ახალგამომცხვარი „ქალიშვილი“
ავტორი: ნია დვალი 21 წუთის წინ
– ზეგ ისევ მივლინებაში მივდივარ, – განაცხადა ვაკამ, როგორც კი სახლში შევიდა.
– ამჯერად სად? – უკვე ჩვეულებისამებრ ჰკითხა ლიამ.
– ახალ ფილიალს გავხსნით რეგიონში.
– ჰოდა, რომელ რეგიონში? – გაუმეორა კითხვა ცოლმა.
– ხომ იცი, სადაც – მთაში.
– და უფრო ახლოს არ შეიძლებოდა? და სულ შენ რატომ დადიხარ?
– პატარა გოგოსავით ნუ იქცევი, – დაუყვავა ქმარმა, – საქმე საქმეა.
– ისევ ერთი კვირით მიდიხარ? – გააწყვეტინა ლიამ.
– არ მგონია. დილით, ადრიანად გავალთ. გამომივლიან მანქანით.
ლიამ ქმარს სამგზავრო ჩანთა ჩაულაგა. დილით ვაკამ ცოლს აკოცა და დაემშვიდობა. მის მიერ შექმნილი კომპანია თავდაჯერებულად მიიწევდა წინ. წარმატებამ ვაკას თითქოს ფრთები შეასხა, ის ხშირად ვერ ამჩნევდა, როგორ გადიოდა დღეები და მისი ოპტიმიზმი ლიასაც გადაედებოდა ხოლმე. ცოლიც სრულად იზიარებდა ქმრის სიხარულს მორიგი წარმატებისა და გაფართოების შემდეგ. მაგრამ ვაკა ვერ იტანდა საბუთებთან ურთიერთობას, ამიტომ იურიდიულ საკითხებს ლიას ანდობდა.
ლიას კისერზე იყო მიმოწერა, ქმრის სახელით აფორმებდა ხელშეკრულებებს, აგვარებდა პრეტენზიებსა და ქონებრივ დავებს და ვაკა სულ უფრო და უფრო ბევრს ანდობდა ცოლს: სწორედ ლიას ევალებოდა ფილიალების მუშაობის კონტროლიც, რადგან თავად ვაკა ვერ ასწრებდა მათი მუშაობის თავისებურებებში ჩაღრმავებას. ლია კი ამ საქმეში უკვე დახელოვნებული იყო. სახლიდან მუშაობდა, ოფისში არც მიდიოდა. აი, ახლაც, როგორც კი ქმარი გაისტუმრა, ლია ფილიალების კვარტალური ანგარიშის შედგენას შეუდგა. შემდეგ რამდენიმე კომერციული წინადადება უნდა განეხილა. ყავას წრუპავდა და ხელშეკრულების პროექტს კითხულობდა. ის ძალიან გაუმართავად იყო შედგენილი და ლია ასწორებდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც თვალები დაეღალა და ეკრანიდან ფანჯარაზე გადაიტანა მზერა, კარზე ზარი დარეკეს. ლიამ ტექსტი შეინახა და სათვალთვალოში გაიხედა. მათი კარის წინ ძალიან ახალგაზრდა გოგონა იდგა. ლიამ კარი დაუფიქრებლად გააღო. უცნობი დაბნეული იყურებოდა, გვერდით კი მოზრდილი ჩემოდანი ედგა.
– შეიძლება, შემოვიდე? – გოგონამ ჩემოდნის სახელურს მოჰკიდა ხელი.
– ვინ ხართ? – ჰკითხა ლიამ.
– მე თქვენი ქმრის შვილი ვარ, ვაკა სოხაძის.
– ვაკა ჩემი ქმარია, მაგრამ მას არასოდეს უთქვამს შვილის შესახებ...
– მან ჩემ შესახებ არც იცოდა. ის და დედაჩემი დიდი ხნის წინ დაშორდნენ. როდესაც დედაჩემის მშობლებმა ორსულობის შესახებ გაიგეს, სკანდალი ატყდა და დედაჩემი გადამალეს. შემდეგ მან იმშობიარა და მე ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მიშვილეს. მათ გადაწყვიტეს, რომ მამაჩემს არაფერი უნდა სცოდნოდა ჩემ შესახებ.
– რამდენი წლის ხარ? – დაინტერესდა ლია.
– მალე ცხრამეტის გავხდები. დედაჩემი ავად გახდა და ყველაფერი მიამბო და მამაჩემის ვინაობაც მაშინ მითხრა. დედა გარდაიცვალა და თქვენთან მოვედი.
– აქამდე სად ცხოვრობდი? – ჰკითხა ლიამ.
– უცხოეთში. ახლა ჩამოვედით. მე ვსწავლობ და... თქვენთან მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ, ბინის ქირის გადასახდელი ფული აღარ მაქვს, და ვიფიქრე, მომეძებნა მამაჩემი. ხომ არ გამაგდებთ? – გოგონამ ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო ლიას; – დედა ამბობდა, რომ შვილები არ გყავთ... ცოტა ხნით დავრჩები, მერე კი რამეს მოვიფიქრებ, – გოგონამ თვალები დახარა.
ლიამ გონებში გადაითვალა წლები და ამოისუნთქა, 20 წლის წინათ ვაკას არ იცნობდა და ალბათ, ისიც. იმხანად 17 წლის იქნებოდა.
– საინტერესოა... ესე იგი, დედაშენმა ჩვენზე ყველაფერი იცოდა? – ლიამ ეჭვით შეხედა სტუმარს.
– რაღაც, ალბათ, იცოდა, – მხრები აიჩეჩა გოგონამ.
– კარგი, შემოდი, – ლიამ კარი ფართოდ გააღო და გოგონა შეათვალიერა, ცდილობდა, მის ქმართან მსგავსება დაეჭირა.
– რა გქვია? – დაინტერესდა ლია.
– თამარი, ბებიამ დამარქვა.
– მე ლია ვარ. ვაკა მივლინებაშია. მაღალმთიან რეგიონში. იქ კარგი კავშირი არ იქნება. მივწერ. სტუმრების ოთახი ცარიელია. იქ დაგაბინავებ. საბავშვო ოთახის გაკეთებას ვგეგმავდით, მაგრამ შვილები არ გვიჩნდება...
– ეჰ, მე კი მესამე თვეში ვარ უკვე, – გოგონამ ისევ დახარა თვალები.
– რა მესამე თვეში?! – გაიმეორა ლიამ.
– ორსულად ვარ...
ლიას კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
– ბავშვის მამამ იცის?
– არა, ჯერ არ მითქვამს... – თამარს ლოყებზე სიწითლემ გადაჰკრა.
– და ვინ არის მომავალი მამა?
– მდიდარია, ბიზნესმენია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ ირეაგირებს...
– პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – დამაჯერებლად უთხრა ლიამ.
– ცოლიანია... – ძლივს გასაგონად ამოთქვა თამარმა.
– მოდი, დაგეხმარები. სოციალურ ქსელებში ვიპოვოთ, მივწერ, დაველაპარაკები. ამ დროს მხარდაჭერაა საჭირო, ამას მარტო ვერ გაუმკლავდები... – ლიამ გოგონას თავზე ხელი გადაუსვა.
– გმადლობთ... – თამარმა მზერა აარიდა დიასახლისს. თითქოს თვალებზე მომდგარ ცრემლებს მალავდა.
ვაკამ შეტყობინება იმავე საღამოს წაიკითხა, თუმცა არაფერი მოუწერია. მისგან პასუხი თითქმის შუაღამისას მოვიდა:
– იცხოვროს ჩვენთან. ჩამოვალ, გავერკვევი.
დილით ლიამ უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა. სააბაზანოდან წყლის ხმა ისმოდა და უცებ გაახსენდა, რომ მარტო არ იყო. გადაბრუნდა და ისევ დაძინება სცადა. მაგრამ არ გამოუვიდა. მალე წყლის ხმა შეწყდა და აბაზანიდან ფეხშიშველი თამარი გამოვიდა.
– ასე ადრე რატომ ადექი? – ლიამ საძინებლის კარი გამოაღო.
– რატომღაც არ მეძინება... მაპატიეთ... გაგაღვიძეთ...
– მგონი, ჰგავს ვაკას, – დაასკვნა ლიამ და თავადაც ადგომა გადაწყვიტა.
ასე გავიდა რამდენიმე დღე. ვაკამ მოიწერა, რომ დროზე ადრე ბრუნდებოდა, ამიტომ ლიამ მზადება დაიწყო. როდესაც ყველაფერს მორჩა, თამარის ოთახის კარზე დააკაკუნა.
– შემობრძანდით, – დაუძახა სტუმარმა და ლიაც შევიდა. თამარი სარკის წინ მაკიაჟს იკეთებდა. ლოგინზე საღამოს კაბა ჰქონდა გამზადებული. სტუმარმა თვალი მოჰკრა დიასახლისის გაკვირვებულ მზერას და უხერხულად გაიღიმა:
– შთაბეჭდილების მოხდენა მინდა...
– მაშინ მეც აგიბამ მხარს და გამოვეწყობი.
ვაკა ბინაში მოღიმარი სახით შემოვიდა. მერე დაიბნა: ხან თავის მოკაზმულ ცოლს უყურებდა, ხან – თავის ახალგამომცხვარსა და არანაკლებ მოკაზმულ შვილს.
– გამარჯობა, მამა! – დუმილი თამარმა დაარღვია.
– მამა?! – ვაკა ისევ დაბნეული იყურებოდა.
– შემოდი, ყოჩაღო მამიკო! – გაამხნევა ცოლმა და ვაკაც ბოლოს და ბოლოს შევიდა.
თამარმა კი თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო და დაასრულა: საცხოვრებელი არ მაქვს და თქვენთან მოვედი. იმედია, არ გამაგდებთ.
ვაკა ისევ დუმდა, ლიაც უხერხულობას გრძნობდა: ნახე, თურმე, როგორი ლამაზი შვილი გყოლია! მოგვიყევი მაინც, შენ და დედამისმა როგორ გაიცანით ერთმანეთი.
– მერე იყოს, ახლა ძალიან დაღლილი ვარ, – ამოღერღა ვაკამ.
უხმოდ ვახშმობდნენ.
– არაფერს იტყვი? – უხერხული სიჩუმე ლიამ დაარღვია.
– რა უნდა ვთქვა?! – ამოიოხრა ქმარმა.
– ჯობია, მე წავიდე, – თამარი წამოდგა, თვალები ცრემლებიც ჰქონდა სავსე.
– ვაკა, თქვი რამე. გოგონა ისედაც გაწვალდა, ახლაც პრობლემა აქვს, ორსულადაა...
ამის გაგონებაზე ვაკა გაფითრდა. ლიამ კი განაგრძო:
– მესამე თვეშია.
– იქნებ მოესწროს აბორტის გაკეთება, – თქვა უცებ ვაკამ.
– როგორ ამბობ ამას?! – გაბრაზდა ლია, – ის ხომ შენი შვილიშვილია?!
– ძალიან ბევრი ინფორმაციაა ერთი საღამოსთვის, წავალ, დავისვენებ, – ვაკა წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ვაკა დილით ადრე ადგა, როგორც კი სააბაზანოში წყლის ხმა მიწყნარდა.
– ასე ადრე სად მიდიხარ? – ჰკითხა ცოლმა.
– გუშინ შევთანხმდით, რომ თამარს უნივერსიტეტში წავიყვანდი.
– იქნებ მეც წამოვიდე თქვენთან ერთად, დღეს ოფისში საქმეები მაქვს, დოკუმენტაცია უნდა წამოვიღო. ჩემი მანქანა კი ხელოსანთანაა.
– შენ მერე გამოგივლი და ერთად წავიდეთ ოფისში, – შესთავაზა ქმარმა, – შენ ჯერ დაისვენე.
ლიას ესმოდა, როგორ ახმაურდა სამზარეულოში ჩაიდანი, შემდეგ მამა-შვილის საუბრისა და ჩუმი სიცილის ხმებმაც მოაღწია. ლიას რაღაც არ ესიამოვნა ამ ხმებში. ცდილობდა ამისთვის მნიშვნელობა არ მიენიჭებინა, მაგრამ ქვეცნობიერი რატომღაც მაინც აიძულებდა, ყური მიეგდო მათი საუბრისთვის. ჩუმი ხმაურიდან ქმრის ფრაზებსა და მისი შვილისგან პასუხად ნათქვამ მხიარულ სიტყვებშიც მისთვის ნაცნობ ინტონაციებს გრძნობდა.
ვაკა ნახევარ საათში დაბრუნდა.
– ჯერ მზად არ ხარ? – უთხრა ცოლს საყვედურით.
– რატომ ხარ დაძაბული? – გაუკვირდა ლიას.
– როგორ თუ რატომ? შვილი გამოჩნდა საიდანღაც, თანაც, ორსული.
ლიას არაფერი უპასუხია, ვაკა კი ხმამაღლა მსჯელობდა:
– იქნებ ბინა ვუყიდო?!
– გაიგე, ვინ არის ბავშვის მამა? ამბობდა მდიდარიაო, ჰოდა, მან უყიდოს ბინა.
– მაგრამ ხომ უნდა იგრძნოს, რომ მამა ჰყავს?! – არ დაეთანხმა ვაკა.
შემდეგ ცხოვრება თავისთავად აეწყო: ვაკას დილაობით მიჰყავდა ქალიშვილი უნივერსიტეტში, ლია სახლში მუშაობდა, ვაკა სამსახურში დადიოდა.
ის დღეც ჩვეულებრივ გათენდა: ლია სახლში მუშაობდა, მაგრამ მალე მოამთავრა სამუშაო და სალონისკენ გაემართა თავის მოსაწესრიგებლად. საკმაოდ გვიან დაბრუნდა. კარი თავისი გასაღებით გააღო. ბინაში ბნელოდა, მხოლოდ იმ ოთახიდან, სადაც თამარი დასახლდა, გამოდიოდა შუქი და ვაკას ხმა ისმოდა. ლია ფრთხილად მიუახლოვდა შეღებულ კარს.
– როგორ მოიფიქრე აქ მოსვლა? – უტევდა ვაკა.
– ბინიდან მოულოდნელად გამომასახლეს.
– მე ხომ გადმოგირიცხე თანხა.
– დამეხარჯა. იმ დღეს რაღაც საჭმელები მომინდა, გამოვიძახე და დამეხარჯა. დიასახლისმა არაფრით მადროვა და გამომაგდო, – ასლუკუნდა თამარი, – ახლაც ძალიან მომინდა რაღაც გემრიელი. გამოიძახე, რა, რამე, გთხოვ, საყვარელო.
ლიამ მკაფიოდ გაიგონა კოცნის ხმა.
– ბავშვის ამბავი შენით მოიფიქრე? – ჰკითხა ვაკამ.
– არა, რა უნდა მეთქვა? გამარჯობა! მე და თქვენს ქმარს ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა, ერთად ვიყოთ და თქვენ ხელს გვიშლით?!
– და ახლა რა უნდა ვქნათ? საიდან მოგიყვანო ან ბავშვი და ან მამა შენი ბავშვისთვის? ლია მეუბნება, შვილს დაეხმარე, შვილს დაეხმარე...
– სულ ლია, ლია რატომ გიკერია პირზე?! – თამარი ისევ ატირდა, – ის ბავშვს ვერ გიჩენს, მე კი გაგიჩენ! მე შენ მიყვარხარ და მეყვარები! ის ბერდება და შენ ამას ხედავ, მე კი კიდევ დიდხანს ვიქნები ახალგაზრდა და ლამაზი!
ლიამ პირზე ხელები აიფარა, რომ არ ეყვირა. ჩუმად გააღო კარი და ბინიდან გავიდა. უმისამართოდ მიდიოდა და თითქოს გვერდიდან აკვირდებოდა, როგორ მწიფდებოდა გადაწყვეტილება მის თავში. ამასობაში მისმა ტელეფონმაც დარეკა, ქმარი ურეკავდა:
– რატომ გაგვიანდება?
– მალე მოვალ, ვსეირნობ, – მოკლედ და ბუნებრივად უპასუხა ლიამ.
– იჩქარე! თამარს გემრიელი საჭმელები მოუნდა, ბევრი რამ შევუკვეთე. მოდი და ერთად ვივახშმოთ.
– ანებივრებ შენს შვილს, ეს კარგია, – ლიას გაეცინა.
– შვილიშვილს... – ხუმრობითვე უპასუხა ვაკამ. ლია მეზობელი სადარბაზოს წინ სკამზე ჩამოჯდა. დაინახა, როგორ მოიტანა კურიერმა ვაკას შეკვეთა და როდესაც კურიერი სადარბაზოდან გამოვიდა. ლია ადგა და სახლისკენ გაემართა. შემდეგმა ორმა კვირამაც გარეგნულად ჩვეულებრივად ჩაიარა. ვაკამ თამარს ბინა უპოვა და უკვე ნივთებს ალაგებდა სტუმარი.
– თამარი უკვე თითქმის მზადაა, – უთხრა ვაკამ ცოლს.
ლიამ კითხვა შეუბრუნა: შენ თუ ხარ მზად? – ვაკამ გაკვირვებულმა შეხედა.
– თქვენ ერთად მიდიხართ, – გამოცრა კბილებში ლიამ, – ჩემს ბინაში შენი დანახვა აღარ მინდა.
– კი მაგრამ, რა ბზიკმა გიკბინა? – ვითომ ვერ მიხვდა ვაკა.
– შენი საყვარელი ქალი აპირებს, ბევრი შვილი გაგიჩინოს.
– როგორ გაიგე?! თამარმა გითხრა?! – ვაკას თავისდაუნებურად წამოსცდა სიმართლე.
ყვირილზე ოთახში ხალათმოსხმული თამარიც გამოვიდა და ვაკას ნიშნისმოგებით მიმართა:
– ხომ ხედავ, გიშვებს?!
მაგრამ ვაკა არ უსმენდა:
– შენ, რა, მე მეყრები?
– არა, ბიჭო, მოგყვებით დამხმარე ქალად. დიახ, გეყრები და უკვე ველაპარაკე იურისტს. ეს ბინა ჩემია და უნდა წახვიდე, კომპანიის ფილიალებიც ჩემია. შენი აღარ არის.
– როგორ იკადრე ეს?! – გაბრაზდა ვაკა და ლიას ხარხარი აუტყდა.
– რატომ ბრაზდები, საყვარელო, ჩვენ ხომ ახლა ერთად ვიქნებით და აღარ დავიმალებით?! – ყელზე ჩამოეკონწიალა ვაკას ვითომ ქალშვილი. ლიამ ორივეს თვალი აარიდა, იმიტომ რომ გულისრევის მძაფრი შეგრძნება გაუჩნდა.
ლიას ქმარი და მისი საყვარელი იმავე საღამოს წავიდნენ. ლიამ დილით ხელოსანი გამოიძახა და შემოსასვლელ კარზე საკეტები შეცვალა. უკვირდა, რომ ტკივილს არ გრძნობდა, თავადაც ვერ ხსნიდა, რატომ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არა და არ შორდებოდა, ამიტომ, როგორც იქნა, ექიმთან მისვლა გადაწყვიტა.
– გილოცავთ, – გაუღიმა თეთრხალათიანმა, – მალე დედა გახდებით, ნაყოფი უკვე 6 კვირისაა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





