ქალი და კაცი

სამი ქალი ყველა ქალში

№38

ავტორი: ნინო წულუკიძე 24 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არის დღეები, როცა ქალი საკუთარ თავს სარკეში უყურებს და თითქოს მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავს. მაგრამ სინამდვილეში მის თვალებში რამდენიმე ქალი ცხოვრობს: ის გოგო, რომელიც ოცი წლის იყო; ის ქალი, რომელიც დღეს ორმოცი+ წლისაა და ის ქალი, რომელიც ოდესღაც გახდება სამოცი წლის. სამივე ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთს ეჩქარება. მეორეს — აღარ. ერთს უნდა, რომ ყველას მოეწონოს. მეორემ უკვე იცის, რომ ყველას მოწონება შეუძლებელია. მესამემ კი იცის, რომ საერთოდ არ არის საჭირო, ყველასთვის მოსაწონი იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს სამი ქალი ერთმანეთის მტერი კი არა, ერთმანეთის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ოცი წლის ქალი ყველაზე ხმაურიანია. მას ბევრი გეგმა აქვს, ბევრი ოცნება და კიდევ უფრო მეტი კითხვა. უყვარდება სწრაფად, სწყინს, ეჭვიანობს, იმედგაცრუებულია, მერე ისევ უყვარდება. და ჰგონია, რომ ყველა შეცდომა სამყაროს დასასრულია: თუ საყვარელმა ადამიანმა არ დაურეკა – ალბათ, ყველაფერი დამთავრდა; თუ სამსახურში არ დააფასეს – ალბათ, საკმარისად კარგი არ არის; თუ ვიღაცამ მისი ჩაცმულობა გააკრიტიკა – გემოვნება საერთოდ არ აქვს... ოცი წლის ქალს ძალიან აინტერესებს, რას იტყვიან სხვები და ხშირად ავიწყდება, რომ ცხოვრება კონკურსი არ არის. ფიქრობს, რომ დრო უსასრულოდ ბევრი აქვს. ამიტომ ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ნერვიულობს იმაზე, რაც ხუთი წლის შემდეგ საერთოდ აღარ გაახსენდება.

ორმოცი წლის ქალი უფრო მშვიდია. არა იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში აღარაფერი ხდება. პირიქით. მას უკვე აქვს გამოცდილება. იცის, როგორია სიყვარული, რომელიც გტკენს. იცის, როგორია იმედგაცრუება. იცის, როგორია საკუთარი თავის სხვისთვის დათმობა და შემდეგ საკუთარი თავის თავიდან მოძებნა. აღარ ხარჯავს ძვირფას დროს იმაზე, ვინმეს დაუმტკიცოს, რომ მართალია. ყველაზე მნიშვნელოვანი – პირველად იწყებს საკუთარი სურვილების მოსმენას.

სამოცი წლის ქალი – მას აღარ სჭირდება არაფრის დამტკიცება. მას ყველაზე კარგად ესმის დროის ფასი. იცის, რამდენად სწრაფად გადის წლები და ბევრი რამ, რასაც ახალგაზრდობაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, სინამდვილეში უმნიშვნელო ყოფილა. უკვე აღარც ნაოჭების ეშინია.

ერთ სხეულში სამი ქალია – ალბათ, ამიტომაც გვაქვს ქალებს ხანდახან ერთმანეთთან უცნაური შინაგანი კამათი. დიახ, ჩვენ ოცი წლის ქალის სითამამე გვჭირდება, ორმოცი წლის ქალის გონიერება და სამოცი წლის ქალის სიმშვიდე.

ქალში ყოველთვის ცხოვრობს მისი ყველა ასაკი.

ორმოცი წლის სიმამაცე და სამოცი წლის სიბრძნე

ქალის ასაკს ხშირად ციფრებით ვითვლით: ოცისაა, ორმოცის, სამოცის... მაგრამ ქალი მხოლოდ ის ასაკი არ არის, რომელსაც პასპორტში უწერია. მასში ყოველთვის დარჩება ის გოგონა, რომელიც ოცი წლის ასაკში პირველად მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერია.

მასში, ასევე, რჩება ორმოცი წლის ქალი, რომელმაც უკვე იცის, რომ ყველაფერი შეუძლებელია, თუმცა იმაზე ბევრად მეტია შესაძლებელი, ვიდრე ოდესღაც ეგონა.

და რჩება სამოცი წლის ქალიც, რომელმაც ყველაზე მთავარი იცის: ყველაფრის გაკეთება საჭირო არ არის. მთავარია, ის გააკეთო, რაც ნამდვილად შენია.

ოცი წლის ასაკში ქალები ხშირად საკუთარ თავს ეძებენ: ვინ მინდა, გავხდე? ვინ შემიყვარდება? სად ვიცხოვრებ? როგორი უნდა ვიყო? ამ ასაკში ცხოვრება თითქოს უზარმაზარი სარკეა, რომელშიც მუდმივად საკუთარ თავს ვამოწმებთ, ვადარებთ, ვაკვირდებით. ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ უნდა ვიყოთ საკმარისად ლამაზი, წარმატებული და საინტერესო.

ოცი წლის ქალი, ძირითადად, ერთ შეცდომას უშვებს — ფიქრობს, რომ საკუთარი თავი სადღაც უნდა იპოვოს. არადა, საკუთარი თავის შექმნა თავად უწევს. ეს პროცესი კი შეცდომების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, სწორედ ეს შეცდომები ხდის იმ ქალად, როგორიც მოგვიანებით იქნება.

ორმოცი წლის ასაკში არჩევანი უკვე გაცნობიერებულია და გაკეთებულიც. ამ ასაკში ქალი საკუთარ თავთან გაცილებით ახლოს არის. მან უკვე იცის, რა უხდება და რა – არა, ვინ უყვარს, ვინ აღარ სჭირდება. რისთვის ღირს ბრძოლა და რისთვის – ნამდვილად არა. ამ ასაკში ქალი ხშირად პირველად აღმოაჩენს, რომ სიტყვა „არა“ შეიძლება, ძალიან კარგიც კი იყოს – არა ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მის ენერგიას იპარავენ. დიახ, ორმოცი წლის ქალი აღარ ცვლის საკუთარ სიმშვიდეს სხვების კომფორტში. სწორედ ეს არის ცხოვრების აზრი.

სამოცი წელი – როცა ქალი საკუთარ თავს საბოლოოდ აღარ ებრძვის! აღარაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს. იცვამს იმიტომ, რომ მოსწონს; მოგზაურობს იმიტომ, რომ უნდა; იცინის იმიტომ, რომ უხარია; ჩუმდება იმიტომ, რომ არ სურს საუბარი. სამოცი წლისა უკვე მიხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირი რესურსი ფული კი არა, დროა. ამიტომ აღარ აძლევ მას ადამიანებს დაუნანებლად და გაუაზრებლად. აღარ ელოდები ბოდიშს, რომელიც შეიძლება, არასოდეს მოვიდეს. უბრალოდ ამბობ: „ეს უკვე აღარ არის ჩემი პრობლემა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი