ქალის წარმატების ფორმულა, ანუ რატომ აღარ არის მთავარი, რომ ყველას მოეწონო
ავტორი: ნინო წულუკიძე 40 წუთის წინ
ერთ დროს ქალებს ბავშვობიდან ერთსა და იმავეს ასწავლიდნენ: იყავი ზრდილობიანი, არ იკამათო, ყველას მოეწონე, არავის აწყენინო. თითქოს ქალის წარმატება იმით იზომებოდა, რამდენ ადამიანს შეეძლო ეთქვა: „რა კარგი გოგოა!“
მერე გადიოდა წლები და ხვდებოდი, რომ ამ „კარგ გოგოს“ ძალიან ხშირად საკუთარი ცხოვრება არ ჰქონია, სხვის სურვილებს ასრულებდა, სხვისი კომფორტისთვის ცხოვრობდა და საკუთარ ოცნებებს მუდმივად „ხვალისთვის“ დებდა.
სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. საქმე ისაა, რომ წარმატებული ქალი ყოველთვის ყველაზე ლამაზი ან ყველაზე მდიდარი არ არის. ხშირად ის, უბრალოდ, ქალია, რომელმაც ერთხელ თქვა: „არა.“
არა – ზედმეტ მოთხოვნებს.
არა – დამღლელ ურთიერთობებს.
არა – იმ ადამიანებს, რომლებიც მის ენერგიას ყოველდღე „იპარავენ “.
წარმატება იწყება იმ დღეს, როცა ქალი ხვდება, რომ ყველას სიყვარული შეუძლებელია. რაც უფრო იზრდები, მით უფრო პატარა ხდება იმ ადამიანების წრე, ვისი აზრიც მართლა მნიშვნელოვანია.
ერთხელ ერთმა ცნობილმა ბიზნესლედიმ თქვა: „იმ დღეს გავხდი წარმატებული, როცა სხვისი მოწონების ნაცვლად საკუთარი სიმშვიდე ავირჩიე.“
დიახ, ეს მართალია! – ჩვენ ხომ ხშირად საათობით ვფიქრობთ, ვინ რა თქვა, ვინ რა იფიქრა, ვინ როგორ შეგაფასა. ამ დროს კი ცხოვრება გადის.
საბოლოოდ კი ყველაზე წარმატებული ქალი ის აღმოჩნდება, რომელიც საღამოს სარკეში ჩახედვისას ამბობს: „დღეს ჩემს თავს არ ვუღალატე. მე დღეს ის გავაკეთე, რაც მინდოდა. “
და იცით? ეს ბევრად რთულია, ვიდრე ბევრი ფულის შოვნა.
თავდაჯერებულობა ძვირი ღირს...
არსებობს ერთი საინტერესო კითხვა: რა ხდის ქალს მიმზიდველს?
ძვირად ღირებული ჩანთა? ბრენდული ტანსაცმელი? ძვირფასი სამკაული?
ალბათ, არა.
ყველაზე ლამაზი ქალი ხშირად ის არის, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა.
ის შეიძლება, არც მოდელის გარეგნობით გამოირჩეოდეს და არც მილიონერი იყოს. მაგრამ ოთახში რომ შემოდის, ყველა ამჩნევს.
რატომ? იმიტომ, რომ თავდაჯერებულობა ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარია.
წარმატებული ქალები ერთ პატარა საიდუმლოს ფლობენ – ისინი საკუთარ თავს სხვებს არ ადარებენ.
სოციალური ქსელები გვარწმუნებენ, რომ ვიღაცას უკეთესი ცხოვრება აქვს, უკეთესი ქმარი, უკეთესი დასვენება, უკეთესი ფოტოები...
სინამდვილეში კი ყველაზე წარმატებული ქალი სხვის ცხოვრებას საერთოდ აღარ უყურებს. ის თავის გზაზეა, ის საკუთარ ტემპში ცხოვრობს და ზუსტად ეს სიმშვიდე ქმნის ნამდვილ ელეგანტურობას.
ფული კარგია, მაგრამ ქალი, რომელმაც საკუთარი ფასი იცის, გაცილებით მდიდარია.
რატომ იწყება ყველაფერი 40-ის შემდეგ
ახალგაზრდობაში გვგონია, რომ ცხოვრება ოცდაათ წლამდე უნდა მოვასწროთ. უნდა ავაწყოთ კარიერა. გვქონდეს ოჯახი, სახლი, გვყავდეს ბავშვები. და თუ სტანდარტული ჩამონათვალიდან რამე ვერ მოვასწარით, თითქოს მატარებელი წავიდა.
არადა... ყველაზე საინტერესო ცხოვრება ხშირად სწორედ ორმოცის შემდეგ იწყება.
რატომ? – იმიტომ, რომ ქალი პირველად ამ ასაკში თავისუფლდება.
აღარ ცდილობს, ყველას ასიამოვნოს. აღარ ეშინია ასაკის. აღარ ატარებს არაკომფორტულ ფეხსაცმელს მხოლოდ იმიტომ, რომ მოდურია. აღარ მეგობრობს მხოლოდ ზრდილობის გამო... და, რაც მთავარია, აღარ ხარჯავს დროს იმ ადამიანებზე, რომლებიც ბედნიერებას არ მატებენ. წარმატება ასაკი არ არის, ეს შინაგანი თავისუფლებაა. ალბათ, ამიტომ არის, რომ ბევრი ქალი თავის ორმოცდაათი წლის ასაკში გაცილებით ბედნიერად გამოიყურება, ვიდრე ოცდახუთში. რადგან მას უკვე აღარსად ეჩქარება და ზუსტად იცის, რომ ცხოვრება შეჯიბრება არ არის. უბრალოდ, უნდა იცხოვრო და ამისგან სიამოვნება მიიღო.
ბედნიერ ქალს კონკურენტები არ ჰყავს
არსებობს ერთი საინტერესო კანონზომიერება. რაც უფრო ბედნიერია ქალი, მით ნაკლებად ადარებს თავს სხვებს.
მას აღარ აინტერესებს, ვინ რა იყიდა, ვის რა აცვია, ვინ სად ისვენებს, ვის რამდენი გამომწერი ჰყავს, რადგან ბედნიერ ადამიანს სხვისი ცხოვრების შესაფასებლად უბრალოდ დრო აღარ რჩება.
სამაგიეროდ, ბევრს უჩნდება კითხვა: - „როგორ ახერხებს, სულ კარგ ხასიათზე იყოს?“
პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ მან შეწყვიტა ბრძოლა იმ ბრძოლებში, რომლებიც საერთოდ არ იყო მისი. საქმე იმაშია, რომ ქალის წარმატება ყოველთვის კარიერა არ არის, არც მხოლოდ ოჯახი, არც მხოლოდ ფული... წარმატებაა, როცა დილით სარკეში საკუთარ თავს უღიმი. როცა საღამოს დაღლილი ხარ, მაგრამ კმაყოფილი. როცა იცი, რომ სხვისი სცენარით აღარ ცხოვრობ.
და ბოლოს, ერთი პატარა საიდუმლო: - ნამდვილად წარმატებულ ქალებს თითქმის არასოდეს აქვთ დრო იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება განიხილონ. რადგან ისინი ამ დროს საკუთარ ცხოვრებას ქმნიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




