუმცა თუ უფალი გეყვარებათ, პირად ცხოვრებაში სწორი არჩევნის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ. სიყვარული არა მხოლოდ სიხარული და ბედნიერებაა, უპირველესად, ის არის მოვალეობა, თავგანწირვა და ტვირთი.
კითხვა: მართლაც არსებობენ თუ არა ენერგეტიკული ვამპირები და შეიძლება თუ არა, ქრისტიანი იყოს ენერგეტიკული ვამპირი?
პასუხი: როდესაც ვამბობთ ტერმინს – „ენერგეტიკული ვამპირი“, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ენა. ენერგეტიკული ვამპირები არ არსებობენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სულიერი არსი გარშემო მყოფებსაც გადაეცემათ. ამიტომ სხვადასხვა ადამიანის სიახლოვე სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე. ღვთისგან მადლმონიჭებულ ადამიანთა გვერდით სიმშვიდე გეუფლებათ და ძალების მოკრების საშუალება გეძლევათ და პირიქით, ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა გთრგუნავთ და სასიცოცხლო ძალებს გაცლით. ყოველივე აქედან გამომდინარე, საუბრის დროს იყავით თავშეკავებული, იქონიეთ მოთმინება და მოსმენის უნარი. თქვით გულში იესოს ლოცვა, რომ არ გადატვირთოთ მოსაუბრე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


