რომანი და დეტექტივი

მეორე ფრონტი

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.06, 2022 წელი

მეორე ფრონტი
დაკოპირებულია

- გაიგეთ, ხომ, რას მოვითხოვთ თქვენგან, ბატონო კოზლოვ? – იკითხა ბაუერმა და მის წინ მდგომ კოზლოვს შეუვალი მზერა მიაპყრო.

– დიახ, მისტერ ბაუერ, ყველაფერი გასაგებია, – უპასუხა კოზლოვმა სავარძელში მჯდომს.

– მაშინ, იმოქმედეთ. თან გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენნაირები მხოლოდ მაშინ დაიბრუნებთ ვილებს, იახტებსა და გაყინულ საბანკო ანგარიშებს, როდესაც ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მთელ თქვენს ბანდას უპერსპექტივო მომავალი გელოდებათ. ახლა კი საქმეს მიხედეთ! – თქვა ბაუერმა და კოზლოვის გამოწვდილ ხელს არ შეაგება, მზერა უფრო მკაცრი გაუხდა და სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოეხატა.

კოზლოვმა ხელი ჩამოუშვა და უკუსვლით გაიარა უზარმაზარი ოთახი, ზუსტად ისე, როგორც ამას ბრიტანეთის დედოფლის წინაშე აკეთებენ. მძიმე კარი რის ვაივაგლახით გააღო და თვალს მიეფარა.

ივანე კოზლოვი, ეგრეთ წოდებული, „ნოვი რუსკი“ იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზღაპრულად გამდიდრდა, მილიარდერი გახდა და მთელი თავისი სიმდიდრისა და ფინანსების 95 პროცენტი საზღვარგვარეთ, რუსეთის მიღმა ჰქონდა.

ძველებურ, მდიდრულ სამეფო სავარძელში მოკალათებული გერჰარდ ბაუერი კი ძველისძველი ევროპული გაერთიანების „ოლდ გრუპ კომპანის“ დირექტორი იყო. კოზლოვს ის ამ გაერთიანების დირექტორთა საბჭოს წევრების დავალებით ესაუბრა.

„ნოვი რუსკი“ რომ წავიდა, 72 წლის ბაუერი სავარძლიდან წამოდგა. სიგარას მოუკიდა, უზარმაზარ შემინულ ფანჯარასთან მივიდა და ეიფელის კოშკს გახედა, რომელიც ნისლში გახვეულიყო და მხოლოდ ქვედა მხარე მოუჩანდა.

***

არნოლდ ჯექსონი, „ემპაიერის“ 101-ე სართულის საიდუმლო ოთახში ფანჯარასთან იდგა და ჩიტის ფრენის სიმაღლიდან, მდინარე ჰუძონზე ჩამავალ მზეს უმზერდა. ნიუ-იორკში ბინდდებოდა და „ნიუ გრუპ კომპანის“ აღმასრულებელი დირექტორი სარა კლოსს ელოდებოდა, რომელიც პარიზიდან ნიუ-იორკში ჩაფრინდა და ჯექსონთან შესახვედრად აეროპორტიდან ვერტმფრენით მიემართებოდა ცათამბჯენისკენ. 30 წლის სარა მოდელი იყო, იმავდროულად, ივანე კოზლოვის საყვარელი, თანაც არნოლდ ჯექსონის პირადი ჯაშუში. სწორედ „ნიუ გრუპ კომპანის“ დირექტორმა შეახვედრა სარა კოზლოვს. უფრო სწორად კი, ზედამხედველად მიუჩინა მას და ჯექსონი სარასგან რეგულარულად იღებდა ინფორმაციებს კოზლოვზე.

– როგორც იქნა, მოაღწია, – ჩაილაპარაკა ჯექსონმა, როდესაც ვირაჟზე შემოსულ საკუთარ ვერტმფრენს მოჰკრა თვალი.

ათიოდე წუთის შემდეგ კი სარა უკვე ჯექსონის პირისპირ სავარძელში იყო მოკალათებული. მასპინძელს ნამგზავრი ქალისთვის ფორმალურადაც კი არ უკითხავს მგზავრობის ამბავი. პირდაპირ საქმეზე გადავიდა და უთხრა:

– რაო, რა მოგიყვა შენმა თხამ, აბა, გისმენ!

ჯექსონი კოზლოვს თხად მისი გვარის გამო მოიხსენიებდა. მას რუსი მილიარდერისადმი ისედაც აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა. ჯექსონი მიიჩნევდა, რომ კოზლოვი და მისი მაგვარნი ყოვლად არარაობები იყვნენ. მხოლოდ და მხოლოდ ფულის ტომრებს წარმოადგენდნენ და მეტს არაფერს. ამ ფულის ტომრების ნამდვილი პატრონები, მბრძანებლები კი ჯექსონი და მისი კასტა იყო და საკმარისი იყო, ასეთი საჭიროება დამდგარიყო, რომ კასტელები მათ ფინანსებს ნაგვის გროვად გადააქცევდნენ და მათაც სანაგვეზე დატოვებდნენ.

სარა კლოსმა ჯექსონს უპასუხა:

– ვანია ძალიან აფორიაქებულია და დარდობს. ეშინია, ქონება არ დაკარგოს. ბაუერი დამუქრებია – თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, შენ და შენნაირებს მათხოვრებად გადაგაქცევთო.

– ეს მოსალოდნელიც იყო, – ჩაილაპარაკა ჯექსონმა და კლოსს ჰკითხა, – კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ ამ კონსერვატორ არისტოკრატებს?

– მოთხოვნა ერთადერთია: ომის შეწყვეტა ნებისმიერი საშუალებებით, თვით ამ ომის მოთავის ლიკვიდაციითაც კი. ბაუერს ეს თითქმის პირდაპირი ტექსტით უთქვამს ვანიასთვის, – თქვა კლოსმა.

– მერე და რას აპირებს შენი თხა? – თქვა ჯექსონმა და დაამატა, – ყაბულსაა?

– შეშინებულია. უკიდურესად შეშინებული. ასე ამბობს: ორ ცეცხლს შუა ვარ და რა და როგორ ვიღონო, არ ვიციო. თანახმა როგორ არ არის. რა თქმა უნდა, თანახმაა. მაგრამ იცის, რომ პირდაპირი ლიკვიდაცია გამორიცხულია და უფრო შეთქმულებისა და გადატრიალებისკენ იხრება. თუმცა, ისიც იცის, რომ მცირედი არასწორი მოძრაობა და წამებით სულს ამოაძრობენ. მოკლედ, ძალიან ფრთხილობს და სხვებთან დასალაპარაკებლად სინჯავს ნიადაგს.

– კარგი, გასაგებია. შეგიძლია, უკანვე დაბრუნდე. მაგრამ წამითაც არ მოდუნდე და ასი თვალი და ასი ყური გამოიბი, – თქვა ჯექსონმა.

კლოსმა კი ჰკითხა:

– ვანიას რომ დაემართოს რამე. დაიჭირონ ან მოკლან, მე რა მეშველება?

– გამოყენებას მოგიძებნი. ნუ გეშინია, ოლიგარქის გარეშე არ დაგტოვებთ და მიგამაგრებთ ვინმეს. წადი, თავისუფალი ხარ!

სარა კლოსი რომ წავიდა, არნოლდ ჯექსონმა ტომას კრეიგი იხმო და უთხრა:

– ახლავე მოსკოვში გადაფრინდი და უთხარი, რომ საბრძოლო მოქმედებები უფრო ფართო და ინტენსიური გახადონ. უკრაინას იარაღის ახალი და ბევრად დიდი პარტია შეუვა ამერიკისგან და „ნატოსგან“. ნავთობის ამოქაჩვა 20 პროცენტით გაზარდონ და სათადარიგო არხებით გაიტანონ. ხე-ტყის მოწოდებას კი ნუ აფერხებენ და იმათ მიხედონ, ვინც ჩინელებს კონტრაბანდულად აწვდის ჩვენს ხე-ტყეს. ისიც უთხარი, რომ სამ დღეში ახალ სანქციებს გამოუცხადებენ და დაფინანსება თითქმის გაუორმაგდებათ. პირადად „მოხუცს“ კი მოკითხვა გადაეცი ჩემგან და უთხარი, რომ ყოჩაღად იყოს. გეგმას მიჰყვეს და ყველაფერი კარგად იქნება.

– გასაგებია, მისტერ ჯექსონ. მეტი თუ არაფერი გაქვთ დასამატებელი, მაშინ თქვენის ნებართვით წავალ, – თქვა კრეიგმა და პატრონის ნებართვა რომ მიიღო, ჯექსონისგან პირდაპირ აეროდრომისკენ გაემგზავრა, სადაც მოსკოვში გასაფრენად გამზადებული კერძო თვითმფრინავი ელოდებოდა.

კრეიგიც რომ გაისტუმრა, ჯექსონიმ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან გაბრაზებული ამბობდა, – ვერ გაიგეს ამ ბებერმა არისტოკრატ-კონსერვატორებმა, რომ მათ საქმესაც ვაკეთებთ და ჩვენი ქონება და ძალაუფლება რომ შევინარჩუნოთ, მასშტაბური ომია საჭირო. ვანიები და თხები კი სათვალავში არ არიან და ომის პროდუქტად რომ არ ვიყენებდეთ, მაშინ არაყი და აყროლებული მჟავე კომბოსტო მოუღებთ ბოლოს. ასე კი გმირობის შანსი ეძლევათ და რაც მთავარია, საკუთარი სიდიადის გრძნობა უმყარდებათ. ისემც მაგათ რა ვუთხარი. მოკლედ, მოქმედების არეალი უნდა გავაფართოოთ და კავკასიური სიუჟეტი გამოვიყენოთ. მართალია, ეს კავკასიელები არც თუ ისე იოლად დასაყოლიელებელია, მაგრამ ფულით გავუნათებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც უნდა შევუშვათ.

ბრაზნარევი მონლოგი რომ დაასრულა, ჯექსონმა თავის თანაშემწე გოგონას, ლინდა კორტს უხმო და უთხრა:

– დღესვე, უფრო სწორად, დაუყოვნებლივ გადაფრინდი თბილისში. „ზანდას“ შეხვდი და გეგმის პირველი ნაწმლი აამუშავე. გასაგებია?

– დიახ, მისტერ ჯექსონ, ნება მიბოძეთ, წავიდე.

– წადი და წარმატებას გისურვებ, – უთხრა ჯექსონმა კორტს და გაისტუმრა

ლინდას აეროდრომზე კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავი ელოდა.

ასეთი კერძო თვითმფრინავები კერძო აეროდრომზე, „ნიუ გრუპ კომპანის“ 40 ცალი ჰყავდა და მათი მეშვეობით, საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც განსაკუთრებულ მისიას დაავალებდნენ, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ გამგზავრება.

***

გერჰარდ ბაუერმა დინჯად აიარა მუხის კიბეები და ასევე მუხაში ჩასმულ, მდიდრულ ჰოლში მომლოდინე მამაკაცისკენ აიღო გეზი. თითქმის ორმეტრიანი, 70 წლის ფილიპ ნორტონი ლორდი იყო, სამეფო ოჯახის წევრი და არისტოკრატულ-საფინანსო წრეებში დიდი ნდობით სარგებლობდა. მას ხშირად აკისრებდნენ მედიატორის ფუნქციებს გლობალურ ჯგუფებს შორის წარმოშობილ დიდ თუ პატარა დაპირისპირგებაში და ლორდი ნორტონი თითქმის ყოველთვის ახერხებდა მათ მოგვარებას.

ჟენევის ტბასთან მდებარე, მწვანეში ჩასმულ ფეშენებელურ ვილაში ლორდი გერჰარდ ბაუერს ამ უკნასკნელის თხოვნით ხვდებოდა.

ნორტონმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. ახალმისულს ხელი ჩამოართვა და ძველ, ტრადიციულ ბრიტანულ სტილში მოწყობილ კაბინეტში შეიპატიჟა, რომელიც ჭერამდე მუხაში იყო ჩასმული. ვილა სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა და მას, ძირითადად, უმნიშვნელოვანესი კონფიდენციალური შეხვედრებისთვის იყენებდნენ. ნორტონი და ბაუერი ტყავის ძვირფას სავარძლებში მოკალათდნენ. მასპინძელმა სტუმარს გაუღიმა და უთხრა:

– გისმენთ, მისტერ ბაუერ. ბრძანეთ თქვენი სათქმელი.

– ძვირფასო, ლორდ, აქ მე ჩემი კომპანიონებისა და მთელი ჩვენი ჯგუფის დაჟინებული თხოვნით ვიმყოფები და მერწმუნეთ, რომ არა, ფაქტობრივად, კრიტიკულ ზღვრამდე მისული მდგომარეობა, ასე დაჟინებითა და ასე სასწრაფოდ არ მოვითხოვდით თქვენთან შეხვედრას. მიხვდით, ალბათ, რომ ჩვენი შეხვედრების ერთადერთი, მთავარი თემაა უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება და დიდ მასშტაბებს იძენს.

ნორტონმა ბაუერს უხმოდ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბაუერმა განაგრძო:

– თუ ასე გაგრძელდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩანს, რომ გაგრძელდება კიდეც, მაშინ ამ საშინელებაში მთელი ევროპა იქნება ჩათრეული და პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ, თქვენთან თხოვნა გვაქვს, რომ მის სამეფო უმაღლესობას სთხოვოთ, ჩაერთოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. მთელი თავისი გავლენა გამოიყენოს და წერტილი დაუსვას ამ ბარბაროსობას.

ბაუერმა პაუზა გააკეთა და ლორდს მიაჩერდა. ფილიპ ნორტონმა კი ბაუერს უთხრა:

– დიახ. მისი უდიდებულესობა ფრიად შეშფოთებულია ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებით და იმედი აქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

გერჰარდ ბაუერს თავადაც მშვენივრად ეხერხებოდა დიპლომატიური ფრაზებით ლაპარაკი. მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და ნორტონს პირდაპირ უთხრა:

– დიახ, ლორდ, ეს ბუნებრივია და სწორედ ამიტომ გთხოვთ მისი სამეფო უდიდებულესობის გააქტიურებას. პირდაპირ გეტყვით, მისი უმაღლესობა ჩვენს ამერიკელ და კანადელ მეგობრებს უნდა დაელაპარაკოს და პირდაპირ მოუწოდოს კონფლიქტის შეწყვეტისკენ.

– თუ სწორად გაგიგეთ, ზემოხსენებულ ჩვენს მეგობრებს ამ კონფლიქტზე უშუალო ზემოქმედების მექანიზმები აქვთ, – თქვა ლორდმა.

– კიდევ უფრო პირდაპირ გეტყვით, ლორდ, მათ შეუძლიათ, ეს კონფლიქტი ისევე მალე შეაწყვეტინონ მათ წამომწყებებს, როგორც წამოაწყებინეს, – თქვა ბაუერმა.

– და თქვენ ამას ფაქტობრივი დასტური გაქვთ? – იკითხა ლორდმა.

– სერ, ზოგჯერ ამგვარადაც კეთდება საქმეები და ამის დასტური პირველი და მეორე მსოფლიო ომებია. ახლა სხვა დროა. მესამე მსოფლიო ომი კატასტროფა იქნება და ტყუილად ფიქრობენ ჩვენი მეგობრები, რომ ევროპის გაპარტახებით თავად იხეირებენ და რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერენ. ჯერჯერობით ბრიტანეთის კუნძულებს ეს ომი არ შეხებია და პრინციპში არც ჩვენს ტერიტორიებს, მაგრამ მერწმუნეთ, შეეხება და ეს კატასტროფა იქნება ყველასთვის, გლობალური კატასტროფა და იმ დაპირისპირებაში ჩვენც დავმარცხდებით და ოკეანისგაღმელებიც. ასე რომ, ძვირფასო ლორდ, გთხოვთ ამ საქმეში მისი უდიდებულესობა ჩაერთოს და მისთვის ჩვეული უნარით მოაგვაროს ეს.

– კარგი, ბატონო ბაუერ. მე სიტყვასიტყვით გადავცემ მას სამეფო უდიდებულესობას თქვენს თხოვნას და დარწმუნებული იყავით, რაც მისი უდიდებულესობის შესაძლებლობებში იქნება, ყველაფერს გააკეთებს საამისოდ, – უთხრა ბაუერს ლორდმა ნორტონმა და კიდევ რამდენიმე დიპლომატიური წინადადებების შემდეგ შეხვედრა დასრულდა და გერჰარდ ბაუერმა სამეფო ოჯახის ვილა დატოვა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი