უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
ნუ დრტვინავ საკუთარ ჯვარზე
ერთმა ღარიბმა ადამიანმა, რომელიც ყველას შესჩიოდა თავის ჯვარზე – სიღარიბეზე, ძილში ასეთი რამ იხილა: თითქოს იმყოფებოდა სხვადასხვა ზომის ჯვრებით სავსე ოთახში. ჯვრებს გადასაფარებლები ეფინათ. ღარიბს მოესმა იდუმალი ხმა: „შენ ჩივი შენს ჯვარზე, შენს სიღატაკეზე – ამოირჩიე შენთვის სხვა ჯვარი, ნებისმიერი, რომელიც გინდა“. ღარიბმა ჯვრის შერჩევა დაიწყო. ამოირჩია ერთი, მაგრამ ვერ ასწია. მიადგა მეორეს და აწევით კი ასწია, მაგრამ ჩანდა, რომ სიმძიმის გამო ვერ წაიღებდა. მესამე ჯვარი არცთუ ისე მძიმე ეჩვენა, მაგრამ მისმა მახვილმა კუთხეებმა მტკივნეულად ჩაუჭრა მხარი.
ღარიბმა ყველა ჯვარი მოსინჯა და ერთიც ვერ იპოვა, რომელიც მის ძალას არ აღემატებოდა. რჩებოდა მხოლოდ ჯვარი, რომელსაც ღარიბი არ გაეკარა, რადგან დიდი და მძიმე ჩანდა სახილველად, მაგრამ ბოლოს მასზეც სცადა ბედი, როცა ეს ჯვარი აღმართა, ღარიბმა სიხარულით დაიყვირა: „აი, ამას ავიღებ და, თუმცა კი დიდია, სხვაზე მეტად მსუბუქია“. ჯვარს გადასაფარებელი მოხადეს და გამოჩნდა მასზე აღბეჭდილი წარწერა – „სიღარიბე“.
ასე შერჩა ღარიბი საბოლოოდ თავის ჯვარს, თავის სიღარიბეს. ის მიხვდა, რომ მას ღმერთმა დააკისრა ჯვარი, რომლის წაღებაც თავისუფლად შეეძლო. ეს ჯვარი განაქარვებს სიამაყეს, განდევნის ფუქსავატობას, ფუფუნებას, ყველაფერს იმას, რასაც სიმდიდრისას ადვილად მიჰყავს ადამიანი მემთვრალეობამდე, ნაყროვანებამდე, რომლის შედეგიცაა სხვადასხვაგვარი ავადმყოფობა. ეს ჯვარი ასწავლის ღვთის ნების მინდობას და მხოლოდ ღვთის მოწყალების სასოებას. წარმართავს სულიერ ხედვას, მომავალი, უსასრულო ცხოვრებისკენ, სადაც არ არის ავადმყოფობა, სიღარიბე, მწუხარება, არამედ დაუსრულებელი სიხარული და ნეტარებაა. სიღარიბე ადამიანისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი და მსუბუქი ჯვარია.
ამგვარად, თითოეულ ჩვენგანს ღვთისგან ის ჯვარი გვაქვს ბოძებული, რომელიც ყველაზე მეტად იოლი წასაღებია ჩვენთვის.
სიკვდილის შესახებ
სიკვდილზე ფიქრს ძალუძს, ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ არ ვიცით – ეს როდის, სად და როგორ მოხდება. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს, რომელიც უჩინრად მოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით, მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარდგება იგი ღვთის სამსჯავროზე.
ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძალისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისთვის. საშინელია ყველასთვის ის წამი. წმიდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმიდანები ტირიან, ცოდვილები კი – არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს.
უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი, რომლებმაც განცხრომაში უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? – განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით, განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მოვიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს.
სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


