ქალი და კაცი

როცა ქალი აღარ ცდილობს

№37

ავტორი: ნინო წულუკიძე 36 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რა ხდება მაშინ, როცა ქალი აღარ ცდილობს, ვინმეს რამე დაუმტკიცოს? ეს არის ის ეტაპი, რომელსაც ბევრი ქალი ასაკთან ერთად აღწევს და ბედნიერია. მართლაც, როგორი მშვენიერია ცხოვრება, როცა:

აღარ გინდა, ყველას მოეწონო;

აღარ გინდა, ყველა ქალზე ლამაზი იყო;

აღარ გინდა, სოციალურ ქსელში ისეთი ცხოვრება აჩვენო, რომელიც რეალურად არ გაქვს;

აღარ გინდა, ძვირად ღირებული ნივთი მხოლოდ იმიტომ იყიდო, რომ სხვამ დაინახოს;

აღარ გინდა, ყველაზე გამორჩეული იყო....

უბრალოდ გინდა, რომ თავად მოგწონდეს საკუთარი თავი შენს საკუთარ ცხოვრებაში.

და სწორედ მაშინ, როცა სხვების აღფრთოვანება აღარ გჭირდება, უცებ ბევრად უფრო მიმზიდველი ხდები და იწყებ ცხოვრებას ისე, როგორც ყოველთვის გინდოდა, თან იმ სხეულში, იმ ასაკსა და იმ ცხოვრებაში, რომელიც დღეს გაქვს.

შეიძლება ზრუნავდე საკუთარ გარეგნობაზეც? რა თქმა უნდა. შეიძლება გიყვარდეს მაკიაჟი, მოდური ტანსაცმელი, სუნამო, სამკაული და ძვირფასი ნივთები? რა პრობლემაა? მაგრამ ეს ყველაფერი შენთვის უკვე არჩევანია და არა დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ საკმარისად კარგი ხარ .

დიახ, ყველაზე ძვირფასი აქსესუარი მაინც საკუთარი თავის ფლობაა. თავდაჯერებულობა არის შინაგანი სიმშვიდე, როცა იცი, რომ შენი ღირებულება სხვისი შეფასებით არ იზომება. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს მინიმალიზმს. შეგიძლია, გიყვარდეს ლამაზი ნივთები, მოგწონდეს ცნობილი ბრენდები, აგროვებდე სამკაულებს, გინდოდეს ძვირფასი საათი, ჩანთა ან ფეხსაცმელი – ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, არის ერთი პატარა განსხვავება: ნივთი არ უნდა იყოს შენი ღირებულების საზომი. აი, სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავდაჯერებულობა. არაფერს ამტკიცებ. უბრალოდ, ხარ. საბოლოოდ, სწორედ ეს არის ის იდუმალი „ქარიზმა“, რომლის ყიდვაც შეუძლებელია.

ყველაზე ქალური სიტყვა

„არა“ სრული წინადადებაა.

მას ყოველთვის არ სჭირდება ხუთწუთიანი ახსნა, სამი მიზეზი, ათი ბოდიში და ბოლოს ისეთი სახე, თითქოს თავადაც არ არის დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში.

შეგიძლია, უბრალოდ, თქვა:

„არა, არ მინდა“.

ალბათ, იცით, რომ ყველაზე ქალური სიტყვა არის „არა“. მოდი, გავარკვიოთ, რატომ.

დიდი ხნის განმავლობაში ქალებს გვასწავლიდნენ, რომ კარგი ქალი სხვანაირია. ის არ უნდა იყოს ზედმეტად ხმაურიანი. არ უნდა იყოს ზედმეტად პირდაპირი. არ უნდა გაბრაზდეს.

არ უნდა თქვას უარი. სამაგიეროდ, უნდა იყოს კეთილი, დამთმობი, მზრუნველი და ყველასთვის კომფორტული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – კარგი ქალი ხშირად ის ქალია, რომელიც საკუთარ სურვილებს სხვების სიმშვიდეს სწირავს. მაგრამ, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ყველაზე თავისუფალი და, რატომღაც, ყველაზე რთულად სათქმელი სიტყვა ქალისთვის არის „არა.“

არა – არ მინდა;

არა – არ შემიძლია;

არა – არ მომწონს;

არა – აღარ მინდა ამ ურთიერთობაში ყოფნა;

არა – დღეს საკუთარ თავს ვირჩევ...

და იცით, რა არის საინტერესო? ქალისგან ნათქვამი „არა“ ბევრ ადამიანს სწორედ მაშინ აშინებს, როცა პირველად ხვდებიან, რომ ის აღარ არის მზად, ყველას სურვილების მიხედვით იცხოვროს.

დროა, ყევლა შეეჩევიოს იმას, რომ ქალი, რომელიც უარს ამბობს, ცუდი ქალი არ არის

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ქალებს საკუთარ თავზე დაგვაჯერეს, ის არის, რომ უარის თქმა უხეშობას ნიშნავს.

თუ უარი უთხარი – ეგოისტი ხარ;

თუ ოჯახურ შეკრებაზე არ წახვედი – შეიცვალე;

თუ სამსახურში დამატებითი საქმე აღარ აიღე – არასაიმედო გახდი;

თუ მამაკაცს მეორე შეხვედრაზე უარი უთხარი – ამპარტავანი ხარ;

თუ ურთიერთობა აღარ გინდა – „სხვანაირი“ გახდი;

თუ ვინმეს აღარ პასუხობ, რადგან მის გვერდით თავს ცუდად გრძნობ – „გულქვა“ ხარ...

სინამდვილეში კი არსებობს ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება: ქალს არ სჭირდება დანაშაულის გრძნობა იმისთვის, რომ თავისი საზღვრები დაიცვას.

სიყვარული წლების შემდეგ

სიყვარულზე რომანტიკული წარმოდგენა ხშირად ასეთია: პეპლები მუცელში, გულის აჩქარება, ღამის საათობით საუბარი, ერთმანეთის მონატრება და ის უცნაური შეგრძნება, როცა საყვარელი ადამიანის ერთი შეტყობინებაც კი მთელი დღის განწყობას ცვლის. მაგრამ მერე გადის ერთი წელი... სამი... ათი.

და ერთ დღეს შეიძლება, საკუთარ თავს ჰკითხო:

„სად გაქრა ის სიყვარული, რომელიც თავიდან გვქონდა?“

სინამდვილეში, არსადაც არ გამქრალა. უბრალოდ, სიყვარულმა ფორმა შეიცვალა.

პირველ ეტაპზე სიყვარული ხმაურიანია. გინდა, ყოველდღე ნახო, ყოველ წუთს მის გვერდით იყო, იცოდე, რას აკეთებს, რას ფიქრობს, რას გრძნობს. მისი საყვარელი სიმღერა გახსოვს, როგორი ყავა უყვარს, რომელ მხარეს სძინავს... იცი, რომ გაბრაზების დროს ჩუმდება და გგონია, რომ რაც უფრო მეტს გაიგებ მის შესახებ, მით უფრო მეტად შეგიყვარდება.

შემდეგ კი წლები გადის და აღმოჩნდება, რომ უკვე ყველაფერი იცი – იცი, როგორ იწყებს დილას, რომელ წინდებს ჩაიცვამს სახლში, იცი რას იტყვის იმ სიტუაციაში, რომელშიც უკვე ასჯერ ყოფილხართ...

და სწორედ ამ დროს შეიძლება გაჩნდეს პირველი კითხვა:

„ესე იგი, სიყვარული აღარ არის ისეთი?“

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ არის სიყვარული.

წლების შემდეგ, უბრალოდ, გინდა, რომ ის სახლში იყოს. არ არის აუცილებელი საუბარი, არ არის აუცილებელი განსაკუთრებული საღამო. შეიძლება, უბრალოდ, ტელევიზორს უყურებდეს, ტელეფონში რაღაცას კითხულობდეს და შენ მაინც გქონდეს ის მშვიდი შეგრძნება: „კარგია, რომ აქ არის.“

დიახ, ეს უკვე სხვა ტიპის სიყვარულია. ნაკლებად ხმაურიანი, მაგრამ უფრო ღრმაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი