რომანი და დეტექტივი

სქემა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.04, 2022 წელი

სქემა
დაკოპირებულია

– აბა, მომახსენე, პოლკოვნიკო, როგორაა საქმეები, – უთხრა გენერალ-ლეიტენანტრმა ახალმოსულ ხელქვეითს.

– ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, ჯგუფი უკვე ადგილზეა. ეთნიკური შემადგენლობა ადგილობრივია. რაოდენობა – ათი ადამიანი: სამი ქალი, შვიდი მამაკაცი. ყველა უმაღლესი დონის პროფესიონალია. გამოცდილები და საქმის უზადო მცოდნენი. ერთი სიტყვით, ოპერაცია საუკეთესო შედეგით დასრულდება, – თქვა პოლკოვნიკმა და გაჯგიმული დარჩა.

– საუკეთესო შედეგით, საუკეთესო შედეგით, – გაიმეორა გენერალმა, პოლკოვნიკი შეათვალიერა და უთხრა, – დაჯექი, ვიქტორ სერგეევიჩ, რა კერპივით გაჭიმულხარ. შენთან შეკითხვები მაქვს.

– გმადლობთ, იური ანდრეევიჩ, – თქვა პოლკოვნიკმა და სკამზე დაჯდა.

– გეგმას გავეცანი. კარგია. საქმის ცოდნითაა შედგენილი და წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ერთი ის მითხარი, ამ ჯგუფიდან ვინაა ამ გეგმის სრულ შინაარსში ჩახედული?

– მხოლოდ ჯგუფის უფროსი, ამხანაგო გენერალო. დანარჩენები კი მის მითითების შეასრულებენ, – უპასუხა პოლკოვნიკმა.

– ჰო, ეს ჩვენი ჩვეულებრივი სტილია და წარმატებაც ხშირად მოაქვს. თუმცა გვქონია ჩავარდნებიც და იცოდე, საკუთარი თავით აგებ პასუხს. „ხაზეინი“ წარუმატებლობას არ გვაპატიებს. ხომ გესმის? – თქვა გენერალმა და პოლკოვნიკს თვალი თვალში გაუყარა.

– დიახ. მესმის და საკუთარი თავით ვაგებ პასუხს – თქვა პოლკოვნიკმა.

– ჰოდა, ძალიან კარგი. იცოდე, მუდმივად საქმის კურსში უნდა ვიყო. თუკი რაიმე „ჩეპე“ მოხდება, დაუყოვნებლივ მაცნობე. შეგიძლია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დამირეკო. ახლა კი თავისუფალი ხარ და შეგიძლია, წახვიდე, – თქვა გენერალმა და პოლკოვნიკი გაისტუმრა.

პოლკოვნიკი ვიქტორ სერგეევიჩ მასლოვი იყო – „ეფესბეს“ მეხუთე განყოფილების უფროსი. ამ განყოფილების მოვალეობა იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორობა. ძირითადი მიმართულება კი – უკრაინა, საქართველო და ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკები. მთელ „ეფესბეში“ ეს განყოფილება ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობდა. ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი დატვირთვა გაათმაგდა.

კაბინეტის მასპინძელი, გენერალ-ლეიტენანტი იური ანდრეევიჩ პავლოვი, „ეფესბეს“ სპეცოპერაციების კურატორი იყო და უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. პავლოვს, ისევე, როგორც არაერთ მის მაღალჩინოსან კოლეგას, სულაც არ ეპიტნავებოდა „ხაზეინის“ მიერ უკრაინასთან გაჩაღებული ომი. ეს აქტი უდიდეს შეცდომად მიაჩნდა, მაგრამ თავი არ ჰქონდა, რომ თავისი აზრები ხმამაღლა გამოეთქვა. ამიტომ, მხოლოდ გუნებაში გამოხატავდა უკმაყოფილებას. რეალურად კი „ხაზეინის“ ყველა მითითებას ასრულებდა და მას ყოველთვის ქება-დიდებით მოიხსენიებდა.

***

მწვანე „მერსედესი“ რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს გასცდა, მძღოლმა დიღმის მასივისკენ შეატრიალა მანქანა და ნახევარწრის შემდეგ ორასიოდე მეტრი გაიარა, მარჯვნივ ჩაუხვია და ტყის მასივს ჩაუყვა. ძველ სადისპეტჩეროს რომ გასცდა მარცხნივ აიღო გეზი და „ტელეიმედიდან“ ასიოდე მეტრში, ახალაშენებულ კორპუსთან მივიდა. მანქანა მიწისქვეშა ავტოფარეხში გააჩერა და ნული სართულიდან მეექვსეზე ავიდა. სამოთახიანი, არასტანდარტული ბინის კარი შეაღო და ფრთხილად შევიდა. ჯერ ყველაფერი დაათვალიერა და რომ დარწმუნდა არავინ იყო, რბილ სავარძელში მოკალათდა და თვალები მილულა. ოციოდე წუთი რომ გავიდა, ახალმოსულმა ნოუთბუქზე „ფეისბუქი“ ჩართო და „ანანო-ანანიკოს“ მისწერა – „საყვარელო, ძალიან მომენატრე, ერთი სული მაქვს, თუ როდის გნახავ“... „ანანო-ანანიკო“ „ფეესბეს“ მეხუთე განყოფილების ერთ-ერთი პროფილი იყო. სასიყვარულო მოკითხვის ტექსტი კი პოლკოვნიკმა მასლოვმა წაიკითხა, რაც ასე იშიფრებოდა – მშვიდობიანად ჩავედი თბილისში. დანარჩენებიც ადგილებზე არიან. ვიწყებთ დავალების შესრულებას... შეტყობინების გამგზავნი, 33 წლის მირიან ყორღანაშვილი იყო, „ეფესბეს“ კაპიტანი. სწორედ ის ხელმძღვანელობდა აგენტთა ჯგუფს, რომელიც მოსკოვმა საქართველოში შემოაგზავნა სპეცდავალების შესასრულებლად. როგორც მასლოვმა პავლოვს მოახსენა, ჯგუფის ყველა წევრი ეთნიკურად ქართველი იყო და „ეფესბეში“ მსახურობდნენ. ყოველმა მათგანმა სხვადასხვა გზით, არალეგალურად შემოაღწია საქართველოში. კაპიტანი ყორღანაშვილი კი სამაჩაბლოდან შემოიყვანეს კონსპირაციულად. გორში მას მწვანე „მერსედესი“ ელოდებოდა და თბილისში იმ მანქანით ჩამოვიდა. ახლად აშენებული ბინა კი დიღმის მასივში, „ფეესბეს“ ფულით იყო ნაყიდი და ყორღანაშვილზე გაფორმებული. იქ მოწყობილ სამალავებში კი სხვადასხვა სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვა საბრძოლო მასალა, ფული და სხვადასხვა სახის პირადობის დამადასტურებელი საბუთები ინახებოდა. მსგავსი ბინები ჰქონდათ თბილისში აგენტებს, რომლებიც ყორღანაშვილს ემორჩილებოდნენ და რა თქმა უნდა, ის ბინებიც „ფეესბეს“ ფულით იყო ნაყიდი. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ათივე ბინა ახალაშანებულ კორპუსებში იყო, რათა მათთვის ყურადღება არავის მიექცია. „ფეესბეს“ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მეტწილად შავი ზღვისპირეთში, რამდენიმე ათეული ბინა და სახლი ჰქონდა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მათ აგენტებს უნდა გამოეყენებინათ. გარდა ბინებისა და სახლებისა, „ფეესბეს“ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ეკიპირების მრავალი სამალავი ჰქონდა. იქ კი იმდენი აღჭურვილობა იყო, რომ ერთ დივიზიას შეაიარაღებდა. საგულისხმო კი ის იყო, რომ საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არც სამალავებისა და არც კონსპირაციული ბინების ადგილმდებარეობა არ იცოდნენ. თუმცა დარწმუნებულები იყვნენ მათ არსებობაში. ამ ჯაშუშური ინფრასტრუქტურებისა და აღჭურვილობის სრული ჩამონათვალი „ფეესბეში“, პოლკოვნიკ ვიქტორ მასლოვის სეიფში იდო და ამ სისტემას ის კურირებდა. სწორედ ყორღანაშვილის შეტყობინების მერე ეახლა მასლოვი გენერალ იური პავლოვს და მას აგენტთა ჯგუფის თბილისში ჩასვლის ამბავი აუწყა.

***

თბილისში შემოგზავნილი „ფეესბეს“ ჯგუფის მეთაური, მირიან ყორღანაშვილი 1989 წლის 9 მარტს, თბილისში, ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე იყო დაბადებული. მამამისი კომკავშირის ფუნქციონერი იყო და მოსკოვში, სპეცნომენკლატურაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე. 1991 წელს კი კომუნისტების დამარცხების მერე მოსკოვში გაემგზავრა ცოლთან და 2 წლის ვაჟთან ერთად. იქ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ცოტა ფული იშოვა. შემდგომ თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს დედაქალაქში მხოლოდ 4 წელი დაჰყო და ისევ მოსკოვში გაემგზავრა. ამასობაში მირიანი გაიზარდა. სკოლა დაამთავრა და ჯერ ჯარი მოიარა. შემდგომ კი „ფეესბეს“ სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაში მოეწყო და 2 წელიწადში დაამთავრა. შემდგომი 2 წლის განმავლობაში მირიანი სხვადასხვა სპეცდავალებებს ასრულებდ, მერე კი უშიშროების აკადემიაში განაგრძო სწავლა, ოთხ წელიწადში უფროსი ლეიტენანტის ჩინით დაასრულა და სამუშაოდ „ფეესბეს“ მეხუთე განყოფილებაში მოეწყო. იქ კი კაპიტნის ჩინი უბოძეს. ოპერატიულ-სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფში, ძირითადად, ქართველები ირიცხებოდნენ, ასევე, რამდენიმე სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი და ჩეჩენი ეთნოსის წარმომადგენელი. ეს ჯგუფი უწყებაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა და პოლკოვნიკი მასლოვი მასზე დიდ იმედს ამყარებდა. კაპიტანი ყორღანაშვილი მასლოვის მარჯვენა ხელი იყო. სხვა განყოფილებების თავისი რანგის კოლეგებზე ათი თავით მაღლა იდგა. განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ ქართველობის მიუხედავად, მით უმეტეს, რომ მშობლიურ ენასაც საუცხოოდ ფლობდა, ქართულ ლიტერატურასა და კულტურას მშვენივრად იცნობდა, კაპიტანი ყორღანაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. კაპიტნის არსს კარგად იცნობდნენ უწყების მესვეურები და სწორედ, იმიტომ გზავნიდნენ მას „ქართულ ფრონტზე“ ყველაზე სისხლიანი და ბინძური დავალებების შესასრულებლად. ასევე, რა თქმა უნდა, მისი პროფესიონალიზმის გამო. მთავარი კი ის იყო, რომ ყორღანაშვილი ზუსტად, ყოველგვარი დანდობისა და სენტიმენტების გარეშე შეასრულებდა დავალებას. ერთი სიტყვით, „ფეესბეში“, ისევე როგორც წინამორბედ „კაგებეში“, თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთმანეთის მიმართ სიძულვილი და შიში ჰქონდათ და ამ სისტემის სიმყარე (თუკი ამას შეიძლება, სიმყარე ეწოდოს), სწორედ ამაზე იყო დამყარებული. ყოველთვე ეს კარგად იცოდა „ხაზეინმა“. მით უმეტეს, რომ ისიც ამ სისტემიდან იყო წამოსული, სწორედ, ამით მანიპულირებდა და მართვის სადავეები მტკიცედ ეპყრა ხელთ. ეს, ერთი მხრივ, „ხეზეინის“ აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლიერებდა. მეორე მხრივ, კი უკონტროლო ამბიციებს ის აბსურდულ გადაწყვეტილებამდე მიჰყავდა და უკრაინული ავანტიურაც სწორედ ამის შედეგი იყო. როდესაც „ხაზეინს“ ბლიც-კრიგი არ გამოუვიდა და მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ დაირაზმა, მან თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად „ფეესბეს“ ქართული კარტის გათამაშება დაავალა და უმოკლეს დროში ოპერაციის გეგმა მოსთხოვა. „ხაზეინისგან“ მომდინარეობდა იდეა, რომელიც კაპიტან მირიან ყორღანიშვილს თავის სამშობლოში უნდა განეხორციელებინა. მთავარი მიზნის მიღწევა იყო. ხოლო, რა უბედურება დაემართებოდათ მის თანამემამულეებსა თუ საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებს, ეს არც ყორღანაშვილს ადარდებდა და არც – „ხაზეინს“.

***

გენერალი პავლოვი ორი დღის უძილო იყო. მას მერე, რაც მასლოვის მოხსენება მოისმინა ყორღანაშვილის ჯგუფის თბილისში ჩასვლაზე, „ფეესბეს“ დირექტორის მოადგილემ კიდევ მრავალი ხელქვეითი მიიღო. ბოლოს კი დირექტორის კაბინეტში ორსაათიან თათბირს დაესწრო, სადაც „ხაზეინი“ ვიდეოთვალით ლაპარაკობდა.

– სერიოჟა, წადი და თუკი დამეძინა, სახლში რომ მივალთ, მხოლოდ მაშინ გამაღვიძე, – უთხრა გენერალმა მძღოლს.

– იური ანდრეევიჩ, აგარაკზე არ მივემგზავრებით? – იკითხა მძღოლმა.

– არა. სახლში. სამსახურში დილით ადრე უნდა დავბრუნდე. მიდი, დაქოქე! – უპასუხა გენერალმა მძღოლს და ჩასათვლემად მოემზადა, რომ ამ დროს მობილურმა დარეკა. პავლოვს არც კი დაუხედავს ეკრანზე, ისე უპასუხა:

– გისმენთ.

– იურიკ, ძვირფასო, გილოცავ დაბადების დღეს! – მოესმა პავლოვს მამაკაცის ხმა. – იურიკ, სად ხარ ახლა?

– მანქანაში ვზივარ და სახლში მივდივარ. მესამე დღეა, თვალი არ მომიხუჭავს და მინდა, გამოვიძინო.

– იურიკ, რა დროს ძილია. ჩემთან სუფრაა გაშლილი და რომ არ მოხვიდე, იცოდე, სამუდამოდ დამკარგავ.

– სერიოჟა, მარშრუტი შეცვალე და „სანაპიროს სახლისკენ“ აიღე გეზი.

პავლუშა, ვინც იური პავლოვს დაურეკა, „გრუს“ გენერალ-ლეიტენანტი პაველ ბრონევოი იყო. ბრონევოის ვაჟს პავლოვის დედისერთა ქალიშვილი, ანა ჰყავდა ცოლად და სწორედ საყვარელი შვილის თხოვნით შეცვალა მან მარშრუტი და საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად მძახლის სახლისკენ გაემართა.

„სანაპიროს სახლი“, სადაც გენერალი ბრონევოი ცხოვრობდა რვაოთახიან (გაერთიანებულ) ბინაში, სტალინის დროინდელი ცნობილი ნაგებობა იყო. იქ თავის დროზე საბჭოთა სამხედრო, პოლიტიკურ და უშიშროების მაღალჩინოსნებს გამოუყვეს ბინები, მათ შორის, სერგო ორჯონიკიძესაც. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში კი მათი 95 პროცენტი ლუბიანკის მიწისქვეშეთმა შთანთქა... გენერალმა ბრონევოიმ კი ორი ბინა 4 მილიონ დოლარად შეიძინა ორჯონიკიძისა და ვოროშილოვის მემკვიდრეებისგან და იქ უზრუნველყოფილად ცხოვრობდა. თუმცა, „ხაზეინის“ უკრაინულმა ავანტიურამ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციები მოჰყვა, ცოტა არ იყოს (რბილად ნათქვამია) შეარყია მისი კეთილდღეობა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი