რომანი და დეტექტივი

მეორე ფრონტი

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.06, 2022 წელი

მეორე ფრონტი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #22(1118)

***

ტომას კრეიგის კერძო თვითმფრინავი ისე დაეშვა მოსკოვის მახლობლად მდებარე ჟუკოვსკის სამხედრო აეროდრომზე, რომ ჯერ „ნატოს“, შემდგომ კი რუსულმა „პევეოებმა“ სუფთად გაატარეს და ეს ფრენა არსად დაუფიქსირებიათ. არნოლდ ჯექსონის პირადი, საიდუმლო წარმომადგენელი ცოცხლად დაეშვა ხუთსაფეხურიან ტრაპზე. საპარადო ფორმაში გამოწყობილ „ფეესბეს“ გენერალს ხელი ჩამოართვა. შემდგომ მასთან ერთად დაჯავშნილ „ლიმუზინში“ უკანა სავარძელზე მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა. კრეიგმა, რომელიც უაქცენტოდ ლაპარაკობდა რუსულად, გენერალ ანტონ კუკინს შინაურულად უთხრა:

– თუ არ ვცდები, ეს ის „ლიმუზინია“, რომელიც მისტერ ჯექსონმა „ბატკას“ აჩუქა, ხომ, ანტოშკა?

– დიახ, მისტერ კრეიგ, – მოკრძალებით უპასუხა „ფეესბეს“ გენერალმა „ნიუ გრუპ კომპანის“ დირექტორის ერთ-ერთ თანაშემწეს.

გენერალმა „ლიმუზინის“ სალონის გამყოფი სქელი შუშა ასწია, რომ მძღოლს მათი საუბარი არ მოესმინა და დაამატა:

– „ბატკა“ მოუთმენლად გელოდებათ და სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს შეშფოთებულია.

– რითია შეშფოთებული? – იკითხა კრეიგმა.

– ომი ძალიან გაიწელა და წინსვლა არ გვაქვს. რესურსები გვეწურება და შევსება გვჭირდებაო, – თქვა გენერალმა.

– შფოთავს, ესე იგი, – თქვა კრეიგმა. გენერალმა კი დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და თქვა:

– შფოთავს, შფოთავს.

– ახლა სად მივდივართ? – იკითხა კრეიგმა.

– ახლომდებარე აგარაკზე, მისტერ კრეიგ. ძირითადად, „ბატკა“ იქ ატარებს ბევრ დროს, – თქვა გენერალმა.

– მიწის ქვეშ?

– დიახ.

– ასე შეშფოთებული თუ იყო, ეგ უკვე აღარ მეგონა. ცოდოა ბუნკერში. რამ შეაშფოთა ასე. არაფერი ეშლება ჯერჯერობით და ხელს ვინ ახლებს?

„ლიმუზინმა“ ტყეში გაყვანილი, საგულდაგულოდ შენიღბული ჩქაროსნული გზატკეცილი სწრაფად გაიარა და წყვილი მდინარეზე გადებულ ხიდზე გადავიდა. ბილიკმა ისინი ორსართულიან ფეშენებლურ ვილასთან მიიყვანა. კუკინმა ხელით შეიპატიჟა კრეიგი ვილაში.

ისინი ფეხით ავიდნენ მესამე სართულზე და სამიოდე წუთის მერე ორივეს „ბატკას“ კაბინეტში აღმოჩნდა. მასპინძელმა გაუღიმა ამერიკელს და აკანკალებული ხელი ჩამოართვა. გენერალს კი მადლობა გადაუხადა და ხელით ანიშნა, დაგვტოვეო. კაბინეტში დარჩენილები სავარძლებში მოკალათდნენ და „ბატკა“ ახალმოსულს მიაშტერდა. კრეიგმა სიგარეტი გააბოლა და მასპინძელს უთხრა:

– „ბატკა“, რა გჭირს, ვეღარ გცნობ. ადრე ასეთი არ იყავი და რა დაგემართა?

მასპინძელს ხელი უფრო მეტად აუკანკალდა და კრეიგს უპასუხა:

– რთული პერიოდი მაქვს, ძალიან რთული და ზოგჯერ დაძაბულობას ვეღარ ვუძლებ.

– თავი ხელში აიყვანე და მოწესრიგდი! სამოთხეში ცხოვრობ. განუზომელი ძალაუფლება გაქვს და მეტი რა გინდა? ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და თუკი ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდები, ფეხებს გაჭიმავ. თხუთმეტი წელი კიდევ უნდა იყო ფორმაში და შენ კი აკანკალებული მხვდები. რა იყო, რამ შეგაშინა. ნუთუ არ იცი, რომ სანამ გვჭირდები, უკითხავად ბუზიც კი ვერ დაგაჯდება ცხვირზე. ასე რომ, თავს შემოუძახე, – რიხიანად უთხრა მასპინძელს სტუმარმა.

„ბატკამ“ ღრმად ამოისუნთქა და კრეიგს უთხრა:

– უცებ რომ აღარ დაგჭირდეთ, მაშინ?

კრეიგს ჩაეცინა და უთხრა:

– მაშინ, ყველაფერს ერთდროულად გამოემშვიდობები, მაგრამ ეს დიდი ღალატი იქნება და ასე რომ არ მოხდეს, სულიერად გამაგრდი. წინ დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ, – თქვა „ბატკამ“ და კრეიგს მიაჩერდა.

– აქ ერთადერთი მიზნით ჩამოვედი. პირადად უნდა გითხრა, რაც ზევით გადაწყვიტეს. საომარი მოქმედებები უნდა გაფართოვდეს და გაგრძელდეს. სხვათა შორის და ესაა მთავარი, ეს შენი შანსია, რომ ძალაუფლებაც შეინარჩუნო და სიცოცხლეც. ამიტომ გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე: როგორც კი კავკასიაში, კონკრეტულად კი საქართველოში, სიტუაცია გამწვავდება, შენ შენი სამხედროები საქართველოში უნდა შერეკო და იქაურობა აიღო. მთელ პერიმეტრზე უნდა განლაგდე და შემდგომ მითითებებს მერე მიიღებ, – თქვა კრეიგმა.

– იქ რომ სიმშვიდეა და ჩვენ არაფერს გვერჩიან? – თქვა „ბატკამ“.

– დარდი ნუ გაქვს. სულ მალე იქაც აირევა ყველაფერი. მეორე ფრონტს გაგიხსნიან და შენებურად შევარდები იქ. ასე რომ, მზად იყავი და იცოდე, არ შეყოყმანდე, – თქვა კრეიგმა.

– სულ ეს იყო? – იკითხა „ბატკამ“.

– მთავარი ეს იყო. ისე კი იცოდე, რომ ოლიგარქები შეთქმულების მოწყობას გიპირებენ. დიდ ფულს აგროვებენ, რომ შენი ჯარისა და უშიშროების გენერლები მოისყიდონ, – თქვა კრეიგმა.

„ბატკას“ ხელის კანკალი გაუძლიერდა. კრეიგმა კი მას უთხრა:

– ნუ გეშინია, „ბატკა“, ყველაფერს ვაკონტროლებთ. შეთქმულების მზადებას თვალ-ყურს ვადევნებთ და საჭირო დროს ვიმოქმედებთ. შენ კი ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გითხარი. გასაგებია?

– გასაგებია, – თქვა მასპინძელმა და კარისკენ მიმავალ კრეიგს თვალი გააყოლა.

ამერიკელი კი ჟუკოვსკის აეროდრომზე გაემართა და კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკისკენ აიღო გეზი.

***

რიტა გოგრაშვილი არნოლდ ჯექსონის კარტოთეკაში „ზანდას“ ფსევდონიმით იყო შეყვანილი. მეორე კატეგორიის აგენტის კვალიფიკაცია ჰქონდა მინიჭებული და რა თქმა უნდა, „ნიუ გრუპ კომპანიიის“ თანხებით ფინანსდებოდა. ოცდაათიოდე წლის რიტა ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა თავისი პატრონების დავალებებს და ისე გაიწაფა ამ საქმეში, რომ პარლამენტშიც შეაყოფინეს თავი. იქ კი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გამოცდილებითა და ფინანსურად მდიდრდებოდა, თან არც იმის იმედს კარგავდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კარიერულად წინ წაიწევდა და საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც მიიღებდა. სწორედ, ამ რიტა გოგრაშვილთან შესახვედრად გაგზავნა ჯექსონმა ლინდა კორტი და კონკრეტული მითითებებიც მისცა.

კორტი საქართველოს დედაქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოვიდა, რომელსაც ახალგაზრდებისთვის, ეგრეთ წოდებული, ტრენინგები უნდა ჩაეტარებინა სათაურით – მეტი დემოკრატია. სინამდვილეში კი მთელი ეს კომუფლაჟი მხოლოდ და მხოლოდ საიდუმლო შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი და შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში გაიმართა, რომელიც ჯექსონის „კანტორამ“ ერთ-ერთ ოპოზიციონერს უყიდა.

კორტმა გოგრაშვილს ცივი სახით მიუთითა სავარძელზე და უთხრა:

– როგორც ყოველთვის, მოკლე და კონკრეტული ვიქნები და თქვენც ნება იბოძეთ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ინსტრუქციები. გასაგებია?

– დიახ. გასაგებია. გისმენთ, ქალბატონო ლინდა, – თქვა რიტა გოგრაშვილმა და სმენად იქცა.

– გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯავახეთში ადგილობრივ არაფორმალურ ლიდერს მოკლავენ და ამას არეულობა და საპასუხო მკვლელობა მოჰყვება. წინა დღით კი სამხრეთ ოსეთში მთვრალი რუსები სოფელს ააწიოკებენ, რუსებს დახოცავენ და სახალხო ლაშქარი ცხინვალისკენ ტერიტორიის დასაბრუნებლად დაიძვრება. ამ სახალხო ლაშქარს კი თქვენმა ხალხმა უნდა გაუწიოს წინამძღოლობა და რუსები შეტევაზე რომ გადმოვლენ, უნდა დასცხოთ. გახსნით იარაღის სამალავებს. აღიჭურვებით და იმოქმედებთ ორ ფრონტზე – სამხრეთ ოსეთსა და ჯავახეთში. ამასობაში დასავლეთი ძალიან აქტიურად ჩაერთვება ამ ამბებში და რუსეთის ყელზე მოდებული მარყუჟი კიდევ უფრო მეტად შევიწროვდება. საქართველო კი სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს. როდესაც რუსეთის იმედი აღარ ექნებათ, ჯავახეთში გაგულისებული ხალხი „მოჯდება“ და საქართველო ბევრად მეტად გაიმაგრებს პოზიციებს. შემდეგი ეტაპი კი უკვე აფხაზეთი იქნება და თქვენი დიდი ხნის ნანატრი ოცნება ახდება. გასაგებია?

ზომბირებული „ზანდა“ მართალია, პარლამენტის წევრი იყო და მეტი ინტელექტი და გამჭრიახობა მართებდა, მაგრამ იმდენად ჰქონდა დაბნელებული გონება, თანაც ფინანსურად სრულად იყო დამოკიდებული ჯექსონის „კანტორაზე“, რომ კითხვაც კი არ გასჩენია კორტის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე და უპასუხა:

– დიახ. გასაგებია. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც თქვენ ბრძანეთ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ორ კვირაში დაიწყება და მზად იყავით, – თქვა კორტმა.

– ყოველთვის მზად ვართ! – გულმოდგინე პიონერივით უპატაკა „ზანდამ“ კორტს და სულ რაღაც ნახევარსაათიანი შეხვედრა ამგვარად დასრულდა.

ლინდა კორტი, სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ თვითმფრინავით ნიუ-იორკში ბრუნდებოდა. რიტა გოგრაშვილი კი, იგივე „ზანდა“, პარლამენტში, თავის კაბინეტში იყო მოკალათებული, სიგარეტს აბოლებდა და საკუთარ „ბედნიერ“ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობდა.

***

მას მერე, რაც ლორდმა ფილიპ ნორტონმა მის სამეფო უდიდებულესობას გერჰარდ ბაუერის თხოვნა გადასცა, მსოფლიო მონარქმა ლორდს უფლება მისცა, რომ მისი სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკება „ოლდ გრუპ კომპანისა“ და „ნიუ გრუპ კომპანის“ წარმომადგენლობასთან და მათთვის ეთქვა, რომ ძალიან შორს არ „შეეტოპათ“ და ღირებულ კონსენსუსამდე მისულიყვნენ.

ეს შეხვედრა ლონდონში დაიგეგმა, მონარქის ერთ-ერთ დახურულ კლუბში და თავიანთ „კანტორებს“ გერჰარდ ბაუერი და არნოლდ ჯექსონი წარმოადგენდნენ. ლორდმა ფილიპ ნორტონმა ორივე მხარე ღრმა, მოჩუქურთმებულ სავარძლებში დასხა და თქვა:

– ბატონებო, მისი უმაღლესობისგან მონიჭებული მაქვს უფლებამოსილება, გამოგიცხადოთ, რომ თქვენ შორის არსებული დაპირისპირება გონივრულ საზღვრებს გასცდა და გლობალური საშიშროების, უფრო სწორად კი, გლობალური კატასტროფის ხასიათი შეიძინა. ჩვენ ჩვენივე ხელით ვსპობთ ჩვენს ცივილიზაციას და მოწოდება ასეთია – შეწყვიტეთ! ახლა კი ამ სიტყვების შემდეგ ერთმანეთს მოურიგდით. მხოლოდ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მისი უმაღლესობის სიტყვებს – თქვენს შეთანხმებას ლაიტმოტივად უნდა გასდევდეს ომის შეწყვეტა.

– ბრძანეთ, ბატონო ბაუერ! თქვენ ასაკითაც უფროსი ბრძანდებით, თქვენი ორგანიზაციაც ჩვენსაზე ბევრად ძველი და გამოცდილია და პირველი სიტყვაც თქვენ გეკუთვნით, – უთხრა ბაუერს ჯექსონმა.

ბაუერმა თავი დააქნია და ოპონენტს მიმართა:

– ბატონო ჯექსონ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ და მხოლოდ სიმართლეს გეტყვით. მართალია, დანარჩენ მსოფლიოს ვუმალავთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვუწყით, რომ თქვენ მიერ დაწყებული ეს დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაჩაღდა, რომ მსოფლიოში ჩვენი გავლენა შეასუსტოთ, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურადაც. სწორედ ამიტომ ინგრევა უკრაინა. კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და პრინციპში, თქვენი სტრატეგია ამართლებს, ჩვენ საგრძნობლად ვსუსტდებით, მაგრამ ეს სტრატეგია არაა გონივრული. ჩვენ ერთი ცივილიზაციის ხალხი ვართ და მსოფლიო კვლავ თანაბრად უნდა გვქონდეს გაყოფილი. ზუსტად ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო იმის დასრულების მერე მოხდა. რუსეთი მაშინაც სასტიკ იარაღად გამოვიყენეთ, დავანგრიეთ და თითქმის მივაღწიეთ მიზანს და ლაგამი ამოვდეთ, მაგრამ ატომურმა იარაღმა შეაფერხა ჩვენი გეგმა. და, გვიან, მაგრამ მაინც მოვახერხეთ მისი დაშლა და მართალია, ბირთვული საშიშროება ვერ გავანეიტრალეთ, მაგრამ ფინანსურ-პოლიტიკური ლაგამი ამოვდეთ და ბირთვული საშიშროების განეიტრალების საშუალებაც გამოჩნდა. თუმცა, თქვენმა ამბიციებმა რუსეთი ისევ აამოქმედა. ამიტომაა თქვენი სტრატეგია არაშორსმხედველური და გთავაზობთ, შევაჩეროთ ეს ომი. „ბატკას“ ვითომ ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. დანგრეული ქვეყანა ავაშენოთ და ყველა ჩვენი გეგმა გავყინოთ.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, ბატონო ბაუერ, გეგმის შეჩერებაში? – იკითხა ჯექსონმა.

– თუნდაც კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ომში ჩაბმას. მერწმუნეთ, ორი ფრონტი ისეთ კატაკლიზმას გამოიწვევს, რომ კონკრეტულად ჩვენი, დასავლური ცივილიზაცია დადგება კრახის წინაშე. იცით, ბატონო ჯექსონ, რომ ეს ცარიელი სიტყვები არაა და სანამ ასეთ დასკვნამდე მივიდოდნენ, ჩვენმა ანალიტიკოსებმა საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარეს? ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მიზნები მიღწეულია და ომის ტემპერატურა ჯერ დავწიოთ, შემდგომ კი შევაჩეროთ, – თქვა ბაუერმა.

– პრინციპში გეთანხმებით, მაგრამ ამან შესაძლოა, კატასტროფული შედეგი მოიტანოს და ეს ცივილიზაციის დაღუპვით დასრულდეს, – თქვა ჯექსონმა.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ? – იკითხა ბაუერმა.

– იმას, რომ „ბატკა“ ამ შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, – თქვა ჯექსონმა.

ჩვეულებისამებრ ყოველთვის მოღუშულ ბაუერს გაეცინა და ოპონენტს უთხრა:

– ამიტომ, ჩემო კარგო, არ უნდა ჩაგეგონებინა მისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ძალაუფლება ამ ომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამით თქვენ ის შეაშინეთ და ამ ლოგიკით მართლაც შეიძლება, ბირთვული იარაღი გაისროლოს.

ბაუერის სიტყვებმა ჯექსონი შეაცბუნა და უთხრა:

– თქვენ ეს საიდან იცით. მას ხომ ეს ისეთმა ადამიანმა შთააგონა, ვინც თქვენ არასოდეს შეგეკვრებათ.

ბაუერმა სიცილით უპაუხა:

– სამაგიეროდ, ჩვენთან სხვა ადამიანია შეკრული და „ბატკამ“ რომც მოინდომოს ბირთვული იარაღის გამოყენება, საშუალებას არ მისცემენ.

– კუკინი, კუკინი... „ფეესბეს“ გენერალი, ხომ? – თავი გააქნია ჯექსონმა, – ის გყავთ „კვებაზე“, არა?

ბაუერმა პირდაპირ არ უპასუხა და ჯექსონს უთხრა:

– ესე იგი, თანახმა ხართ ომის შეჩერებაზე?

– პრინციპში, კი. მაგრამ „ბატკას“ რა ვუყოთ? ხომ არ გავანეიტრალოთ სამუდამოდ? – თქვა ჯექსონმა.

– არავითარ შემთხვევაში, მეგობარო! ჯერ ერთი, რომ „ბატკა“ განეიტრალებულია და კუკინს ის ჯაჭვზე ჰყავს. მთავარი კი ისაა, რომ მტრის ხატი გვჭირდება და „ბატკაზე“ უკეთესი ჯერჯერობით არ გვყავს. ახლებს კი მხოლოდ და მხოლოდ ვზრდით. ამიტომ მას ხელს ნუ ვახლებთ, – თქვა ბაუერმა და დაამატა, – ომს ნელ-ნელა ვაჩერებთ და მეორე ფრონტის გახსნა ჩაიშალა. ამიტომ გთხოვთ, გააუქმოთ ბრძანება, თორემ თბილისში აქტიურად ემზადებიან არეულობის მოსაწყობად.

– ეს არაა პრობლემა, – ხელი ჩაიქნია ჯექსონმა, – საპირისპირო ბრძანებას გავცემ.

– ესე იგი, მოვგვარდით? – იკითხა ბაუერმა და ჯექსონს ხელი გაუწოდა.

– მოვგვარდით, – მიუგო ჯექსონმა და ბაუერს ხელი ჩამოართვა.

ლორდმა მორტონმა კი, რომელიც უხმოდ ისმენდა ოპონენტების დიალოგს, თქვა:

– როგორც ვხედავ, ბატონებო, ურთიერთმისაღებ შეთანხმებას მიაღწიეთ. ახლა კი გთხოვთ, ჩემთან ერთად წამობრძანდეთ. მისი უმაღლესობა ვახშამზე გელოდებათ.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

მეორე ფრონტი
მეორე ფრონტი

20:00 10.06, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი