ანგოლური განძი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
„დალესის დოქტრინის“ განხორციელებას ნახევარი საუკუნეც არ დასჭირდა. 1948 წელს შემუშავებულმა გეგმამ 1991 წელს ჰპოვა გამარჯვება და 43-წლიანი ძალისხმევა დასავლეთის წარმატებით დასრულდა.
ალენ დალესი ამერიკის ცენტრალური დაზვერვის, იგივე „ცეერუს“ ლეგენდარული შეფი იყო. ის და მისი ძმა, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა წლების განმავლობაში, ეგრეთ წოდებული, „ამერიკელი ქორების“ კოჰორტის ავანგარდს წარმოადგენდნენ. მწვავე ანტიკომუნისტები იყვნენ და „მონროს დოქტრინაზე“ იყვნენ გაზრდილები.
„მონროს დოქტრინა“ მოიცავდა რუსეთის განადგურებას, ამ ქვეყნის მხოლოდ ტერიტორიად დატოვებასა და დასავლეთისთვის სარესურსო დანამატად ქცევას. „დალესის დოქტრინა“ კი წინამორბედის ბევრად დახვეწილი და ვერაგული ვარიანტი იყო.
დალესები, ისევე, როგორც სხვა „ქორები“, ყველა ძალას ხმარობდნენ საბჭოთა კავშირის დასაშლელად, რომელსაც რუსეთის სახელით მოიხსენიებდნენ. მართალია, ბევრი მათგანი ვერ მოესწრო ამ გეგმის გამარჯვებას, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა და ის დასავლეთმა იზეიმა – რეიგანმა, ბუშებმა, მათმა მემკვიდრეებმა ასევე, გორბაჩოვმა და ბანდამ, რომელთაც ამ ვერაგული დოქტრინის განხორციელებაში, ერთი მხრივ, ლომის წილი მიუძღვით, მეორე მხრივ კი, ასევე ლომის წილი მიიღეს იმ დოვლათიდან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო დაგროვილი, როგორც მშრომელი საბჭოთა ადამიანების ძალისხმევით, ასევე იმ პროსაბჭოური ქვეყნებიდან გამოტანილი აუწონავი სიმდიდრით, რაც ასევე, ათწლეულების განმავლობაში ხორციელდებოდა.
1988 წელს უშიშროების ახალგაზრდა ოფიცერი ვიყავი. ავღანეთის გრძელვადიანი სპეცმივლინებიდან დაბრუნებულს, მეგონა, ამოსუნთქვის საშუალებას მომცემდნენ. მაგრამ „სვაბოდამ“ მხოლოდ ერთ თვეს გასტანა. „ლუბიანკაზე“ დამიბარეს და მითხრეს:
– გაემზადე, სამ დღეში მეგობრულ ანგოლაში მიემგზავრები!
იმ პერიოდში ანგოლაში, ისევე როგორც თითქმის ყველა პროსაბჭოურ ქვეყანაში, მწვავე ანტისამთავრობო გამოსვლები ხდებოდა და ზოგიერთში სამოქალაქო ომიც იყო გაჩაღებული. ანგოლაც ასეთი საფრთხის წინაშე იდგა. მართალია, იქ მხოლოდ პარტიზანული რაზმების ცალკეული თავდასხმები ხორციელდებოდა, მაგრამ უფრო მეტი გამწვავება იყო მოსალოდნელი. პრეზიდენტ აგოსტინიო ნეტოს რეჟიმი საფრთხის წინაშე იდგა. საბჭოთა კავშირისთვის კი მისი დამხობა სრულიად მიუღებელი იყო. ნეტო ხომ საბჭოეთს თავისი ქვეყნის დოვლათს აძარცვინებდა. სამაგიეროდ კი, ჩვენი მეშვეობით, ხელისუფლებას ინარჩუნებდა. სწორედ ამ რეჟიმის უსაფრთხოების გასამყარებლად მიმავლინეს ამ ცხრა მთას იქით მდებარე აფრიკულ ქვეყანაში.
ბრძანება ბრძანებაა, განხილვას არ ექვემდებარება და შესრულება სჭირდება. ეს მე კარგად მქონდა შესისხლხორცებული და ზედმეტ კითხვებს არასდროს ვსვამდი. თუმცა, იმჯერად კი გავკადნიერდი და გენერალს ვუთხარი:
– რა საბრძოლო მიზნით მივემგზავრებით, ამხანაგო გენერალო?
– პრეზიდენტისა და მისი მთვარობის დაცვისა და პარტიზანებთან ბრძოლის მიზნით, – მიპასუხა გენერალმა. თუმცა, ის აღარ უთქვამს, რომ ანგოლიდან ძვირფასი დოვლათის გამოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ზღვით, უფრო სწორად კი, ოკეანით ჩავედით. სამოქალაქო კომუფლაჟებით ვიყავით შენიღბულები, როგორც ჩვენ, ასევე გემის შიგთავსიც. შიგთავსი, ანუ ტვირთი სამხედრო დანიშნულების იყო და საბრძოლო იარაღებსა და საბრძოლო მასალების ფართო ასორტიმენტს მოიცავდა ჩემი ამ წელიწად-ნახევრიანი სპეცმივლინების ყველა დეტალზე არ ვისაუბრებ. ვიტყვი იმას, რომ ანგოლაში ანტინეტოური განწყობა სუფევდა და როგორც ბოლო წლის ავღანეთში, იქაც ჭირის დღესავით ვერ გვიტანდნენ „რუსებს“. თუმცა რუსები იქ სხვა ეროვნებებთან შედარებით მხოლოდ ოდნავ მეტნი იყვნენ.
ადაპტაციისთვის სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა. ადგილობრივმა უშიშროების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურა გაგვაცნეს. შეგვიყვანეს მოვლენათა კურსში და რომ იტყვიან, სრული კარტ-ბლანში მოგვცეს ხელში. მართალია, ამ ქვეყანაში მხოლოდ წელიწად-ნახევარი დავყავით, მაგრამ ძალიან მალე გავერკვიე ყველაფერში და ბევრ საიდუმლოს გავეცანი, ზოგს – ჩემით, ზოგი – გამანდეს. მთავარი კი ის იყო, რომ ანგოლა და კონკრეტულად მისი დედაქალაქი ლუანდა იყო ერთ-ერთი ცენტრი, სადაც, ეგრეთ წოდებული, „აფრიკული ობშჩიაკი“ იყრიდა თავს. ანუ, ძირითადად, იარაღის უკანონო გაყიდვის შედეგად მთელ მეომარ აფრიკაში გასამრჯელოდ, ძირითადად, ძვირფასი ქვები და ოქრო იყო დაწესებული. ეს ძვირფასეულობა იარაღის ემისრებს ლუანდაში ჩამოჰქონდათ. იქ გროვდებოდა და შემდგომ საბჭოთა კავშირში იგზავნებოდა, ძირითადად, საღვაო-საოკეანო გზით. ჩემი იქ ჩასვლიდან ექვსი თვის თავზე, საბჭოთა კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა მიხმო და მითხრა:
– როგორ ხარ, ოფიცერო?
– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. კარგად.
– როგორ მიდის სამსახური?
– კარგად.
გენერალმა გამიღიმა და თქვა:
– ოფიცერო, შენ ერთი დელიკატური მისია უნდა დაგავალოთ და რას იტყვი?
– რა უნდა ვთქვა. ბრძანებები სრულდება და განხილვას არ ექვემდებარება.
– სწორი პასუხია და მაინც, წინასწარ უნდა შეგითანხმდე.
– ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო.
– როგორც ვიცი, შენ რამდენიმე ენას ფლობ, მათ შორის ინგლისურსა და ფრანგულს.
– დიახ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ხვალ შენ სიერა-ლეონეში უნდა გაემგზავრო და ოგან ბუდამბას შეხვდე. მისგან სეიფ-კეისი წამოიღო და მშვიდობიანად მოიტანო აქ. იცი, ვინაა ოგან ბუდამბა?
– არა.
– სიერა-ლეონეს აჯანყებულების სამხედრო ლიდერი, გენერალი.
– გასაგებია.
– და, კიდევ. აუცილებლად უნდა იცოდე, რომ სეიფ-ჩემოდანში ადგილობრივი ალმასებია და ძალიან ძვირფასი ტვირთი, რომელსაც თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდე.
– გავუფრთხილდები, – ვთქვი და დავამატე, – თანმხლებები მეყოლება?
– მხოლოდ ადგილობრივი კურიერი. ის მიგიყვანს გენერალთან და ისვე უზრუნველყოფს შენს უკან დაბრუნებას.
ოგან ბუდამბა ორმეტრიანი ათლეტი იყო გენერლის ფორმაში გამოწყობილი. მან თავის ჯუნგლების ქოხში შემიყვანა. უჯრიდან სეიფ-კეისი ამოიღო, გახსნა და ძვირფასმა თვლებმა თვალი მომჭრა. ასეთი რამ კინოშიც კი არ მენახა. ამ მრავალფეროვნების გვირგვინი იყო უზარმაზარი ალმასები, რომლებიც მცირე სხივის მოხვედრისასაც კი საოცრად ბრწყინავდნენ.
– აი, იმ პარტიის საფასური, რომელიც გასულ თვეში გადმოგვეცით. ამ ქვების რაოდენობა, სახეობა, ზომა და დასახელება ამ ბლოკნოტშია ჩაწერილი და თქვენს სიას შეადარეთ, – მითხრა გიგანტმა გენერალმა. სიგარა შემომთვაზა და უარი რომ მიიღო, თავად გააბოლა.
კეის-სეიფი ხელზე მივიბი და გარეთ მომლოდინე კურიერთან ერთად ლუანდაში დავბრუნდი.
– ყოჩაღ, ოფიცერო. მისია წარმატებით შეასრულე ამის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებ მოსკოვს და ეს შენს პირად საქმეში აღინიშნება.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს და ჩემს სამუშაო ოთახში დავბრუნდი.
შემდგომი 9 თვის განმავლობაში კიდევ სამჯერ შევასრულე მსგავსი მისია, ოღონდ სხვადასხვა აფრიკულ ქვეყანაში და გასამრჯელოც თითქმის ანალოგიური იყო. და ყოველი დაბრუნების შემდეგ გენერალი მაქებდა და მეუბნებოდა, რომ მოსკოვი ამას დამიფასებდა.
სამი თვის შემდეგ ანგოლიდან უკან უნდა დავბრუნებულიყავით და როტაციას დღე-დღეზე ველოდებოდით. გენერალმა თავისთან მომიხმო და მითხრა:
– მოემზადე, ოფიცერო! ხვალ ჩვენი შემცვლელები ჩამოდიან. ზეგ კი სამშობლოში ვბრუნდებით, ერთად წავალთ.
– გასაგებია, ამხანაგო გენერალო, – მივუგე მას და გასამგზავრებელ მზადებას შევუდექი.
როტაციის პროცესმა ჩვეული გრაფიკით ჩაიარა. გენერალმა მის მემკვიდრეს გადააბარა საქმეები. სამხედროები უზარმაზარ გემში ჩასხეს. მეც იქ ავდიოდი, მაგრამ გენერალმა მიხმო და მითხრა:
– ჩვენთან ერთად მოემგზავრები, ოფიცერო. აი, ამ კატერში მოთავსდი და მეც მალე მოვალ.
კატერში ჩემ გარდა ნაცნობი კურიერი და კიდევ ორი უცნობი ოფიცერი იმყოფებოდნენ. გენერალიც მალე მოვიდა, გემზე ადრე კატერი დაიძრა ადგილიდან და ოკეანის ტალღებში შევცურეთ. კაპიტანიანად, რომელიც კატერს მართავდა, სულ ექვსნი ვიყავით. ხოლო, თუ რა მდებარეობდა ტრიუმში, არ ვიცოდი. გენერალი მხიარული განწყობაზე იყო, ხუმრობდა, იცინოდა და ამას იმით ხსნიდა, რომ უზომოდ ბედნიერი იყო სამშობლოში დაბრუნებით. ერთსაათიანი ცურვის შემდეგ, ჩვენი კატერი პატარა, მწვანე კუნძულს მიადგა.
– აქ შევისვენოთ, მეგობრებო. ცოტა წავიხემსოთ და გზას გავუდგეთ – თქვა გენერალმა, რომელიც უკვე აღარ ხუმრობდა და პირქუშად გამოიყურებოდა.
კაპიტანმა კატერი ნაპირს მიაყენა და კიბე გაშალა. პირველად გენერალი ჩავიდა, მას მიჰყვნენ ოფიცრები და შემდეგ კურიერი, მე და კატერის კაპიტანი... უცებ გენერალმა და ოფიცრებმა პისტოლეტები „გააძრეს“ და „დაგვიშვეს“. მე ტყვია არ მომხვედრია და ინსტინქტურად, წყალში ჩავვარდი. კატერის კიჩოსთან ჩავყვინთე და პატარა რიფთან მივცურე, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანდა და მესმოდა. კურიერი და კაპიტანი მკვდრები იყვნენ და ისინი წყალში ჩაცვივდნენ. იქაურობა სისხლით შეიღება და გენერალმა ოფიცრებს უთხრა:
– ნახეთ, რა მოხდება?
– რა, ამხანაგო გენერალო? – ერთხმად იკითხეს ოფიცრებმა.
– აი, უყურეთ.
გენერალს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მკვდრებს ზვიგენთა ჯგუფი დაეტაკა და ჯიჯგნა დაუწყეს. როგორც ცნობილია, ზვიგენი ათეული კილომეტრის მანძილზე გრძნობს სისხლის სუნს. გენერალმა იფიქრა, რომ მეც ამ კამპანიაში მოვყევი და აბა, რას წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე მეტრში ცოცხალი ვიყავი გავეშებულ ზვიგენებთან და იმან გადამარჩინა, რომ სისხლიანი ნაკაწრიც კი არ მქონდა.
– აბა, დროა, გავემგზავროთ. ადით კატერზე! – თქვა გენერალმა და ოფიცრები კიბეებს აუყვნენ.
გენერალმა კი მორიგი საშინელი შოუ მოაწყო. მან ორივე ოფიცერს კეფაში ტყვია დაახალა და ზღვის მტაცებლებს დამატებითი საკვები ჩაუყარა. შემდეგ კიბეებს აუყვა და კატერში რომ ადიოდა, ერთ-ერთი მოზრდილი ზვიგენი უცებ წყლიდან ამოემართა და წყალში ჩაითრია... მე გაოგნებული ვიყავი. რიფიდან ფრთხილად გამოვცურე ნაპირზე და გონზე მოსასვლელად წამოვჯექი, მაგრამ წყლიდან საკმაოდ მოშორებით, რათა გავეშებული ზვიგენების მოულოდნელი ლუკმა არ გავმხდარიყავი. ზვიგენები რომ ოკეანის სიღრმეში დაბრუნდნენ, მხოლოდ მაშინ გავბედე კატერზე ასვლა და ტრიუმები დავათვალიერე. იქ წყალგაუმტარ კონტეინერებში მოთავსებული იყო უძვირფასესი განძი. აშკარა იყო, რომ გენერალი ამ განძით გაქცევას აპირებდა, მაგრამ სად და როგორ, ჩემთვის ცნობილი არ იყო. მე დილემის წინაშე დავდექი და არ ვიცოდი, რა მომემოქმედებინა. ბნელდებოდა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ იყო მისაღები. დრო არ ითმენდა. ირგვლივ წყალქვეშა რიფები იყო. და როგორც „კაგებეს“ სკოლაში მასწავლეს, ასეთ რიფებს ხშირ შემთხვევაში ღრმულები აქვს. გადავწყვიტე, ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად შემემოწმებინა. ის ღამე კატერზე გავათენე. დილით კი ფრთხილად დავათვალიერე წყალქვეშა რიფები. ერთი ადგილი შევარჩიე და ექვსივე წყალგაუმტარი კონტეინერი ამ რიფის ღრმულებში ჩავაკვეხე. შემდეგ იქაურობა ლოდებით მაგრად შევნიღბე და წყლიდან ამოვედი. ცოტა შევიცადე. ერთი საათი რომ გავიდა და შორეულ ჰორიზონტზე გემი დავლანდე, კატერს ცეცხლი წავუკიდე და ავაფეთქე. მე კი ნაპირზე დავიმალე და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაურკვეველი წარმოშობის გემი აუცილებლად მოვიდოდა ნაპირზე და წამიყვანდა. არ შევმცდარვარ, შემნიშნეს. ერთ საათში, სანაპიროს საბჭოთა გემი მოადგა. წყალში ნავი ჩაუშვეს და ჩემკენ გამოცურეს. მე სწრაფად გადავედი ნავში და რამდენიმე წუთში უკვე გემზე ვიყავი. იქ კი ხელში შემრჩა ნაცნობი პოლკოვნიკი, რომელიც ანგოლაში „სვერხუროჩნიკად“ დარჩა და ზურგის სამსახურს მეთაურობდა.
– ოფიცერო, რა მოხდა? – მკითხა პოლკოვნიკმა.
პასუხი წინასწარ მქონდა მომზადებული და ვუპასუხე:
– გუშინ ამ კატერით გამოვემგზავრეთ. გენერალმა აქ მიაყენებინა კატერი და ღამე გაგვათენებინა. ასე თქვა, სახელმწიფოებრივი საჭიროებააო. ამ დილით მე ნაპირზე გადმოვედი, რომ კუნძული დამეთვალიერებინა. უცებ ორმხრივი სროლის ხმა მომესმა. შემდგომ კატერი აფეთქდა და სავარაუდოდ, ყველანი დაიღუპნენ. მე გადავრჩი, მაგრამ, სინამდვილეში რა და რატომ მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს.
ჩემი სიტყვები ლუანდაშიც გავიმეორე. „ასობი ატძელმა“ დამკითხა და ყველაფერი სიტყვასიტყვით გავიმეორე. მეორე დღეს კი ლუანდის აეროპორტიდან თვითმფრინავით მოსკოვში გადამაფრინეს. ჯერ სახლშიც კი არ ვიყავი ნამყოფი, რომ „ლუბიანკაზე“ მივედი და გენერალს წარვუდექი.
– აბა, მომახსენე, რა მოხდა ანგოლაში.
მე სიტყვასიტყვით გავიმეორე ყველაფერი და ბოლოს დავამატე:
– რა მოხდა, არ ვიცი, რატომ გაუხსნეს ერთმანეთს ცეცხლი კატერზე მყოფებმა, მაგრამ ერთი ისაა, რომ სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი.
– სულ ესაა? არაფერი გამოგრჩა? მკითხა გენერალმა.
– დიახ. სულ ესაა.
– კარგი. ერთი კვირა დაისვენე. შენ ეს დაიმსახურე. ერთ კვირაში კი მომატებული ჩინი და ახალი თანამდებობა ჩაიბარე. მაიორი ხარ და პირველი ოპერატიული ჯგუფის უფროსი. გილოცავ ოფიცერო! ახლა კი შეგიძლია, წახვიდე.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – ტრაფარეტულად გამოვეჯგიმე გენერალს, თუმცა 1990 წლის ზაფხული იდგა და დიადი ქვეყანა არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





