რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№49

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.12, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რას გვეტყვით სასოწარკვეთილების შესახებ?

პასუხი: სასოწარკვეთილება მძიმე ცოდვაა და ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თვითმკვლელობაზე წასვლაც კი შეუძლია, რაც, ფაქტობრივად, საუკუნო ჯოჯოხეთისთვის თავის გაწირვას ნიშნავს. წმიდა მამები გადმოგვცემენ, რომ სასოწარკვეთილების ჟამს უფალი კი არ ტოვებს ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანი ტოვებს უფალს და უფლის სახელით გვირჩევენ, თუნდაც ძალიან მწუხარედ იყოთ, თუნდაც არ გინდოდეთ, ყოველთვის გონებით მოუხმეთ უფალ იესოს, რომელიც თქვენს სულშია დავანებული. ის დაგეხმარებათ.

კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მოყვასის მიმართ?

პასუხი: მიმართეთ მოყვასს მხიარულად და სიყვარულით, გიყვარდეთ ისინი, ემსახურეთ მათ – ისინი ძვირფასნი არიან. მათთვის დაიღვარა მაცხოვრის სისხლი, ისინი ქრისტეს ასონი არიან და არ შეურაცხყოთ მოყვასი, თუნდაც, მცირედ და მსუბუქად.

კითხვა: როგორ მივხვდეთ, სწორად ვიქცევით თუ არა ამა თუ იმ სიტუაციაში და მოეწონება თუ არა ჩვენი საქციელი უფალს?

პასუხი: მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველი მოქმედების წინ იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული განსჯით: ჩემ მიერ ჩაფიქრებული ქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება უფლის ნებას, ხომ არ არის დამღუპველი ჩემი სულისთვის, ხომ არ შეურაცხყოფს მოყვასს! თუკი ამ ფიქრების შემდეგ სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება შეასრულეთ და თუკი გამხელთ, თავი შეიკავეთ მისი აღსრულებისგან.

კითხვა: მალევე უნდა მოვინანიოთ თუ არა ჩადენილი ცოდვა?

პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით: თუ შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე შენდობა ღმერთისგან სიმდაბლით, გულის შემუსვრილებითა და მისი მოწყალების მიმართ სასოებით. ისწრაფვე სულიერი მოძღვრისკენ აღსარების სათქმელად, რამეთუ სინანულის გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა არის სიკვდილი და წმიდანებმაც რომ ითხოვონ სხვისთვის ასეთი ცოდვის შენდობა, არ იქნება შესმენილი. ამასთანავე, თუკი არ შეიმუსრავ გულს შენ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო, მალე ხელახლა ჩავარდები იმავე ცოდვაში.

კითხვა: როგორ შევიტყოთ ღვთის ნება?

პასუხი: ცხოვრებაში ბევრი რამ ირკვევა ღვთის მცნებებით. ასეთ შემთხვევაში საფიქრალი არაფერია, რადგან მას პირდაპირ შეასრულებ. ხოლო, როცა ისე ხდება, რომ თუმცა ღმერთის ნება ნათელია, გიჭირს, მიუსადაგო კონკრეტულ შემთხვევას, ჩნდება კითხვა: როგორ მოვიქცეთ? ასეთ დროს ადამიანი ხან წინა გამოცდილების გათვალისწინებით იქცევა, ზოგჯერ სხვების მაგალითს იზიარებს, ხან მოძღვარს გაესაუბრება. ილოცებს კიდეც, რომლის საშუალებითაც უფალი გვაძლევს გულისხმისყოფას, თუ როგორ მოვიქცეთ. წმიდა მამებს წესად ჰქონდათ, სამჯერ ილოცებდნენ და ისე მოიქცეოდნენ, როგორც გული ეტყოდათ. უფლის ნების შეტყობის შემდეგაც უნდა ილოცოთ, რომ შეგეწიოთ მის აღსრულებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი