პოლიტიკა

რას ნიშნავს „მეორე ფრონტის გახსნა“ – თავდასხმას რუსეთზე, ჩრდილო კავკასიაზე თუ დე ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.06, 2022 წელი

ვახტანგ ძაბირაძე
დაკოპირებულია

ახლა უკვე ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებაში შეინიშნებოდა და შეინიშნება ის აზრიც, რომ, რაკი საქართველომ არ გახსნა და არც აპირებს, გახსნას მეორე ფრონტი, ეს ლაჩრობა და სამარცხვინო საქციელია, თუმცა პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი (იმავე უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრიც მაინტერესებს, ამისკენ რომ მოგვიწოდებენ): თავს უნდა დავესხათ მოსკოვს, ჩრდილო კავკასიას, დე-ფაქტო აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონს? ამ თემას ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად განვიხილავთ.

– „ფეისბუკმა“ სიძულვილის ენად ჩამითვალა კომენტარი – „თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, უნდა ვესროლოთ, მაგრამ ოსისა და აფხაზისთვის სროლა არ შეიძლება“. თქვენ როგორ გესმით ფორმულირება, რომ ჩვენ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომ შევშველებოდით უკრაინას?

– მგონი, ჩვენ, ყველანი, ერთად ავირიეთ ამ ტერმინებში და იგივე ითქმის მეორე ფრონტის გახსნაზე. თუ არ ჩავთვლით იმ მოწოდებას, კარგი ამინდია, მოახტით ტანკებს და შედით ცხინვალშიო, ქართულ შიდა პოლიტიკურ სპექტრში ომზე არავინ ლაპარაკობდა. ამბობდნენ იმას, უნდა შევუერთდეთ თუ არა იმ სანქციებს, რომლებსაც აწესებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ვიღაცებმა ეს თარგმნეს, როგორც ომის გამოცხადება, შემდეგ ამას მოჰყვა გამრუდებული ანალოგიები მეორე მსოფლიო ომთან, ჩემი აზრით, როდესაც ამის შესახებ ლაპარაკობენ, გულისხმობენ სანქციებს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით.

– დავაზუსტოთ, როგორც მე ვიცი, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს, რუსეთს არ დავუწესეთ ორმხრივი სანქციები.

– კი ბატონო. ყველა სანქციას არ შეუერთდა საქართველო. რაც მთავარია, პრემიერმა განაცხადა, არ ვუერთდებით სანქციებსო. რაც შეეხება მოწოდებას: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანის მოწოდებაა, შედით ტანკებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიო. მიუხედავად იმისა, იქ რუსის ჯარი იდგება თუ არა; ასეთი იქნება რუსეთი თუ ისეთი, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარება ისე, რომ შემდეგ ვერც გარე და ვერც შიდა მტერმა ჩვენ საწინააღმდეგოდ ვერ გამოიყენოს, არის ის, რომ უნდა მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. ყოველგვარი იარაღისა და ძალის გარეშე უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც. ის, რომ იქიდან დღეს რუსეთის ჯარი გავიდა, არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ მე არ გამიგონია არც საქართველოს ხელისუფლებისგან და არც ერთი პოლიტიკოსისგან ან ანალიტიკოსისგან, რომ დროა, მივუბრუნდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის თემას. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია, რომ არანაირი საომარი მოქმედებები ჩვენ იქ არ უნდა დავიწყოთ.

– ვერ დაგეთახმებით. პოლიტიკოსები ამაზე არაფერს ამბობენ, პრემიერ-მინისტრმა თქვა მხოლოდ, რომ არ გავხსნით არანაირ მეორე ფრონტსო, მაგრამ სოციალურ ქსელებში მე ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ უნდა შევიდეთ, ვისარგებლოთ ამ მომენტით.

– არ ვიცი, ვინ ლაპარაკობს, მსგავსი საჯარო განცხადებები არ გამიგია. ის ხალხი, რომლებიც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას ან ის ხალხი, რომლებმაც ხვალ შეიძლება, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამაზე არაფერს ამბობენ და ეს ძალიან კარგია. მე არ ვიცი, მართლაც გავიდნენ თუ არა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარები და ტექნიკა, მაგრამ, თუ ისინი დღეს დაუცველები არიან, ჩვენ გვაქვს საუკეთესო საშუალება არა იმის, როგორც გვირჩევენ, ტანკებს მოვახტეთ და ისე შევიდეთ, არამედ, რომ აფხაზებმაც და ოსებმაც ნახონ, რომ ჩვენ არ გვინდა ძალის გამოყენება და მართლაც მშვიდობიანად ვაპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას. სხვა გზა ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის მე არ მგონია, რომ არსებობდეს და არც იარსებებს.

– 17 ივლისს ცხინვალის რეგიონში ჩანიშნულია რეფერენდუმი, რომელზედაც ხმა უნდა მისცენ რუსეთთან შეერთებას, ბიბილოვი, ვინც ეს რეფერენდუმი ჩანიშნა, აღარ არის, ეგრეთ წოდებული, „პრეზიდენტი“. ახალმა გაგლოევმა თქვა, ჩემი ოცნებაც ესაა, როგორც მთელი ოსი ხალხის, მაგრამ არ ვიცი, ახლა არის თუ არა ამის დროო. მაგრამ, თუ ჩატარდა, ჩვენი შანტაჟის კიდევ ერთი ბერკეტი გაჩნდება.

– არ მგონია, ამ რეფერენდუმმა რამე გადაწყვიტოს. ეს რეფერენდუმი ისეთივე დონის გადაწყვეტილება იქნება, როგორიცაა რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება. ყირიმშიც ჩაატარეს რეფერენდუმი და მერე რა?!

– კიდევ ერთი ბერკეტი იქნება არეულობის დასათესად ჩვენს საზოგადოებაში, მეტი არაფერი. დე ფაქტოდ, ხომ, ისედაც შეერთებული აქვს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება, უნდა იმუშაონ პოლიტიკურმა სპექტრმა, თავად საზოგადოებამ, ელიტამ, ზოგადად და მედიამ. სწორად უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არაფერს ნიშნავს იქ რეფერენდუმის ჩატარება, იმიტომ რომ ამ რეფერენდუმს არანაირი საერთაშორისო აღიარება არ მოჰყვება. პროვოცირებისთვის მშვენიერი მასალაა, მაგრამ რამდენჯერ უნდა წამოვეგოთ ამ პროვოკაციას, უკვე სათვალავი ამერია. ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა პროვოცირება და ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, მუდმივად ამ პროვოკაციას წამოვეგებოდით ხოლმე და, ბოლოს და ბოლოს, რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ ამდენ საკუთარ შეცდომაზე?! არაფერს ცვლის ეს რეფერენდუმი. ამიტომ მგონია, რომ საკმაოდ მშვიდად უნდა შევხვდეთ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებასთან უნდა გვქონდეს კონტაქტი, კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს მათი მხრიდან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და რომ ამ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. ხოლო, თუ საზოგადოებაში მოიძებნებიან ისეთი ძალები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ახლა „გმირობა“ უნდა ჩაიდინონ, ჩათვალეთ, რომ ეს არის რუსული მეხუთე კოლონა. ვინაიდან რუსეთის გარდა შესაძლოა, არც არავისთვის იყოს ხელსაყრელი ამ კონფლიქტის გაღვივება. სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს ნამდვილად არ იციან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერ აღწევს და ძალიან მალე შესაძლოა, მთლიანად შეიცვალოს ომის სურათი უკრაინაში, ეს საქართველოსთვის საფრთხეს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის. შეიძლება, კრემლში ვიღაცას მოუნდეს, რომ უკრაინაში წარუმატებლობა საქართველოში წარმატებული სამხედრო ოპერაციით გადაფაროს. ამის ალბათობა იზრდება ან იკლებს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ვითარება უკრაინაში. ამდენად, სიფრთხილე გვმართებს, ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე. თუ ამჯერად მაინც შევძლებთ ფრთხილად მოქმედებას, გადავრჩებით ამ უბედურებას, თუ ვერ შევძლებთ, ისევ ვიტრიალებთ იმ უბედურებაში, რომელშიც ვტრიალებთ აგერ უკვე 30 წელია.

– მესმის, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი ინტერესი ან ვინმეს ინტერესებს ამბობენ ხმამაღლა, მაგრამ თქვენ როგორ ხსნით მათ მოწოდებას, რომ საუკეთესო შანსი გვაქვს, შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში, წამოცდენაა, გაუაზრებლობა, გულწრფელი სურვილი, ჩვენი „აგდების“ მცდელობა?

– შესაძლოა, ვიღაც გულწრფელად ფიქრობდეს ასე, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს პროვოცირება. სამწუხაროდ, რუსული მეხუთე კოლონა საქართველოშიც საკმაოდ ძლიერია და უკრაინაშიც. ასეთ განცხადებებს მთლად გულუბრყვილობასაც ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ვერც ვერავის დავადანაშაულებთ, თუმცა გამორიცხვითაც ვერაფერს გამოვრიცხავთ. შესაძლოა, ამის მთქმელი ვერ ერკვევა სიტუაციაში; ხომ ვხედავთ, რომ ანალოგიები წამოვიდა: რაშიზმი, მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. პარალელები იქმნება მეორე მსოფლიო ომთან. ამდენად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროვოცირება იყოს და არც იმას, ვიღაცას ეგონოს, რომ, თუ ჩვენ აქ მეორე ფრონტს გავხსნით, ამით უკრაინა სიმსუბუქეს იგრძნობს. ვისაც ასე ჰგონია, შეუძლია, ნახოს, რა ხდებოდა 2008 წელს: სამმა ტანკმა აიღო მთელი საქართველო.

– და ორმა ავიაგამანადგურებელმა.

– დიახ... ამიტომ, სანამ ვინმე ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ცოტა უნდა ჩაიხედოს საქმეში. როდესაც ვიღაცას რჩევას აძლევ, იმ საქმეში უნდა ერკვეოდე და მაშინ გაქვს უფლება, ურჩიო, რა და როგორ გააკეთოს. როდესაც არ იცი და ენაზე რაც მოგადგება, იმას ამბობ, სულ მცირე, არაკორექტულია. საკმაოდ უსიამოვნოდ აღვიქვი ამ არესტოვიჩისა და სხვების განცხადებები. თუ ლაპარაკია ემბარგოს შემოღებაზე რუსეთის წინააღმდეგ, აქაც ქართული ხელისუფლება უშვებს შეცდომებს. ყველაფრის თქმა შეიძლება ისე, რომ ინტერპრეტაციების საფუძველი არ შეიქმნას.

– დიახ, ფორმა ვერ იყო შერჩეული ჯეროვანი. ბოლოს და ბოლოს, ევროპა უკრაინის გავლით იღებს დღემდე რუსულ გაზსა და ნავთობს და ევროკავშირმა რუსული ნავთობი სანქციების მეექვსე პაკეტიდან ამოიღო.

– დიახ და, რასაც ევროპა დღეში უხდის რუსეთს, საქართველო-რუსეთის ერთი წლის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა არ იქნება იმდენი. ასე რომ, იმის თქმა, რომ ჩვენი სანქციები რუსეთს ეკონომიკურად დაასუსტებს, არასერიოზულია. სულ სხვა საქმეა, როდესაც ხვრელებზეა ლაპარაკი, მაგრამ აქაც არ არის ლოგიკა. რუსეთს თავისუფლად შეუძლია, რომ შუა აზიის რესპუბლიკებიდან გათკეთოს იგივე და რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს?! გარდა ამისა, ეს ხომ კონტროლდება?! ვთქვათ, ერთხელ გარისკავ, მაგრამ ამას ვერ ექნება მუდმივი ხასიათი. ჩვენ ვერაფერს ვაწარმოებთ ისეთს, რაც რუსეთის სამხედრო ტექნოლოგიას მოეხმარება, თუ ვინმე აწარმოებს და იქიდან წამოვა მსგავსი ტვირთი, ხომ გაირკვევა, თუ საქართველოში შემოვა?! ამის გაკონტროლება არავისთვის არ არის რთული, ამდენად, მგონია, რომ ჩვენი მისამართით გაკეთებული განცხადებები არ იყო მთლად ჯანსაღი, რბილად რომ ვთქვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი