ქალი და კაცი

ვინ ვის აჯობებს

№33

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.08

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ურთიერთობას ააწყობენ და მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დომინირებს მეორეზე. რატომ? რა მექანიზმით ახერხებს ერთი მეორეზე უპირატესობის მოპოვებას?

ჩვენ სულიერი განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ჩვენი ეგო დავძლიოთ. სწორედ ამიტომ ურთიერთობაში როლების გადანაწილება ხდება, ზოგჯერ ამ გადანაწილების პროცესი არც ისე მარტივია, საბოლოოდ ერთი მხარე აცხადებს კაპიტულაციას და ამით იქმნება ახალი წესრიგი. ორი ადამიანიდან ერთი მართავს, მეორე ემორჩილება. თუ ერთი პარტნიორი ზედმეტად ეგოისტია, მეორე ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს, რომ ურთიერთობა შედგეს. ეს რეალობა სახარბიელო სულაც არაა, მაგრამ ეს ვართ, რაც ვართ.

ზოგადად, დომინანტია ის პარტნიორი, რომელსაც გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვს. მას საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა გამძაფრებული აქვს და გულის სიღრმეში თავი პარტნიორზე უკეთესი ჰგონია. შეიძლება, სულაც არ იყოს უკეთესი, უბრალოდ, მას ასე სჯერა. ასეთი ადამიანი საკუთარ ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებს, მისთვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ინტერესების გატარებაა. გავლენის ქვეშ მყოფი პარტნიორი მზადაა, საკუთარი ინტერესები უკანა პლანზე გადაიტანოს, ოღონდ ურთიერთობაში პრობლემები აირიდოს. მას საკუთარი მნიშვნელობის განცდა სუსტი აქვს. ის ფიქრობს: თუ ჩემს პარტნიორს ასე ხელაღებით შეუძლია ჩემგან წასვლა, გამოდის, რომ მას ჩემზე უკეთესის პოვნაც არ გაუჭირდება. ეს პატარა შანტაჟს ჰგავს – მე თავისუფლად წავალ შენგან. როგორც წესი, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ არავერბალურ დონეზე იგრძნობა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობის ტრავმების ან ცუდი გამოცდილების გამო პანიკურად ეშინიათ მარტოობის, აქვთ დაწეული თვითშეფასება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით, ისინი დამოკიდებული ხდებიან ურთიერთობაზე და ადამიანებზე, ამიტომ პარტნიორი მათზე მარტივად ახერხებს დომინირებას. ამ ადამიანებით მანიპულირება კი ძალიან მარტივია.

სასიყვარულო ურთიერთობების ფსიქოლოგია

სასიყვარულო ურთიერთობები მით უფრო მყარია, რაც მეტად არიან ჩართული პარტნიორები ერთმანეთის ცხოვრებაში, იზიარებენ ერთმანეთის სიხარულს, ეხმარებიან პრობლემების გადალახვაში... წყვილთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები „ერთ სულ და ერთ ხორცს იყვნენ“, თუმცა აუცილებელია ისიც, რომ ინდივიდი აცნობიერებდეს საკუთარ თავს, სხვას და მათ შორის საზღვრებსაც.

არ არსებობს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულეების აღმოფხვრის უნივერსალური წესები, კონკრეტული ადამიანის ეროტიკული ბუნების თავისებურება მთელი მისი არსებიდან მომდინარეობს და ამის მხედველობაში მიღებაა საჭირო, ამასთან, ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში. ეროტიკული კავშირი ყოველთვის არსებობს ადამიანებს შორის, მაგრამ ის უნდა შეეხოს პიროვნების გარკვეულ მოთხოვნილებებს, რათა მოხდეს მისი სიყვარულის სახით შეგრძნება და დანახვა. ადამიანები თავიანთ სასიყვარულო გამოცდილებას ახასიათებენ, როგორც ვნებას, ინტიმურობას და ვალდებულებას. ერიქსონი ინტიმურობას აღწერდა, როგორც მეორე ადამიანისადმი სრულ ემოციურ, სექსუალურ და მორალურ ნდობას. ინტიმურობისთვის, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს როგორც მეგობრულ, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს, აუცილებელია გახსნილობა, გამბედაობა და, ჩვეულებრივ, მეორე ადამიანის სურვილებისადმი გარკვეული დამყოლობა.

შესაძლოა, პრობლემა წარმოქმნას მიმღებლობის არარსებობამ. წყვილები არ იღებენ პარტნიორებს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათ მიაჩნიათ, რომ თუ პარტნიორი „განსხვავებული“ აღმოჩნდება, ეს ურთიერთობის შეწყვეტას გამოიწვევს. მნიშვნელოვანია, წყვილებს ესმოდეს, რომ იყო რაიმეში განსხვავებული – ეს ნორმალურია.

წყვილთა შორის ურთიერთობაში აუცილებელია, პარტნიორებმა შეძლონ არა მარტო სიამოვნების მიღება, არამედ სხვისთვისაც მინიჭება. აღიქვან საკუთარი თავი როგორც ცოცხალი, ერთიანი და შემოქმედებითი ორგანიზმი, მათი ურთიერთობების საზღვრებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა