რომანი და დეტექტივი

სქემა

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.05, 2022 წელი

სქემა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ 16(1112)

მძახალთან მისულ პავლოვს სიურპრიზი ელოდა. საყვარლის შვილთან და შვილიშვილთან ერთად, გენერალს თავისი სიყრმის მეგობრები – გენერალ-ლეიტენანტი ვილენ მოსტოვოი და გენერალ-მაიორი ანტონ სერებრიაკოვი დახვდნენ. მოსტოვოი, ფედერალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. სერებრიაკოვი კი – „როსგვარდიის“ უფროსის მოადგილე. ორივე სტუმარი, მძახალი ბრონევოი და თავად პავლოვი, „კაგებეს“ უმაღლესი სკოლის (შემდგომში „ეფესბეს“ აკადემია) კურსდამთავრებულები იყვნენ. ერთ ჯგუფში სწავლობდნენ და ერთმანეთთან თითქმის ორმოცწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.

მას მერე, რაც პავლოვმა შვილიშვილი და ქალიშვილი მოისიყვარულა, თავის მეგობრებს, გენერლებს რიგრიგობით გადაეხვია და ისინი ნელ-ნელა შეუდგნენ სმას. უკვე თენდებოდა, როდესაც გენერლები თამბაქოს მოსაწევად აივანზე გავიდნენ. პავლე ბრონევოიმ სამივე გენერალს სიგარეტებზე მოუკიდა, თავადაც გააბოლა. შემდგომ, დაცარიელებული მოსკოვის ქუჩებს გახედა და მძახალს უთხრა:

– იურიკ, რასაც ახლა გეტყვი, მშვიდად მოისმინე და არ აფეთქდე. შენთან სალაპარაკო გვაქვს და საამისოდ შენი დაბადების დღე გამოვიყენეთ.

პავლოვმა ძმაკაც გენერლებს გადახედა და მძახალს ხმადაბლა უთხრა:

– რაღაც მსგავსმა მაშინ გემიელვა გონებაში, როდესაც შენ გარდა აქ ელენი და ანტოშკა ვიხილე.

– ანუ, ხვდები, თუ რაზეა „ბაზარი“ – ჟარგონზე გადავიდა გენერალი პავლე ბრანევოი.

– დაახლოებით. მაგრამ შენ, – პავლოვმა დანარჩენ გენერლებს შეავლო მზერა და დააყოლა, – მინდა, თქვენ ჩამაყენოთ საქმის კურსში.

ბრონევოიმ დაკვირვებით შეხედა პავლოვს და უთხრა:

– ძვირფასო მეგობარო და მძახალო, ჭკვიანი კაცი ხარ და ხედავ, რომ „ხაზეინი“ სრულ ჭკუაზე არაა. ვინ მისცემს მას საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლებას. ამიტომ, ჩვენ მისი ნეიტრალიზება გვაქვს გადაწყვეტილი და მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს რუსეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გლობალურ უბედურებას დაატრიალებს და დედამიწა განადგურდება.

პავლოვმა სიგარეტი ღრმად მოქაჩა და მძახალს უთხრა:

– „ხაზეინის“ „დაბრედვა“ გაქვთ გადაწყვეტილი?

– განეიტრალება. „დაბრედვა“ უკიდურესი ზომაა და თუკი სხვა გზა არ დარჩა, მაშინ, ამაზეც უნდა წავიდეთ. თუმცა, სჯობს, ის დავაპატიმროთ და გავასამართლოთ. ამით დროს მოვიგებთ. დასავლეთის ნდობას აღვიდგენთ და „ხაზეინის“ გარეშე გავაგრძელებთ ცხოვრებას, – თქვა ბრონევოიმ.

პავლოვმა თავი გააქნია და ბრონევოის უთხრა:

– ეს მხოლოდ სურვილია, მაგრამ პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ? მას ხომ ერთგულ კრეტინთა მთელი არმია ახვევია ირგვლივ და მის სიცოცხლეს იცავენ?

ბრონევოიმ თავი დააქნია და მძახალს უთხრა:

– მოფიქრებულია ეს ყველაფერი. „ხაზეინი“, ოჯახთან ერთად, ძირითადად, ალტაის მთებში მდებარე ბუნკერში აფარებს თავს. მათ უსაფრთხოებას „როსგვარდია“ იცავს. ჩვენი გეგმით, ანტონი (სერებრიაკოვი) ანეიტრალებს თავის უფროსს – „როსგვარდიის“ შეფს. შემდგომ ბრძანებას გასცემს ბუნკერის ჩაკეტვაზე და „ხაზეინიც“ განეიტრალებულია. ჩვენ კი ამ დროს დასავლეთს დაველაპარაკებით.

– ატომური ჩემოდანი? – იკითხა პავლოვმა.

ბრონევოის გაეცინა და მძახალს უთხრა:

– იურჩიკ! ჩემოდანი მხოლოდ სიგნალის გამცემია. მიმღებამდე კი, მინიმუმ, ოთხი რგოლი უნდა გაიაროს, სანამ ატომურ რაკეტას გავუშვებთ. ითხოვე რგოლი ჩვენია და ეს არ მოხდება. ამიტომ, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა.

– ძალიან კარგი. თქვენკენ ვარ. უფრო სწორად კი – რუსეთისკენ, – თქვა პავლოვმა და დააყოლა, – ჩემგან რას ითხოვთ?

– მე გეტყვი, – თქვა ფედერალური დაცვის სამსახურის მოადგილემ, ვილენ მოსტოვოიმ, – მოკლედ, შენ უნდა შეაჩერო, ეგრეთ წოდებული, თბილისური ოპერაცია და შენი ხელქვეითები უკან გამოიწვიო.

– შენ რა იცი იმ ოპერაციის შესახებ? – გაუკვირდა პავლოვს.

– დაგავიწყდა, ვინ ვარ? – გაეცინა მოსტოვოის და დაამატა, – იურჩიკ! ყველაფერი, რაც ჩვენს სპეცსამსახურებში ხდება, ჩვენთან იყრის თავს. მე კი ჩვენთან მეორე პირი ვარ! გასაგებია?

– მოკლედ, რას ვაკეთებთ? – თქვა პავლოვმა.

– რას და, – თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, სიმშვიდე უნდა იყოს, – მიუგო ბრონევოიმ.

– ეგ გასაგებია, მაგრამ საქართველოს დედაც... თუკი იქ მცირე „შუმოკი“ მოხდება, რა, მერე? – გაეცინა პავლოვს.

– პრინციპში, გეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება, დასავლეთმა ეს ჩვენი ქმედება არ „გაატაროს“ და იმაზე უარეს დღეებში ჩაგვაგდოს, ვიდრე ახლა ვართ. ამიტომ, ჯობია, საქართველოში არაფერი მოვიმოქმედოთ. – თქვა ბრონევოიმ.

პავლოვი ჩაფიქრდა, ორიოდე წუთის მერე კი მძახალს უთხრა:

– მართლები ხართ. „ხაზეინის“ დედაც... ყველაფერში გეთანხმებით. თქვენთან ვარ, მაგრამ თბილისური ოპერაციის შეჩერება რომ ვცადო, ყველანი გავიშიფრებით და სხვა გზა უნდა გამოინახოს.

ბრონევოის გაეღიმა და მძახალს უთხრა:

– ესე იგი, შენ თანახმა ხარ! ანუ, ჩვენთან ხარ?

– კი, – მოკლედ მიუგო პავლოვმა.

– ძალიან კარგი. ეს სხვა გზა უკვე ცნობილია და როგორც კი თქვენი ოპერაცია თბილისში ჩაფლავდება, მაშინვე აქ ვიწყებთ მოქმედებას. შენ კი მთავარი მოქმედი პირი იქნები. თანახმა ხარ?

– კი, – მოკლედ მიუგო მძახალს პავლოვმა.

ოთხივე გენერალი აივნიდან ოთახში დაბრუნდა და თანამეინახეებმა ქეიფი გააგრძელეს.

***

„ფეესბეს“ ქართველ კაპიტანს, მირიან ყორღანაშვილს მოქმედების სკურპულოზური გეგმა ჰქონდა. მას და მის ქართველ ხელქვეითებს ინკოგნიტოდ სიკვდილის პირამდე უნდა ეცემათ ერთ-ერთი პრორუსული არხის ჟურნალისტი გოგონა. ამას პრორუსული ძალების პროტესტი მოჰყვებოდა. შემდგომ კი საქართველოში ანტირუსული განწყობილება უნდა გაეძლიერებინათ და ანტირუსული გამოსვლების ფონზე თბილისში რუსეთის მოქალაქეები დაეხოცათ, დაერბიათ ორი რუსული ეკლესია დედაქალაქში და დაეწვათ რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი საქართველოს შავიზღვისპირეთში. ამ ყოველივეს, რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა უნდა მოჰყოლოდა და საბოლოოდ – დარჩენილი ტერიტორიების ანექსია.

მიუხედავად იმისა, რომ სტაჟიან რუს გენერლებს კარგად ესმოდათ „ხაზეინის“ გეგმის მანიაკალურობა და რუსეთის სახელმწიფოსთვის დამღუპველობა, თუმცა „ხაზეინის“ შიში ჰქონდათ და მას ქება-დიდებას საჯარო სივრცეში აგრძელებდნენ. იური პავლოვსაც კარგად ესმოდა „ხაზეინის“ ავანტიურის დამღუპველი არსი. თუმცა, არც მას შეეძლო პირდაპირი გზით მოეხდინა ზემოქმედება და შემოვლითი გზა გამონახა: მას მერე, რაც კაპიტანი მირიან ყორღანაშვილი დამტკიცებული გეგმის განხორციელებას შეუდგა და თავის ხელქვეითებს შესაბამისი მითითებები მისცა, ყველა მიმართულებაზე „ფეესბეს“ გეგმამ კრახი განიცადა. ათივე ქართველი „ფეესბელი“ ისე ოსტატურად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აიყვანეს, რომ დახველებაც ვერ მოასწრეს. ეს კაპიტან მირიან ყორღანაშვილის პირველი პროფესიული კრახი იყო და ვერაფრით გაერკვია, თუ როგორ მოხდა მისი და მისი ხელქვეითების განეიტრალება. ათივე ქართველი „ფეესბელი“ უფანჯრებო ბუნკერში ჩაიყვნეს. ისინი გაკოჭილები, იატაკზე ისხდნენ და მოუთმენლად ელოდნენ მოვლენების განვითარებას.

ათიოდე წუთის შემდეგ ბუნკერში სამხედრო კომუფლაჟიანი ხუთი მამაკაცი შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ყორღანაშვილს უთხრა:

– კაპიტანო, მე გახლავართ შეერთებული შტატების დაზვერვის თანამშრომელი ემანუელ კრისი. მაქვს უფლებამოსილება, რომ მოგმართოთ წინადადებით. თუ დაგვთანხმდებით, მაშინ თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. თუ არა და – არა!

– რას ნიშნავს, თუ არა და – არა? – იკითხა ყორღანაშვილმა.

– რას და იმას, რომ მთელი თქვენი ჯგუფი ლიკვიდირებული იქნება და ისე გაქრებით, როგორც შარშანდელი თოვლი. ამიტომ ამოირჩიეთ. გასაგებია? – თქვა კრისმა.

– გასაგებია. რა უნდა გავაკეთო? – იკითხა კაპიტანმა.

– აი, ეს უკვე სულ სხვა ლაპარაკია, – გაიღიმა კრისმა და დააყოლა, – ახლა თქვენ ვიდეოკამერაზე გადაგიღებენ, სადაც აღიარებთ, რომ საქართველოში „ფეესბემ“ „ხაზეინის“ ბრძანებით გამოგგზავნათ, რათა აქ პროვოკაციები მოგეწყოთ, რის შემდეგაც რუსეთის არმია აქ შემოიჭრებოდა.

– ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები? – იკითხა ყორღანაშვილმა.

– შტატებში გადაგაფრენთ და იქ იცხოვრებთ სხვა სახელითა და გვარით, – მიუგო კრისმა.

– კარგი, თანახმა ვარ, – თქვა ყორღანაშვილმა და დაამატა, – ერთი ეს მითხარით, მისტერ კრის, საიდან შეიტყვეთ ჩვენი მისიის შესახებ?

კრისს გაეცინა და კაპიტან ყორღანაშვილს მიუგო:

– კაპიტანო, როდესაც მსოფლიო გლობალური საფრთხის წინაშე დგება, ხდება ისე, რომ დაპირსპირებული ბანაკებიდან ჩნდებიან გონიერი ადამიანები და ისინი ერთობლივად განმუხტავენ ხოლმე სიტუაციას. ასე მოხდა ამჯერადაც და პიროვნებების დაკონკრეტებას არანაირი აზრი არ აქვს. მთავარია, რომ საფრთხე განეიტრალდეს.

კრისს არ უთქვამს, რომ სრული ინფორმაცია შტატების დაზვერვას გენერალმა იური პავლოვმა მას მერე მიაწოდა, რაც ის მეგობარმა გენერლებმა დაარწმუნეს, რომ ამის გაკეთება რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. რაშიც მას სოლიდური თანხა გადაუხადეს.

ყორღანაშვილმა კროსს გამომცდელად შეხედა და უთხრა:

– თუ არ მატყუებთ, გამოდის, რომ „ხაზეინის“ წინააღმდეგ შეთქმულებაა?

კრისს გაეღიმა. მხრები აიჩეჩა და ქართველ კაპიტანს უთხრა:

– ეს რუსეთის შიდა საქმეა და რაც უფრო მალე მოგვარდება, მით უკეთესი ყველასთვის. აბა, კაპიტანო, მოემზადეთ. ნულს რომ ვიტყვი, დაიწყეთ თხრობა:

***

მას მერე, რაც „ფეესბელთა“ ქართული ჯგუფის თბილისური სპეცოპერაცია ჩაფლავდა და ყორღანაშვილის მონათხრობი ამერიკელებმა მხოლოდ და მხოლოდ ბუნკერში ჩაბუდებულ „ხაზეინს“ გაუგზავნეს, მას საშინელი ისტერიკა დაემართა. ის მიხვდა, რომ საქართველოს სრული ოკუპაციის გეგმა წყალმა წაიღო. მაშინვე „ფეესბეს“ დირექტორს დაურეკა და უთხრა:

– გენერალო, საქმის კურსში ხარ, რომ თბილისური ოპერაცია ჩაფლავდა?

– დიახ, მეც მომივიდა ამერიკელების გზავნილი, მიუგო დირექტორმა.

– მერე და რას აპირებ? – ცოფებს ყრიდა „ხაზეინი“.

– რას უნდა ვაპირებდეთ, მტრისთვის მთელი ჩვენი გეგმებია ცნობილი. ამერიკელები ყველგან გვბლოკავენ და რა უნდა გავაწყოთ? ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია მშვიდობიან მოლაპარაკებებზე დავთანხმდეთ, თუკი ამაზე ისინი წამოვლენ, – მიუგო „ხაზეინს“ დირექტორმა.

– გენერალო, შენი თქმით, მთელი ჩვენი სქემა ჩაფლავდა? – თქვა „ხაზეინმა“

– დიახ „ხაზეინო“, – მიუგო დირექტორმა.

– მოღალატევ! დაპატიმრებული ხარ. რამდენიმე საათში აქ ჩამოგათრევენ და პირადად დაგსჯი! – ღრიალებდა „ხაზეინი“.

დირექტორს კი გაეცინა და უთხრა:

– ვფიქრობ, ყველაფერი პირიქითაა. თქვენი ბუნკერი ბლოკირებულია, რამდენიმე საათში ჩამოვალთ და დავილაპარაკოთ!

დასასრული


მსგავსი სიახლეები

სქემა
სქემა

20:00 30.04, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი